როგორი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე?
როგორი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე?
ის ამაყი კაცი იყო. მას მაღალი სახელმწიფო მდგომარეობა ეკავა და ღვარძლიანად ტკბებოდა, როდესაც სხვები ეპირფერებოდნენ და ხოტბა-დიდებას ასხამდნენ. მაგრამ მის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთმა მომსახურემ პატივი არ მიაგო. ამპარტავანმა სახელმწიფო მოხელემ ჯავრის ამოსაყრელად მთელ იმპერიაში თავისი შეურაცხმყოფლის თვისტომთა ამოხოცვა განიზრახა. რაოდენ უსაზღვრო ქედმაღლობაა!
ეს ვერაგი პიროვნება იყო ჰამანი, სპარსეთის მეფის, ახაშვეროშის (ქსერქსე I), კარზე აღზევებული კაცი. ვის ემტერებოდა? — იუდაელ მარდოქაის. თუმცა ჰამანის გადაწყვეტილება — ამოეწყვიტა იუდაელი ხალხი — უკიდურესობა იყო, ეს იმის ნათელი მაგალითია, თუ რამდენად სახიფათო და სავალალო შედეგები მოჰყვება სიამაყეს. ქედმაღლობით მან არა მხოლოდ სხვები ჩაყარა შავ დღეში, არამედ საჯაროდ თავიც დაიმცირა და, საბოლოოდ, სიკვდილით დასჯა დაიმსახურა (ესთერი 3:1—9; 5:8—14; 6:4—10; 7:1—10).
სიამაყისგან არც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები არიან დაცული
იეჰოვა ჩვენგან მოითხოვს, ‘მოწიწებით ვიაროთ უფლის წინაშე’ (მიქა 6:8). ბიბლიაში ბევრგან არის მოთხრობილი იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ თავზე მოწიწებულ წარმოდგენას არ ინარჩუნებდნენ. ამას მათთვის პრობლემები და მწუხარება მოჰქონდა. ზოგი მათგანის მაგალითის განხილვა დაგვეხმარება იმის დანახვაში, თუ რამდენად არაგონივრული და საშიშია გაუწონასწორებელი აზროვნება.
ღვთის წინასწარმეტყველ იონას იმდენად გაუწონასწორებელი აზროვნება ჩამოუყალიბდა, რომ გაქცევა სცადა, როდესაც ღმერთმა დაავალა, გაეფრთხილებინა ნინევეს ბოროტი მცხოვრებლები იეჰოვას მოსალოდნელი სასჯელის შესახებ (იონა 1:1—3). მოგვიანებით, როდესაც ნინევეში იქადაგა და მისმა მცხოვრებლებმაც მოინანიეს, იონა გაწყრა. მას იმდენად აღელვებდა თავისი, როგორც წინასწარმეტყველის, რეპუტაცია, რომ ათასობით ნინეველის სიცოცხლე თითქმის ან სულ არაფრად ჩააგდო (იონა 4:1—3). თუ ვივიწყებთ მოწიწებას და საკუთარ თავზე მეტისმეტად დიდი წარმოდგენა გვაქვს, შეიძლება გაგვიჭირდეს, მიუკერძოებელი და სწორი წარმოდგენა შევინარჩუნოთ ჩვენს გარშემო არსებულ ადამიანებსა და მოვლენებთან დაკავშირებით.
გავიხსენოთ აგრეთვე ყუზიაჰუ, რომელიც იუდას კარგი მეფე იყო. როდესაც გაუწონასწორებელი აზროვნება ჩამოუყალიბდა, ამპარტავნულად შეეცადა, თავის თავზე აეღო მღვდლების გარკვეული მოვალეობების შესრულება. ასეთი მოწიწებას მოკლებული და უაღრესად კადნიერი მოქმედების გამო მან ჯანმრთელობა და ღვთის კეთილგანწყობილება დაკარგა (მეორე ნეშტთა 26:3, 16—21).
გაუწონასწორებელმა აზროვნებამ ლამის იესოს მოციქულებიც მოიმწყვდია ხაფანგში. მათ გადამეტებულად დაიწყეს ზრუნვა პირად დიდებასა და ძალაუფლებაზე. როდესაც დიდი გამოცდის დრო დაუდგათ, მათ მიატოვეს იესო და თავს უშველეს (მათე 18:1; 20:20—28; 26:56; მარკოზი 9:33, 34; ლუკა 22:24). მოწიწების უკმარისობამ და საკუთარ თავზე დიდმა წარმოდგენამ ლამის დაავიწყა მათ იეჰოვას განზრახვები და თავიანთი როლი მის ნებასთან დაკავშირებით.
ქედმაღლობის მავნე ზეგავლენა
საკუთარ თავზე გაუწონასწორებელმა წარმოდგენამ შეიძლება ტკივილი მოგვაყენოს და სხვებთან ურთიერობა გაგვიფუჭოს. მაგალითად, შეიძლება ოთახში ვსხედვართ და შევამჩნიეთ ერთმანეთთან მოჩურჩულე და მოცინარი წყვილი. თუ ეგოცენტრულები ვართ, შეიძლება შეცდომით დავასკვნათ, რომ ისინი ჩვენ დაგვცინიან, რაკი ასე ჩუმად ლაპარაკობენ. ჩვენი გონება მათ საქციელს შეიძლება სხვა ახსნას ვერ უძებნის. ბოლოს და ბოლოს, სხვა ვისზე უნდა ლაპარაკობდნენ? შეიძლება გავნაწყენდეთ და გადავწყვიტოთ, რომ აღარასოდეს დაველაპარაკებით ამ წყვილს. ამგვარად, საკუთარ თავზე გაუწონასწორებელმა წარმოდგენამ შეიძლება
გაუგებრობა გამოიწვიოს და მეგობრებთან, ოჯახის წევრებსა თუ სხვებთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს.ისინი, რომლებსაც მეტისმეტად დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, შეიძლება მკვეხარები გახდნენ და გამუდმებით დაიწყონ ტრაბახი თავიანთ ვითომდა დიდ ნიჭზე, საქმეებსა თუ საკუთრებაზე. ან შეიძლება თავს იმაღლებდნენ საუბრებში იმით, რომ ყოველთვის ყურადღებას ამახვილებდნენ საკუთარ თავზე. ასეთ საქციელში გულწრფელი სიყვარულის ნაკლებობა ჩანს და შეიძლება ძალიან გამაღიზიანებელი იყოს. ამიტომ თავმომწონესთან ხშირად არავის სურს ურთიერთობა (1 კორინთელთა 13:4).
როგორც იეჰოვას მოწმეებს, შეიძლება მსახურების დროს დაგვცინოდნენ და უარით გვისტუმრებდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს პირადად ჩვენ კი არ გვეწინააღმდეგებიან, არამედ იეჰოვას, ვისგანაც ჩვენი ცნობა მომდინარეობს. მაგრამ საკუთარ თავზე დამახინჯებულ წარმოდგენას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. რამდენიმე წლის წინათ ერთმა ძმამ კარდაკარ მსახურების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა თავის თავზე მიიღო და იმავეთი უპასუხა (ეფესელთა 4:29). მას შემდეგ ამ ძმას აღარასოდეს მიუღია მონაწილეობა კარდაკარ მსახურებაში. დიახ, სიამაყემ შეიძლება ქადაგების ხალისი დაგვაკარგვინოს. მოდი ვეცადოთ, რომ არასოდეს დაგვემართოს მსგავსი რამ. ნაცვლად ამისა, თავმდაბლად ვეძიოთ იეჰოვას დახმარება, რათა მადლიერება შევინარჩუნოთ ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობის უპირატესობისთვის (2 კორინთელთა 4:1, 7; 10:4, 5).
ქედმაღლობამ შეიძლება აუცილებელი რჩევის მიღებაშიც შეგვიშალოს ხელი. ცენტრალური ამერიკის ერთ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინათ ერთი მოზარდი ბიჭი ქრისტიანული კრების შეხვედრაზე თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მოხსენებით გამოვიდა. როდესაც სკოლის ზედამხედველმა რამდენიმე, ცოტა არ იყოს, პირდაპირი რჩევა მისცა, გამწარებულმა ახალგაზრდამ ბიბლია ძირს მოისროლა და სამეფო დარბაზიდან გავარდა იმ გადაწყვეტილებით, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მან სძლია თავის სიამაყეს, მივიდა სკოლის ზედამხედველთან და თავმდაბლად მიიღო მისი რჩევა. დროთა განმავლობაში ეს ახალგაზრდა მოწიფული ქრისტიანი გახდა.
მოწიწების უქონლობასა და საკუთარ თავზე მეტისმეტად დიდ წარმოდგენას ღმერთთან ურთიერთობის გაფუჭება შეუძლია. იგავნის 16:5 გვაფრთხილებს: „ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე“.
საკუთარ თავზე გაწონასწორებული წარმოდგენა
ნათელია, რომ მეტისმეტად დიდი წარმოდგენა არ უნდა გვქონდეს საკუთარ თავზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სერიოზულად არ უნდა მოვეკიდოთ ჩვენს მოქმედებასა თუ საუბარს. ბიბლია გვიჩვენებს, რომ ზედამხედველები, სამსახურებრივი თანაშემწეები — და, ფაქტობრივად, კრების თითოეული წევრი — სერიოზულები უნდა იყვნენ (1 ტიმოთე 3:4, 8, 11, აქ; ტიტე 2:2, აქ). მაშ, როგორ შეუძლია ქრისტიანს განავითაროს და შეინარჩუნოს საკუთარ თავზე მოწიწებული, გაწონასწორებული და სერიოზული წარმოდგენა?
ბიბლიაში მოცემულია ბევრი გამამხნევებელი მაგალითი მათი ცხოვრებიდან, რომლებმაც საკუთარ თავზე გაწონასწორებული წარმოდგენა შეინარჩუნეს. თავმდაბლობის ყველაზე გამორჩეული მაგალითი იესო ქრისტემ მოგვცა. ზეციერი მამის ნების შესასრულებლად და კაცობრიობის სახსნელად ღვთის ძემ თავისი ნებით დატოვა ზეციური დიდება და თავმდაბალი ადამიანი გახდა. შეურაცხყოფის, ცუდად მოპყრობისა და სამარცხვინო სიკვდილის მიუხედავად, მან თავშეკავება და ღირსება შეინარჩუნა (მათე 20:28; ფილიპელთა 2:5—8; 1 პეტრე 2:23, 24). როგორ შეძლო იესომ ეს? ის სრულად იყო მინდობილი იეჰოვაზე და მისი ნების შესრულება ჰქონდა გადაწყვეტილი. იესო გულდასმით სწავლობდა ღვთის სიტყვას, მხურვალედ ლოცულობდა და გულმოდგინე იყო მსახურებაში (მათე 4:1—10; 26:36—44; ლუკა 8:1; იოანე 4:34; 8:28; ებრაელთა 5:7). მისი მაგალითის მიბაძვა დაგვეხმარება, რომ განვავითაროთ და შევინარჩუნოთ საკუთარ თავზე გაწონასწორებული წარმოდგენა (1 პეტრე 2:21).
გავიხსენოთ მეფე საულის ძის, იონათანის, შესანიშნავი მაგალითიც. მამამისის ურჩობის გამო იონათანმა დაკარგა მის შემდეგ გამეფების შესაძლებლობა (1 მეფეთა 15:10—29). გამწარდა იონათანი დანაკარგის გამო? შეშურდა დავითის — იმ ახალგაზრდის, რომელსაც მის ნაცვლად უნდა ემეფა? თუმცა დავითზე გაცილებით უფროსი იყო და, ალბათ, უფრო მეტად გამოცდილიც, იონათანი მოწიწებითა და თავმდაბლად დაემორჩილა იეჰოვას ნებას და ერთგულად დაუჭირა მხარი დავითს (1 მეფეთა 23:16—18). ღვთის ნების ნათლად დანახვა და მისდამი სიხარულით მორჩილება დაგვეხმარება, ‘საკუთარ თავზე იმაზე მეტად არ ვიფიქროთ, ვიდრე უნდა ვფიქრობდეთ’ (რომაელთა 12:3).
იესო ადამიანებს მოწიწებისა და თავმდაბლობის გამოვლენის ფასს ასწავლიდა. მან ეს ნათლად ახსნა, როდესაც თქვა, რომ მოწაფეები ქორწილში „წინა ადგილზე“ არ უნდა დამსხდარიყვნენ, რადგან შეიძლებოდა უფრო საპატიო სტუმარი მოსულიყო და, შერცხვენილებს, უკანასკნელი ადგილის დაკავება მოუწევდათ. შემდეგ მან დასძინა: „ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს — ამაღლდება“ (ლუკა 14:7—11). ჩვენ გონივრულად მოვიქცევით, თუ ყურად ვიღებთ იესოს რჩევას და ‘შევიმოსებით თავმდაბლობით’ (კოლასელთა 3:12; 1 კორინთელთა 1:31).
რა კურთხევები მოაქვს საკუთარ თავზე გაწონასწორებულ წარმოდგენას
იეჰოვას მსახურებს მოწიწებული და თავმდაბალი სული მსახურებაში ჭეშმარიტი სიხარულის პოვნის საშუალებას აძლევს. უხუცესებთან უფრო ადვილია მისვლა, როდესაც თავმდაბლად ‘ინდობენ (ანუ სათუთად ეპყრობიან) სამწყსოს’ (საქმეები 20:28, 29). ასეთ შემთხვევაში კრების ყველა წევრი თავისუფლად გრძნობს თავს; არავის ერიდება მათთან საუბარი და მათთვის დახმარების თხოვნა. ამგვარად, სიყვარულის, სითბოსა და ნდობის ატმოსფეროს წყალობით კრების წევრებს შორის უფრო მეტი სიახლოვე იქნება.
როდესაც საკუთარ თავზე მეტისმეტად დიდი წარმოდგენა არა გვაქვს, ეს შესაძლებლობას გვაძლევს, კარგი მეგობრები შევიძინოთ. მოწიწება და თავმდაბლობა დაგვეხმარება, რომ თავიდან ავირიდოთ მეტოქეობის სულის განვითარება და ჩვენი მოქმედებითა თუ ქონებით სხვების დაჩრდილვის მცდელობა. ეს ღვთისმოსაწონი თვისებები დაგვეხმარება, უფრო ყურადღებიანები გავხდეთ, და ამგვარად უკეთ შევძლებთ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემასა და მხარდაჭერას (ფილიპელთა 2:3, 4). როდესაც ადამიანი სიყვარულსა და გულკეთილობას გრძნობს, ჩვეულებრივ, დადებითად რეაგირებს. ნუთუ ასეთი უანგარო ურთიერთობა ძლიერი მეგობრობის საფუძველი არ ხდება? რაოდენ დიდი კურთხევაა, როდესაც მოწიწებული ვართ და მეტისმეტად დიდი წარმოდგენა არა გვაქვს საკუთარ თავზე! (რომაელთა 12:10).
საკუთარ თავზე გაწონასწორებული წარმოდგენა შეცდომების აღიარებასაც უფრო გვიადვილებს, როდესაც ვინმეს ვაწყენინებთ (მათე 5:23, 24). ამის შედეგი უკეთესი ურთიერთობა, შერიგების შესაძლებლობა და ურთიერთპატივისცემაა. ზედამხედველებს, მაგალითად ქრისტიან უხუცესებს, სხვებისთვის უფრო მეტი სიკეთის გაკეთება შეუძლიათ, თუ თავმდაბლები და მოწიწებულები არიან (იგავნი 3:27; მათე 11:29). თავმდაბალს სხვებისთვის შეცდომების პატიებაც გაუადვილდება (მათე 6:12—15). ის გულთან ახლოს არ მიიტანს დამცირებას და იეჰოვას მიანდობს ისეთი საკითხების გამოსწორებას, რომლებიც სხვა მხრივ ვერანაირად გამოსწორდება (ფსალმუნი 36:5; იგავნი 3:5, 6).
საკუთარ თავზე თავმდაბლური და მოწიწებული წარმოდგენის უდიდესი ჯილდო იეჰოვას კეთილგანწყობილება და მოწონებაა. „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (1 პეტრე 5:5). დაე ნურასოდეს გავებმებით ისეთი აზროვნების ხაფანგში, რომ თითქოს იმაზე უკეთესს წარმოვადგენთ, ვიდრე სინამდვილეში ვართ. ნაცვლად ამისა, თავმდაბლად ვაღიაროთ ის მდგომარეობა, რომელიც იეჰოვამ გვიბოძა. შესანიშნავი კურთხევები ელის ყველას, ვინც ემორჩილება მის მოთხოვნას და ‘მოწიწებით დადის უფლის წინაშე’.
[სურათი 22 გვერდზე]
იონათანი თავმდაბლად უჭერდა მხარს დავითს.