კირილოს ლუკარისი — კაცი, რომელიც აფასებდა ბიბლიას
კირილოს ლუკარისი — კაცი, რომელიც აფასებდა ბიბლიას
ეს მოხდა 1638 წლის ზაფხულის დღეს. მარმარილოს ზღვაში, ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლის (დღევანდელი სტამბოლი) მახლობლად, მეთევზეები წყალზე მოტივტივე გვამის ხილვამ გააოცა. ახლოდან დათვალიერებისას ისინი შიშმა მოიცვა, როდესაც დამხრჩვალ სხეულში კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, ამოიცნეს. ასეთი იყო XVII საუკუნის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, კირილოს ლუკარისის, ტრაგიკული აღსასრული.
ლუკარისს იმდენ ხანს არ უცოცხლია, რომ თავისი ოცნების — ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმანის სასაუბრო ბერძნულ ენაზე გამოცემის — ახდენა ეხილა. ლუკარისის მეორე ოცნება არასოდეს ასრულებულა — ეს იყო მართლმადიდებელი ეკლესიის „ევანგელისტურ უბრალოებასთან“ დაბრუნების ხილვა. ვინ იყო ეს კაცი? რა დაბრკოლებებს შეხვდა თავისი მიზნების განხორციელების მცდელობისას?
გაუნათლებლობით შეძრწუნებული
კირილოს ლუკარისი დაიბადა 1572 წელს ვენეციის მიერ ოკუპირებულ კანდიაში (ამჟამად ირაკლიონი, კრეტა). ის ნიჭიერი იყო, სწავლობდა ვენეციასა და პადუაში (იტალია) და ბევრს მოგზაურობდა ამ და სხვა ქვეყნებში. მას აღიზიანებდა ეკლესიის შიგნით დაჯგუფებებს შორის არსებული ბრძოლა და, ევროპაში მიმდინარე რეფორმაციული მოძრაობით მოხიბლული, შეიძლება ეწვია ჟენევას, რომელიც იმ დროს კალვინიზმის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.
პოლონეთში ყოფნისას ლუკარისმა დაინახა, რომ მართლმადიდებლები, მღვდლები და აგრეთვე ერისკაცები დამამწუხრებელ სულიერ მდგომარეობაში იყვნენ, რაც მათი გაუნათლებლობის შედეგი იყო. ალექსანდრიასა და კონსტანტინოპოლში დაბრუნებისას იმან შეაშფოთა, რომ მქადაგებლის კათედრაც კი, საიდანაც საღვთო წერილი იკითხებოდა, ზოგი ეკლესიიდან გატანილი იყო!
1602 წელს ლუკარისი ჩავიდა ალექსანდრიაში, სადაც თავისი ნათესავის, პატრიარქ მელეტიოსის, ადგილი დაიმკვიდრა. შემდეგ ევროპის სხვადასხვა რეფორმატორ თეოლოგთან დაიწყო მიმოწერა. ერთ-ერთ ასეთ წერილში მან შენიშნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ბევრ მცდარ ჩვეულებას უჭერდა მხარს. სხვა წერილებში ის ხაზს უსვამდა იმის აუცილებლობას, რომ ეკლესიას „ევანგელისტური უბრალოებით“ უნდა შეეცვალა ცრურწმენა და მხოლოდ
საღვთო წერილის ავტორიტეტს დაყრდნობოდა.ლუკარისი იმანაც შეაშფოთა, რომ ეკლესიის მამების სულიერ უფლებამოსილებას იმავე პატივისცემით ეპყრობოდნენ, როგორც იესოსა და მოციქულების სიტყვებს. „ვეღარ ვისმენ იმას, რომ ადამიანთა ტრადიციას საღვთო წერილის ტოლფასი წონა აქვს“, — წერდა ის (მათე 15:6). მან დასძინა, რომ, თავისი აზრით, გამოსახულებების თაყვანისცემა დამღუპველი იყო. აგრეთვე აღნიშნა, რომ „წმინდანების“ მოხმობა შუამავალს, იესოს, შეურაცხყოფდა (1 ტიმოთე 2:5).
პატრიარქის ტახტის ყიდვა–გაყიდვა
ლუკარისის ასეთმა შეხედულებამ და რომის კათოლიკური ეკლესიის მიმართ მისმა ანტიპათიამ გამოიწვია მისადმი სიძულვილი და შევიწროება იეზუიტებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის იმ წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც აფასებდნენ კათოლიკეებთან კავშირს. ამ წინააღმდეგობის მიუხედავად, 1620 წელს ლუკარისი კონსტანტინოპოლის პატრიარქად იქნა არჩეული. იმ დროს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ოსმალეთის იმპერიის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა. ოსმალეთის მთავრობა კი სიამოვნებით გადააყენებდა პატრიარქს და დანიშნავდა ახალს, თუ ფულს გადაუხდიდნენ.
ლუკარისის მტრები, უმთავრესად იეზუიტები და პაპის უძლიერესი და მრისხანე „კონგრეგატიო დე პროპაგანდა ფიდე“ (კრება, რომელიც რწმენის პროპაგანდას ეწეოდა), კვლავაც ცილს სწამებდნენ მას და მის საწინააღმდეგოდ შეთქმულებებს აწყობდნენ. „ამ მიზნით, იეზუიტები ყველა ღონეს ხმარობდნენ — მიმართავდნენ სიცრუეს, ცილისწამებას, პირფერობასა და უმთავრესად მექრთამეობას, რაც ბევრად უფრო ეფექტურ იარაღს წარმოადგენდა [ოსმალო] სახელმწიფო მოხელეების კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად“, — აღნიშნულია ნაშრომში „კირილოს ლუკარისი“. შედეგად ამისა, 1622 წელს ლუკარისი გადაასახლეს კუნძულ როდოსზე, მისი ადგილი კი 20 ათას ვერცხლის მონეტად იყიდა გრეგორი ამასიელმა. მაგრამ გრეგორიმ ვერ შეძლო შეპირებული თანხის გადახდა, ამიტომაც ანტიმუს ადრიანოპოლელმა იყიდა ეს ადგილი, მაგრამ მოგვიანებით მაინც გადადგომა მოუწია. საოცარი ის იყო, რომ ლუკარისი პატრიარქის ტახტზე დააბრუნეს.
ლუკარისმა გადაწყვიტა, ეს ახალი შესაძლებლობა გამოეყენებინა იმისათვის, რომ მართლმადიდებელი სამღვდელოება და ერისკაცები ბიბლიის თარგმანისა და თეოლოგიური პუბლიკაციების გამოცემით გაენათლებინა. ამის განსახორციელებლად, ინგლისის ელჩის მფარველობით, მან კონსტანტინოპოლში საბეჭდი დაზგის ჩამოტანაზე იზრუნა. მაგრამ 1627 წლის ივნისში დაზგის ჩამოტანის შემდეგ მტრებმა ლუკარისს მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დასდეს ბრალი და, საბოლოო ჯამში, გაანადგურეს კიდეც. ლუკარისს ახლა ჟენევაში უნდა გამოეყენებინა საბეჭდი დაზგები.
ქრისტიანული წერილების თარგმანი
ბიბლიისა და მისი საგანმანათლებლო ძალისადმი უსაზღვრო პატივისცემამ ლუკარისს სურვილი აღუძრა, უბრალო ადამიანისთვის მისი სიტყვები უფრო გასაგები გაეხადა. მას ესმოდა, რომ დედანში, შთაგონებულ ბერძნულ ბიბლიურ ხელნაწერებში, გამოყენებული ენა უბრალო ადამიანისთვის აღარ იყო გასაგები. ასე რომ, პირველი წიგნი, რომლის თავისი დროის ბერძნულზე გადასათარგმნად იზრუნა ლუკარისმა, იყო ქრისტიანულ-ბერძნული წერილები. 1629 წლის მარტში სწავლულმა ბერმა, მაქსიმუს კალიპოლიტისმა, დაიწყო მასზე მუშაობა. ბევრი მართლმადიდებელი თვლიდა, რომ რაც უნდა გაუგებარი ყოფილიყო მკითხველისთვის საღვთო წერილის ტექსტი, მისი თარგმნა აღმაშფოთებელი რამ იყო. მათ დასამშვიდებლად ლუკარისმა დედნის ტექსტი და ახალი თარგმანი პარალელურ სვეტებად დააბეჭდინა და ძალიან ცოტა შენიშვნა დაურთო. იმის გამო, რომ კალიპოლიტისი ხელნაწერის გადაცემიდან მალე გარდაიცვალა, ლუკარისმა თავად წაიკითხა კორექტურა. ეს თარგმანი ლუკარისის სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1638 წელს გამოიცა.
ლუკარისის სიფრთხილის მიუხედავად, ამ თარგმანმა ბევრი ეპისკოპოსის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ღვთის სიტყვისადმი ლუკარისის სიყვარული ცხადად ჩანს ბიბლიის თარგმანის წინასიტყვაობიდან. ის წერდა, რომ სალაპარაკო ენაზე წარმოდგენილი საღვთო წერილი არის „საამური ცნობა, რომელიც ზეციდან გადმოგვეცა“. ის არიგებდა ხალხს, „სცოდნოდათ [ბიბლიის] მთელი შინაარსი“, და ამბობდა, რომ არ არსებობს სხვა გზა „რწმენასთან დაკავშირებული საკითხების ზუსტად გაგებისა. . . გარდა ღვთიური და წმინდა სახარებისა“ (ფილიპელთა 1:9, 10).
ლუკარისი მკაცრად კიცხავდა მათ, ვინც კრძალავდა ბიბლიის შესწავლას, ასევე მათაც, ვინც უარყოფდა დედნის ტექსტის თარგმანს: „თუკი ვლაპარაკობთ ან ვკითხულობთ გაგების გარეშე, ეს იმის 1 კორინთელთა 14:7—9). წინასიტყვაობის დასასრულს მან დაწერა: „როდესაც კითხულობთ ამ ღვთიურ და წმინდა სახარებას მშობლიურ ენაზე, მიიღეთ მისგან მომდინარე სარგებლობა . . . და დაე ღმერთმა მუდამ გაგინათოთ გზა იმისაკენ, რაც კარგია“ (იგავნი 4:18).
მსგავსია, რომ სიტყვები ქარს გავატანოთ“ („სარწმუნოების აღსარება“
ბიბლიის თარგმნის წამოწყების შემდეგ ლუკარისმა მეორე გაბედული ნაბიჯი გადადგა. 1629 წელს ჟენევაში მან „სარწმუნოების აღსარება“ გამოაქვეყნა. ეს იყო პირადი შეხედულების განაცხადი, რომელზეც იმედოვნებდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მიიღებდა. წიგნ „მართლმადიდებელი ეკლესიის“ თანახმად, ეს „აღსარება“ „ნათელს ჰფენს მართლმადიდებლურ სწავლებას სამღვდელოებისა და ყველანაირი წმინდა საკრებულოს შესახებ და კიცხავს ხატების თაყვანისცემასა და წმინდანების მოხმობას, როგორც კერპთაყვანისმცემლობის ფორმებს“.
„აღსარება“ შედგება 18 ნაწილისგან. მისი მეორე ნაწილი აცხადებს, რომ საღვთო წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და რომ მისი ავტორიტეტი ეკლესიისას აღემატება. ის ამბობს: „გვწამს, რომ საღვთო წერილი ღმერთმა გვიბოძა. . . გვწამს, რომ საღვთო წერილის ავტორიტეტი ეკლესიის ავტორიტეტზე მაღლა დგას. სულიწმიდით განსწავლა ადამიანის მიერ განსწავლისგან დიდად განსხვავდება“ (2 ტიმოთე 3:16).
მერვე და მეათე ნაწილები ამტკიცებს იმას, რომ იესო ქრისტე არის ერთადერთი შუამავალი, მღვდელმთავარი და კრების თავი. ლუკარისი წერდა: „გვწამს, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე თავისი მამის მარჯვნივ ზის და შუამავლობას გვიწევს. მხოლოდ ის ასრულებს ჭეშმარიტი და კანონიერი მღვდელმთავრისა და შუამავლის მოვალეობას“ (მათე 23:10).
მეთორმეტე ნაწილი აცხადებს, რომ ეკლესია გზასაცდენილი იქნება, თუკი ცრუსა და ჭეშმარიტს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევს. მაგრამ ერთგულ მსახურთა შრომის შედეგად სულიწმიდის სინათლეს მისი ხსნა შეუძლია. მეთვრამეტე ნაწილში ლუკარისი ამტკიცებს, რომ სალხინებელი მხოლოდ გამონაგონია: „ცხადია, რომ არ უნდა დაიშვას გამონაგონი სალხინებლის შესახებ“.
„აღსარების“ დანართი ბევრ კითხვა-პასუხს შეიცავს. აქ ლუკარისი პირველად ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საღვთო წერილი ყველა მორწმუნემ უნდა იკითხოს და რომ ქრისტიანისთვის საზიანოა ღვთის სიტყვის კითხვის უგულებელყოფა. შემდეგ ის დასძენს, რომ აპოკრიფულ წიგნებს უნდა ვუფრთხილდეთ (მეოთხე კითხვა შემდეგნაირია: „რას უნდა ვფიქრობდეთ ხატების შესახებ?“. ლუკარისი პასუხობს: «ჩვენ განსწავლული ვართ ღვთაებრივი და წმინდა წერილით, რომელიც გარკვევით ამბობს, „არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე; არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო“ [გამოსვლა 20:4, 5]; ამიტომ ჩვენ თაყვანი უნდა ვცეთ არა ქმნილებას, არამედ მხოლოდ ცისა და დედამიწის შემოქმედს, და მხოლოდ მას უნდა ვემსახუროთ. . . [ხატების] თაყვანისცემა და მათდამი მსახურება, რის გაკეთებაც აკრძალულია . . . საღვთო წერილში და რის გათვალისწინებაც ჩვენ არ უნდა დაგვევიწყებინა, უარვყავით და შემოქმედის ნაცვლად თაყვანს ვცემთ საღებავებს, ხელოვნებასა და ქმნილებებს» (საქმეები 17:29).
თუმცა ლუკარისს არ შეეძლო ყველა მცდარი საკითხის სრულად გაგება სულიერი წყვდიადის ეპოქაში, რომელშიც ცხოვრობდა *, მან საქებარი ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ საეკლესიო მოძღვრება ბიბლიაზე ყოფილიყო დაფუძნებული და ბიბლიური მოძღვრებით გაენათლებინა ხალხი.
„აღსარების“ გამოცემისთანავე ლუკარისის მიმართ წინააღმდეგობის განახლებული ტალღა აგორდა. 1633 წელს კირილოს კონტარი, ბეროიას (დღევანდელი ალეპო) მიტროპოლიტი, ლუკარისის პირადი მტერი, რომელსაც მხარს უჭერდნენ იეზუიტები, შეეცადა პატრიარქის ადგილისთვის შევაჭრებოდა ოსმალებს. მაგრამ კონტარის გეგმა ჩაეშალა, რადგან ფულის გადახდა ვერ შეძლო. ლუკარისმა შეინარჩუნა თავისი ადგილი. მომდევნო წელს ათანასე თესალონიკელმა ამ ადგილისთვის დაახლოებით 60 ათასი ვერცხლის მონეტა გადაიხადა. ლუკარისი კვლავ გადააყენეს. მაგრამ ერთ თვეში ისევ მოიწვიეს და აღადგინეს. ამ დროისთვის კირილოს კონტარიმ 50 ათასი ვერცხლის მონეტა იშოვა. ამჯერად ლუკარისი როდოსზე გადაასახლეს. ექვსი თვის შემდეგ მისმა მეგობრებმა შეძლეს მისი დაბრუნება.
მაგრამ 1638 წელს იეზუიტებმა და მათმა მართლმადიდებელმა მხარდამჭერებმა ლუკარისს ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ სახელმწიფოს ღალატი დააბრალეს. ამჯერად სულთანმა მისი სიკვდილით დასჯის განკარგულება გასცა. ლუკარისი დააპატიმრეს და 1638 წლის 27 ივლისს, ვითომ გადასასახლებლად, პატარა ხომალდზე აიყვანეს. როგორც კი ხომალდმა ზღვაში შეცურა, ის დაახრჩვეს. მისი სხეული ნაპირთან ახლოს ჩაფლეს, მოგვიანებით კი ამოთხარეს და ზღვაში გადააგდეს. გვამი მეთევზეებმა იპოვეს და მოგვიანებით მეგობრებმა დაკრძალეს.
გაკვეთილი ჩვენთვის
„მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის, რომ [ლუკარისის] ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სამღვდელოებისა და მრევლის განათლების დონის ამაღლება, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნესა და მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში უაღრესად დაბალ საფეხურზე იდგა“, — ამბობს ერთი მეცნიერი. თავისი მიზნის მიღწევაში ლუკარისს უამრავი დაბრკოლება უშლიდა ხელს. ის ხუთჯერ გადააყენეს პატრიარქობიდან. მისი სიკვდილიდან ოცდათოთხმეტი წლის შემდეგ იერუსალიმის სინოდმა მისი შეხედულებები მწვალებლობად შერაცხა და ანათემას გადასცა. ისინი აცხადებდნენ, რომ საღვთო წერილი „უნდა წაიკითხოს არა ნებისმიერმა, არამედ მხოლოდ მან, ვინც სულის სიღრმეებს სწვდება, სათანადო კვლევა-ძიების შემდეგ“, — ესე იგი, მხოლოდ სავარაუდოდ განათლებულმა მღვდლებმა.
მაშასადამე, მმართველმა საეკლესიო კლასმა ჩაახშო იმის მცდელობა, რომ ღვთის სიტყვა მრევლისთვის მისაწვდომი გამხდარიყო. მათ ულმობლად დაადუმეს ხმა, რომელიც მათი არაბიბლიური მოძღვრების ზოგ შეცდომაზე მიუთითებდა, და დაამტკიცეს, რომ რელიგიური თავისუფლებისა და ჭეშმარიტების დაუძინებელ მტერთა შორის იყვნენ. სამწუხაროდ, ეს განწყობა ჩვენს დროშიც ვლინდება სხვადასხვანაირად. ეს არის გამომაფხიზლებელი შეხსენება იმისა, თუ რა ხდება, როდესაც სამღვდელოების წაქეზებით მოწყობილი ხრიკები აზრისა და სიტყვის თავისუფლებას ეღობება.
[სქოლიო]
^ აბზ. 24 თავის „აღსარებაში“ ის მხარს უჭერს სამებას და დოგმატებს ბედისწერისა და სულის უკვდავების შესახებ — არაბიბლიურ სწავლებებს.
[ჩანართი 29 გვერდზე]
ლუკარისმა საქებარი ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ საეკლესიო მოძღვრება ბიბლიაზე ყოფილიყო დაფუძნებული და ბიბლიური მოძღვრებით გაენათლებინა ხალხი.
[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]
ლუკარისი და ალექსანდრიული კოდექსი
ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ერთ-ერთ განძს წარმოადგენს ალექსანდრიული კოდექსი — ბიბლიის ხელნაწერი, დათარიღებული ახ. წ. მეხუთე საუკუნით. მისი დედნის სავარაუდოდ 820 ფურცლიდან, 773 იქ ინახება.
ალექსანდრიის (ეგვიპტე) პატრიარქად ყოფნის დროს ლუკარისი წიგნების დიდ კოლექციას ფლობდა. როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა, ალექსანდრიული კოდექსი თან წაიღო. 1624 წელს მან ინგლისის მეფე ჯეიმზ I-ისთვის საჩუქრად შესთავაზა ის ბრიტანეთის ელჩს თურქეთში. სამი წლის შემდეგ კოდექსი მის მემკვიდრეს, ჩარლზ I-ს, გადაეცა.
1757 წელს მეფის სამეფო ბიბლიოთეკა ბრიტანეთის ერს გადაეცა და ამჟამად ამ შესანიშნავი კოდექსის ხილვა ბრიტანეთის ახალ ბიბლიოთეკაში, ჯონ რიტბლეტის გალერეაში, არის შესაძლებელი.
[საავტორო უფლება]
Gewerbehalle, Vol. 10
From The Codex Alexandrinus in Reduced Photographic Facsimile, 1909
[საავტორო უფლება 26 გვერდზე]
Bib. Publ. Univ. de Genève