იეჰოვა არ დააყოვნებს
იეჰოვა არ დააყოვნებს
„თუ დააგვიანდეს [ხილვას], დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:3).
1. რა გადაწყვეტილება მიიღო იეჰოვას ხალხმა და რის გაკეთებისკენ აღძრა ამან ისინი?
„ჩემს სადარაჯოზე დავდგები“ — ასეთი იყო ღვთის წინასწარმეტყველის, აბაკუმის, გადაწყვეტილება (აბაკუმი 2:1). მეოცე საუკუნეში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებიც მსგავსი გადაწყვეტილებით არიან აღსავსე. 1922 წლის სექტემბერში ჩატარებულ ისტორიულ კონგრესზე ისინი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ მოწოდებას: „ეს არის დღეთა დღე. აი, მეფე მმართველობს! თქვენ ხართ ამ ცნობის საჯაროდ მაუწყებლები. ამიტომ აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“
2. რის გაცხადება შეეძლოთ ცხებულ ქრისტიანებს მას შემდეგ, რაც პირველი მსოფლიო ომი დასრულდა და აქტიური მოქმედების საშუალება მიეცათ?
2 პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იეჰოვამ სულითცხებულთა დარჩენილი ნაწილი აქტიურ საქმიანობას დაუბრუნა. მაშინ, აბაკუმის მსგავსად, თითოეულ მათგანს შეეძლო განეცხადებინა: «გავალ კოშკზე, დავაყურადებ [„ვიფხიზლებ“, აქ], რომ ვნახო, რას მეტყვის [„რას მათქმევინებს“, აქ]». „სიფხიზლედ“ და „დარაჯობად“ თარგმნილი ებრაული სიტყვები ბევრ წინასწარმეტყველებაში მეორდება.
„არ დააყოვნებს“
3. რატომ უნდა ვიფხიზლოთ?
3 სხვების გაფრთხილებასთან ერთად, იეჰოვას მოწმეები ახლა ყველაზე ფხიზლად უნდა იყვნენ, ვიდრე ოდესმე, რათა მხედველობიდან არ გამორჩეთ იესოს მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველების ბოლო სიტყვები: „ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი — საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას. რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარენი არ გპოვოთ. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარკოზი 13:35—37). იესოს სიტყვების თანახმად, აბაკუმივით ჩვენც უნდა ვიფხიზლოთ!
4. რა პარალელი არსებობს დღეს ჩვენს მდგომარეობასა და ძვ. წ. 628 წელს აბაკუმის დღეებში არსებულ მდგომარეობას შორის?
4 თავისი წიგნი აბაკუმმა, როგორც ჩანს, ძვ. წ. 628 წელს დაწერა, როდესაც ბაბილონი ჯერ არ იყო მსოფლიო მპყრობელი. განდგომილი იერუსალიმისთვის იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენი მრავალი წლის განმავლობაში გაისმოდა, მაგრამ არ იყო არავითარი ნათელი მინიშნება იმაზე, თუ როდის იქნებოდა ეს განაჩენი სისრულეში მოყვანილი. ვინ დაიჯერებდა, რომ დაახლოებით 21 წელი იყო დარჩენილი და რომ იეჰოვა ბაბილონს გამოიყენებდა თავისი ხალხის დასასჯელად? მსგავსად ამისა, დღეს ჩვენ არ ვიცით ამ სისტემის აღსასრულისთვის დადგენილი ‘დღე და ჟამი’. მაგრამ იესომ გაგვაფრთხილა: „მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა“ (მათე 24:36, 44).
5. რა არის განსაკუთრებით გამამხნევებელი ღვთის სიტყვებში, რომლებიც აბაკუმის 2:2, 3-შია ჩაწერილი?
5 ნამდვილად დროული იყო იეჰოვას მიერ აბაკუმისთვის მიცემული განსაკუთრებული დავალება: „ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა. რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:2, 3). დღეს მთელ მსოფლიოში ბოროტება და ძალადობა ბატონობს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ‘უფლის [„იეჰოვას“, აქ] დიდი და საშინელი დღის’ ზღურბლზე ვდგავართ (იოველი 3:4). რარიგ გამამხნევებელია იეჰოვას დამაჯერებელი სიტყვები, რომ ეს დღე „არ დაბრკოლდება“!
6. როგორ შეიძლება გადავურჩეთ განაჩენის სისრულეში მოყვანის დღეს?
6 მაშ როგორ გადავურჩეთ განაჩენის სისრულეში მოყვანის ამ დღეს? ამ კითხვაზე იეჰოვა მართალსა და ბოროტს შორის სხვაობის ჩვენებით გვპასუხობს: „აჰა, გაამაყდა, არ გასწორდა მასში სული, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს“ (აბაკუმი 2:4). ამაყმა და ხარბმა მმართველებმა და ადამიანებმა თანამედროვე ისტორიის ფურცლები უდანაშაულო მსხვერპლთა — განსაკუთრებით ორი მსოფლიო ომისა და ეთნიკური ხოცვა-ჟლეტის დროს დახოცილთა — სისხლით დაალაქავეს. მათგან განსხვავებით, ღვთის მშვიდობისმოყვარე ცხებული მსახურები ბოლომდე ერთგულები დარჩნენ. ისინი ‘მართალ, რწმენის შემნახველ ერს’ წარმოადგენენ. ეს ერი ‘სხვა ცხვრებთან’ ერთად ითვალისწინებს რჩევას: „მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე“ (ესაია 26:2—4; იოანე 10:16).
7. რა უნდა ვქნათ, რათა შევასრულოთ პავლეს მიერ აბაკუმის 2:4-დან მოყვანილი სიტყვები?
7 ებრაელთა მიმართ წერილში მოციქული პავლე აბაკუმის 2:4-ს ციტირებს და იეჰოვას ხალხს მიმართავს: „მოთმინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტაც და მოვა მომავალი, არ დააყოვნებს. მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას“ (ებრაელთა 10:36—38). ახლა იმის დრო არ არის, რომ მოვდუნდეთ ან მატერიალური ქონების დაგროვებისა თუ სიამოვნების ძიების მახეში გავებათ, რაც სატანის წუთისოფელს ახასიათებს. რა უნდა ვაკეთოთ ახლა, როდესაც ეს „ცოტა“ დრო იწურება? პავლეს მსგავსად, ჩვენ, იეჰოვას წმინდა ერი, ‘იმას უნდა ველტვოდეთ, რაც ჩვენ წინ არის. ვილტვოდეთ მიზნისკენ’ — მარადიული სიცოცხლისკენ (ფილიპელთა 3:13, 14). იესოს მსგავსად, ჩვენც უნდა ‘მოვითმინოთ ჩვენთვის შემოთავაზებული სიხარულისთვის’ (ებრაელთა 12:2).
8. ვინ არის აბაკუმის 2:5-ში აღწერილი „კაცი“ და რატომ ელის მას წარუმატებლობა?
8 აბაკუმის 2:5-ში აღწერილია“ კაცი“, რომელიც ვერ აღწევს მიზანს, მიუხედავად იმისა, რომ ‘ჯოჯოხეთივით [„შეოლივით“, აქ] გაიბერა მისი სული’. ვინ არის ეს „გაუმაძღარი“ კაცი? ისევე როგორც აბაკუმის დროინდელი ბაბილონი იყო გაუმაძღარი, ეს პოლიტიკური მმართველებისგან შემდგარი „კაცი“ — იქნება ეს ფაშისტური, ნაცისტური, კომუნისტური თუ ეგრეთ წოდებული დემოკრატიულიც კი — თავისი ქვეყნის საზღვრების გასაფართოებლად ომებს აწარმოებს. გარდა ამისა, ის უდანაშაულო ადამიანებით ავსებს შეოლს (სამარეს). მაგრამ სატანის წუთისოფლის ეს ვერაგი „კაცი“, რომელიც თავს იტყუებს და ჰგონია, რომ ვითომ რაღაცას წარმოადგენს, წარუმატებელია ‘ყველა ხალხისა და ყველა ერის თავისთან შემოხვეტის’ მცდელობაში. მხოლოდ იეჰოვა ღმერთს შეუძლია ყველა ადამიანის გაერთიანება და ის ამას თავისი მესიანური სამეფოს მეშვეობით გააკეთებს (მათე 6:9, 10).
ხუთიდან პირველი საშინელი „ვაი“
9, 10. ა) აბაკუმის მეშვეობით რას წინასწარმეტყველებს იეჰოვა? ბ) რა მდგომარეობაა დღეს უპატიოსნო გზით ნაშოვნთან დაკავშირებით?
9 იეჰოვა თავის წინასწარმეტყველ აბაკუმის მეშვეობით იწყებს ხუთი „ვაის“ ანუ განაჩენის გაცხადებას, რომლებიც სისრულეში უნდა იქნეს მოყვანილი, რათა დედამიწა ღვთის ერთგული თაყვანისმცემლების საცხოვრებლად მომზადდეს. ასეთი გულმართალი ადამიანები „საარაკოდ გახდიან“ იეჰოვას სიტყვებს. აბაკუმის 2:6-ში ვკითხულობთ: „ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებს — როდემდისო? — და მონახვეჭით იმძიმებს თავს!“
10 აქ ხაზი ესმება უპატიოსნო გზით ნაშოვნს. მთელ მსოფლიოში მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება, ხოლო ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება. ნარკოტიკებით მოვაჭრენი და თაღლითები დიდ სიმდიდრეს იხვეჭენ, უბრალო ხალხი კი შიმშილობს. მსოფლიო მოსახლეობის ერთი მეოთხედი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მრავალ ქვეყანაში შემაძრწუნებელი საცხოვრებელი პირობებია. დედამიწაზე სამართლიანობას მონატრებულები გაიძახიან: „როდემდის“ იარსებებს ეს დიდი უსამართლობა?! მაგრამ მისი აღსასრული ძალიან ახლოს არის! დიახ, ამ ხილვის ასრულება „არ დაბრკოლდება“.
11. რას ამბობს აბაკუმი ადამიანთა სისხლისღვრის შესახებ და რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს დედამიწა სისხლით ირწყვება?
11 წინასწარმეტყველი აბაკუმი ბოროტს ეუბნება: „რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცული, შენც გაგძარცვავს ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნის, ქალაქის და მის მკვიდრთა ჩაგვრის წილ“ (აბაკუმი 2:8). რამდენი სისხლი იღვრება დედამიწაზე! იესომ პირდაპირ თქვა: „ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:52). მიუხედავად ამისა, ჯერ მარტო მეოცე საუკუნეში სისხლის ღვრაში დამნაშავე ერებმა და ეთნიკურმა ჯგუფებმა ას მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. ვაი მათ, ვინც ამგვარ სისხლის ღვრაში მონაწილეობს!
მეორე „ვაი“
12. რა არის აბაკუმის მიერ ნაუწყები მეორე „ვაი“ და რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ უპატიოსნობით შეძენილი სიმდიდრე მის მფლობელთ ვერ უშველის?
12 მეორე „ვაი“, რომელიც აბაკუმის 2:9—11 მუხლებშია ჩაწერილი, ეხება „მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი დაიხსნას ბოროტის ხელიდან!“ უპატიოსნობით მოხვეჭილი სიმდიდრე უსარგებლოა, რასაც გასაგებად გვამცნობს ფსალმუნმომღერალი: „არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება. რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება“ (ფსალმუნი 48:17, 18). ყურადსაღებია პავლეს გონივრული რჩევა: „ამ საუკუნის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად“ (1 ტიმოთე 6:17).
13. რატომ უნდა განვაგრძოთ ღვთის გაფრთხილების გაცხადება?
13 დღეს ღვთის განაჩენის გაცხადება ძალზე მნიშვნელოვანია! როდესაც ფარისევლებს არ მოეწონათ, რომ ხალხი ესალმებოდა იესოს, როგორც „უფლის სახელით მომავალ მეფეს“, იესომ უთხრა: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ“ (ლუკა 19:38—40). მსგავსად ამისა, ღვთის ხალხმა რომ შეწყვიტოს დღეს წუთისოფელში სიბოროტის მხილება, ‘ქვები იღაღადებენ კედლებიდან’ (აბაკუმი 2:11). ასე რომ, მთელი შემართებით განვაგრძოთ ხალხის გაფრთხილება!
მესამე „ვაი“ და სისხლის ღვრა
14. რა სისხლის ღვრაში არიან დამნაშავე მსოფლიო რელიგიები?
14 აბაკუმის ბაგეებით გადმოცემული მესამე „ვაი“ სისხლის ღვრას ეხება. აბაკუმის 2:12 ამბობს: „ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს“. ამ ბოროტ სისტემაში უსამართლობა და სისხლის ღვრა ხშირად ერთმანეთს ავსებს. ისტორიაში ყველაზე საზარელ სისხლის ღვრებში განსაკუთრებით მსოფლიო რელიგიებია დამნაშავე. გავიხსენოთ ჯერ მარტო ჯვაროსნული ომები, რომელთა დროსაც ეგრეთ წოდებული ქრისტიანები მუსულმანებს დაუპირისპირდნენ, კათოლიკური ინკვიზიცია ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში, ოცდაათწლიანი ომი ევროპაში პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის და ჩვენს საუკუნეში მომხდარი ყველაზე სისხლიანი ორი მსოფლიო ომი, რომელთაგანაც ორივე ქრისტიანულ სამყაროში დაიწყო.
15. ა) რის კეთებას განაგრძობენ ერები ეკლესიების მხარდაჭერითა თუ თანხმობით? ბ) შეუძლია გაეროს მსოფლიო შეიარაღების შეჩერება?
15 მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთი უსაშინელესი მოვლენა იყო ნაცისტური ჰოლოკაუსტი, რომელმაც ევროპაში მილიონობით ებრაელისა და სხვა უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე შეიწირა. რომის კათოლიკურმა იერარქიამ საფრანგეთში მხოლოდ ახლახან აღიარა, რომ ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ნაცისტების მიერ ასიათასობით მსხვერპლის სიკვდილის საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნას. მაგრამ ეკლესიის მხარდაჭერითა თუ თანხმობით ერები განაგრძობენ სისხლის ღვრისთვის მზადებას. ახლახან ჟურნალი „ტაიმი“ (საერთაშორისო გამოცემა) რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ იტყობინებოდა: „აღდგენილ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს აგრეთვე რუსეთის სამხედრო ძალებზე, რაც ერთ დროს წარმოუდგენელი იყო. . . რეაქტიული თვითმფრინავებისა და ყაზარმების კურთხევა წესად იქცა. მოსკოვის დანილოვსკის მონასტერში, სადაც რუსეთის საპატრიარქოა, ნოემბერში ეკლესიამ რუსეთის ბირთვული არსენალიც კი აკურთხა“. შეუძლია თუ არა გაეროს მსოფლიოში მიმდინარე დემონური საომარი იარაღით ხელახალი შეიარაღების შეჩერება? რა თქმა უნდა, არა! ლონდონში გამომავალმა გაზეთმა „გარდიანმა“ მშვიდობის დაცვის საკითხში ნობელის პრემიის ლაურეატის სიტყვები მოიყვანა: „ნამდვილად შემაშფოთებელი ის არის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი მსოფლიოში იარაღის ხუთი უდიდესი მიმწოდებელია“.
16. რას გაუკეთებს იეჰოვა ომის გამჩაღებელ ქვეყნებს?
16 დასჯის იეჰოვა ომის გამჩაღებელ ქვეყნებს? აბაკუმის 2:13-ში ნათქვამია: «განა ცაბაოთ უფლისგან [„ლაშქართა იეჰოვასგან“, აქ] არ არის, რომ ცეცხლისთვის იღვწიან ხალხები და არაფრისთვის დაშვრებიან ტომები?». „ლაშქართა იეჰოვა“! დიახ, იეჰოვას ჰყავს ანგელოზებისგან შემდგარი ზეციური ლაშქარი, რომელსაც ომისმოყვარე ადამიანებისა და ქვეყნების გასანადგურებლად გამოიყენებს!
17. თავნება ერებზე გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანის შემდეგ რა დონემდე აავსებს დედამიწას იეჰოვას შესახებ ცოდნა?
17 რა მოჰყვება იეჰოვას მიერ ამ მოძალადე ხალხისთვის გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანას? პასუხს აბაკუმის 2:14 გვაძლევს: ‘უფლის დიდების ცოდნით აივსება ქვეყანა, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული’. რა დიდებული პერსპექტივაა! არმაგედონის დროს სამუდამოდ დამტკიცდება იეჰოვას უზენაესობა (გამოცხადება 16:16). ღმერთი აღგვითქვამს, რომ ‘განადიდებს თავის კვარცხლბეკს’, ჩვენს საცხოვრებელ დედამიწას (ესაია 60:13). მთელი კაცობრიობა ღვთისმოსაწონ ცხოვრებას ისწავლის და იეჰოვას დიდებული განზრახვების ცოდნით ისე აივსება დედამიწა, როგორც ოკეანეები ავსებს ზღვის წყალსატევებს.
მეოთხე და მეხუთე „ვაი“
18. რა არის აბაკუმის მეშვეობით გადმოცემული მეოთხე „ვაი“ და დღეს ეს როგორ ირეკლება მსოფლიოს ზნეობრივ მდგომარეობაზე?
18 მეოთხე „ვაი“ ჩაწერილია აბაკუმის 2:15-ში: „ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ მათ სიშიშვლეს უყუროს!“ აქ ლაპარაკია თანამედროვე წუთისოფლის თავაშვებულობასა და ახირებულობაზე. მისი გარყვნილება, რომელსაც შემწყნარებელი რელიგიური წინამძღოლებიც კი უჭერენ მხარს, თავზარდამცემია. დედამიწაზე მძვინვარებს შიდს-ი და სქესობრივი გზებით გადამდები სხვა დაავადებები. იმის მაგივრად, რომ „უფლის დიდება“ აირეკლოს, ეს ეგოისტური თაობა სულ უფრო მეტად ეფლობა გარყვნილებაში და ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანაც ახლოვდება. ღვთის ნების შესაბამისად, ‘პატივის ნაცვლად დამცირებით გამძღარი’ ეს დამნაშავე წუთისოფელი მალე იეჰოვას რისხვის თასს შესვამს, რაც მის მიმართ ღვთის ნების შესრულების მაჩვენებელი იქნება. მაშინ ‘დამცირდება მისი პატივი’ (აბაკუმი 2:16).
19. რასთან არის დაკავშირებული მეხუთე „ვაის“ დასაწყისი და რატომ არის ასეთი სიტყვები დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი?
19 მეხუთე „ვაი“ კერპების თაყვანისცემის თაობაზე სასტიკი გაფრთხილებით იწყება. იეჰოვა თავისი წინასწარმეტყველის საშუალებით გულის სიღრმემდე ჩამწვდომ სიტყვებს გვეუბნება: „ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას: გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას“ (აბაკუმის 2:19). დღესდღეობით როგორც ქრისტიანული სამყარო, ისე ეგრეთ წოდებული წარმართობა თაყვანს სცემენ თავიანთ ჯვრებს, მადონებს, ხატებსა და ადამიანისა თუ ცხოველთა სხვა გამოსახულებებს, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ ‘გაიღვიძებს’ თავისი თაყვანისმცემლების დასაცავად, იეჰოვას მიერ განაჩენის სისრულეში მოყვანის დაწყებისას. მარადიული ღვთის, იეჰოვასა, და მისი ცოცხალი ქმნილებების დიდმშვენიერებასთან შედარებით, მათი ოქრო-ვერცხლის ორნამენტული ფენები სულ უფრო უფასურდება. მოდი მარადიულად განვადიდოთ იეჰოვას შეუდარებელი სახელი!
20. რომელ ტაძარში გვაქვს სიხარულით მსახურების შესაძლებლობა?
აბაკუმი 2:20). წინასწარმეტყველი აქ, უეჭველად, იერუსალიმის ტაძარს გულისხმობდა. მაგრამ დღეს ჩვენ კიდევ უფრო დიდებულ, სულიერ ტაძარში მსახურების შესაძლებლობა გვაქვს, სადაც იესო ქრისტე, ჩვენი უფალი, მღვდელმთავრად არის დანიშნული. ჩვენ ვიკრიბებით, ვემსახურებით და ვლოცულობთ აქ, ტაძრის მიწიერ ეზოში, რითაც ქებას ვუძღვნით იეჰოვას დიდებულ სახელს. რამხელა სიხარულს გვანიჭებს ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამისადმი გულწრფელად მსახურება!
20 დიახ, ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, ქება-დიდების ღირსია. მისადმი ღრმა პატივისცემის გრძნობით აღძრულებმა ყურად ვიღოთ მისი მკაცრი გაფრთხილება კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით. მოუსმინეთ! იეჰოვა დღესაც გველაპარაკება: „უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია; დადუმდეს მთელი ქვეყანა მის წინაშე!“ (შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რა თვალსაზრისი გაქვთ იეჰოვას შემდეგ სიტყვებთან დაკავშირებით: „[ის] არ დააყოვნებს“?
• რა მნიშვნელობა აქვს დღეს აბაკუმის მეშვეობით გამოცხადებულ ხუთ „ვაის“?
• რატომ უნდა განვაგრძოთ იეჰოვას გაფრთხილების გაცხადება?
• რომელი ტაძრის ეზოში გვაქვს მსახურების შესაძლებლობა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 15 გვერდზე]
აბაკუმის მსგავსად, ღვთის დღევანდელმა მსახურებმა იციან, რომ იეჰოვა არ დააყოვნებს.
[სურათები 18 გვერდზე]
აფასებთ სულიერი ტაძრის ეზოში იეჰოვას თაყვანისცემის შესაძლებლობას?
[საავტორო უფლება 16 გვერდზე]
U.S. Army photo