ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა — მომავლის იმედს იძლევა
ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა — მომავლის იმედს იძლევა
ღვთის სიტყვის, წმინდა ბიბლიის, წყალობით ჭეშმარიტი ქრისტიანები მომავალს რწმენით, იმედითა და ოპტიმიზმით შეჰყურებენ. ისინი, იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობით განმტკიცებულები, იმედით მოელიან ხვალინდელ დღეს. საოლქო კონგრესის „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის“ შესავალი მოხსენება იუწყებოდა, რომ იეჰოვას მოწმეები მრავალი წლის განმავლობაში იკვლევენ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს. მაშ კიდევ რა მოუმზადა იეჰოვამ თავის ხალხს ამ კონგრესებზე? ბიბლიამომარჯვებული მსმენელები მოემზადნენ ამის გასაგებად. კონგრესის თითოეულ დღეს თავისი დევიზი ჰქონდა.
პირველი დღე: ვიაროთ ღვთის სიტყვის სინათლეში
მოხსენებაში „ღვთის სიტყვა გვინათებს გზას“ ახსნილი იყო, რომ იეჰოვას ხალხი იმ კაცის მსგავსია, რომელიც ღამის წყვდიადში იწყებს მგზავრობას; მზის ამოსვლისას ეს კაცი ჩრდილებს ხედავს, მაგრამ როდესაც მზე ზენიტს აღწევს, ყოველ დეტალს ნათლად ამჩნევს. როგორც იგავნის 4:18-შია ნაწინასწარმეტყველები, დღეს იეჰოვას ხალხი ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვიდან მომდინარე ჭეშმარიტების კაშკაშა შუქზე უფრო და უფრო ნათლად ხედავს თავის გზას. ისინი სულიერ წყვდიადში არ არიან მიტოვებული.
წამყვანი მოხსენება „ყურად იღეთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“, მსმენელს შეახსენებდა, რომ იეჰოვაზე მინდობილები არ განიცდიან იმ გულგატეხილობასა და იმედგაცრუებას, რასაც — ცრუმესიებსა და ცრუწინასწარმეტყველებზე დაიმედებულები. ამ უკანასკნელთა წინასწარმეტყველების საპირისპიროდ, უხვად მოიპოვება იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ჭეშმარიტი მესია იესო ქრისტეა. მაგალითად, იესოს სასწაულებრივი გარდასახვა ღვთის სამეფოში მისი მეფობის წინასწარმეტყველური ხილვა იყო. 1914 წელს სამეფო ძალაუფლებით მოსვლიდან მოყოლებული, იესო მე-2 პეტრეს 1:19-ში მოხსენიებული ‘ცისკრის ვარსკვლავიც არის’. „როგორც მესიანური ცისკრის ვარსკვლავი, ის მთელ მორჩილ კაცობრიობას აუწყებს, რომ ახალი დღე ანუ ერა თენდება“ — აღნიშნა მომხსენებელმა.
ნაშუადღევის პროგრამა დაიწყო მოხსენებით „ანათეთ, როგორც მნათობებმა“. მოხსენებაში ირჩეოდა ეფესელთა 5:8, სადაც მოცემულია მოციქულ პავლეს რჩევა: ‘ვიაროთ ისე, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით’. ქრისტიანების მნათობობას განაპირობებს არა მხოლოდ სხვებისთვის ღვთის სიტყვის გაზიარება, არამედ პირად ცხოვრებაში ბიბლიის თანახმად მოქმდებაც, როგორც ამას იესო აკეთებდა.
ასეთი მნათობები რომ ვიყოთ, საჭიროა ‘სიამოვნება ვპოვოთ ღვთის სიტყვის კითხვაში’. ეს თემა იშლებოდა სამნაწილიან მოხსენებათა სერიაში. პირველმა მომხსენებელმა აბრაამ ლინკოლნის სიტყვების ციტირების შემდეგ, რომელმაც ბიბლიას უწოდა „ღვთის საუკეთესო ძღვენი, რომლითაც მას ოდესმე დაუსაჩუქრებია ადამიანი“, მსმენელებს დაუსვა კითხვა, რისი მაჩვენებელი იყო ბიბლიის კითხვის ჩვევა; ცხადყოფდა თუ არა ის, რამდენად მადლიერები არიან იეჰოვას სიტყვისათვის? მომხსენებელმა მსმენელებს მოუწოდა, ყურადღებით ეკითხათ ბიბლია; წარმოედგინათ ბიბლიური სცენები და მათთვის ახალი ინფორმაცია უკვე ნასწავლთან დაეკავშირებინათ.
მოხსენებათა სერიის მომდევნო ნაწილში ყურადღება გამახვილებული იყო იმ ფაქტზე, რომ, თუ ‘მაგარი საჭმლის’ ათვისება გვსურს, საჭიროა არა დროდადრო კითხვა, არამედ შესწავლა (ებრაელთა 5:13, 14). შესწავლა განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, აღნიშნა მომხსენებელმა, თუ ისრაელი მღვდელივით, ეზრასავით, წინასწარ ‘გულებს შევამზადებთ’ ამისათვის (პირველი ეზრა 7:10, აქ). რატომ არის შესწავლა ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ, შესწავლასა და იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას შორის უშუალო კავშირია. ამიტომ ბიბლიის შესწავლა ჩვენთვის საყვარელი, სასიამოვნო და მაცოცხლებელი საქმე უნდა იყოს, თუმცა ამისათვის საკუთარი თავის გაწვრთნა და ძალისხმევის გამოვლენაა საჭირო. როგორ შეგვიძლია ასეთი გააზრებული შესწავლისთვის დროის გამონახვა? ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებისგან ‘ჟამის მოვაჭრებით’, აღნიშნა ამ მოხსენებათა სერიის ბოლო მომხსენებელმა (ეფესელთა 5:16). დიახ, დროის გამონახვის საუკეთესო საშუალება, ჩვენს განკარგულებაში არსებული დროის საუკეთესოდ გამოყენებაა.
მოხსენებამ „იეჰოვა აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს“ გვამცნო, რომ დღეს მრავალი ადამიანია ასეთ სამწუხარო მდგომარეობაში. ამიტომ, ქრისტიანულ მსახურებაში „აღმატებული ძლიერება“ რომ გვქონდეს, საჭიროა მივენდოთ იეჰოვას, რომელიც ‘დაღლილ-დაქანცულს აღონიერებს’ (2 კორინთელთა 4:7; ესაია 40:29). გამაძლიერებელი საშუალებებია: ღვთის სიტყვა, ლოცვა, ქრისტიანული კრება, მსახურებაში რეგულარული მონაწილეობა, ქრისტიანი ზედამხედველებისა და სხვების ერთგულების მაგალითები. თემაში „იყავით მასწავლებლები დროის მიხედვით“ ხაზგასმული იყო იმის აუცილებლობა, რომ ქრისტიანები არა მარტო მქადაგებლები, არამედ მასწავლებლებიც უნდა იყვნენ და გულმოდგინედ იმუშაონ ‘სწავლების’ ხელოვნების განვითარებაზე (2 ტიმოთე 4:2).
დღის ბოლო მოხსენებაში „ღვთის მოწინააღმდეგენი ვერ გაიმარჯვებენ“ აღნიშნული იყო, რომ ზოგ ქვეყანაში ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას და იეჰოვას მოწმეებს „საშიშ სექტად“ სახავენ. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, რადგან ესაიას 54:17 ამბობს: „ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება და ყოველ ენას, შენს წინააღმდეგ აღმდგარს სამსჯავროზე, გაამტყუნებ. ესაა წილხვედრი უფლის მორჩილთა და მათი გამართლება ჩემგნით, ამბობს უფალი“ (ესაია 54:17).
მეორე დღე: წინასწარმეტყველური წერილით გაცხადებული
ბიბლიის ყოველდღიური მუხლის განხილვის შემდეგ კონგრესზე შეკრებილებმა დიდი სიამოვნებით მოისმინეს მოხსენებათა მეორე სერია, სათაურით „სინათლის მატარებლებო, განადიდეთ იეჰოვა“. პირველი მოხსენება მსმენელს აჩვენებდა, რომ ქრისტიანის მიზანია, ყველგან განადიდოს იეჰოვა ქადაგებით.
მომდევნო ნაწილში მოხსენიებული იყო დაინტერესებული ადამიანების ყურადღების მიმართვის აუცილებლობა ღვთის ორგანიზაციისკენ. როგორ? ბიბლიის საშინაო შესწავლის დაწყების ან დასრულების წინ ყოველთვის 5 ან 10 წუთი იმისათვის გამოყავით, რომ აჩვენოთ, როგორ ფუნქციონირებს ღვთის ორგანიზაცია. ამ სერიის მესამე მოხსენებაში ხაზგასმული იყო კეთილი საქმეებით ღვთის განდიდების აუცილებლობა.მოხსენებაში „გიყვარდეთ იეჰოვას შეხსენებები“ განხილული იყო 118-ე ფსალმუნის გარკვეული მუხლები. ნამდვილად, თითოეულ ჩვენგანს სჭირდება შეხსენება, რადგან, ჩვეულებრივ, ბევრი რამ გვავიწყდება. ამიტომ, რამდენად მნიშვნელოვანია, ფსალმუნმომღერლის მსგავსად, ჩვენც განვივითაროთ იეჰოვას შეხსენებებისადმი სიყვარული!
შემდეგ დადგა განსაკუთრებული მომენტი — წარმოითქვა მოხსენება მონათვლის მსურველთათვის, რომლის სათაურიც იყო „წინასწარმეტყველური სიტყვის თანახმად მოქმედნი ინათლებიან“. მონათვლის მსურველებს შეახსენეს, რომ ქრისტეს უნდა მიბაძონ არა მარტო მონათვლაში, არამედ მის ნაკვალევს ფეხდაფეხ უნდა მიჰყვნენ (1 პეტრე 2:21). რამხელა პატივია ამ ახალმოქცეულთათვის იოანეს 10:16-ში მოცემული სიტყვების შესრულებაში წვლილის შეტანა! აქ მოცემულია იესოს წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ სულითცხებულ მოწაფეებთან ერთად მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად ‘სხვა ცხვრებსაც’ შეკრებდა.
ნაშუადღევის პროგრამა დაიწყო მოხსენებით „‘ისმინეთ, რას ამბობს სული’“, რომელშიც ახსნილი იყო, რომ იეჰოვას სულიწმიდა ბიბლიის, ‘ერთგული და გონიერი მონისა’ და ბიბლიით განსწავლული ჩვენივე სინდისის საშუალებით გველაპარაკება (მათე 24:45). ამიტომ ქრისტიანებისთვის აუცილებელი არ არის ზეციდან, პირდაპირი გაგებით, ხმის მოსმენა, რათა გაიგონ, როგორ ასიამოვნონ ღმერთს. მომდევნო მოხსენება „მტკიცედ ჩაეჭიდეთ ღვთისმოშიშობის სწავლებას“, ქრისტიანებს მოუწოდებდა, არ დაეწყოთ ამ წუთისოფლის მიერ მოწოდებული გამხრწნელი იდეების გამოკვლევა. ზღვარდაუდებელ ცნობისმოყვარეობას მართლაც შეუძლია განდგომილებისა და სატანის სხვა წარმომადგენლების მიერ მოწოდებული მავნე ინფორმაციის ზემოქმედებაში მოგვაქციოს. ამიტომ, რამდენად უკეთესი იქნებოდა, რეგულარულად გვეკითხა ბიბლია და „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიები!
მოხსენებაში, სათაურით „ჩაეჭიდეთ საღი სიტყვების ნიმუშს“, ხაზგასმული იყო ჭეშმარიტების ბიბლიურ ‘ნიმუშთან’ ანუ საყრდენთან კარგად გაცნობის მნიშვნელოვნება (2 ტიმოთე 1:13). ამ ნიმუშზე ჩაჭიდება არა მარტო ღვთისმოშიშობის გასაღებს წარმოადგენს, არამედ გვიჩვენებს, როგორი მოქმედება არ შეესაბამება ჭეშმარიტებას.
წარმოიდგინეთ, რომ იეჰოვა თქვენში სასურველ პიროვნებას ხედავს. რამხელა პატივია! ანგიას წინასწარმეტყველებაზე დაფუძნებული მოხსენება «იეჰოვას სახლი „სასურველით“ ივსება» მოხსენებებს შორის ყველაზე გამამხნევებელი იყო, რადგან მსმენელს არწმუნებდა, რომ ‘უამრავი ხალხის’ თითოეული წარმომადგენელი იეჰოვასთვის ნამდვილად სასურველია (გამოცხადება 7:9). ამიტომ იეჰოვა დაიცავს მათ, როდესაც მომავალი ‘დიდი გასაჭირის’ განმავლობაში ხალხებს ‘შეარყევს’ (ანგია 2:7, 21, 22; მათე 24:21). მაგრამ მანამდე იეჰოვას ხალხს სულიერად ფხიზლად ყოფნა მართებს, როგორც მოგვიწოდებდა შემდეგი მოხსენება „ბიბლიური წინასწარმეტყველებები სიფხიზლისკენ მოგვიწოდებს“. მომხსენებელმა მოიყვანა იესოს სიტყვები: „ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათე 24:42). როგორ შეგვიძლია სულიერი სიფხიზლის შენარჩუნება? იეჰოვასადმი აქტიური მსახურებით, ლოცვაში მდგრადობითა და იეჰოვას დიდი დღის მოლოდინით.
დღის ბოლო მოხსენების სათაური იყო „წინასწარმეტყველური სიტყვა უკანასკნელ ჟამს“. მსმენელებს ეს მოხსენება წლების განმავლობაში ემახსოვრებათ. რატომ? მომხსენებელმა გამოაცხადა, რომ გამოიცა ახალი წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ „ამ 320-გვერდიან შესანიშნავად დასურათებულ პუბლიკაციაში დანიელის წიგნის ყველა თავია განხილული“ — აღნიშნა მომხსენებელმა. რწმენის განმამტკიცებელი რამხელა ფაქტი იყო ის, რომ იეჰოვა ნათელს ჰფენს თავის წინასწარმეტყველურ სიტყვას!
მესამე დღე: ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა არასოდეს გამტყუნდება
კონგრესის ბოლო დღე დაიწყო მოხსენებათა სერიით „წინასწარმეტყველური სიტყვები დათქმული ჟამის შესახებ“. მათში განხილული იყო წინასწარმეტყველ აბაკუმის მიერ გამოცხადებული იეჰოვას სამი სამსჯავრო განაჩენი. პირველი იუდას სამეფოში მცხოვრებ თავნება ერს ეხებოდა, მეორე
კი — მჩაგვრელ ბაბილონს. უკანასკნელი განაჩენი, რომელიც ჯერ სისრულეში არ არის მოყვანილი, ყველა ბოროტი ადამიანის გარდაუვალ განადგურებას ეხება. არმაგედონზე საუბრისას ამ სერიის ბოლო მომხსენებელმა მსმენელში ღვთისადმი საკმაო შიში აღძრა. მან აღნიშნა: „ნამდვილად შიშისმომგვრელი იქნება, როდესაც იეჰოვა სრულად გამოიყენებს თავის დიდებულ ძალას“.„დავაფასოთ ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა“ — ასე ეწოდებოდა ბიბლიურ დრამას, რომელიც კონგრესზე იყო წარმოდგენილი. ამ, საკუთარი თავის შემოწმებისკენ აღმძვრელ, წარმოდგენაში სულიერი საკითხებისადმი იაკობისა და ესავის დამოკიდებულება იყო დაპირისპირებული. ესავმა არ დააფასა სულიერი მემკვიდრეობა, რის გამოც ის გადაეცა იაკობს; ამ უკანასკნელმა კი სრულად შეძლო მისი დაფასება. „ჩვენ რა [სულიერი მემკვიდრეობა] გადმოგვცა იეჰოვამ?“ — კითხვა დაუსვეს კონგრესის დელეგატებს. „თავისი სიტყვის, ბიბლიის, ჭეშმარიტება; მარადიულად ცხოვრების იმედი და კეთილი ცნობის ქადაგებით მის წარმომადგენლებად ყოფნის პატივი“ — დასმულ კითხვას პასუხი გასცა მომხსენებელმა.
შემდეგი მოხსენების სათაური იყო „რას ნიშნავს თქვენთვის სულიერი მემკვიდრეობა?“ სულიერი მემკვიდრეობისადმი სათანადო დამოკიდებულებას მაშინ ვავლენთ, თუ იეჰოვასადმი მსახურებასა და სულიერ უპირატესობებს პირად და მატერიალურ ინტერესებზე მაღლა ვაყენებთ. ამგვარად, ადამის, ესავისა და ორგული ისრაელებისგან მკვეთრი განსხვავებით, ცხოვრებას იეჰოვასთან ურთიერთობაზე ვაგებთ.
საჯარო მოხსენებაში „ყოველივე ახლის შექმნა წინასწარმეტყველების თანახმად“ თავმოყრილი იყო ოთხი ძირითადი წინასწარმეტყველება ‘ახალ ცასა’ და ‘ახალ მიწასთან’ დაკავშირებით (ესაია 65:17—25; 66:22—24; 2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1, 3—5). აშკარაა, იეჰოვას ამ წინასწარმეტყველებების უფრო დიდი შესრულება ჰქონდა მხედველობაში, ვიდრე ის, რაც ძვ. წ. 537 წელს აღდგენილ ისრაელზე შესრულდა. დიახ, ის გულისხმობდა თავის სამეფოს, მთავრობას (‘ახალი ცა’) და მის ქვეშევრდომებს დედამიწაზე (‘ახალი მიწა’), რომლებიც დიდებულ მსოფლიო სამოთხეში იცხოვრებენ.
აღმაფრთოვანებელი და მოქმედებისკენ აღმძვრელი იყო კონგრესის დასკვნითი მოხსენება სათაურით „ჩვენს მოლოდინს საფუძვლად ღვთის სიტყვა უდევს“. ამ მოხსენებამ ყველას შეახსენა, რომ სამეფოს შესახებ ქადაგების დრო „ცოტაღა დარჩა“ (1 კორინთელთა 7:29, სსგ). დიახ, ჩვენ იეჰოვას მიერ სატანისა და მთელი ბოროტი სისტემისთვის გამოტანილი განაჩენის შესრულების ზღურბლზე ვდგავართ. დაე ისეთივე გრძნობით ვიყოთ აღსავსე, როგორც ფსალმუნმომღერალი, რომელმაც დაწერა: „ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი“ (ფსალმუნი 32:20). დიახ, დიდებული მომავალი ელით მათ, რომლებსაც იმედი ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვაზე აქვთ დაფუძნებული!
[სურათი 7 გვერდზე]
თვითშემოწმებისკენ აღმძვრელმა დრამამ უფრო გააღრმავა სულიერი მემკვიდრეობისთვის იეჰოვას მსახურთა მადლიერების გრძნობა.
[სურათი 7 გვერდზე]
მრავალი, ვინც ყურად იღო ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა, მოინათლა.