არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ სდევნიდა სავლე ქრისტიანებს?

რატომ სდევნიდა სავლე ქრისტიანებს?

რატომ სდევნიდა სავლე ქრისტიანებს?

„ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ, და ასეც ვიქცეოდი იერუსალიმში: ბევრი წმიდა ჩავაგდე საპყრობილეებში მღვდელმთავართა ხელმწიფებით აღჭურვილმა, და მათ დახოცვაზე თანხმობას ვაძლევდი, ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვტანჯავდი მათ და ვაიძულებდი დაეგმოთ და, მათზე მეტისმეტად გამძვინვარებული, სხვა ქალაქებშიც კი ვდევნიდი“ (საქმეები 26:9–11).

ეს სიტყვები ეკუთვნის ტარსუსელ სავლეს, რომელიც მოციქულ პავლედ არის ცნობილი. რა თქმა უნდა, მაშინ, როცა ამ სიტყვებს ამბობდა, ის ახალმოქცეული იყო. ხოლო მოგვიანებით ქრისტიანობის მდევნელი კი არა, მისი გულმოდგინე მქადაგებელი გახდა. რამ აღძრა სავლე ქრისტიანების დევნისკენ? რატომ ფიქრობდა, რომ საამისოდ ‘ყოველი ღონე უნდა ეხმარა’? შეგვიძლია რაიმეს სწავლა მისი ცხოვრების ისტორიიდან?

სტეფანეს ჩაქოლვა

ბიბლიაში სავლე პირველად სტეფანეს მკვლელთა შორის არის მოხსენიებული. „გაათრიეს [სტეფანე] ქალაქგარეთ და ქვები დაუშინეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყეს ერთი ჭაბუკის ფერხთით, რომელსაც სავლე ერქვა. ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას“ (საქმეები 7:58; 8:1). რამ გამოიწვია ეს თავდასხმა? იუდეველები და ზოგი კილიკიელიც შეეკამათა სტეფანეს, მაგრამ ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ მის ლაპარაკს. ბიბლიაში მოხსენიებული არ არის, იყო თუ არა მათ შორის კილიკიელი სავლეც. ნებისმიერ შემთხვევაში, იქ მყოფებმა სტეფანეს ღვთის გმობაში დასადანაშაულებლად ცრუ მოწმეები გამოიყენეს და ის სინედრიონის წინაშე წარსადგომად წაათრიეს (საქმეები 6:9–14). ეს კრება, რომელსაც მღვდელმთავარი თავმჯდომარეობდა, იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს როლს ასრულებდა. როგორც უზენაესი რელიგიური სასამართლოს წევრები, ისინი თავიანთი სწავლების სიწმინდესაც იცავდნენ. მათი აზრით, სტეფანე სიკვდილს იმსახურებდა. განა მან არ გაბედა და დაადანაშაულა ისინი რჯულის დარღვევაში? (საქმეები 7:53). ამიტომ აჩვენებდნენ, როგორ უნდოდა რჯულის დაცვა!

სავლეს მიერ სტეფანეს ჩაქოლვის შესახებ აზრის მოწონება, მისი მრწამსიდან გამომდინარეობდა. ის ფარისეველი იყო. მისი გავლენიანი სექტა რჯულისა და ტრადიციების მკაცრად დაცვას მოითხოვდა. ქრისტიანული სწავლება კი სრულიად განსხვავდებოდა; ეს იყო სწავლება ხსნის ახალი გზის შესახებ, რომელიც იესოს მეშვეობით გაიხსნა. პირველ საუკუნეში იუდეველები მოელოდნენ, რომ მესია იქნებოდა დიდებული მეფე, რომელიც მათ რომაელთა ჩაგვრის საძულველ უღელს მოაშორებდა. აზრი იმის შესახებ, რომ პიროვნება, რომელსაც დიდმა სინედრიონმა ღვთის გმობაში დასდო მსჯავრი, ხოლო შემდეგ ბოროტმოქმედივით ძელზე გააკრა, მესია იყო, მათი აზროვნებისთვის სრულიად უცხო, მიუღებელი და ზიზღის მომგვრელი იყო.

რჯულის თანახმად, ძელზე დაკიდებული ‘დაწყევლილი იყო’ (მეორე რჯული 21:22, 23; გალატელთა 3:13). სავლეს აზრით, „ეს სიტყვები სრულიად შეეფერებოდა იესოს, — აღნიშნავს ფრედერიკ ბრუსი. — ის ღვთისგან დაწყევლილი მოკვდა და ამიტომაც შეუძლებელი იყო ყოფილიყო მესია, რომელიც ღმერთს უხვად უნდა ეკურთხებინა. ამის გამო იესოს მესიად შერაცხვა ღვთის გმობა იყო; ისინი, რომლებიც ასეთ აბსურდულ განაცხადს აკეთებდნენ, წამებას იმსახურებდნენ“. როგორც მოგვიანებით თავად სავლემ აღიარა, ‘ჯვარცმული ქრისტე იუდეველთათვის საცდური იყო’ (1 კორინთელთა 1:23).

ასეთ სწავლებებს სავლე დიდი მონდომებით ეწინააღმდეგებოდა. ის უკიდურეს სისასტიკესაც კი მიმართავდა მათ აღმოსაფხვრელად. სავლე დარწმუნებული იყო, რომ ღვთის სურვილისამებრ მოქმედებდა, თავისი სულისკვეთება კი შემდეგნაირად აღწერა: „მოშურნედ მდევნელი ეკლესიისა, რჯულის სიმართლით უმწიკვლო“. „სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას. ვუსწრებდი იუდეველობაში მრავალ ჩემი ასაკის ხალხს ჩემს ტომში, ვინაიდან ჩემი მამების გადმოცემების მოშურნე ვიყავი მეტისმეტად“ (ფილიპელთა 3:6; გალატელთა 1:13, 14).

ყველაზე აქტიური მდევნელი

სტეფანეს მოკვლის შემდეგ სავლე ბიბლიაში ქრისტიანობის მდევნელთა თანამონაწილედ კი არ გვხვდება, არამედ დევნის ინიციატორად. მას, როგორც ჩანს, ცუდი რეპუტაცია ჰქონდა შექმნილი, რადგან ქრისტიანად მოქცევის შემდეგ, როდესაც მოწაფეებთან გაერთიანებას ცდილობდა, „ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ, თუ მოწაფე იყო იგი“. როცა ცხადი გახდა, რომ ის ნამდვილად ქრისტიანი იყო, ეს ფაქტი სიხარულისა და მადლიერების ლოცვების აღვლენის მიზეზი გახდა მოწაფეებს შორის, რომლებმაც მოისმინეს, რომ შეიცვალა კაცი, რომელიც ადრე მხოლოდ მოწინააღმდეგე კი არ იყო, არამედ ‘ოდესღაც დევნიდა მათ, ახლა კი ახარებდა იმ სარწმუნოებას, რომელსაც წინათ ებრძოდა’ (საქმეები 9:26; გალატელთა 1:23, 24).

დამასკო იერუსალიმიდან 220 კილომეტრით იყო დაშორებული. ამიტომ იქ ფეხით ჩასვლას 7—8 დღე სჭირდებოდა, მაგრამ სავლე, რომელიც „სიკვდილის მუქარით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ“, მღვდელმთავართან მივიდა და დამასკოს სინაგოგებისადმი ბარათები სთხოვა. რისთვის? რათა შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში ყველა, ვისაც „ამ გზაზე“ იპოვიდა. მღვდელმთავრების დასტურით ის „არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში და ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები, და საპყრობილეში ჰყრიდა მათ“. სხვებს ‘სინაგოგებში სცემდა’ და მათ დახოცვაზე ‘თანხმობას აძლევდა’ (საქმეები 8:3; 9:1, 2, 14; 22:5, 19; 26:10).

ზოგი სწავლული ითვალისწინებს განათლებას, რომელიც სავლემ გამალიელისგან მიიღო და ძალაუფლებას, რომელსაც ის იმ დროს ფლობდა, და ფიქრობს, რომ მან ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ უკვე რჯულის მოსწავლე კი არა, იუდაიზმში გარკვეული გავლენის მქონე პირი იყო. მაგალითად, ერთ-ერთი სწავლულის აზრით, სავლე იმ დროისთვის შეიძლება იერუსალიმის სინაგოგის მოძღვარი იყო. მაგრამ რას ნიშნავდა სავლეს მიერ ‘თანხმობის მიცემა’ — სასამართლოს წევრის მიერ თანხმობას თუ ქრისტიანების დასჯაზე მორალური მხარდაჭერის გამოხატვას — დანამდვილებით არ ვიცით *.

რადგან თავიდან ყველა ქრისტიანი იუდეველი ან იუდეველი პროზელიტი იყო, სავლეს აზრით, ქრისტიანობა იუდაიზმიდან განდგომილი მიმდინარეობა იყო და ამიტომ მისი მიმდევრების გამოსწორებას ოფიციალური იუდაიზმის მოვალეობად თვლიდა. სწავლული არლანდ ჰულტგრენი აღნიშნავს: „ნაკლებად დასაშვებია, რომ პავლე, მდევნელი, ქრისტიანობის მოწინააღმდეგე იმ მიზეზით ყოფილიყო, რომ მას იუდაიზმისგან ცალკე მდგომ რელიგიად, მის მეტოქედ მიიჩნევდა. ქრისტიანული მიმდინარეობა მისთვის და სხვებისთვის ჯერაც იუდეველთა ძალაუფლების ქვეშ უნდა ყოფილიყო“. მისი განზრახვა იყო, გზასაცდენილი იუდეველები იძულებული გაეხადა, უარი ეთქვათ თავიანთ რწმენაზე და ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ისინი ძველ რელიგიას დაბრუნებოდნენ (საქმეები 26:11). მისთვის ამის ერთ-ერთი საშუალება დაპატიმრება იყო. მეორე, სინაგოგაში გაროზგვა, დასჯის საყოველთაოდ მიღებული მეთოდი, რომელიც რაბინებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შეეძლოთ გამოეყენებინათ; განაჩენის გამოტანა კი ადგილობრივი გასამართლების საფუძველზე შეიძლებოდა და ამისთვის ნებისმიერი სამი მოსამართლე საკმარისი იყო.

დამასკოს გზაზე იესოს გამოცხადებამ ყოველივე ამას წერტილი დაუსვა. ქრისტიანობის სასტიკი მტერი, სავლე, მოულოდნელად მისი მგზნებარე დამცველი გახდა და მალე დამასკოელმა იუდეველებმა მისი მოკვლა განიზრახეს (საქმეები 9:1–23). პარადოქსია, მაგრამ ქრისტიანობაში სავლემ მრავალი ისეთი ტანჯვა გადაიტანა, რასაც ადრე თვითონ აყენებდა ქრისტიანებს. ასე რომ, წლების შემდეგ მას შეეძლო ეთქვა: „ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა“ (2 კორინთელთა 11:24).

არასწორად წარმართული ენთუზიაზმი

„უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცრებით ვაკეთებდი ურწმუნოებაში“, — წერდა სავლე მოქცევის შემდეგ, როდესაც უკვე პავლედ იცნობდნენ (1 ტიმოთე 1:13). აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი რომელიმე რელიგიის გულწრფელი, აქტიური მიმდევარია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ღვთის მოწონებას იმსახურებს. სავლე ენთუზიაზმით სავსე იყო და თავისი სინდისის შესაბამისად მოქმედებდა, მაგრამ ამით არ გამართლებულა. მისი მგზნებარე ენთუზიაზმი არასწორად იყო წარმართული (შეადარეთ რომაელთა 10:2, 3). ეს მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს.

დღეს მრავალს მტკიცედ სწამს, რომ ღმერთი მათგან მხოლოდ სწორ მოქმედებას მოითხოვს. ნამდვილად ასეა ეს? კარგი იქნებოდა, თითოეულ ჩვენგანს ყურად გვეღო პავლეს მოწოდება: „ყველაფერი გამოსცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ“ (1 თესალონიკელთა 5:21). ეს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების შემეცნების შესაძენად დროის გამოყოფასა და შემდეგ კი აბსოლუტურად მის შესაბამისად ცხოვრებას ნიშნავს. ბიბლიის გამოკვლევის შემდეგ, თუ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ საჭიროა ცვლილებების მოხდენა, საამისოდ დაუყოვნებლივ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ. შეიძლება ზოგიერთი ჩვენგანი ადრე სავლეს მსგავსად ღვთისმგმობელი, მდევნელი ან მკაცრი ადამიანი იყო. მიუხედავად ამისა, მის მსგავსად ჩვენც მხოლოდ რწმენისა და ზუსტი შემეცნების შესაბამისად მოქმედებით შევძლებთ ღვთის კეთილგანწყობილების შეძენას (იოანე 17:3, 17).

[სქოლიო]

^ აბზ. 12 ემილ შიურერის ავტორობით გამოცემული ერთ-ერთი წიგნის თანახმად, თუმცა მიშნაში არაფერია ნახსენები დიდი სინედრიონის, ანუ სამოცდათერთმეტი პირისგან შემდგარი სინედრიონის, მოქმედების მეთოდების შესახებ, მასში დაწვრილებით არის აღწერილი პატარა, 23 წევრისგან შემდგარი, სინედრიონი. რჯულის შემსწავლელებს შეეძლოთ დასწრებოდნენ პატარა სინედრიონების მიერ ჩატარებულ სასამართლო პროცესებს, მაგრამ, თუ ამ სასამართლოს სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდა, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა ელაპარაკათ და არავითარ შემთხვევაში მის საწინააღმდეგოდ. სასამართლოების დროს, როდესაც სასიკვდილო განაჩენი არ გამოჰქონდათ, შეეძლოთ როგორც ბრალდებულის სასარგებლოდ, ისე მის საწინააღმდეგოდ ელაპარაკათ (The History of the Jewish People in the Age of Jesus Christ [175 B.C.–A.D. 135]).