არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას სახლი „სასურველით“ ივსება

იეჰოვას სახლი „სასურველით“ ივსება

იეჰოვას სახლი „სასურველით“ ივსება

«შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი [„უნდა შემოვიდნენ ყოველი ერიდან სასურველნი“, აქ]: დიდებით ავავსებ ამ სახლს» (ანგია 2:7).

1. რატომ ვფიქრობთ პირველ რიგში ჩვენთვის საყვარელ ადამიანებზე საშიშროების წარმოშობის მომენტებში?

რა სასურველი რამ ავსებს თქვენს სახლს? მდიდრული ავეჯი, კომპიუტერის უკანასკნელი მოდელი თუ გარაჟში დაყენებული ახალი ავტომობილი? მაშინაც კი, თუ ეს ყველაფერი გაქვთ, განა არ გაიზიარებდით იმ აზრს, რომ თქვენს სახლში უძვირფასესს ადამიანები, თქვენი ოჯახის წევრები, წარმოადგენენ? წარმოიდგინეთ, რომ ღამით კვამლის სუნი გაღვიძებთ. სახლში ხანძარი გაჩენილა და გადასარჩენად მხოლოდ რამდენიმე წუთიღა გრჩებათ! რაზე იზრუნებდით პირველ რიგში? ავეჯზე? კომპიუტერზე? მანქანაზე? განა თქვენთვის საყვარელ ადამიანებზე არა? დიახ, სწორედ მათზე, რადგან ოჯახის წევრები ნივთებზე ბევრად უფრო ძვირფასნი არიან.

2. რამდენად ფართო სპექტრს მოიცავს იეჰოვას შემოქმედება და რომელი მათგანი უყვარს იესოს ყველაზე მეტად?

2 ახლა კი იფიქრეთ იეჰოვა ღმერთსა და მის ძეზე, იესო ქრისტეზე. იეჰოვა არის ‘შემოქმედი ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია’ (საქმეები 4:24). მისი ძე, „ოსტატი“, იყო პიროვნება, ვისი მეშვეობითაც იეჰოვამ შექმნა სხვა ყველაფერი (იგავნი 8:30, 31; იოანე 1:3; კოლასელთა 1:15—17). რა თქმა უნდა, იეჰოვა და იესო ძალიან აფასებდნენ ყველაფერს, რაც შექმნეს (შეადარეთ დაბადება 1:31). მაგრამ როგორ ფიქრობთ, მათ შორის ყველაზე მეტად რას აფასებდნენ — საგნებს თუ ადამიანებს? სიბრძნის განსახიერებამ, იესომ, თქვა: „ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული“.

3. რომელი წინასწარმეტყველება გადმოგვცა იეჰოვამ ანგიას მეშვეობით?

3 ეჭვგარეშეა, იეჰოვასთვის ადამიანი ძალზე ძვირფასია. ამის დამადასტურებელია სიტყვები, რომლებიც ძვ. წ. 520 წელს იეჰოვამ წინასწარმეტყველ ანგიას მეშვეობით გამოგვიცხადა: «შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი [„უნდა შემოვიდნენ ყოველი ერიდან სასურველნი“, აქ]: დიდებით ავავსებ ამ სახლს . . . პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება» (ანგია 2:7, 9).

4, 5. ა) რატომ იქნებოდა არაგონივრული დაგვესკვნა, რომ გამოთქმა „სასურველნი“ მატერიალურ სიმდიდრეს ეხება? ბ) როგორ განსაზღვრავდით ‘სასურველთ’ და რატომ?

4 რა ‘სასურველითა’ და უპრეცედენტო დიდებით აავსებს თავის სახლს იეჰოვა? მდიდრული ავეჯითა და ბრწყინვალე დეკორაციებით? ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით? ეს არცთუ ისე გონივრული ჩანს. გაიხსენეთ ყოფილი ტაძარი, რომელიც დაახლოებით ხუთი საუკუნის წინათ იეჰოვას მიეძღვნა, მილიარდობით დოლარის ღირებულების იყო *! აშკარაა, იეჰოვა არ მოელოდა, რომ სამშობლოში დაბრუნებული იუდეველთა შედარებით მცირე ჯგუფი უფრო მდიდრულ ტაძარს ააგებდა, ვიდრე სოლომონის მიერ აშენებული იყო.

5 მაშ, რა არის ‘სასურველი’, რომლითაც იეჰოვას სახლი აივსება? ცხადია, სასურველნი ადამიანები არიან. იეჰოვას გულს ახარებს არა ოქრო-ვერცხლი, არამედ ადამიანები, რომლებიც სიყვარულით ემსახურებიან (იგავნი 27:11; 1 კორინთელთა 10:26). დიახ, იეჰოვასთვის ძვირფასია ყველა მამაკაცი, ქალი და ბავშვი, ვინც სათანადოდ სცემს მას თაყვანს (იოანე 4:23, 24). ისინი „სასურველნი“ და იეჰოვასთვის ბევრად უფრო ძვირფასნი არიან, ვიდრე სოლომონის ტაძრის მთელი მორთულობა.

6. რა მიზანს ემსახურებოდა ღვთის ძველი ტაძარი?

6 სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ძვ. წ. 515 წელს ტაძრის აღდგენა დასრულდა. იესოს მიერ საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებამდე მრავალი ‘სასურველისთვის’, რომლებიც წარმოშობით იუდეველები და წარმართი პროზელიტები იყვნენ, იერუსალიმის ტაძარი კვლავაც წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო. მაგრამ, როგორც დავინახავთ, ტაძრით ბევრად უფრო მეტი რამ იყო წარმოდგენილი.

წინასწარმეტყველების შესრულება პირველ საუკუნეში

7. ა) რის წინასწარმეტყველური სახეა ძველი იერუსალიმის ტაძარი? ბ) აღწერეთ, როგორ იქცეოდა გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი?

7 იერუსალიმის ტაძარი თაყვანისმცემლობაში უფრო მეტი რამის წინასწარმეტყველური სახე იყო. ეს უფრო მეტი რამ ღვთის სულიერი ტაძარია, რომელიც იეჰოვამ ახ. წ. 29 წელს დააფუძნა და სადაც მღვდელმთავრად იესო დანიშნა (ებრაელთა 5:4—10; 9:11, 12). პარალელი გავავლოთ იესრაელის მღვდელმთავრის მოვალეობებსა და იესოს მოქმედებებს შორის. გამოსყიდვის დღეს ყოველწლიურად მღვდელმთავარი მღვდლების ცოდვების გამოსასყიდად ტაძრის ეზოში სამსხვერპლოზე ხბოს სწირავდა. შემდეგ კარების გავლით, რომელიც ეზოს წმიდისგან ყოფდა, სისხლი შეჰქონდა ტაძარში, შემდეგ კი ფარდის გავლით — წმიდათაწმიდაში. იქ მღვდელმთავარი სისხლს აღთქმის კიდობანს ასხურებდა. ყოველივე ამას რომ მორჩებოდა, იმავე პროცედურას იმეორებდა, მხოლოდ ამჟამად ვაცს სწირავდა ისრაელის 12 არასამღვდელო შტოსათვის (ლევიანნი 16:5—15). რა კავშირი აქვს ამ წესების დაცვას ღვთის სულიერ ტაძართან?

8. ა) რა გაგებით გაიღო მსხვერპლად იესომ საკუთარი თავი ახ. წ. 29 წელს? ბ) დედამიწაზე მსახურების დროს რა განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა იესოს იეჰოვასთან?

8 ფაქტობრივად, იესომ საკუთარი თავი ღვთის ნების სამსხვერპლოზე მიიტანა, როდესაც ახ. წ. 29 წელს მოინათლა და ღვთის სულიწმიდით იქნა ცხებული (ლუკა 3:21, 22). მართლაც, ამ მოვლენით აღინიშნა იესოსთვის ახალი ცხოვრების, საკუთარი თავის მსხვერპლშესაწირად გაღების, დასაწყისი, რომელიც სამ-ნახევარი წლის განმავლობაში გაგრძელდა (ებრაელთა 10:5—10). ამ ხნის მანძილზე იესო ღმერთთან სულითშობილი ძის ურთიერთობით ტკბებოდა. იმ უნიკალური მდგომარეობის ბოლომდე გათვითცნობიერება, რომლითაც იესო თავისი ზეციერი მამის წინაშე სარგებლობდა, სხვა ადამიანებისთვის შეუძლებელი იყო. თითქოს მათი გონების თვალებზე ფარდა იყო ჩამოფარებული, ისევე როგორც ფარდა ფარავდა სავანის ეზოში მყოფთა თვალთაგან ყოველივეს, რაც წმიდაში ხდებოდა (გამოსვლა 40:28).

9. რატომ არ შეეძლო ხორციელ იესოს ზეცაში შესვლა და როგორ გადაწყდა ეს საკითხი?

9 მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სულით ცხებული ძე იყო, ხორციელ იესოს არ შეეძლო ზეცაში ცხოვრება. რატომ? იმიტომ რომ ხორცი და სისხლი ღვთის ზეციერ სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს (1 კორინთელთა 15:44, 50). იესოს ხორციელი სხეული, რომელიც ბარიერს ქმნიდა, სიმბოლურად კარგად იყო ნაჩვენები ფარდით, რომელიც ღვთის ძველ ტაძარში წმიდას წმიდათაწმიდისგან ყოფდა (ებრაელთა 10:20). მაგრამ სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ ღმერთმა იესო სულიერ ქმნილებად აღადგინა (1 პეტრე 3:18). ამის შემდეგ მას შეეძლო ღვთის სულიერი ტაძრის წმიდათაწმიდაში, ანუ ზეცაში, შესვლა. ეს ასეც მოხდა. პავლე წერს: „ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდაში [როგორც ჩანს, აქ მოციქული წმიდათაწმიდაზე მიუთითებდა], ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა წარდგეს ახლა ჩვენთვის ღვთის წინაშე“ (ებრაელთა 9:24).

10. რა გააკეთა იესომ ზეცაში დაბრუნების შემდეგ?

10 ზეცაში იესომ გაღებული მსხვერპლის ‘სისხლი ასხურა’ იმით, რომ იეჰოვას წარუდგინა გამომსყიდველური, სიცოცხლის მომცემი, თავისი სისხლი. მაგრამ იესომ კიდევ რაღაც გააკეთა. სიკვდილამდე ცოტა ხნის წინათ, მან თავის მიმდევრებს უთხრა: „მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ“ (იოანე 14:2, 3). წმიდათაწმიდაში ანუ ზეცაში შესვლის საშუალების მოპოვების შემდეგ, იესომ სხვებსაც გაუხსნა იქ შესასვლელი გზა (ებრაელთა 6:19, 20). ამ სხვების რაოდენობა არის 144 000. ისინი ღვთის სულიერ ტაძარში მღვდლებად იმსახურებდნენ (გამოცხადება 7:4, 14:1, სსგ; 20:6). სწორედ ისე, როგორც ისრაელის მღვდელმთავარი, პირველ რიგში, იღებდა ხბოს სისხლს და მღვდლების ცოდვების გამოსასყიდად წმიდათაწმიდაში შეჰქონდა, იესოს მიერ დაღვრილი სისხლიც, პირველ რიგში, 144 000 მღვდელს შეეხო *.

თანამედროვე „სასურველნი“

11. ვისთვის სწირავდა ისრაელი მღვდელმთავარი ვაცს და რის წინასწარმეტყველური სახე იყო ეს?

11 როგორც ჩანს, 1935 წლისთვის ცხებულთა შეკრება ძირითადად დასრულდა *. მაგრამ იეჰოვას თავისი სახლის დიდებით ავსება ამით არ დაუმთავრებია. დიახ, „სასურველნი“ ჯერ კიდევ უნდა მოსულიყვნენ. გაიხსენეთ, ისრაელში მღვდელმთავარი ორ ცხოველს სწირავდა — ხბოს, მღვდლების ცოდვებისთვის და ვაცს არასამღვდელო შტოებისთვის. რადგან მღვდლებით ცხებულები იყვნენ ნაჩვენები, ხოლო ესენი იესოსთან ერთად იქნებოდნენ ზეციერ სამეფოში, ვინ იყო არასამღვდელო შტოებით წარმოდგენილი? პასუხი მოცემულია იესოს სიტყვებში, რომლებიც იოანეს 10:16-შია ჩაწერილი: „მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო. მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი“. მაშასადამე, იესომ სისხლი ორი ჯგუფის ხალხისთვის დაღვარა — პირველი, ქრისტიანებისთვის, რომლებსაც ზეცაში იესოსთან ერთად მმართველობის იმედი აქვთ და მეორე — რომლებიც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრებას იმედოვნებენ. როგორც ჩანს, ანგიას წინასწარმეტყველებაში მოცემული „სასურველნი“ ამ მეორე ჯგუფის წარმომადგენლები არიან (მიქა 4:1, 4; 1 იოანე 2:1, 2).

12. როგორ იყრის თავს დღეს ღვთის სახლში მრავალი ‘სასურველი’?

12 ამ ‘სასურველებით’ იეჰოვას სახლის ავსება ჯერ არ დამთავრებულა. გასულ წლებში შეზღუდვების მოხსნამ აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკის ზოგ ნაწილსა და სხვა ქვეყნებში იმის შესაძლებლობა შექმნა, რომ უკვე დამყარებული ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებას შესანიშნავი შედეგები გამოეღო იმ ტერიტორიებზე, სადაც აქამდე საერთოდ არ ყოფილა ნაქადაგები. ღვთის ტაძარში სასურველთა მოსვლის შემდეგ, ისინი, იესოს მითითებისამებრ, ცდილობენ სხვებიც გახადონ მოწაფეები (მათე 28:19, 20). ამის მცდელობისას მრავალ ადამიანს ხვდებიან, როგორც ახალგაზრდას, ისე ხანდაზმულს, რომლებიც შეიძლება „სასურველნი“ გახდნენ და დიდებით აავსონ იეჰოვას სახლი. განვიხილოთ იმის რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ ხდება ყოველივე ეს.

13. როგორ გამოავლინა ბოლივიელმა გოგონამ გულმოდგინება სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებაში?

13 ბოლივიაში ხუთი წლის გოგონამ, რომლის მშობლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, მასწავლებელს სთხოვა, ერთი კვირით გაეთავისუფლებინა გაკვეთილებიდან, რადგან იმ კვირის განმავლობაში კრება სარაიონო ზედამხედველს უნდა მოენახულებინა. რატომ? მისი სურვილი იყო, ამ განსაკუთრებული კვირის განმავლობაში ყოველდღე მიეღო მსახურებაში მონაწილეობა. ამან გოგონას მშობლები გააოცა, მაგრამ ამავე დროს მისმა ასეთმა შესანიშნავმა აზროვნებამ ისინი ძალიან გაახარა. ეს გოგონა ახლა ბიბლიის ხუთ შესწავლას ატარებს და ამ დაინტერესებულთაგან ზოგი უკვე ქრისტიანული კრების შეხვედრებსაც კი ესწრება. გოგონამ სკოლის მასწავლებელიც კი მიიყვანა სამეფო დარბაზში. დროთა განმავლობაში შეიძლება იმ ადამიანთაგან ზოგი გახდეს ‘სასურველი’, რომელიც დიდებით აავსებს იეჰოვას სახლს.

14. როგორ დაჯილდოვდა ერთი კორეელი დის მცდელობა ისეთ ახალგაზრდასთან ქადაგებისას, რომელიც ერთი შეხედვით ინტერესს სულაც არ ავლენდა?

14 ერთი ქრისტიანი ქალი ვაგზალზე მატარებელს ელოდებოდა; სანამ ის მოვიდოდა, ქალი მივიდა სტუდენტთან, რომელიც საყურისით მუსიკას უსმენდა, და ჰკითხა:

—თქვენ მორწმუნე ბრძანდებით?

—მე არ მაინტერესებს არც ერთი რელიგია, უპასუხა სტუდენტმა. ჩვენი და არ დაიბნა და საუბარი განაგრძო:

—დროთა განმავლობაში ადამიანმა შეიძლება მოისურვოს რომელიმე რელიგიის არჩევა, მაგრამ თუ რელიგიებზე წარმოდგენა საერთოდ არა აქვს, შეიძლება არასწორი არჩევანი გააკეთოს.

სტუდენტს სახის გამომეტყველება შეეცვალა და დიდი ინტერესით დაიწყო მოსმენა. ბოლოს დამ შესთავაზა წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ და უთხრა, რომ, თუ დასჭირდებოდა, ეს პუბლიკაცია დიდად დაეხმარებოდა რელიგიის არჩევის საკითხში. ახალგაზრდამ სიამოვნებით აიღო წიგნი. მომდევნო კვირას მან იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ახლა კი კრების ყველა შეხვედრას ესწრება.

15. როგორ იწყებს ბიბლიის შესწავლებს ერთი იაპონელი გოგონა და როგორ ჯილდოვდება მისი მცდელობები?

15 იაპონელი და, სახელად მეგუმი, თავის სკოლას ნაყოფიერ უბნად მიიჩნევს, სადაც შეუძლია იქადაგოს და ასწავლოს. მან სკოლაში ბიბლიის მრავალი შესწავლის დაწყებაც კი შეძლო. როგორ ახერხებს ამას ეს გოგონა? დიდ დასვენებაზე ბიბლიის კითხვისას ან კრების შეხვედრებისთვის მომზადებისას, თანაკლასელები ხშირად ეკითხებიან, თუ რას აკეთებს. ზოგი კი იმას ეკითხება, რატომ არ მონაწილეობს სკოლის გარკვეულ ღონისძიებებში. მეგუმი პასუხობს შეკითხვებზე და ეუბნება, რომ ღმერთს აქვს სახელი, რაც ხშირად მათში ინტერესს იწვევს. შემდეგ გოგონა ბიბლიის შესწავლის დაწყებას სთავაზობს. ახლა მეგუმი ბიბლიის 20 შესწავლას უძღვება — აქედან 18-ს თანაკლასელებთან.

16. როგორ მოახერხა ერთმა კამერუნელმა ძმამ ბიბლიის შესწავლის დაწყება დამცინავთა ჯგუფის რამდენიმე წევრთან?

16 კამერუნში ერთ ძმას, რომელიც გამვლელ-გამომვლელს ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობდა, იქვე მომუშავე რვა კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა დაუძახა. მათ უნდოდათ, დაეცინათ ძმისთვის მისი მრწამსის გამო და ჰკითხეს, რატომ არ სწამდა სამება, ჯოჯოხეთის ცეცხლის არსებობა ან სულის უკვდავება. ჩვენმა ძმამ მათ მიერ დასმულ კითხვებს ბიბლიაზე დაფუძნებული პასუხები გასცა. შედეგად, სამმა მათგანმა ბიბლიის შესწავლა გადაწყვიტა. ხოლო ამ სამიდან ერთმა, დანიელმა, კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო და გაანადგურა ყველაფერი, რაც სპირიტიზმთან იყო დაკავშირებული (გამოცხადება 21:8). წელიწადი არც კი იყო გასული, რომ ის მოინათლა.

17. რა ხერხს მიმართეს ელ-სალვადორელმა ძმებმა იმ მამაკაცთან საქადაგებლად, რომელსაც არ სურდა სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენა?

17 ელ-სალვადორში ერთი მამაკაცი იეჰოვას მოწმეების დანახვისას თავის ავ ძაღლს კარებთან მიაბამდა ხოლმე. მოწმეების წასვლის შემდეგ კი კვლავ სახლში შეჰყავდა. ძმებმა ვერა და ვერ შეძლეს ამ კაცთან დალაპარაკება. ერთ დღესაც მათ სხვანაირი მიდგომის გამოყენება სცადეს. გადაწყვიტეს ძაღლისთვის ექადაგათ, რადგან იცოდნენ, რომ ამგვარად ის მამაკაციც შეძლებდა მოსმენას. იმ სახლს რომ მიუახლოვდნენ, მიესალმნენ ძაღლს და უთხრეს, რომ დიდად მოხარულები იყვნენ მასთან საუბრის შესაძლებლობის გამო. ძაღლთან ილაპარაკეს იმ დროის შესახებ, როცა დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა და როდესაც არავინ იქნებოდა ავი — დიახ, თვით ცხოველებიც კი მშვიდობიანები გახდებოდნენ. შემდეგ ძაღლს თავაზიანად დაემშვიდობნენ და ის-ის იყო გზა უნდა განეგრძოთ, რომ მათდა გასაოცრად პატრონი გარეთ გამოვიდა და მოიბოდიშა იმისათვის, რომ მოწმეებს არასოდეს აძლევდა გამოლაპარაკების საშუალებას. მამაკაცმა ჟურნალები აიღო და ბიბლიის შესწავლაც დაიწყო. ახლა კი ის ჩვენი ძმა — ერთ-ერთი ‘სასურველი’ ადამიანია!

„ნუ გეშინიათ“

18. რა სირთულეებს აწყდება მრავალი ქრისტიანი, მაგრამ როგორ უყურებს იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს?

18 მონაწილეობთ თუ არა სამეფოს ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების მნიშვნელოვან საქმეში? თუ დიახ, ნამდვილად საპატიო საქმეს ასრულებთ. სწორედ ამ საქმიანობის საშუალებით კრებს იეჰოვა თავის სახლში ‘სასურველთ’ (იოანე 6:44). მართალია, ზოგჯერ შეიძლება ცოტა დაღლილობის ან გულგატეხილობის გრძნობა დაგეუფლოთ. ხანდახან იეჰოვას ზოგი ერთგული მსახურიც კი არარაობის გრძნობას ებრძვის. მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ! იეჰოვასთვის თითოეული მისი თაყვანისმცემელი სასურველია. ამიტომაც ის დიდად არის დაინტერესებული თქვენი ხსნით (2 პეტრე 3:9).

19. რა გამამხნევებელი სიტყვებით მოგვმართა იეჰოვამ ანგიას მეშვეობით და როგორ შეიძლება ეს სიტყვები საკუთარი თავის განსამტკიცებლად გამოვიყენოთ?

19 როდესაც წინააღმდეგობის ან სხვა არასასურველი მდგომარეობის გამო გულგატეხილობას ვგრძნობთ, ძალების შემმატებელ წყაროდ შეიძლება გამოვიყენოთ სიტყვები, რომლითაც იეჰოვამ სამშობლოში დაბრუნებულ იუდეველებს მიმართა. ანგიას 2:4—6-ში ვკითხულობთ: «ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ! ამბობს უფალი. გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! გამაგრდი, მთელო ქვეყნის ერო! ამბობს უფალი, და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, ამბობს ცაბაოთ უფალი. [გაიხსენეთ] სიტყვა, ეგვიპტიდან გამოსვლისას რომ დაგიდევით, და ჩემი სული იმყოფებს [„როდესაც ჩემი სული იყო“ აქ] თქვენს შორის. ნუ გეშინიათ. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს». შენიშნეთ, იეჰოვა არა მარტო მოგვიწოდებს, რომ გავმაგრდეთ, არამედ გვეხმარება კიდეც. როგორ? ყურადღება მიაქციეთ გამამხნევებელ სიტყვებს: „თქვენთანა ვარ“. რამდენად რწმენის განმამტკიცებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყოველთვის, ნებისმიერი დაბრკოლების დროს, ჩვენთან არის! (რომაელთა 8:31).

20. რა გაგებით ივსება ახლა იეჰოვას სახლი უპრეცედენტო დიდებით?

20 იეჰოვამ ნამდვილად დაამტკიცა, რომ თავის ხალხთან არის. მართლაც ყოველივე ისეა, როგორც მან წინასწარმეტყველ ანგიას მეშვეობით გამოგვიცხადა: „პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება. . . ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას“ (ანგია 2:9). დიახ, დღეს იეჰოვას სულიერი ტაძარი ყველაზე მეტად არის დიდებით აღსავსე. ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ყოველწლიურად ასობით ათასები ემატება. მათ სულიერად კარგად კვებავენ და ამ აბობოქრებულ წუთისოფელშიც კი ისეთი მშვიდობით ტკბებიან, რომელზე უკეთესი მშვიდობაც მხოლოდ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იქნება (ესაია 9:5, 6; ლუკა 12:42).

21. რა გადაწყვეტილებით უნდა ვიყოთ აღსავსე?

21 ჟამი, როდესაც არმაგედონში იეჰოვა ერებს შეარყევს, ჯერ კიდევ წინ არის (გამოცხადება 16:14, 16). ამიტომ, გამოვიყენოთ დარჩენილი დრო და უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ სიცოცხლის შენარჩუნებაში. გავმაგრდეთ და ბოლომდე მივენდოთ იეჰოვას. ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსე, რომ განვაგრძოთ ღვთის უფრო დიდ სულიერ ტაძარში მსახურება და ვავსოთ ის უფრო მეტი ‘სასურველით’ მანამდე, სანამ იეჰოვა გვეტყვის, რომ სამუშაო დასრულებულია.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 სოლომონის მიერ აშენებული ტაძრისთვის გაღებული შესაწირავის ფასი თანამედროვე ფულის ერთეულით დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს შეადგენს. შემოწირულობა, რაც მშენებლობის დროს გადარჩათ, ტაძრის საგანძურში შეიტანეს (მესამე მეფეთა 7:51).

^ აბზ. 10 ისრაელის მღვდელმთავრისგან განსხვავებით, იესოს არავითარი ცოდვა არ ჰქონია და ამიტომაც ცოდვების გამოსყიდვა არ სჭირდებოდა. მაგრამ მისი თანამღვდლები ცოდვილები იყვნენ, რადგან ისინი ცოდვილი კაცობრიობისგან იყვნენ გამოსყიდული (გამოცხადება 5:9, 10).

^ აბზ. 11 იხილეთ 1998 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი, გვერდები 17—22.

გახსოვთ თუ არა?

რა არის იეჰოვასთვის მატერიალურ სიმდიდრეზე უფრო ძვირფასი?

რომელი ორი ჯგუფისთვის მოაქვს სარგებლობა იესოს მიერ დაღვრილ სისხლს?

ვინ არიან „სასურველნი“, რომლებიც დიდებით ავსებენ იეჰოვას სახლს?

რა მტკიცებები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ანგიას წინასწარმეტყველება დღეს სრულდება?

[სასწავლო კითხვები]

[დიაგრამა 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

იცით იეჰოვას ძველი ტაძრის სიმბოლური მნიშვნელობა?

წმიდათაწმიდა

ფარდა

წმიდა

სტოა

სამსხვერპლო

ეზო

[სურათი 17 გვერდზე]

მღვდელმთავარი მღვდლების ცოდვებისთვის ხბოს სწირავდა, ხოლო ისრაელის არასამღვდელო შტოებისთვის — ვაცს.

[სურათი 18 გვერდზე]

მსოფლიო მასშტაბით სამეფოს შესახებ ქადაგების შედეგად იეჰოვას სახლში მრავალი ადამიანი იყრის თავს.