არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გაგიხსენებთ იეჰოვა?

როგორ გაგიხსენებთ იეჰოვა?

როგორ გაგიხსენებთ იეჰოვა?

„გამიხსენე, ღმერთო ჩემო“. ამ სიტყვებით ნეემია რამდენჯერმე შეევედრა ღმერთს (ნეემია 5:19; 13:14, 31). სავსებით ბუნებრივია, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილი ხალხი მსგავსი მუდარით მიმართავდეს ღმერთს.

მაგრამ რას ფიქრობენ ადამიანები მაშინ, როცა ღმერთს სთხოვენ თავიანთი თავის გახსენებას? აშკარაა, მათ იმედი აქვთ, რომ ღმერთი მხოლოდ მათ სახელებს კი არ გაიხსენებს, არამედ უფრო მეტსაც გააკეთებს მათთვის. ისინი უეჭველად მოელიან იმავეს, რასაც იესოს გვერდით დაკიდებული ერთ-ერთი სიკვდილმისჯილი მოელოდა. ეს ადამიანი მეორე ბოროტმოქმედისგან განსხვავებით ასეთ რამეს ემუდარებოდა იესოს: „გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მოხვალ“. მას სურდა, რომ იესოს არა მხოლოდ გაეხსენებინა, არამედ რაღაც გაეკეთებინა კიდეც მისთვის, კერძოდ — აღედგინა (ლუკა 23:42).

ბიბლიაში ღმერთთან მიმართებაში გამოყენებული სიტყვა „გახსენება“ ყოველთვის დადებით მოქმედებას გულისხმობს. მაგალითისთვის, მას შემდეგ, რაც 150 დღის განმავლობაში დედამიწა წარღვნის წყლით დაიფარა, „გაიხსენა ღმერთმა ნოე“. . . და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი“ (დაბადება 8:1). საუკუნეების გასვლის შემდეგ ფილისტიმელებისგან დაბრმავებული და შებორკილი სამსონი ლოცულობდა: „ღმერთო, გამიხსენე! ამ ერთხელაც გამაძლიერე“. იეჰოვამ გაიხსენა სამსონი და ისეთი აღმატებული ძლიერება მისცა, რომ მან შეძლო შური ეძია ღვთის მტრებზე (მსაჯულნი 16:28—30). ნეემიას შემთხვევაში იეჰოვამ აკურთხა მისი ძალისხმევა და იერუსალიმში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღდგა.

მოციქულმა პავლემ ასეთი სიტყვები დაწერა: „ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4). თუ გვემახსოვრება იეჰოვა მისი ნების შესრულებით, წარსულში მცხოვრებ ერთგულ მსახურთა მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა გაგვიხსენებს; ის დაგვეხმარება ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, მხარში ამოგვიდგება განსაცდელის დროს და გვიხსნის, როცა განაჩენს გამოუტანს უღვთო წუთისოფელს (მათე 6:33; 2 პეტრე 2:9).