არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაქვთ თქვენ ‘ქრისტეს გონება’?

გაქვთ თქვენ ‘ქრისტეს გონება’?

გაქვთ თქვენ ‘ქრისტეს გონება’?

«მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ. . . ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ [„ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“, აქ]» (რომაელთა 15:5).

1. როგორ არის იესო ასახული ქრისტიანული სამყაროს მრავალი მხატვრის მიერ და რატომ არ არის ეს იესოს ნამდვილი პორტრეტი?

„არასოდეს უნახავთ ის მოცინარი“. ასეა ნათქვამი იესოზე ერთ–ერთ დოკუმენტში, რომლის ავტორობასაც არასწორად მიაწერენ რომის ერთ–ერთ ოფიციალურ პირს. ამბობენ, რომ ამ დოკუმენტმა, რომელიც თანამედროვე ფორმულირებით დაახლოებით XI საუკუნიდან გახდა ცნობილი, ბევრ მხატვარზე იქონია გავლენა *. მრავალ ნახატზე იესო ასახულია როგორც სევდიანი პიროვნება, რომელიც იშვიათად ან საერთოდ არ იღიმის. მაგრამ ასეთი სურათები არ გადმოსცემს იესოს ნამდვილ იერსახეს, იესოსი, რომელიც სახარებებში თბილ, გულკეთილ და ღრმა გრძნობების მქონე პიროვნებად არის წარმოდგენილი.

2. როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ‘ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქოდნა’ და რის გასაკეთებლად აღგვჭურავს ეს?

2 ცხადია, იესოსთან ნამდვილად გასაცნობად, საჭიროა, მთელი გონებითა და გულით ავითვისოთ ზუსტი გაგება იმისა, თუ როგორი პიროვნება იყო სინამდვილეში იესო აქ, დედამიწაზე, ყოფნის დროს. ამიტომ გამოვიკვლიოთ სახარებებიდან ცნობები, რომლებიც ‘ქრისტეს გონებაში’ — მის გრძნობებსა და აღქმის უნარში, აზრებსა და ლოგიკაში ჩაგვახედებს (1 კორინთელთა 2:16). ამისათვის კი განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია განვივითაროთ ‘ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა’ (რომაელთა 15:5, აქ). ამგვარად უკეთესად შევძლებთ ჩვენს ცხოვრებასა და სხვებთან ურთიერთობაში მის მიერ დატოვებული მაგალითის მიყოლას (იოანე 13:15).

მასთან თავისუფლად შეიძლებოდა მისვლა

3, 4. ა) როდის მოხდა მარკოზის 10:13—16-ში აღწერილი შემთხვევა? ბ) როგორი იყო იესოს რეაქცია თავისი მოწაფეების მცდელობაზე, ბავშვები არ მიეშვათ მასთან?

3 ხალხს იზიდავდა იესოს პიროვნება. სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ასაკისა და წარმოშობის ადამიანები თავისუფლად მიდიოდნენ მასთან. განვიხილოთ მარკოზის 10:13—16-ში აღწერილი შემთხვევა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მისი მსახურება დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც იესო უკანასკნელად მიდიოდა იერუსალიმში, რათა წამებით მომკვდარიყო (მარკოზი 10:32—34).

4 წარმოიდგინეთ. ხალხი იესოსთან ბავშვების, მათ შორის ჩვილების, მოყვანასაც იწყებს, რათა მან აკურთხოს ისინი *. მაგრამ მოწაფეები ცდილობენ, ბავშვები იესოსთან არ მიუშვან. შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ ამ უკანასკნელი გადამწყვეტი კვირის განმავლობაში იესოს ნამდვილად არ სურს, ბავშვებმა შეაწუხონ. მაგრამ ისინი ცდებიან. როდესაც იესო იგებს თავისი მოწაფეების განზრახვას, არ იწონებს მას. ეძახის ბავშვებს და ამბობს: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას“ (მარკოზი 10:14). მის შემდგომ საქციელში ნამდვილად ჩანს სითბო და სიყვარული. სახარება გვაუწყებს: „მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი“ (მარკოზი 10:16). ცხადია, იესოს მკლავებში ბავშვები თავს მშვიდად და შეუბოჭავად გრძნობენ.

5. მარკოზის 10:13—16-ის თანახმად, როგორი პიროვნება იყო იესო?

5 ეს პატარა მონაკვეთი ბევრ რამეს გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორი პიროვნება იყო იესო. შენიშნეთ, მასთან თავისუფლად შეიძლებოდა მისვლა. მიუხედავად იმისა, რომ ზეცაში მაღალი მდგომარეობა ეჭირა, ის არც აშინებდა და არც ამცირებდა არასრულყოფილ ადამიანებს (იოანე 17:5). განა აღსანიშნავი არ არის ისიც, რომ ბავშვებიც კი მშვიდად და შეუბოჭავად გრძნობდნენ მასთან თავს? ცხადია, მათ არ მიიზიდავდა ცივი ადამიანი, რომელსაც სახე ჩამოსტირის და არასოდეს იღიმის ან იცინის! ყველა ასაკის ადამიანები თავისუფლად მიდიოდნენ მასთან, რადგან გრძნობდნენ, რომ ის თბილი, მზრუნველი ადამიანი იყო და დარწმუნებული იყვნენ, რომ არასოდეს შეაქცევდა მათ ზურგს.

6. როგორ შეუძლიათ უხუცესებს გახდნენ ისეთები, რომ სხვებს მათთან მისვლა არ გაუჭირდეთ?

6 ამ ცნობაზე დაფიქრების შემდეგ შეგვიძლია საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: „მაქვს მე ქრისტეს გონება? თავისუფლად შეუძლიათ ჩემთან მოსვლა?“. ამ საზარელ ჟამს ღვთის ცხვრებს ისეთი მწყემსები სჭირდებათ, რომლებთანაც თავისუფლად შეიძლება მისვლა და რომლებიც ‘ქარში საფარის’ მსგავსი არიან (ესაია 32:1, 2; 2 ტიმოთე 3:1). უხუცესებო, თუ ძმების მიმართ გულწრფელ, გულითად ინტერესს გამოავლენთ და მზად იქნებით, მათთვის თავი გადადოთ, ისინი აუცილებლად იგრძნობენ თქვენს მზრუნველობას. ისინი ამას დაინახავენ თქვენი სახის გამომეტყველებაში, ხმის ტონსა და თავაზიან მოპყრობაში. ასეთი ხალასი სითბო და მზრუნველობა ნდობის ატმოსფეროს შექმნის და სხვები, ბავშვების ჩათვლით, ადვილად მოვლენ თქვენთან. ერთი ქრისტიანი ქალი გვიხსნის, თუ რატომ შეძლო უხუცესისთვის გულის გადაშლა: „ის დიდი სითბოთი და თანაგრძნობით მელაპარაკა. სხვაგვარად, ალბათ, ხმასაც ვერ ამოვიღებდი. მან თავი უსაფრთხოდ მაგრძნობინა“.

სხვებისთვის ანგარიშის გაწევა

7. ა) როგორ ცხადყო იესომ, რომ სხვებს ანგარიშს უწევდა? ბ) რატომ აღუდგინა იესომ მხედველობა თანდათანობით ერთ ბრმა მამაკაცს?

7 იესო სხვებს ანგარიშს უწევდა. იზიარებდა მათ გრძნობებს. დამწუხრებულთა მხოლოდ დანახვაც კი იმდენად მოქმედებდა მასზე, რომ მაშინვე მზად იყო მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად (მათე 14:14). ის აგრეთვე ანგარიშს უწევდა სხვების მოთხოვნილებებსა და შეზღუდულ შესაძლებლობებს (იოანე 16:12). ერთხელ, მასთან ბრმა მამაკაცი მიიყვანეს და განკურნება სთხოვეს. იესომ თვალი აუხილა ბრმას, მაგრამ ეს თანდათანობით გააკეთა. ჯერ მამაკაცმა ადამიანების სილუეტები გაარჩია, როგორც ‘ირგვლივ მოარული ხეები’, შემდეგ კი ბოლომდე აღუდგინა მხედველობა. რატომ მოიქცა ასე იესო? შეიძლება იმიტომ, რომ სრულ წყვდიადში მყოფი ადამიანი მზით გაჩახჩახებული და მრავალფეროვანი სამყაროს ერთბაშად დანახვით გამოწვეული შოკისგან დაეცვა (მარკოზი 8:22—26).

8, 9. ა) რა მოხდა მალე მას შემდეგ, რაც იესო და მისი მოწაფეები დეკაპოლისში შევიდნენ? ბ) აღწერეთ, როგორ განკურნა იესომ ყრუ მამაკაცი.

8 განვიხილოთ აგრეთვე შემთხვევა, რომელიც ახ. წ. 32 წლის პასექის შემდეგ მოხდა. იესო და მისი მოწაფეები გალილეის ზღვის აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში, დეკაპოლისში, შევიდნენ. დიდძალმა ხალხმა მალე იპოვა მისი ადგილ–სამყოფელი და მრავალი ავადმყოფი მიუყვანა. იესომ ყველა განკურნა (მათე 15:29, 30). საინტერესოა, რომ იესომ ერთ მამაკაცს მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. ეს შემთხვევა მხოლოდ მარკოზმა აღწერა (მარკოზი 7:31—35).

9 მამაკაცი ყრუ და ენაბლუ იყო. იესომ შეიძლება შენიშნა მისი განსაკუთრებული ნერვიულობა ან უხერხულობა. ამიტომ მან საკმაოდ უჩვეულო რამ მოიმოქმედა. მამაკაცი ცალკე, ხალხისგან მოშორებით, გაიყვანა. შემდეგ გარკვეული ნიშნებით მიანიშნა, რის გაკეთებას აპირებდა: „ყურებში ჩაუდო თითები, გადააფურთხა და შეეხო მის ენას“ (მარკოზი 7:33, სსგ). შემდეგ ცას ახედა და ლოცვა ოხვრით ამოთქვა. ასეთი თვალსაჩინო მოქმედებით იესო მამაკაცს ეუბნებოდა: „რის გაკეთებასაც ვაპირებ, მხოლოდ ღვთის ძალით არის შესაძლებელი“. ბოლოს კი თქვა: „განიხსენ!“ (მარკოზი 7:34). ამ დროს მამაკაცს სასმენელი გაეხსნა და გამართულადაც ამეტყველდა.

10, 11. როგორ შეგვიძლია სხვების გრძნობებს გავუწიოთ ანგარიში კრებაში? ოჯახში?

10 რამხელა ყურადღებას ავლენდა იესო სხვების მიმართ! ის მხედველობაში იღებდა სხვების გრძნობებს და თანაუგრძნობდა მათ, რაც, თავის მხრივ, ისე მოქმედებისკენ აღძრავდა, რომ გაფრთხილებოდა მათ გრძნობებს. ჩვენ, როგორც ქრისტიანები, კარგად ვიქცევით, როდესაც ამასთან დაკავშირებით ქრისტეს გონებას ვანვითარებთ და ვავლენთ. ბიბლია გვარიგებს: „იყავით ყველა ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათა მოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი“ (1 პეტრე 3:8). ეს კი, რა თქმა უნდა, ჩვენგან ისეთნაირად ლაპარაკსა და მოქმედებას მოითხოვს, რომლითაც სხვების გრძნობებს გავუწევთ ანგარიშს.

11 კრებაში სხვების გრძნობებს შეიძლება ანგარიში გავუწიოთ იმით, რომ კრების წევრებს სათანადო ღირსებით, ანუ ისეთნაირად მოვეპყრათ, როგორც ჩვენ გვსურს, რომ გვექცეოდნენ (მათე 7:12). ამაში შევა ისიც, რომ ყურადღება მივაქციოთ, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ (კოლასელთა 4:6). გახსოვდეთ, რომ „გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს“ (იგავნი 12:18). რა შეიძლება ითქვას ოჯახურ წრეში მოქმედებასთან დაკავშირებით? ცოლ–ქმარი, რომლებსაც ნამდვილად უყვართ ერთმანეთი, გაუფრთხილდებიან კიდეც ერთმანეთის გრძნობებს (ეფესელთა 5:33). ისინი ერთმანეთს უხეშად და გესლიანი სარკაზმით არ მიმართავენ; აგრეთვე უმოწყალოდ არ აკრიტიკებენ, რადგან ყოველივე ამას შეიძლება ემოციური ტრავმირება მოჰყვეს, რის განკურნებაც ადვილი არ არის. გრძნობები ბავშვებსაც აქვთ და მოსიყვარულე მშობლები ამას ანგარიშს უწევენ. შენიშვნის მიცემის აუცილებელობის შემთხვევაში, მოსიყვარულე მშობლები ამას ისეთნაირად აკეთებენ, რომ ბავშვის ღირსება არ შელახონ და ზედმეტად არ შეაცბუნონ * (კოლასელთა 3:21). როდესაც სხვების გრძნობებს ამგვარად ვუწევთ ანგარიშს, ცხადვყობთ, რომ ქრისტეს გონება გვაქვს.

ის მზად იყო სხვებისადმი ნდობის გამოსავლენად

12. როგორი გაწონასწორებული, რეალისტური წარმოდგენა ჰქონდა იესოს თავისი მოწაფეების შესახებ?

12 იესოს თავისი მოწაფეების მიმართ გაწონასწორებული, რეალისტური თვალსაზრისი ჰქონდა. მან შესანიშნავად იცოდა, რომ ისინი სრულყოფილები არ იყვნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას ადამიანთა გულის ზრახვების გაგება შეეძლო (იოანე 2:24, 25). მიუხედავად ამისა, იესო მათში არა მხოლოდ არასრულყოფილებას ხედავდა, არამედ დადებით თვისებებსაც. ის ხედავდა ამ მამაკაცების პოტენციურ შესაძლებლობებს, მამაკაცებისა, რომლებიც იეჰოვამ მიიყვანა მასთან (იოანე 6:44). თავის მოწაფეებზე დადებითი თვალსაზრისი მათდამი მის დამოკიდებულებასა და საქციელშიც გამოვლინდა. დავიწყოთ იქიდან, რომ ის მზად იყო მათ მიმართ ნდობის გამოსავლენად.

13. როგორ გამოავლინა იესომ თავისი მოწაფეებისადმი ნდობა?

13 როგორ ავლენდა იესო ამ ნდობას? დედამიწის დატოვებისას მან თავის ცხებულ მოწაფეებს დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. იესომ მათ მიანდო მთელ მსოფლიოში სამეფოს ინტერესებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა (მათე 25:14, 15; ლუკა 12:42—44). დედამიწაზე მსახურების დროს, პატარ–პატარა საქმეებშიც კი, მართალია, არაპირდაპირი გზით, მაგრამ ცხადყო, რომ ენდობოდა მათ. როდესაც მრავალი ადამიანის დასაპურებლად იესომ სასწაულებრივად გაამრავლა საკვები, მან თავის მოწაფეებს დაავალა მისი დანაწილება (მათე: 14:15—21; 15:32—37).

14. როგორ შეაჯამებდით მარკოზის 4:35—41-ში მოცემულ ცნობას?

14 განვიხილოთ მარკოზის 4:35—41-ში მოცემული ცნობაც. ამჯერად იესო და მისი მოწაფეები გალილეის ზღვაზე ნავში ჩასხდნენ და აღმოსავლეთისკენ აიღეს გეზი. ნავი დაიძრა. იესო ნავში ჩაწვა და ჩაეძინა. მალე „ამოვარდა დიდი ქარიშხალი“. ასეთი შტორმი გალილეის ზღვისთვის უჩვეულო არ იყო. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის (ზღვის დონიდან დაახლოებით 200 მეტრით დაბლა) გამო ჰაერის ტემპერატურა იქ უფრო მაღალია, ვიდრე გარემომცველ ტერიტორიაზე, რაც ჰაერის მასების არამდგრადობას იწვევს. ყოველივე ამას ისიც ემატება, რომ ჩრდილოეთით მოსაზღვრე ხერმონის მთიდან იორდანეს ველზე ძლიერი ქარი უბერავს ხოლმე. ამიტომ იქ გამეფებული სიმშვიდე შეიძლება მოულოდნელად მოვარდნილმა ქარიშხალმა დაარღივოს. დაფიქრდით, იესომ, რომელიც გალილეაში გაიზარდა, ეჭვგარეშეა, იცის, რომ აქ შტორმი ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ გზაში მან მშვიდად ჩაიძინა, რადგან მიენდო თავისი მოწაფეების ოსტატობას, რომელთაგანაც ზოგი მეთევზე იყო (მათე 4:18, 19).

15. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს მზადყოფნას, ნდობა გამოეცხადებინა თავისი მოწაფეებისთვის?

15 შეგვიძლია თუ არა, მივბაძოთ იესოს მზადყოფნას, ნდობა გამოეცხადებინა თავისი მოწაფეებისთვის? ზოგისთვის ძნელია პასუხისმგებლობების სხვებისთვის გადანაწილება. ასე ვთქვათ, მათ უნდათ, რომ თვითონ აკონტროლონ ყველაფერი. ისინი შეიძლება ფიქრობენ: „თუ მინდა, რომ ეს საქმე სწორად გაკეთდეს, მე თვითონ უნდა გავაკეთო!“. მაგრამ, თუ ყველაფერს თვითონ გავაკეთებთ, ძალის გამოცლის საშიშროების წინაშე დავდგებით და საკუთარ ოჯახსაც ზედმეტად წავართმევთ დროს. გარდა ამისა, თუ სხვებს არ ვუნაწილებთ სათანადო დავალებებსა და პასუხისმგებლობებს, მათ საჭირო დახელოვნებისა და გამოცდილების მიღების საშუალებას ვართმევთ. გონივრული იქნებოდა, გვესწავლა სხვებისადმი ნდობის გამოვლენა, რათა საქმეები მათთვის გადაგვებარებინა. კარგი იქნებოდა საკუთარი თავისთვის გულწრფელად გვეკითხა: „მაქვს თუ არა ამ საკითხში ქრისტეს გონება? სიამოვნებით გადავცემ თუ არა გარკვეულ დავალებებს სხვებს და ვენდობი თუ არა მათ იმაში, რომ ამ დავალების შესასრულებლად ძალ–ღონეს არ დაიშურებენ?“.

ქრისტემ თავისი მოწაფეებისადმი ნდობა გამოავლინა

16, 17. დედამიწაზე ცხოვრების ბოლო ღამეს რაში დაარწმუნა კიდევ ერთხელ იესომ თავისი მოციქულები, თუმცა იცოდა, რომ ისინი გარკვეულ მომენტში მიატოვებდნენ?

16 იესომ თავისი მოწაფეების შესახებ დადებითი თვალსაზრისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახით ცხადყო. მას მოწაფეებისთვის არ დაუმალავს, რომ სჯეროდა მათი. ეს აშკარად გამოჩნდა დედამიწაზე გატარებული ცხოვრების უკანასკნელ ღამეს მოციქულებისათვის ნათქვამი მისი გამამხნევებელი სიტყვებიდან. შენიშნეთ, თუ რა მოხდა მაშინ.

17 იესოსთვის ეს იყო მოვლენებით აღსავსე საღამო. მან მოციქულებს ფეხები დაბანა, რითაც თავმდაბლობის გაკვეთილი ჩაუტარა. შემდეგ დააფუძნა საღამო, რომელიც მისი სიკვდილის გასახსენებლად უნდა აღენიშნათ. იმავე საღამოს მოციქულებმა კიდევ ერთხელ გამართეს ცხარე კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მათ შორის დიდი. იესომ დიდი მოთმინება გამოავლინა და კი არ გაკიცხა ისინი, არამედ მათთან მსჯელობა დაიწყო. ის მოუყვა მათ, რა მოელოდათ: „თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემს გამო, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები’“ (მათე 26:31; ზაქარია 13:7). იესომ იცოდა, რომ ყველაზე საჭირო მომენტში თავისი ახლო მეგობრები მიატოვებდნენ. მიუხედავად ამისა, მას არ განუსჯია ისინი. პირიქით, უთხრა: „ჩემი აღდგომის შემდეგ თქვენ გაგიძღვებით წინ გალილეაში“ (მათე 26:32). დიახ, მან დაბეჯითებით უთხრა თავის მოციქულებს, რომ, თუმცა ისინი მიატოვებდნენ, თვითონ არასოდეს გააკეთებდა ამას, და როდესაც ეს საშინელი განსაცდელი გადაივლიდა, კვლავ შეხვდებოდა მათ.

18. რა მნიშვნელოვანი დავალება მიანდო იესომ თავის მოწაფეებს გალილეაში და როგორ შეასრულეს მოწაფეებმა ეს დავალება?

18 იესომ შეასრულა თავისი სიტყვა. მოგვიანებით, მკვდრეთით აღმდგარი, გალილეაში 11 ერთგულ მოციქულს ეჩვენა, რომლებიც, როგორც ჩანს, სხვებთან ერთად იყვნენ (მათე 28:16, 17; 1 კორინთელთა 15:6). მაშინ იესომ მათ მნიშვნელოვანი დავალება მისცა: „ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). მოციქულთა საქმეების წიგნიდან აშკარად ცხადი ხდება, რომ მოციქულებმა შეასრულეს ეს დავალება. ისინი პირველ საუკუნეში ერთგულად ქადაგებდნენ კეთილ ცნობას (საქმეები 2:41, 42; 4:33; 5:27—32).

19. რას გვასწავლის ქრისტეს გონებასთან დაკავშირებით მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესოს მოქმედება?

19 რას გვასწავლის იესოს გონების შესახებ ზემოთ მოყვანილი ცნობა? იესო ხედავდა თავისი მოციქულების ცუდ მხარეებსაც, მაგრამ „ბოლომდე უყვარდა“ ისინი (იოანე 13:1). მათ მიერ დაშვებული შეცდომების მიუხედავად, იესოს თავისი მოწაფეებისთვის არ დაუმალავს, რომ სჯეროდა მათი. შენიშნეთ, რომ მათ გაამართლეს იესოს ნდობა. იესოს მიერ მოციქულების მიმართ გამოვლენილმა ნდობამ და რწმენამ ისინი, ეჭვგარეშეა, განამტკიცა და გადაწყვეტილებით აღავსო, რომ შეესრულებინათ მათთვის დაკისრებული დავალება.

20, 21. როგორ შეგვიძლია თანამორწმუნეების მიმართ დადებითი თვალსაზრისის გამოვლენა?

20 როგორ შეგვიძლია მსგავს საკითხში ქრისტეს გონების გამოვლენა? პესიმისტურად ნუ უყურებთ თანამორწმუნეებს. თუ მხოლოდ მათ უარყოფით მხარეებზე ფიქრობთ, ეს შეიძლება თქვენს სიტყვებსა და მოქმედებებში აირეკლოს (ლუკა 6:45). ბიბლია კი გვეუბნება, რომ სიყვარულს „ყველაფერი სწამს“ (1 კორინთელთა 13:7). სიყვარული დადებითია და არა უარყოფითი. ის კი არ ანგრევს, არამედ აშენებს. ადამიანები სიყვარულსა და გამხნევებაზე უფრო რეაგირებენ, ვიდრე დაშინებაზე. სხვების მიმართ ნდობის გამოვლენით შეიძლება აღვაშენოთ და გავამხნევოთ ისინი (1 თესალონიკელთა 5:11). თუ ქრისტეს მსგავსად, ძმებზე კარგი წარმოდგენა გვექნება, მათ ისე მოვექცევით, რომ აღვაშენოთ და მათი დადებითი მხარეები წამოვწიოთ წინ.

21 ქრისტეს გონების ჩვენს მიერ განვითარებასა და გამოვლინებაში იესოს მხოლოდ გარკვეულ საკითხებში მიბაძვაზე ბევრად უფრო მეტი რამ შედის. როგორც წინა სტატიაში იყო მოხსენიებული, თუ ნამდვილად ისე მოქმედებას ვაპირებთ, როგორც ქრისტე მოქმედებდა, უპირველესად საჭიროა ყველაფრის ისე დანახვა ვისწავლოთ, როგორც ამას ქრისტე აკეთებდა. როგორც მომდევნო სტატია გვიჩვენებს, სახარებები საშუალებას გვაძლევს იესოს შინაგანი ბუნების, აზრების, გრძნობებისა და მიცემული დავალებისადმი მისი დამოკიდებულების კიდევ ერთი მხარე დავინახოთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 1 დოკუმენტში ფალსიფიკატორი აღწერს იესოს სავარაუდო გარეგნობას და მათ შორის მოიხსენიებს მისი თმის, წვერისა და თვალების ფერს. ბიბლიის მთარგმნელი ედგარ გუდსპიდი განმარტავს, რომ ამ ყალბი საბუთის მიზანი იყო „იესოს გარეგნობის იმ აღწერილობის პოპულარიზაცია, რომელიც მხატვრებს თავიანთ ცნობარებში ჰქონდათ“.

^ აბზ. 4 როგორც ჩანს, ეს ბავშვები სხვადასხვა ასაკის იყვნენ. სიტყვა, რომელიც აქ „ბავშვად“ გადმოითარგმნა, გამოყენებულია იაიროსის 12 წლის გოგონასთან დაკავშირებითაც (მარკოზი 5:39, 40; 10:13). მაგრამ პარალელურ ცნობაში ლუკა იყენებს სიტყვას, რომელიც ჩვილებთან მიმართებაშიც გამოიყენება (ლუკა 1:41; 2:12; 18:15).

^ აბზ. 11 იხილეთ 1998 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატია „პატივს სცემ თუ არა მათ ღირსებას?“.

შეგიძლიათ ახსნათ?

• როგორი იყო იესოს რეაქცია თავისი მოწაფეების მცდელობაზე, არ მიეშვათ ბავშვები მასთან?

• როგორ ცხადყო იესომ, რომ სხვებს ანგარიშს უწევდა?

• როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს მზადყოფნას, ნდობა გამოეცხადებინა თავისი მოწაფეებისთვის?

• როგორ შეგვიძლია ჩვენც გამოვავლინოთ ისეთივე ნდობა, როგორიც იესომ გამოავლინა თავისი მოციქულების მიმართ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 16 გვერდზე]

ბავშვები იესოსთან თავს თავისუფლად გრძნობდნენ.

[სურათი 17 გვერდზე]

იესო სხვებს თანაგრძნობით ეპყრობოდა.

[სურათი 18 გვერდზე]

უხუცესები, რომლებთანაც მისვლა ადვილია, კრებისთვის ნამდვილი კურთხევაა.