არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წარმატება შეუპოვრობის შედეგია

წარმატება შეუპოვრობის შედეგია

წარმატება შეუპოვრობის შედეგია

შეუპოვრობას დღეს იშვიათად თუ ავლენენ. მრავალს სწამს, რომ წარმატება უმეტესწილად საჭირო ადგილზე სათანადო დროს ყოფნაზეა დამოკიდებული და არა შეუპოვრობაზე. ვის შეუძლია მათი დადანაშაულება? საინფორმაციო საშუალებები წამდაუწუმ უჩვენებენ რეკლამებს, რომლებიც იმ აზრის მატარებელია, რომ თითქმის ყოველივე სასურველის მიღება მინიმალური ძალისხმევითა და ოდნავ მეტი ფულით არის შესაძლებელი. გაზეთებში უწყვეტ ნაკადად მოედინება ინფორმაცია სწრაფად მიღწეული წარმატებებისა და უნარიანი ახალგაზრდა მეწარმეების შესახებ, რომლებიც სკოლის დამთავრებისთანავე მილიონებს ატრიალებენ.

გაზეთის მუდმივი მიმომხილველი, ლენარდ პიტსი, გულისტკივილით აღნიშნავს: „საზოგადოებაში, სადაც ადამიანებს მხოლოდ გარეშე ფაქტორების სწამთ, ყოველივე ძალიან ადვილი ჩანს... ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველას ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ოღონდ საჭიროა საიდუმლოს ცოდნა, უნარი ან კიდევ ზებუნებრივი დახმარების მიღება“.

რა არის შეუპოვრობა?

შეუპოვრობის გამოვლენა ნიშნავს „მტკიცედ და განუწყვეტლივ მოქმედებას რაიმე მიზნის მისაღწევად ან საქმის გაგრძელებას შეფერხებებისა და დაბრკოლებების მიუხედავად“. ის გულისხმობს გაბედულად მოქმედების გაგრძელებას სიძნელეების წამოჭრის შემთხვევაში, შეუდრეკელობას, დაუნებებლობას. ბიბლია ყურადღებას ამახვილებს ამ თვისების მნიშვნელოვნებაზე. მაგალითად, ღვთის სიტყვა გვარიგებს: „უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი“, «დააკაკუნეთ [„აკაკუნეთ“, აქ] და გაგეღებათ», ‘იყავით ლოცვაში მდგრადნი’ და „კეთილს ჩაეჭიდეთ“ (მათე 6:33; ლუკა 11:9; რომაელთა 12:12; 1 თესალონიკელთა 5:21).

შეუპოვრობის მნიშვნელოვანი ნაწილი გარდაუვალ წარუმატებლობასთან გამკლავებაა. იგავნის 24:16 ამბობს: „მართალი შვიდგზისაც რომ დაეცეს, წამოდგება“. ადამიანი, რომელიც შეუპოვრობას ავლენს, ნაცვლად იმისა, რომ მოულოდნელი სირთულის წამოჭრის ან წარუმატებლობის შემთხვევაში დანებდეს, ‘დგება’ და ხელმეორედ იწყებს მცდელობას.

მაგრამ ბევრი მოუმზადებელია მოულოდნელ სირთულეებთან და წარუმატებლობასთან შესახვედრად. ასეთი ადამიანები, იმის გამო, რომ შეუპოვრობა არ განუვითარებიათ, ადვილად მიიჩნევენ სიტუაციას უიმედოდ. „წარუმატებლობაზე მრავალი თავისდა საზიანოდ რეაგირებს — შენიშნავს მწერალი მორლი კალაჰანი. — მათ საკუთარი თავი ებრალებათ, ყველას ადანაშაულებენ, წყენიები ხდებიან და ... უიმედობაში ვარდებიან“.

ეს სამწუხაროა. „ჩვენ გვავიწყდება, — აღნიშნავს პიტსი, — რომ არსებობს მიზეზი, რის გამოც უნდა ავიტანოთ გაჭირვება; გაჭირვებაში ყოფნითაც ბევრ რამეს ვსწავლობთ“. მაინც რას? ის ამბობს: „[ადამიანი] სწავლობს, რომ წარუმატებლობა არც დაღუპვას ნიშნავს და არც სამუდამო მარცხს. პიროვნება უფრო ღრმა გაგებას იძენს და გამოცდილი ხდება“. ბიბლია იმავე აზრს მარტივად გადმოგვცემს: «ყველა საქმეში [„ყოველგვარ ჯაფაში“, აქ] გამორჩენაა» (იგავნი 14:23).

რა თქმა უნდა, ყოველთვის ადვილი არ არის წარუმატებლობის შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება. ზოგჯერ ისეთ სირთულეებს ვაწყდებით, რომ შეიძლება მათ დასაძლევად მთელი ჩვენი ძალისხმევა ამაო გვეჩვენება. ნაცვლად იმისა, რომ მიზანს მივუახლოვდეთ, შეიძლება მიგვაჩნია, რომ უფრო და უფრო ვშორდებით მას. შეიძლება გვგონია, რომ ძალები აღარ გვეყოფა; ან იქნებ თავს უუნაროდ ვგრძნობდეთ და სულით დავეცეთ — დეპრესიაშიც კი ჩავვარდეთ (იგავნი 24:10, აქ). მაგრამ ბიბლია მოგვიწოდებს: „სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით“ (გალატელთა 6:9).

რა დაგვეხმარება შეუპოვრობის გამოვლენაში?

შეუპოვრობის გამოსავლენად გადასადგმელი პირველი ნაბიჯი ღირსეული და რეალური მიზნების დასახვაა. მოციქულ პავლეს ნამდვილად ესმოდა ეს. მან კორინთელებს უთხრა: „მე გავრბივარ არა უმიზნოდ, ვიბრძვი არა ისე, ვითომც ჰაერს ვცემდე“. პავლემ იცოდა, რომ მის მცდელობას წარმატება მაშინ მოჰყვებოდა, თუ მიზნები ნათლად ექნებოდა დასახული, როგორც ასპარეზზე მორბენალს, საფინიშო ხაზის გადაკვეთა. „განა არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ“, — მოუწოდა მათ (1 კორინთელთა 9:24, 26). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

„საზრიანი ... საკუთარ ნაბიჯს უკვირდება“, — ნათქვამია იგავნის 14:15-ში. გონივრულია, დროდადრო გადავამოწმოთ ჩვენი ნაბიჯები და საკუთარ თავს შევეკითხოთ, საით მივდივართ და ხომ არ გვმართებს ცვლილებების მოხდენა. ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტულად ვიცოდეთ, რის მიღწევა გვსურს და რატომ. დასახული მიზნისკენ სწრაფვაში ნაკლებად მოვდუნდებით, თუ ბოლომდე ნათლად გვაქვს წარმოდგენილი ეს მიზანი. „პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა“, — მოგვიწოდებს ღვთის შთაგონებით დაწერილი იგავი. რატომ? რათა ‘მტკიცე იყოს შენი სავალი’ (იგავნი 4:25, 26).

მიზნების დასახვის შემდეგ მომდევნო ნაბიჯი იმის გაანალიზებაა, თუ როგორ მივაღწიოთ მათ. იესომ დასვა კითხვა: „რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ გამოთვლის ... ფასს“? (ლუკა 14:28). ამ პრინციპის თანახმად, ერთმა ფსიქოლოგმა აღნიშნა: „შევნიშნე, რომ ადამიანებს, რომლებიც წარმატებებს აღწევენ, ყოველთვის ნათლად აქვთ გააზრებული მიზეზსა და ამა თუ იმ მოქმედების შედეგს შორის კავშირი. მათ ესმით, რომ, თუ რაიმე სურთ, ყველაფერი უნდა გააკეთონ მის მისაღწევად“. როდესაც ნათლად გვაქვს გააზრებული ყოველი ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად, ეს მთელი ძალ-ღონის მისკენ მიმართავში დაგვეხმარება. წარუმატებლობის შემთხვევაში კი უფრო ადვილად შევძლებთ ცვლილებების მოხდენას. ასეთი მიდგომა იყო ძმების, ორვილ და უილბერ რაიტების, წარმატების საფუძველი.

აქედან გამომდინარე, წარუმატებლობის შემთხვევაში ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ მას დადებითი კუთხით შეხედოთ და გამოცდილება მიიღოთ. გააანალიზეთ სიტუაცია, იფიქრეთ, სად დაუშვით შეცდომა, შემდეგ კი გამოასწორეთ ის ან შეეცადეთ, გადალახოთ სისუსტე. დამხმარე საშუალებას სხვებთან საუბარიც წარმოადგენს, რადგან „გეგმები ბჭობაში მტკიცდება“ (იგავნი 20:18). ბუნებრივია, ყოველი მცდელობა მეტ გამოცდილებასა და დახელოვნებას შეგმატებთ, რაც, საბოლოო ჯამში, თქვენს წარმატებას მოემსახურება.

შეუპოვრობის გამოვლენის მესამე მნიშვნელოვანი მხარე თანამიმდევრული მოქმედებაა. მოციქული პავლე გვარიგებს: „რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ“ (ფილიპელთა 3:16). როგორც ერთი პედაგოგი აღნიშნავს, „ზომიერებასა და გარკვეული დროის განმავლობაში თანამიმდევრულ მოქმედებას მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს“. ეს კარგად არის ნაჩვენები კუსა და კურდღლის შესახებ ესოპეს იგავ-არაკში. კუმ შეჯიბრებაში გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ კურდღელზე ბევრად ნელია. რატომ? იმიტომ რომ კუ სიმტკიცესა და მოწესრიგებულობას ავლენდა. მას არ შეუწყვეტია სიარული, არამედ ისეთი სიჩქარე აირჩია, რომლის შენარჩუნებაც რეალურად შეეძლო, შემდეგ კი სვლა არ შეუწყვეტია მანამ, სანამ ფინიშის ხაზს არ მიაღწია. რადგანაც ორგანიზებული, მტკიცე ხასიათის მქონე პიროვნება თანამიმდევრულად წინ მიიწევს, ის ყოველთვის აღძრულია მოქმედებისთვის, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შეჩერდეს ან გზიდან გადავიდეს. დიახ, თქვენც „ირბინეთ ისე“, რომ მიზანს მიაღწიოთ.

ღირსეული მიზნების დასახვა

რა თქმა უნდა, შეუპოვრობას მაშინ აქვს ფასი, როდესაც ღირსეული მიზნებისკენ ვისწრაფვით. მრავალი ილტვის იმისკენ, რასაც ბედნიერება არ მოაქვს. ბიბლია კი აღნიშნავს: „ვინც ჩაუკვირდება სრულყოფილ რჯულს თავისუფლებისას და ასე განაგრძობს... კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში“ (იაკობი 1:25). დიახ, ღვთის რჯულის იმგვარად გაგების სწავლა, როგორც ეს ბიბლიაშია გადმოცემული, ძალიან ღირსეული მიზანია. რატომ? ძირითადად იმიტომ, რომ ღვთის რჯული მის სრულყოფილ, სამართლიან ნორმებზეა დაფუძნებული. როგორც შემოქმედმა, მან იცის, რა არის მისი ქმნილებებისთვის საუკეთესო. ამიტომ, თუ განვაგრძობთ ღვთის დარიგებების შესწავლასა და ცხოვრებაში გამოყენებას, ეს ნამდვილად ბედნიერებას მოგვიტანს. „ესავდე უფალს მთელი გულით... შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“, — აღგვითქვამს იგავნის 3:5, 6.

გარდა ამისა, იესოს სიტყვების თანახმად, ღვთისა და მისი ძის შესახებ შემეცნების მიღება „საუკუნო სიცოცხლეა“ (იოანე 17:3). ბიბლიური წინასწარმეტყველება გვიჩვენებს, რომ ამ სისტემის „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5; მათე 24:3—13). მალე ღვთის სამეფო, მისი სამართლიანი მთავრობა, თავის მმართველობას მთელ დედამიწაზე დაამყარებს (დანიელი 2:44; მათე 6:10). ეს მთავრობა მთელ მორჩილ კაცობრიობას უპრეცედენტო მშვიდობას, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას მოუტანს (ფსალმუნი 36:10, 11; გამოცხადება 21:4). „ღმერთი მიკერძოებული არ არის“, — ნათქვამია საქმეების 10:34-ში. დიახ, ყველას შეუძლია სარგებლობის მიღება!

ბიბლია ძველი წიგნია, რომელიც სიბრძნითა და აზრით არის აღსავსე. მის გაგებას დრო და ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ ღვთის დახმარებითა და მისი შემეცნების ძიების გაგრძელებით ის გასაგები წიგნი იქნება ჩვენთვის (იგავნი 2:4, 5; იაკობი 1:5). უნდა აღინიშნოს, რომ ნასწავლის გამოყენება შეიძლება გაგვიჭირდეს. შესაძლოა, აზროვნებისა და ჩვევების შეცვლა დაგვჭირდეს. კეთილმოსურნე მეგობრებმა ან ოჯახის წევრებმა შეიძლება წინააღმდეგობაც კი გაგვიწიონ ბიბლიის შესწავლაში. ასე რომ, შეუპოვრობის გამოვლენა აუცილებელია. მოციქული პავლე შეგვახსენებს, რომ ღმერთი მისცემს მარადიულ სიცოცხლეს მათ, ვინც ‘გამუდმებით აკეთებს კეთილ საქმეს’ (რომაელთა 2:7). იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ამ მიზნის მიღწევაში.

თუ შეუპოვრად ეცდებით, ისწავლოთ ღვთისა და მისი ნების შესახებ და განაგრძობთ ნასწავლის გამოყენებას, დარწმუნებული იყავით, რომ წარმატებას მიაღწევთ (ფსალმუნი 1:1—3).

[სურათი 6 გვერდზე]

თუ შეუპოვრად ეცდებით, ისწავლოთ ღვთისა და მისი ნების შესახებ, წარმატებას მიაღწევთ.

[საავტორო უფლება 4 გვერდზე]

Culver Pictures