არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რადგან ამბობენ, რომ სტერილიზაციის შემდეგ ნაყოფიერების აღდგენა შესაძლებელია, შეიძლება თუ არა ქრისტიანმა ის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებად აირჩიოს?

ოჯახის დასაგეგმარებლად ყველაზე ხშირად სტერილიზაციას მიმართავენ. ბევრისთვის მისი გაკეთება-არგაკეთების საკითხი სოციალურ წარმოშობასა და განათლებაზე, ასევე რელიგიურ მრწამსზეა დამოკიდებული. საკითხის რელიგიური მხარე იეჰოვას მოწმეებსაც აინტერესებთ, რადგან ისინი იზიარებენ ფსალმუნმომღერლის სურვილს: „მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე“ (ფსალმუნი 26:11). მაგრამ რა შედის სტერილიზაციის პროცედურაში?

მამაკაცის სტერილიზაციას, რომელსაც ჩასახვის საწინააღმდეგოდ მიმართავენ, ვაზექტომია ეწოდება. სათესლის ორ პატარა თესლის გამომტან სადინარს ჭრიან და გადაკეტავენ ხოლმე. მედიცინაში ამის გაკეთების სხვადასხვაგვარი გზა არსებობს. მთავარი მიზანი კი ის არის, რომ სათესლე ჯირკვლებიდან სპერმა არ გამოვიდეს. ქალების სტერილიზაციას ლულის ლიგატურას უწოდებენ. ამ დროს, ჩვეულებრივ, აკეთებენ რეზექციას და გადაკვანძავენ (ან მოწვავენ) ხოლმე ფალოპის მილებს, რომელთა საშუალებითაც კვერცხუჯრედი საკვერცხიდან საშვილოსნოში ხვდება.

დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდნენ, რომ ამ ნაბიჯების გადადგმის შედეგი მუდმივად დარჩებოდა, ესე იგი, სტერილიზაცია შეუქცევადი იქნებოდა. ზოგმა მოგვიანებით ინანა, რომ სტერილიზაცია გაიკეთა ან მდგომარეობა შეეცვალა და მოიწადინა, რომ ვაზექტომიის ან ლულის ლიგატურის შედეგებისგან გათავისუფლებულიყო. ამის გამო ექიმებს მიმართა. სპეციალური ხელსაწყოებისა და მიკროქირურგიის წყალობით, ნაყოფიერების აღდგენა გარკვეულწილად შესაძლებელი გახდა. ხშირად წერენ იმის შესახებ, რომ შერჩეული კანდიდატების 50—70 პროცენტს გაწყვეტილი პატარა მილების შეერთებით განაყოფიერების უნარი უბრუნდებათ. ლულის ლიგატურის შემთხვევაში კი 60—80 პროცენტს აღუდგება ხოლმე ლულის გამავლობა. ზოგმა, ვინც ამის შესახებ გაიგო, იფიქრა, რომ სტერილიზაცია აღარ უნდა მიიჩნიონ შეუქცევად პროცედურად. მათი აზრით, ვაზექტომია ან ლულის ლიგატურა შეიძლება იმავე კატეგორიას მიეკუთვნოს, რომელსაც ორალური კონტრაცეპტივები, პრეზერვატივები ან საშოს ხუფები — საშუალებები, რომელთა გამოყენების შეწყვეტაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია. მაგრამ არსებობს გარკვეული მხარეები, რომელთა უგულებელყოფაც არ შეიძლება.

ერთ-ერთი მხარე ის არის, რომ ნაყოფიერების აღდგენა შეიძლება შემდეგ ფაქტორებზე იყოს დამოკიდებული: რა დონემდე დაზიანდა ლულები სტერილიზაციის პროცედურის დროს, მოჭრილი ლულის ან ლულაზე ჭრილობის სიდიდეზე, სტერილიზაციის შემდეგ გასული წლების რაოდენობაზე, ხოლო ვაზექტომიის შემთხვევაში იმაზე, წარმოიქმნება თუ არა ანტისპერმატოზოიდული ანტისხეულები. არ უნდა უგულებელვყოთ ის ფაქტიც, რომ მიკროქირურგიისთვის პირობები ბევრგან არ არის ან თუ არის, ოპერაციის გაკეთება ძალიან ძვირია. ამგვარად, მრავალმა, ვინც სტერილიზაციის შემდეგ ნაყოფიერების აღდგენას მოისურვებს, შეიძლება ეს სურვილი ვერ დაიკმაყოფილოს. მათთვის სტერილაზაცია სამუდამოა *. ასე რომ, ნაყოფიერების აღდგენის ზემოხსენებული პროცენტული მაჩვენებლები მხოლოდ იდეალური შემთხვევებისთვის არის და რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.

რეალობიდან აღებული რამდენიმე ფაქტი — შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ ერთ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ნაყოფიერების აღდგენის სურვილით ოპერაციაში 12 000 დოლარის გადახდის შემდეგ „პაციენტების მხოლოდ 63 პროცენტს შეუძლია პარტნიორის დაორსულება“. გარდა ამისა, „ვაზექტომიის შემდეგ მამაკაცების ექვს პროცენტს ნაყოფიერების აღდგენის სურვილი უჩნდება“. გერმანელების მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ცენტრალურ ევროპაში სტერილიზაციაგაკეთებული მამაკაცებიდან მოგვიანებით დაახლოებით სამმა პროცენტმა მოისურვა ნაყოფიერების აღდგენა. მაშინაც კი, თუ მსურველთა ნახევრის მცდელობა წარმატებით დამთავრდება, ვაზექტომიაგაკეთებულთაგან 98,5 პროცენტისთვის სტერილიზაცია შეუქცევადია. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება ქვეყნებში, სადაც მიკროქირურგია ნაკლებად ან სულ არ არის დამკვიდრებული.

ამიტომ არაგონივრულია, ვინმე სტერილიზაციის საკითხს ზერელედ მოეკიდოს და ის ჩასახვის საწინააღმდეგო დროებით საშუალებად ჩათვალოს. გარდა ამისა, გულწრფელმა ქრისტიანებმა კიდევ სხვა მხარეებიც უნდა გაითვალისწინონ.

მთავარი ის არის, რომ ნაყოფიერების უნარი ჩვენი შემოქმედისგან გვაქვს მიღებული. მის თავდაპირველ განზრახვაში სრულყოფილ ადამიანთა შთამომავლებით ‘დედამიწის გავსება’ შედიოდა (დაბადება 1:28). წარღვნის შემდეგ დედამიწაზე დარჩენილ რვა ადამიანს ღმერთმა ეს მთავარი მითითება გაუმეორა (დაბადება 9:1). მართალია მას ეს ისრაელებისთვის არ გაუმეორებია, მაგრამ შვილების ყოლა მათთვისაც ძალზე სასურველი იყო (პირველი მეფეთა 1:1-11; ფსალმუნი 127:3).

ისრაელებისთვის მიცემულ ღვთის რჯულში გამრავლებასთან დაკავშირებული მითითებებიც იყო. მაგალითად, თუ კაცი მემკვიდრის გარეშე მოკვდებოდა, მაზლს რძალი ცოლად უნდა მოეყვანა და ძმისთვის თესლი აღედგინა (მეორე რჯული 25:5). კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო კანონი ცოლებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეცდებოდნენ, ქმრებს ჩხუბის დროს დახმარებოდნენ. თუ ქალი ქმართან მოჩხუბრის სასქესო ორგანოს წაავლებდა ხელს, მისთვის ხელი უნდა მოეკვეთათ; აღსანიშნავია, რომ ღმერთს აქ თვალი თვალის წილ, ანუ ქალის ან მისი ქმრის სასქესო ორგანოების დაზიანება არ მოუთხოვია (მეორე რჯული 25:11, 12). ეს კანონი გამრავლების ორგანოებისადმი აშკარა პატივისცემის გამომხატველი იყო; თუ აუცილებლობა არ მოითხოვდა, ისინი არ უნდა დაეზიანებინათ *.

ვიცით, რომ ქრისტიანები არ ექვემდებარებიან ისრაელებისთვის მიცემულ რჯულს, ამიტომაც ისინი არ იზღუდებიან მეორე რჯულის 25:11, 12-ში მოცემული კანონით. იესოს არც პირდაპირ და არც გადაკვრით უთქვამს, რომ მისი მოწაფეები უნდა დაქორწინებულიყვნენ და რაც შეიძლება ბევრი შვილი უნდა ჰყოლოდათ, რასაც მრავალი წყვილი ჩასახვის საწინააღმდეგო რომელიმე მეთოდის გამოყენებისას მხედველობაში მიიღებდა (მათე 19:10-12). მოციქული პავლე ვნებიან ‘ახალგაზრდა ქვრივებს’ მოუწოდებდა, რომ ‘გათხოვილიყვნენ და ბავშვები გაეჩინათ’ (1 ტიმოთე 5:11-14). მას არ მოუხსენებია ქრისტიანების სამუდამო სტერილიზაცია, რაც ამ მსხვერპლზე ნებაყოფლობით წასვლასა და შვილების გაჩენაზე უარის თქმას ნიშნავს.

ქრისტიანები კარგად იქცევიან, როდესაც ფიქრობენ ისეთ მითითებებზე, რომლებშიც ღმერთი განაყოფიერების უნარისადმი პატივისცემას ავლენს. თითოეულმა წყვილმა უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა და თუ არის, როდის არის საჭირო ჩასახვის საწინააღმდეგო მისაღები მეთოდების გამოყენება. ასეთი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც არსებობს იმის მტკიცე სამედიცინო საფუძველი, რომ დაორსულების შემთხვევაში დედის ან შვილის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება, შეიძლება სიკვდილიც კი მოჰყვეს. ასეთ შემთხვევებში, ზოგი იძულებულია გაიკეთოს სტერილიზაცია, რათა, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ჰქონდეს გარანტია, რომ ორსულობა არც ქალის სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს (ქალისა, რომელსაც უკვე ჰყავს შვილები) და მოგვიანებით არც სასიკვდილო დეფექტის მქონე ბავშვი დაიბადება.

მაგრამ ქრისტიანებმა, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში არ არიან და აშკარა საფრთხის წინაშე არ დგანან, ნამდვილად უნდა გამოავლინონ ‘აზრიანობა’ და თავიანთი აზროვნება და მოქმედება განაყოფიერების პოტენციისადმი ღვთის პატივისცემას შეუსაბამონ (1 ტიმოთე 3:2; ტიტე 1:8; 2:2, 5-8). ეს ბიბლიური მითითებების მიმართ გააზრებული მიდგომის ამსახველი იქნებოდა. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ყველასთვის ცნობილი ხდება, რომ ქრისტიანმა დაუდევრად უგულებელყო ღვთის თვალსაზრისი? განა სხვებს ეჭვი არ შეეპარებოდათ, რომ ის სამაგალითოა და ბიბლიასთან შეთანხმებულ გადაწყვეტილებებს ღებულობს? პიროვნების რეპუტაციის ასე სერიოზულად შელახვა, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ დააყენებდა მის ვარგისიანობას რაიმე განსაკუთრებული მსახურების შესასრულებლად, რასაც ვერ ვიტყოდით იმ შემთხვევაში, თუ ქრისტიანმა გაუთვითცნობიერებლად გაიკეთა ეს ოპერაცია (1 ტიმოთე 3:7).

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 „ქირურგიული ჩარევის შედეგად [თესლის გამომტანი სადინარის] კვლავ შეერთებაში წარმატების მიღწევის მაჩვენებელი, სულ მცირე, 40 პროცენტია. არსებობს იმის საფუძველიც, რომ მიკროქირურგიული მეთოდების გაუმჯობესებასთან ერთად მეტი წარმატებები იქნეს მიღწეული. მიუხედავად ამისა, ვაზექტომიის საშუალებით გაკეთებული სტერილიზაცია შეუქცევადად უნდა ჩაითვალოს“ (ენციკლოპედია „ბრიტანიკა“). „სტერილიზაცია შეუქცევად პროცედურად უნდა ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს შეიძლება სმენია ნაყოფიერების აღდგენის შესახებ, რეანასტომოზი ძალიან ძვირია და წარმატება გარანტირებული არ არის. ქალებისთვის, რომლებმაც სტერილიზაციის შემდეგ ლულების გამტარობა აღიდგინეს, საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკი ძალიან დიდია“ (Contemporary OB/GYN, June 1998).

^ აბზ. 10 სხვა მნიშვნელოვან კანონში აღნიშნული იყო, რომ, თუ მამაკაცს სასქესო ორგანოები სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული, იგი უფლის საკრებულოში ვერ შევიდოდა (მეორე რჯული 23:1). მაგრამ ბიბლიურ ცნობარში (Insight on the Scriptures) აღნიშნულია, რომ, როგორც ჩანს, ეს „ამორალური მიზნებისთვის, მაგალითად ჰომოსექსუალიზმის მიზნით, [სასქესო ორგანოების] განზრახ დაზიანებას ეხებოდა“. ამიტომ იმ კანონში არაფერი იყო ნათქვამი კასტრაციაზე ან ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდზე. ბიბლიურ ცნობარში აგრეთვე ნათქვამია: „იეჰოვა ნუგეშისმომგვრელად წინასწარმეტყველებდა დროზე, როდესაც თავის მსახურებად საჭურისებსაც მიიღებდა და, თუ მორჩილებას გამოავლენდნენ, მის ძეებსა და ქალიშვილებზე უკეთეს სახელსაც მისცემდა. იესო ქრისტეს მიერ რჯულის გაუქმების შემდეგ, ყველას, ვინც რწმენას გამოავლენდა, ყოფილი სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად, შეეძლო ღვთის სულიერი ძე გამხდარიყო. ხორცის საფუძველზე დაყოფები გაუქმდა (ეს. 56:4, 5; იოან. 1:12)“.