დაუახლოვდით იეჰოვას
დაუახლოვდით იეჰოვას
„მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“, — დაწერა მოწაფე იაკობმა (იაკობი 4:8). ფსალმუნმომღერალი დავითი კი მღეროდა: «საიდუმლო უფლისა [„სიახლოვე იეჰოვასთან“, აქ] — მოშიშთა მისთა» (ფსალმუნი 24:14). ნათელია, რომ იეჰოვა ღმერთს სურს, ახლო ურთიერობა გვქონდეს მასთან. მაგრამ ყველა, ვინც ღვთის თაყვანისმცემელი და მისი კანონების დამცველია, როდი გრძნობს მასთან სიახლოვეს.
რა შეიძლება ითქვას თქვენზე? გაქვთ პირადად ახლო ურთიერთობა ღმერთთან? უეჭველია, გენდომებათ მასთან დაახლოება. როგორ შეგვიძლია ღმერთთან დაახლოება? რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ამ კითხვებზე პასუხს გვაძლევს ბიბლიის წიგნ „იგავნის“ მესამე თავი.
ნუ დაივიწყებთ მადლის ქმნას და გამოავლინეთ ალალმართლობა
ძველი დროის ისრაელის მეფე, სოლომონი, იგავნის მესამე თავს იწყებს შემდეგი სიტყვებით: „შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩემი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა, დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას [‘მშვიდობას’, მცხეთური ხელნაწერები] შეგძენენ“ (იგავნი 3:1, 2). რადგანაც სოლომონი ღვთის შთაგონებით წერდა, ეს მამობრივი რჩევა, სინამდვილეში, იეჰოვა ღმერთისგან მომდინარეობს და ჩვენი მისამართით არის ნათქვამი. ჩვენ გვეძლევა რჩევა, რომ მივყვეთ ღვთისგან მომდინარე შეხსენებებს — მის რჯულს, ანუ სწავლებას, და მის მცნებებს — რომლებიც ჩაწერილია ბიბლიაში. თუ ასე ვიქცევით, ‘დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებსა და მშვიდობას შევიძენთ’. დიახ, დღესაც კი შეგვიძლია დავტკბეთ მშვიდობიანი ცხოვრებით და მოვერიდოთ იმას, რაც ნაადრევი სიკვდილის საშიშროებას შეგვიქმნიდა; ეს ხშირად ბოროტეულებს მოსდით. გარდა ამისა, შეგვიძლია მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში მარადიული ცხოვრების იმედი გვქონდეს (იგავნი 1:24—31; 2:21, 22).
შემდეგ სოლომონი ამბობს: «მადლმა და სიმტკიცემ [„ალალმართლობამ“, აქ] არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე. წყალობას და სიკეთეს ჰპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში» (იგავნი 3:3, 4).
დედნის ენაზე სიტყვა „მადლი“ „გულითად სიყვარულადაც“ ითარგმნება და ერთგულებას, თანამოაზრეობასა და თავდადებას უკავშირდება. გვაქვს თუ არა გადაწყვეტილი, რომ, რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის შევინარჩუნებთ იეჰოვასთან სიახლოვეს? ვავლენთ თუ არა მადლს, ანუ სიყვარულით აღსავსე სიკეთეს, თანამორწმუნეებთან ურთიერთობისას? ვცდილობთ თუ არა მათთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას? ‘გვაქვს თუ არა ენაზე მადლიანი დარიგება’ მათთან ყოველდღიური ურთიერთობისას — თუნდაც მძიმე მდგომარეობის დროს? (იგავნი 31:26).
რადგან იეჰოვა დიდად მოწყალეა, ის ‘მზად არის საპატიებლად’ (აქ) (ფსალმუნი 85:5). თუ მოვინანიეთ წარსული ცოდვები და „სავალის“ გასწორებას ვცდილობთ, ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვასგან „განახლების დღეები“ დაგვიდგება (საქმეები 3:19, 20). ნუთუ არ უნდა მივბაძოთ ღმერთს სხვებისთვის ცოდვების მიტევებით? (მათე 6:14, 15).
იეჰოვა ‘ჭეშმარიტი ღმერთია’, ამიტომ „ალალმართლობას“ მოითხოვს მასთან დაახლოების მსურველებისგან (ფსალმუნი 30:5). ნუთუ შეგვიძლია იეჰოვასთან მეგობრობის იმედი გვქონდეს, თუ „სიცრუის მოყვარულთა“ მსგავსად, რომლებიც თავიანთ ნამდვილ სახეს ფარავენ, გაორებულ ცხოვრებას ვეწევით: თანაქრისტიანებთან სხვანაირად ვიქცევით, ხოლო მათგან თვალმოფარებით — სულ სხვანაირად? (ფსალმუნი 25:4). რა უგუნურება იქნებოდა ეს, რადგან „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა“ იეჰოვას თვალთა წინაშე! (ებრაელთა 4:13).
მადლი და ალალმართლობა ფასდაუდებელი სამკაულივით უნდა დავაფასოთ და ‘ყელზე მივიბათ’, რადგან ისინი ‘ღვთისა და ადამიანის თვალში წყალობის მოპოვებაში’ გვეხმარება. ჩვენ მოსაჩვენებლად კი არ უნდა გამოვავლინოთ ეს თვისებები, არამედ „გულის ფიცარზეც“ უნდა ამოვიტვიფროთ და ჩვენი პიროვნების განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ.
განავითარეთ იეჰოვასადმი სრული მინდობა
ბრძენი მეფე განაგრძობს: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავნი 3:5, 6).
უდავოა, იეჰოვა ჩვენგან სრული ნდობის ღირსია. როგორც შემოქმედი, იგი „ძალამოსილი“ და „ყოვლადძლიერია“ (ესაია 40:26, 29). მას ძალუძს ყველა თავისი განზრახვის შესრულება. თვით მისი სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს „აქცევინებს“; ეს გვინერგავს იმის რწმენას, რომ ღმერთს შესწევს თავისი აღთქმების შესრულების ძალა! ის, რომ „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“, ჭეშმარიტების განსახიერებად გვისახავს მას (ებრაელთა 6:18). მისი ყველაზე აღმატებული თვისებაა სიყვარული (1 იოანე 4:8). ის „მართალია . . . ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში“ (ფსალმუნი 144:17). თუ ღმერთს ვერ ვენდობით, სხვას ვისღა შეგვიძლია ვენდოთ? რასაკვირველია, მასზე მინდობის განსავითარებლად უნდა ‘განვიცადოთ და ვნახოთ, რომ კარგია უფალი’ ბიბლიიდან ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებითა და იმ კარგ შედეგებზე ფიქრით, რაც ამას მოჰყვება (ფსალმუნი 33:9).
როგორ შეგვიძლია ‘მისი შეცნობა ყოველ ჩვენს გზაზე’? ფსალმუნმომღერალი შთაგონებით ამბობს: „ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ“ (ფსალმუნი 76:13). რაკი ღმერთი უხილავია, მის დიდებულ საქმეებსა და თავისი ხალხისადმი მის დამოკიდებულებაზე ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანია მასთან ახლო ურთიერთობის განსავითარებლად.
იეჰოვას შესაცნობად ლოცვაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეფე დავითი იეჰოვას „ყოველდღე“ მოუხმობდა (ფსალმუნი 85:3). დავითი ხშირად ლოცვაში ატარებდა ღამეებს, როგორც მაშინ, როცა უდაბნოში იყო გაქცეული (ფსალმუნი 62:7, 8). „ილოცეთ ყოველ ჟამს სულით“, — მოგვიწოდა პავლე მოციქულმა (ეფესელთა 6:18). რამდენად ხშირად ვლოცულობთ? გვაქვს ღმერთთან გულწრფელი პირადი ურთიერთობა? მივმართავთ დახმარებისთვის მძიმე სიტუაციებში? მივმართავთ თუ არა ლოცვით ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე? გულწრფელი ლოცვით თავს ვაყვარებთ იეჰოვას. ამასთანავე, დარწმუნებული ვართ, რომ ის მოისმენს ჩვენს ლოცვას და ‘გაგვისწორებს სავალს’.
რა უგუნურებაა ‘დანდობა საკუთარ ჭკუაზე’ ან წუთისოფლის გამოჩენილ ადამიანებზე, მაშინ როცა შეგვიძლია იეჰოვას მივენდოთ სრულად! „ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ“, –– ამბობს სოლომონი. ამის ნაცვლად გვირჩევს: „უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე. ეს არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი ძვლებისათვის“ (იგავნი 3:7, 8). ჯანსაღი შიში იმისა, რომ ღვთის უკმაყოფილება არ გამოიწვიო, უნდა ხელმძღვანელობდეს ჩვენს ყოველ მოქმედებას, ფიქრსა და გრძნობას. ასეთი მოწიწებული შიში გვეხმარება, განვერიდოთ ბოროტებას; ამასთანავე, სულიერად განმკურნავი და მასაზრდოებელია.
საუკეთესო უძღვენით იეჰოვას
კიდევ რა გზით შეგვიძლია ღმერთთან დაახლოება? „პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით“, — გვარიგებს მეფე (იგავნი 3:9). იეჰოვასთვის პატივის მიგება ნიშნავს მისდამი დიდი პატივისცემის გამოვლენასა და მის განდიდებას მისი სახელის გაცხადებაში მონაწილეობითა და ამ საქმიანობის მხარდაჭერით. ქონება, რომლითაც პატივს მივაგებთ იეჰოვას, არის ჩვენი დრო, ნიჭი, ენერგია და მატერიალური საკუთრება. ყოველივე ეს უნდა იყოს პირველმოწეული ნაყოფი — საუკეთესო იქიდან, რაც გვაქვს. ნუთუ არ უნდა ჩანდეს ჩვენი საკუთრების გამოყენებაში გადაწყვეტილება — ‘უწინარეს ვეძიოთ სასუფეველი და ღვთის სიმართლე’? (მათე 6:33).
ჩვენი ქონებიდან იეჰოვასთვის პატივის მიგება დაუჯილდოებლად არ ჩაივლის. „ჭერამდე აივსება შენი ბეღლები, — გვარწმუნებს სოლომონი, — და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები“ (იგავნი 3:10). თუმცა სულიერ კეთილდღეობას თავისთავად არ სდევს მატერიალური კეთილდღეობა, იეჰოვასთვის პატივის მისაგებად ჩვენი სახსრების ხელგაშლილად გამოყენებას უხვი კურთხევები მოაქვს. ღვთის ნების ქმნა იესოსთვის მასაზრდოებელი „საჭმელი“ იყო (იოანე 4:34). ჩვენც ასევე გვასაზრდოებს იეჰოვას განსადიდებლად სამქადაგებლო საქმიანობასა და მოწაფეების მომზადებაში მონაწილეობა. თუ ამ საქმიანობაში სიმტკიცეს ვიჩენთ, ჩვენი სულიერი ბეღლები ჭერამდე აივსება. ჩვენი სიხარული — ასე ვთქვათ, მაჭარი — ღვარად იდინებს.
ამასთანავე, ნუთუ იეჰოვას არ მივმართავთ ლოცვით, რომ ყოველდღიურად მოგვცეს საკმარისი ფიზიკური საზრდო? (მათე 6:11). ყველაფერი, რაც დღეს გვაქვს, ფაქტობრივად, ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის წყალობაა. იეჰოვა მომავალშიც უხვად გვაკურთხებს იმის მიხედვით, თუ რამდენად ვიყენებთ ჩვენს ქონებას მის განსადიდებლად (1 კორინთელთა 4:7).
სიხარულით მიიღეთ იეჰოვას შეგონება
ისრაელის მეფე, რომელმაც დაინახა, რამდენად მნიშვნელოვანია შეგონება იეჰოვასთან დასაახლოებლად, გვირჩევს: „უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ; რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს“ (იგავნი 3:11, 12).
მაგრამ შეგონება შეიძლება ადვილი მისაღები არ იყოს. „ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად“, — წერდა მოციქული პავლე. — მაგრამ შემდგომში სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა“ (ებრაელთა 12:11). მხილება და შეგონება განსწავლის ის აუცილებელი თავისებურებაა, რომელიც იეჰოვასთან გვაახლოებს. შენიშვნით — მშობლების მეშვეობით ვიღებთ მას, ქრისტიანული კრებისა თუ პირადი შესწავლის დროს საღვთო წერილში წაკითხულზე ფიქრის მეშვეობით — იეჰოვა სიყვარულს ავლენს ჩვენდამი. გონივრულად ვიქცევით, თუ სიხარულით ვიღებთ მას.
მოეჭიდეთ სიბრძნესა და გონიერებას
შემდეგ სოლომონი ხაზს უსვამს ღმერთთან ახლო ურთიერთობის განსავითარებლად სიბრძნისა და გონიერების მნიშვნელობას. ის ამბობს: „ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი — ხალას ოქროს. . . იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი“ (იგავნი 3:13—18).
მეფე გვახსენებს, რომ იეჰოვამ დიდებული შემოქმედების დროს სიბრძნე და გონიერება გამოავლინა: „უფალმა სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, გონიერებით გაამტკიცა ცამყარი. . . შვილო, ნუ მოიშორებ თვალიდან, არ დაკარგო განსჯის უნარი. ეს სიცოცხლე იქნება შენი სულისთვის და მშვენება შენი ყელისთვის“ (იგავნი 3:19—22).
სიბრძნე და გონიერება ღვთიური თვისებებია. ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევიძინოთ ეს თვისებები, არამედ ‘მოვეჭიდოთ’ კიდეც მათ იმით, რომ არასოდეს მოვდუნდებით საღვთო წერილის გულდასმით შესწავლასა და ნასწავლის გამოყენებაში. „მაშინ უდარდელად ივლი შენს გზაზე, — განაგრძობს სოლომონი, — და არ წაიფორხილებ“. შემდეგ დასძენს: „დაწვები, არაფრის შეგეშინდება; დაიძინებ, ტკბილი ძილი გექნება“ (იგავნი 3:23, 24).
დიახ, შეგვიძლია უდარდელად ვიაროთ და მშვიდად გვეძინოს, სანამ მოველით სატანის ბოროტი წუთისოფლის ‘მოულოდნელი განადგურების’ დღეს, რომელიც ქურდივით მოვა (1 თესალონიკელთა 5:2, 3; 1 იოანე 5:19, აქ). გარდაუვალი დიდი გასაჭირის დროსაც კი შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში: „არ შეგაკრთობს უეცარი შიში და არც სიავე ბოროტეულთაგან, როცა მოვა; რადგან უფალი გიდგას მხარში და მახეს არიდებს შენს ფეხს“ (იგავნი 3:25, 26; მათე 24:21).
აკეთეთ კეთილი საქმე
„ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, — მოგვიწოდებს სოლომონი, — თუკი შეგიძლია ამის გაკეთება“ (იგავნი 3:27). კეთილი საქმის კეთებაში შედის სხვების სასარგებლოდ ჩვენი სახსრების ხელგაშლილად გამოყენება, რის გაკეთებაც ბევრნაირად შეიძლება. მაგრამ, ნუთუ ჭეშმარიტ ღმერთთან ახლო ურთიერთობის მოპოვებაში დახმარება საუკეთესო არ არის იმ საქმეთა შორის, რის გაკეთებაც სხვებისთვის შეგვიძლია ამ „უკანასკნელ ჟამს“? (დანიელი 12:4). ამიტომ სწორედ ახლაა სამეფო ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებაში გულმოდგინების გამოჩენის დრო (მათე 28:19, 20).
ბრძენმა მეფემ ისიც დაასახელა, რას უნდა ავარიდოთ თავი: „ნუ ეტყვი შენს ახლობელს: წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანა გაქვს. ავს ნუ დაუპირებ შენს ახლობელს, როცა ის იმედიანად ცხოვრობს შენთან. ნურავის გაუმართავ დავას უმიზეზოდ, თუ ავი არ გაუკეთებია შენთვის. ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას“ (იგავნი 3:28—31).
თავისი რჩევის მიზეზს სოლომონი შემდეგი სიტყვებით აჯამებს: «რადგან სიბილწეა უფლისათვის მზაკვრობა და ალალმართლებისკენაა მისი საიდუმლო თათბირი [„სიახლოვე“, აქ]. უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა საცხოვრებელი კი კურთხეულია. გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს. დიდებას დაიმკვიდრებს ბრძენი ხალხი, უგუნურები კი სირცხვილს წაიღებენ» (იგავნი 3:32—35).
თუ გვსურს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა, არ უნდა გვქონდეს მზაკვრული და ავისმზრახველი გული (იგავნი 6:16—19). მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიპოვებთ ღვთის კეთილგანწყობილებასა და კურთხევას, თუ იმას ვაკეთებთ, რაც მის თვალშია სწორი. გარდა ამისა, სხვების მხრიდან შეიძლება თავისთავად პატივისცემაც დავიმსახუროთ, როდესაც ისინი ხედავენ, რომ ღვთიური სიბრძნის თანახმად ვმოქმედებთ. ამიტომ უარი ვთქვათ ამ ბოროტი და მძვინვარე წუთისოფლის მზაკვრულ გზებზე. ვეცადოთ, ვიყოთ ალალმართლები და დავუახლოვდეთ იეჰოვას!
[სურათები 25 გვერდზე]
„პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან“.