არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘თანამორწმუნეების’ სიყვარული

‘თანამორწმუნეების’ სიყვარული

‘თანამორწმუნეების’ სიყვარული

ჭეშმარიტ ქრისტიანებს ოჯახის წევრებივით უყვართ ერთმანეთი. მართლაც, ახ. წ. I საუკუნიდან ისინი ერთმანეთს „ძმას“ ან „დას“ უწოდებენ (მარკოზი 3:31–35; ფილიმონი 1, 2). ეს ცარიელი სიტყვები როდია; ისინი იმ გრძნობებს გადმოსცემენ, რომლებიც ღვთის მსახურებს შორის არსებობს (შეადარეთ 1 იოანე 4:7, 8). იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35).

ასეთი სიყვარული თვალნათლივ გამოჩნდა 1997 წლის ივლისში, როდესაც ჩილეში ხანგრძლივი გვალვის შემდეგ კოკისპირული წვიმის შედეგად წყალდიდობა მოხდა. მოულოდნელად მრავალი ადამიანი საჭმლის, ტანსაცმლისა და სხვა პირველი მოთხოვნილების საგნების გარეშე დარჩა. სტიქიური უბედურებების შემთხვევებში იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, მიჰყვნენ პავლეს მიერ გალატელებისთვის მიცემულ რჩევას: „მაშ, სანამ დროა, კეთილი ვუყოთ ყველას, და მით უმეტეს ჩვენს თანამორწმუნეთ“ (გალატელთა 6:10, სსგ).

ამიტომ იეჰოვას მოწმეებმა სასწრაფოდ მიიღეს ზომები. მოაგროვეს საკვები, ტანსაცმელი და სხვა აუცილებელი ნივთები, დაახარისხეს, შეფუთეს და გემით უბედურების ადგილზე გაგზავნეს. ბავშვებმა თანატოლებს სათამაშოებიც კი გაუგზავნეს! ერთმა დამ გაოცება ვერ დამალა, როდესაც დაინახა, რომ სამეფო დარბაზი დახმარებისთვის გამიზნული სხვადასხვა ნივთებით იყო სავსე. „ენა ჩამივარდა და არ ვიცოდი მეცინა თუ მეტირა, — ყვება ის. — იქ სწორედ ის იყო, რაც ძალიან გვჭირდებოდა“.

შემდეგ იმავე მხარეში მოულოდნელად მიწისძვრა მოხდა. მრავალი სახლი დაინგრა. თანაქრისტიანების გაჭირვებიდან გამოსაყვანად შეიქმნა დახმარების აღმომჩენი ჯგუფები. რეგიონალური სამშენებლო კომიტეტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებისთვის გამიზნულ შენობებს აშენებენ, ენერგიულად შეუდგნენ საქმეს და დახმარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. შედეგი? მათ, ვისაც სახლი დაენგრა, მისცეს პატარა სახლები, რომლებიც ძმებმა დააპროექტეს და ააშენეს. სახლები სადა იყო, მაგრამ აშკარად გამოირჩეოდა სახელმწიფო სესხით აგებული უიატაკო, უფანჯრო და შეუღებავი სახლებისგან.

ზოგმა ძმამ შემთხვევის ადგილზე მისასვლელად შორი გზა გაიარა. რეგიონალური სამშენებლო კომიტეტის თავმჯდომარეს ინვალიდის სავარძლით ორი დღის განმავლობაში მრავალგან უწევდა მისვლა. ერთი უსინათლო ძმა მუხლჩაუხრელად მუშაობდა და დურგლებთან მორები მიჰქონდა, რომლებსაც ისინი სათანადო ზომებად ჭრიდნენ. ყრუ ძმა კი ამ მორებს აგროვებდა და საჭიროების ადგილზე გადაჰქონდა.

მრავალზე, ვინც ყოველივე ამას აკვირდებოდა, ძმების მიერ გაწეულმა დახმარებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთ ქალაქში პოლიციელებს ავტომობილი ჩვენი დის სახლთან ახლოს ეყენათ. ამ სახლს არემონტებდნენ. პოლიციელები ცნობისმოყვარეობამ მოიცვა. ერთი მათგანი მივიდა ძმასთან და ჰკითხა: „ვინ არიან ეს მშენებლები, რომლებიც ასე ხალისით მუშაობენ და რამდენს უხდიან მათ?“ ძმამ განუმარტა, რომ ისინი მოხალისეები იყვნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა აღნიშნა, რომ, თუმცა თავის ეკლესიას ყოველთვიურად მეათედს აძლევს, მიწისძვრის შემდეგ მისი მოძღვარი მასთან ერთხელაც კი არ მისულა. მეორე დღეს დას სხვა პოლიციელმა დაურეკა. ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ამ დის სახლის შეკეთებას აკვირდებოდა. როგორც მან თქვა, მოხალისეთა ენთუზიაზმმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ლამის თვითონაც ჩაება მუშაობაში.

მართლაც, ჩილეში დახმარების აღმოჩენა მოხალისეთათვის სასიამოვნო საქმე იყო, ხოლო დამკვირვებელთათვის სიყვარულის შესანიშნავი მაგალითი.