არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მანუგეშებელი ცნობის შეთავაზება იტალიაში

მანუგეშებელი ცნობის შეთავაზება იტალიაში

ჩვენ მორწმუნენი ვართ

მანუგეშებელი ცნობის შეთავაზება იტალიაში

იეჰოვა „ყოველი ნუგეშის ღმერთია“. მისი მსახურები სწავლობენ, მიბაძონ მას, ამიტომ შეუძლიათ „ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის“ (2 კორინთელთა 1:3, 4; ეფესელთა 5:1). ეს არის იეჰოვას მოწმეთა ქადაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

გასაჭირში მყოფი მანდილოსნისთვის დახმარების აღმოჩენა

განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში სიღარიბე, ომები და უკეთესი ცხოვრების ძიების სურვილი ბევრს აღძრავს, უფრო მდიდარ ქვეყნებში გადასახლდნენ. მაგრამ ახალ გარემოსთან შეგუება იოლი არ არის. ალბანელი მანიოლა თანამემამულეებთან ერთად ბორგომანეროში ცხოვრობდა. რადგანაც იტალიის მოქალაქე არ იყო, თავს იკავებდა ვანდასთან (იეჰოვას მოწმე) საუბრისგან. მიუხედავად ამისა, ვანდამ მოახერხა შეხვედრა მანიოლასთან, რომელმაც მალე დიდი ინტერესი გამოავლინა ღვთის სიტყვის შესწავლის მიმართ, თუმცა ენის ბარიერი სირთულეს ქმნიდა. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ვანდას სახლში აღარავინ ხვდებოდა. რა მოხდა? ვანდამ შეიტყო, რომ ამ სახლის ყველა მცხოვრები გაიქცა, რადგან ერთ-ერთ მათგანს — მანიოლას მეგობარ ბიჭს — მოსაკლავად ეძებდნენ!

ოთხი თვის შემდეგ ვანდა კვლავ შეხვდა მანიოლას. „მას, ფერმიხდილსა და გამხდარს, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ აშკარად მძიმე მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო“, — იხსენებს ვანდა. მანიოლამ აუხსნა, რომ მისი ყოფილი მეგობარი ბიჭი დააპატიმრეს, მეგობრებმა კი, რომლებსაც დახმარებისთვის მიმართა, ძალიან ატკინეს გული. სასოწარკვეთილი, ღმერთს სთხოვდა დახმარებას. შემდეგ მას გაახსენდა ვანდა, რომელიც ბიბლიის შესახებ ელაპარაკებოდა. როგორი გახარებული იყო მანიოლა, როცა კვლავ იხილა ის!

ბიბლიის შესწავლა განახლდა და მალე მანიოლამ კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. მან მოახერხა კანონიერი ნებართვის მიღება იტალიაში დასარჩენად. ერთი წლის შემდეგ მანიოლა მოინათლა და მოწმე გახდა. ის, ღვთიური აღთქმებით ნუგეშცემული, ალბანეთში დაბრუნდა ბიბლიის მანუგეშებელი ცნობის თანამემამულეებისთვის გასაზიარებლად.

ქადაგება იმიგრანტების ბანაკში

იტალიაში არსებული ბევრი კრება გარკვეულ ზომებს იღებს, რომ მანიოლას მსგავს იმიგრანტებს უქადაგონ. მაგალითად, ფლორენციის ერთ-ერთ კრებაში იზრუნეს, რომ რეგულარულად მოენახულებინათ იმიგრანტების ბანაკი. ბანაკის მობინადრეები, რომელთაგანაც ბევრი აღმოსავლეთ ევროპიდან, მაკედონიიდან და კოსოვოდან იყო, სხვადასხვა გასაჭირში იმყოფებოდნენ. ზოგს პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით. ბევრი წვრილმანი ქურდობით ირჩენდა თავს.

ამ დასახლებულ ადგილზე ქადაგება რთული იყო. მიუხედავად ამისა, კეთილი ცნობის სრული დროით მქადაგებელი, სახელად პაოლა, მაინც დაუკავშირდა ჟაკლინას, მაკედონელ მანდილოსანს. რამდენჯერმე საუბრის შემდეგ ჟაკლინამ თავისი მეგობარი, სუზანა, აღძრა, რომ ბიბლია გამოეკვლია. თავის მხრივ, სუზანა სხვა ნათესავებს ესაუბრა. მალე მისი ხუთი ნათესავი რეგულარულად სწავლობდა ბიბლიას, ესწრებოდა ქრისტიანულ შეხვედრებს და ნასწავლს პრაქტიკაში იყენებდა. პრობლემების მიუხედავად, იეჰოვასა და მის სიტყვას ნუგეში მოჰქონდა მათთვის.

იეჰოვას მიერ ნუგეშცემული მონაზონი

ქალაქ ფორმიაში კეთილი ცნობის სრული დროით მქადაგებელი, სახელად ასუნტა, გაესაუბრა მანდილოსანს, რომელსაც სიარული უჭირდა. ის მონაზონი იყო და იმ რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელიც ეხმარება ავადმყოფებსა და დაუძლურებულებს საავადმყოფოებსა თუ კერძო ბინებში.

ასუნტამ მონაზონს უთხრა: „თქვენც იტანჯებით, არა? სამწუხაროდ, ყველას გვიწევს პრობლემებთან ჭიდილი“. ამ სიტყვებზე მონაზონს ცრემლები წამოუვიდა და თქვა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ასუნტამ გაამხნევა და უთხრა, რომ ბიბლიის ღმერთს შეეძლო მისი ნუგეშისცემა. მონაზონმა ასუნტას მიერ შეთავაზებული ბიბლიაზე დაფუძნებული ჟურნალები აიღო.

მომდევნო საუბრის დროს მონაზონმა, რომელსაც პალმირა ერქვა, აღიარა, რომ მრავალი პრობლემა აწუხებდა. ის დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა მონაზვნების მოსამზადებელ სასწავლებელში. როდესაც ავადმყოფობის გამო დროებით მისი დატოვება მოუწია, დაბრუნების უფლება აღარ მისცეს. მიუხედავად ამისა, პალმირა ღვთის წინაშე ვალდებულებას გრძნობდა, რადგან მონაზვნობის პერიოდში აღთქმები ჰქონდა მიცემული. მან მკურნალებს მიმართა „განსაკურნებლად“, მაგრამ ამან მხოლოდ ფსიქიკურ მოშლილობამდე მიიყვანა. პალმირა ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა და ერთი წლის მანძილზე ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრებოდა. მოგვიანებით სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და მოწმემ, რომელიც მას ასწავლიდა, მასთან კონტაქტი დაკარგა. ორი წელი გავიდა, სანამ ასუნტამ კვლავ მოძებნა ის. პალმირა დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა ოჯახისა და სამღვდელოების მხრიდან. მიუხედავად ამისა, მან ბიბლიის შესწავლა განაახლა, სულიერ წარმატებას მიაღწია და მოინათლა როგორც იეჰოვას მოწმე.

დიახ, ბევრი მხნევდება ‘ნუგეშის ღვთისგან’ მომდინარე ცნობით (რომაელთა 15:4, 5). ასე რომ, იტალიელი მოწმეები გადაწყვეტილებით არიან აღსავსე — კვლავ მიბაძონ ღმერთს და შესთავაზონ სხვებს მისი შესანიშნავი მანუგეშებელი ცნობა.