დახმარების აღმოჩენა ნიდერლანდებში მცხოვრები ყველა ხალხისთვის
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
დახმარების აღმოჩენა ნიდერლანდებში მცხოვრები ყველა ხალხისთვის
აბრაამი არაჩვეულებრივი რწმენის მქონე მამაკაცი იყო. როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, „დაემორჩილა აბრაამი [ღვთის] მოწოდებას“ და „ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა“. ის მთელი ოჯახით „შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას“ და სიცოცხლის დანარჩენი ასი წელი იქ გაატარა (ებრაელთა 11:8, 9).
მსგავსად ამისა, დღეს იეჰოვას ბევრი მოწმე სირთულეების მიუხედავად სხვა ქვეყანაში გადადის, რომ იმსახურონ იქ, სადაც მეტი საჭიროებაა. სხვები უცხო ენას სწავლობენ, რომ თავიანთ სამშობლოში გადმოსახლებულ უცხოელებს უქადაგონ. როგორც შემდეგი მაგალითები გვიჩვენებს, მოწმეთა ეს შესანიშნავი სულისკვეთება ხელს უწყობს „ღვაწლის ფართე კარის“ გაღებას ნიდერლანდებში, სადაც 15 მილიონი მოსახლიდან ერთი მილიონი სხვა ქვეყნებიდან არის (1 კორინთელთა 16:9).
□ ბარამი, ყოფილი კუნ-ფუს მასწავლებელი, ნიდერლანდებში შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნიდან გადმოსახლდა. მან ბიბლია და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ზოგი პუბლიკაცია იშოვა. ერთ თვეში ბარამი მიხვდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. მასთან და მის მეუღლესთან ბიბლიის შესწავლა იქნა დაწყებული, მაგრამ ერთი პრობლემა არსებობდა — მაუწყებელი, რომელიც ბიბლიას ასწავლიდა, მათ ენაზე არ ლაპარაკობდა. ისინი სათქმელს ჟესტებით აგებინებდნენ ერთმანეთს — როგორც თავად იხსენებდნენ, „ხელებითა და ფეხებით“ საუბრობდნენ. დროთა განმავლობაში ბარამმა და მისმა მეუღლემ შეძლეს იმ კრების მოძებნა, რომელიც შეხვედრებს მათ მშობლიურ ენაზე ატარებდა. იმ დროიდან მოყოლებული მათ მალე მიაღწიეს წარმატებას. ამჟამად ბარამი მონათლული მოწმეა.
□ პიონერებად მომსახურე ჰოლანდიელი წყვილი სუპერმარკეტის წინ მდგომ ინდონეზიელ მამაკაცს მიუახლოვდა. მისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როცა წყვილი მშობლიურ ენაზე დაელაპარაკა. ისინი შეთანხმდნენ, რომ შინ მიაკითხავდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს მამაკაცი 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე რუსეთში ცხოვრობდა და ამ დროის განმავლობაში გინეკოლოგი გახდა. ის ამბობდა, რომ ათეისტი იყო, მაგრამ იმასაც აღიარებდა, რომ ყოველთვის, როცა ვინმეს ამშობიარებდა, გაოცებას ვერ მალავდა, თუ „როგორი სრულყოფილია ადამიანის სხეული! რა სასწაულია!“. ის დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე და მალე დარწმუნდა, რომ არსებობს კაცობრიობაზე მზრუნველი შემოქმედი (1 პეტრე 5:6, 7). ახლა ის მონათლული ძმაა და ამსტერდამში ინდონეზიურ კრებაში მსახურობს.
□ როტერდამში, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ნავსადგურში, პიონერების ჯგუფი სულ უფრო ხელოვნდება სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე იმ ადამიანებთან ქადაგებაში, რომლებიც ყოველდღიურად მიდიან ნავმისადგომში. ამ ენთუზიაზმით აღსავსე მქადაგებელთა მოღვაწეობის შედეგად რამდენიმე მეზღვაურმა, მათ შორის კაპიტანმა, საზღვაო ფლოტის ოფიცერმა და ყოფილმა მცველმა, ჭეშმარიტება მიიღო. ამჟამად ისინიც ხელს უწყობენ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გავრცელებას მთელ მსოფლიოში (მათე 24:14).
როგორც მსოფლიოს სხვა კუთხეებში, ისე ნიდერლანდებში იეჰოვას მოწმეებს გადაწყვეტილი აქვთ, წვლილი შეიტანონ ქადაგების საქმეში და მარადიული სახარება ამცნონ ყველა ერს, ტომს, ენასა და ხალხს (გამოცხადება 14:6).