საჭიროა საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა?
საჭიროა საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა?
დასავლეთ იაპონიის ქალაქ კობეში საშინელი მიწისძვრა მოხდა. გასაჭირში მყოფი ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად სასწრაფოდ ჩავიდნენ თავგამოდებული მოხალისეები. ქალაქის ჯანდაცვის განყოფილების ერთ-ერთმა თანამშრომელმა ადგილზე ჩასულ ექიმთა ჯგუფს მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე უარი უთხრა. ეს პირი ქალაქის დიდი საავადმყოფოს დირექტორიც იყო და სურდა, ექიმებისთვის ძვირადღირებული ამპულებისა და ინტრავენური ინიექციისთვის საჭირო ხსნარების მიცემის ნაცვლად, დაზარალებულებისთვის დახმარება კობეს საავადმყოფოებში გაეწიათ. ბოლოს ექიმების მოთხოვნა მაინც დაკმაყოფილებულ იქნა, მაგრამ დირექტორის მიერ თავიდან გამოვლენილი შეუვალი პოზიცია, რამაც გულგრილობის შთაბეჭდილება დატოვა, საყოველთაო კრიტიკას დაექვემდებარა.
შეიძლება თქვენც გქონიათ საქმე ხელმძღვანელი პირის მიერ გამოვლენილ ასეთ შეუვალობასთან ან შეიძლება თქვენ თვითონ ყოფილხართ მსგავს საკითხში
დამნაშავე. როგორ ფიქრობთ, სასარგებლო იქნებოდა თუ არა საკითხი სხვადასხვა კუთხით დაგენახათ?სურათის მთლიანობაში დანახვა
ადამიანებს ახასიათებთ საქმეს მხოლოდ ერთი კუთხით, ერთი თვალსაზრისიდან გამომდინარე, შეხედონ, რის გამოც მას ბოლომდე ვერ აღიქვამენ და არ ესმით. ხშირად ასე ხდება განათლების, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და წარმოშობის გამო. ბრძნული გადაწყვეტილების მიღება კი მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ადამიანი ცდილობს, მთლიანობაში დაინახოს სურათი. მაგალითად, გონივრული იქნებოდა გზაჯვარედინთან, სადაც შუქნიშანი არ არის, მანქანებით გადატვირთული ქუჩის გადაკვეთისას მხოლოდ წინ გეყურებინათ? რა თქმა უნდა არა! მსგავსად ამისა, სრული სურათის შესაქმნელად საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა, შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ გადაწყვეტილებების მიღებასა და საქმისადმი პასუხისმგებლობით მოკიდებაში. ეს შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი აღმოჩნდეს.
ამ საკითხში, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს სჭირდება გაუმჯობესება. ასე რომ, საკუთარ თავს შეეკითხეთ: „რომელ სფეროებში მჭირდება საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა?“
თქვენი თვალსაზრისი სხვების შესახებ
როდესაც სხვებს უყურებთ, რას ამჩნევთ მათში? ხომ არ გჩვევიათ სხვების ნათქვამში ან მოქმედებაში მხოლოდ თეთრის და შავის დანახვა, თითქოს სხვა ფერები არ არსებობდეს? მხოლოდ კომპლიმენტად ან მხოლოდ შეურაცხყოფად ხომ არ ღებულობთ სხვების მიერ თქვენი მისამართით ნათქვამ სიტყვებს? არის ვინმე აბსოლუტურად მართალი ან აბსოლუტურად მტყუანი? ასეთი აზროვნება დაგამსგავსებდათ ფოტოგრაფს, რომელიც ვერ ხედავს შემოდგომის ბრწყინვალე ფერთა გამასა და ელფერს, თითქოს ბუნებაში მხოლოდ შავი და თეთრი გამოსახულებები არსებობდეს. ან ხომ არ გჩვევიათ, ყურადღება გაამახვილოთ პიროვნების მხოლოდ უარყოფით მხარეებზე, რაც ძალიან დაგამსგავსებდათ მოგზაურს, რომელიც სასიამოვნო ხედების ნახვით გამოწვეულ სიამოვნებას ვიღაც დაუდევარი ადამიანის მიერ დატოვებული ნაგვის გამო იფუჭებს (შეადარეთ ეკლესიასტე 7:16).
ბევრი რამის სწავლა შეიძლება იეჰოვას მიერ ადამიანთა შეცდომისადმი დამოკიდებულებიდან. თუმცა იცის ადამიანთა ბევრი სისუსტე და ნაკლი, ის მათზე ყურადღებას არ ამახვილებს. მადლიერმა ფსალმუნმომღერალმა აღნიშნა: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?“ (ფსალმუნი 129:3). იეჰოვა მზად არის მომნანიებელ შემცოდველებს მოგვაშოროს, დიახ, დიდსულოვნად მოგვწმინდოს შეცდომები, რათა დანაშაული ხელს არ გვიშლიდეს მასთან ურთიერთობაში (ფსალმუნი 50:3; 102:12). მეფე დავითის შესახებ, რომელმაც ერთხელ ბათშებაყთან ურთიერთობით სერიოზული ცოდვები ჩაიდინა, იეჰოვამ თქვა, რომ ის იყო კაცი, რომელიც ‘მთელი გულით მიჰყვებოდა უკან და მხოლოდ სიმართლეს სჩადიოდა მის თვალში’ (მესამე მეფეთა 14:8). რის საფუძველზე ამბობდა ამას ღმერთი? ის ყურადღებას მომნანიებელი დავითის კარგ თვისებებზე ამახვილებდა. ღმერთმა გაითვალისწინა ყველა ფაქტორი და თავისი მსახურისადმი კვლავ მოწყალების გამოვლენა არჩია.
ქრისტე იესო აბსოლუტურად ირეკლავდა სხვების შეცდომების შესახებ ღვთის თვალსაზრისს, ის საკითხს ყველა კუთხიდან უყურებდა (იოანე 5:19). მოციქულების შეცდომებზე მოწყალებით რეაგირებდა და ესმოდა მათი. იცოდა, რომ არასრულყოფილ ადამიანებში მაშინაც კი, როდესაც ‘სული მხნეა, ხორცი უძლურია’ (მათე 26:41). იესოს ესმოდა ეს, ამიტომაც მოთმინებით ეკიდებოდა მოწაფეების სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს და უგებდა მათ. ის მათ უარყოფით თვისებებზე კი არ ამახვილებდა ყურადღებას, არამედ ღირსებებზე.
ერთხელ, როდესაც მოციქულები კამათობდნენ, ვინ იყო მათ შორის უდიდესი, იესომ შეუსწორა თვალსაზრისი და დაამატა: „თქვენ. . . ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა მამაჩემმა სასუფეველი, რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემ სასუფეველში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად“ (ლუკა 22:24-30). დიახ, მოციქულების მრავალი შეცდომის მიუხედავად, იესოს არ დავიწყებია მათი ერთგულება და სიყვარული (იგავნი 17:17). იესომ დარწმუნებით იცოდა, რის უნარი ჰქონდათ მათ და რას გააკეთებდნენ, ამიტომაც შეკრა მათთან სამეფოს კავშირი. დიახ, იესოს „ბოლომდე უყვარდა“ თავისი მოციქულები (იოანე 13:1).
ასე რომ, თუ ვინმეს თვისებები და შეცდომები გაღიზიანებთ, იყავით იეჰოვასა და იესოს მსგავსი. სხვადასხვა კუთხით შეხედეთ საკითხს და ეცადეთ, ყველა ფაქტორი გაითვალისწინოთ. თუ ყველაფერს სათანადოდ შეხედავთ, დაინახავთ, რომ ძმების სიყვარული და დაფასება გაგიადვილდებათ.
მატერიალური დახმარების აღმოჩენისას
გაცემა ქრისტიანებისთვის სიხარულის ერთ-ერთი წყაროა. როგორ ფიქრობთ, საკმარისია, ამ საკითხში მხოლოდ ერთი სფეროთი, მაგალითად, სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობით შემოვიფარგლოთ? (მათე 24:14; 28:19, 20). თუ შეიძლება უფრო ფართოდ შევხედოთ საკითხს და სხვების ფიზიკური მოთხოვნილება და კეთილდღეობაც გავითვალისწინოთ? რა თქმა უნდა, ყველა ქრისტიანს ესმის, რომ სულიერი ძღვენის გაცემა უმნიშვნელოვანესია (იოანე 6:26, 27; საქმეები 1:8). მაგრამ სულიერი ძღვენის გაცემის მნიშვნელოვნებასთან ერთად, მატერიალურის გაცემაც არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი (იაკობი 2:15, 16).
თუ ვფიქრობთ სულიერი ძმების პირველადი მოთხოვნილების საგნებით დაკმაყოფილებაზე როგორც ჩვენს კრებაში, ისე მთელ მსოფლიოში, უფრო მეტად დავინახავთ, რით შევძლებთ მათთვის 2 კორინთელთა 8:13-15; 1 პეტრე 2:17).
დახმარების აღმოჩენას. შეძლებულების გულუხვობა ღარიბების ნაკლულობას ავსებს. ამგვარად, მზრუნველობის გარეშე არც ერთი ძმა არ რჩება. ერთმა ქრისტიანმა უხუცესმა ეს შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „თუ მსოფლიოს ერთ კუთხეში ძმები გაჭირვებაში ცვივდებიან, მსოფლიოს მეორე კუთხიდან ღებულობენ დახმარებას. თუ იქიდანაც არ შეუძლიათ — საიდანმე, სხვა კუთხეში მცხოვრები ძმებისგან მიიღებენ ამას. ამგვარად, მთელ მსოფლიოში ძმები უყურადღებოდ არ რჩებიან. მსოფლიო ძმობა ნამდვილად სასწაულებრივია!“ (ერთმა ქრისტიანმა დამ, რომელსაც გულწრფელად სურდა აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კონგრესზე დასწრება, ვერ შეძლო ამ სურვილის დაკმაყოფილება. მაგრამ როდესაც გაიგო, რომ იქ ძმებს ძალიან სჭირდებოდათ ბიბლიები, იყიდა და გაატანა ისინი ამ კონგრესზე წამსვლელებს. ამგვარად, მან გაცემის, უცხო ქვეყანაში მცხოვრები ძმებისადმი დახმარების აღმოჩენის სიხარული განიცადა (საქმეები 20:35).
აზროვნების გაღრმავების შედეგად შეიძლება უფრო მეტი შესაწირავი გაიღოთ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე, საოცრად მზარდი ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რაც სიხარულს მოგგვრიდათ როგორც თქვენ, ასევე სხვებსაც (მეორე რჯული 15:7; იგავნი 11:24; ფილიპელთა 4:14-19).
რჩევის მიცემისას
რჩევის ან შენიშვნის მიცემისას, აწონ-დაწონილი და გაწონასწორებული მსჯელობით, სულიერი ძმებისგან პატივისცემას დავიმსახურებთ და მათ ნამდვილად ეფექტურ დახმარებას აღმოვუჩენთ. რთული არ არის სულ რამდენიმე ფაქტის გათვალისწინება და ნაჩქარევად, ცალმხრივი დასკვნის გამოტანა. ამგვარი მოქმედებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ძალიან ვიწრო აზროვნება გვაქვს, შეიძლება ითქვას კონსერვატიულიც, ისევე როგორც იესოს დღეებში მცხოვრები რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც თავიანთი გაუთავებელი ტრადიციებით ხალხს ტვირთს ჰკიდებდნენ (მათე 23:2-4). მეორე მხრივ, თუ უკიდურესობებს მოვერიდებით და ვინმეს ბიბლიურ პრინციპებზე მტკიცედ დაფუძნებულ კარგ რჩევებს მივცემთ, იეჰოვას სამართლიან, ამასთანავე გაწონასწორებულ და გულმოწყალე აზროვნებას ავირეკლავთ და სხვებს ჩვენი რჩევის მიღებასა და გამოყენებას გავუადვილებთ.
რამდენიმე წლის წინათ სხვადასხვა კრების ახალგაზრდა ძმებმა გართობის მიზნით სპორტს მიჰყვეს ხელი. სამწუხაროდ, მათ შორის მეტოქეობის სული განვითარდა, რასაც გაცხარებული სიტყვიერი შეტაკება მოჰყვა. როგორ გაუმკლავდნენ პრობლემას ადგილობრივი უხუცესები? მათ ესმოდათ, რომ ახალგაზრდებს გართობა სჭირდებოდათ, ამიტომ არ ურჩევიათ, რომ საერთოდ შეეწყვიტათ შეხვედრები (ეფესელთა 5:17; 1 ტიმოთე 4:8). მათ მკაცრი, მაგრამ გონივრული გაფრთხილება მისცეს მეტოქეობის სულთან დაკავშირებით. ახალგაზრდებმა უხუცესებისგან პრაქტიკული რჩევებიც მიიღეს; მაგალითად, გართობისას მათთან ერთად ყოფილიყვნენ უფროსი ასაკის, პასუხისმგებელი ძმები. ახალგაზრდებმა დააფასეს ბრძნული და გაწონასწორებული რჩევა და მიიღეს ის. უფრო მეტიც, გაიზარდა უხუცესებისადმი მათი პატივისცემა და სიყვარული.
შეეცადეთ საკითხს სხვადასხვა კუთხით შეხედოთ
შეიძლება თქვენდა უნებურად, გაუცნობიერებლად, ვინმეზე ან რამეზე წინასწარ შექმნილი აზრი გქონდეთ. ამის აღმოსაფხვრელად საჭიროა ყოველი ღონე იხმაროთ საკითხის სხვადასხვა კუთხით დასანახად. ღვთის სიტყვის შესწავლისას დაუფიქრდით ნასწავლს, რათა ჩასწვდეთ და დააფასოთ იეჰოვას აზროვნების ფორმა (ფსალმუნი 138:17). ეცადეთ, გაიგოთ ბიბლიაში მოცემული სიტყვებისა და მათში არეკლილი პრინციპების არსი და ყველაფერი ისე შეაფასოთ, როგორც ამას იეჰოვა აკეთებს. ეს დავითის ლოცვის შესაბამისი იქნება: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი. წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენ გესავ ყოველდღე“ (ფსალმუნი 24:4, 5).
საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა კურთხევებს მოგიტანთ. ერთ-ერთი კურთხევათაგანი გაწონასწორებული და გამგები ადამიანის რეპუტაციით სარგებლობა იქნება. სხვადასხვა სიტუაციებისას დახმარების აღმოჩენის დროს შეგეძლებათ უფრო გონივრულად და გაგებულად მოიქცეთ, ეს კი, თავის მხრივ, ქრისტიანული ძმობის სასწაულებრივ ერთიანობასა და ურთიერთშეთანხმებულობას შეუწყობს ხელს.
[სურათები 12 გვერდზე]
გულუხვად გაცემა ეხმარება სხვებს, სიხარულს ჰგვრის გამცემს და სიამოვნებას ანიჭებს ჩვენს ზეციერ მამას.