არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ურიმი და თუმიმი

ურიმი და თუმიმი

ურიმი და თუმიმი

ეს იყო საგნები, რომლებიც ღვთის ნების გასაგებად გამოიყენებოდა, როდესაც ერისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე საჭირო იყო იეჰოვას პასუხი.

როგორც ლევიანნის 8:8-შია ჩაწერილი, მას შემდეგ, რაც აარონს გულისპირი (ანუ სამკერდული) გაუკეთა, მოსემ „გულისპირში ურიმი და თუმიმი ჩაუმაგრა“ (აქ). აქ „ში“-დ (გულისპირ-ში) თარგმნილი ებრაული თანდებული შეიძლება „ზე“-დაც იყოს გადმოტანილი. იგივე თანდებული არის გამოყენებული გამოსვლის 25:16-ში, სადაც საუბარია აღთქმის კიდობანში ორი ფიქლის ჩადებაზე (გამოსვლა 31:18). ზოგის აზრით ურიმი და თუმიმი გულისპირზე მიმაგრებული 12 ძვირფასი თვალი იყო. ასეთი წარმოდგენის მცდარობას, ის ფაქტიც ამტკიცებს, რომ მღვდლად კურთხევის დროს აარონს გაუკეთეს სამკერდული, რომელზეც მიმაგრებული იყო 12 თვალი, შემდეგ კი ურიმი და თუმიმი ჩადეს ამ სამკერდულში. აგრეთვე გამოსვლის 28:9, 12, 30-თან შედარება აბათილებს იმ თეორიას, რომ ისინი წარმოადგენდნენ ონიქსის ორ თვალს (ქვას), რომელიც მიმაგრებული იყო მღვდელმთავრის ეფოდის სამხრეებზე (გამოსვლა 28:9—14). როგორც ჩანს, ისინი სხვა რამე უნდა ყოფილიყო.

რა დანიშნულება ჰქონდა მათ

აღსანიშნავია, რომ ურიმი და თუმიმი აარონს გულთან ახლოს უნდა ჰქონოდა, როდესაც „უფლის წინაშე“ შევიდოდა, ანუ წმიდაში წმიდათაწმიდის ფარდის წინ დადგებოდა რომელიმე საკითხზე იეჰოვას ნების გასაგებად. მათი მდებარეობა „აარონის გულთან ახლოს“, აჩვენებს, რომ ურიმი და თუმიმი ორკეც სამკერდულში იყო მოთავსებული. ისინი „ისრაელიანთა განკითხვისთვის“ იყო და გამოიყენებოდა, როდესაც ერის წინამძღოლებს და, მაშასადამე, თვითონ ერს სურდა რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე იეჰოვას ნების შეტყობა. იეჰოვა, ისრაელის კანონმდებელი, პასუხს მღვდელმთავარს ეუბნებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ სწორად ამა თუ იმ ვითარებაში (გამოსვლა 28:30).

დავითმა სთხოვა აბიათარს, ურიმი და თუმიმი გამოეყენებინა, როდესაც ეს უკანასკნელი მასთან ეფოდით მივიდა, მას შემდეგ, რაც მღვდელთა ქალაქის, ნობის, მოსვრას გადაურჩა, სადაც მამამისი დაიღუპა. როგორც ჩანს ეს მღვდელმთავრის ეფოდი იყო (პირველი მეფეთა 22:19, 20; 23:6—15).

შეიძლება წილის საყრელად გამოიყენებოდა

საღვთო წერილში ჩაწერილი მაგალითებიდან, სადაც იეჰოვასგან ურიმისა და თუმიმის მეშვეობით იღებდნენ რჩევას, ჩანს, რომ კითხვა ისეთნაირად იყო დაკონკრეტებული, რომ პასუხად „დიახ“-ს და „არა“-ს მოითხოვდა ან, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მოკლე და კონკრეტული პასუხი შეიძლებოდა გასცემოდა. ერთგან, კერძოდ კი პირველი მეფეთა 28:6-ში, მხოლოდ ურიმია მოხსენიებული და, როგორც ჩანს, აქ თუმიმიც იგულისხმება.

ბიბლიის ბევრი კომენტატორი ფიქრობს, რომ ურიმი და თუმიმი წილის საყრელად გამოიყენებოდა. ჯეიმზ მოფატის თარგმანში გამოსვლის 28:30-ში მათ „წმინდა წილის საყრელი“ ეწოდება. ზოგი ვარაუდობს, რომ ისინი სამი ნაწილისგან შედგებოდა. ერთზე ეწერა სიტყვა „დიახ“, მეორეზე — „არა“ და მესამეზე — არაფერი. კენჭის ამოღებისას, შესაბამისად, დადებით ან უარყოფით პასუხს მიიღებდნენ, ხოლო ცარიელის ამოღებისას მათი შეკითხვა უპასუხოდ რჩებოდა. სხვები ფიქრობენ, რომ ისინი შეიძლება ორი ბრტყელი ქვა იყო, ერთ მხარეზე თეთრი და მეორეზე შავი. დაბლა დაყრისას თუ ორივე ისე დაეცემოდა, რომ თეთრი მხარე ზემოთ იქნებოდა ეს „დიახ“-ს ნიშნავდა თუ შავი — „არა“-ს და თუ ერთი შავი იქნებოდა და მეორე თეთრი — პასუხი არ იყო. ერთხელ, როდესაც საული მღვდლის მეშვეობით ეკითხებოდა ღმერთს, ჩაუგდებდა თუ არა ფილისტიმელებს ხელში, თუ დაესხმებოდა მათ, პასუხი არ მიიღო. რადგან ფიქრობდა, რომ მისი ხალხიდან ვიღაცამ შესცოდა, საულმა ღმერთს მიმართა: „ღმერთო ისრაელისა! მოგვეც თუმიმი“ (აქ). იქ მყოფთაგან იონათანი და საული დაკავდნენ. ამის შემდეგ წილი ამ ორს შორის იყარა. ამ შემთხვევაში ეს თხოვნა, „მოგვეც თუმიმი“, იმაზე მიანიშნებს, რომ ის წილისყრისგან განსხვავდებოდა, თუმცა შეიძლება ისიც ითქვას, რომ ამ ორს შორის რაღაც კავშირი იყო (პირველი მეფეთა 14:36—42).

სამეფოსა და სამღვდელოებას შორის კავშირს უზრუნველყოფდა

აარონის შთამომავლობითი სამღვდელოება იგულისხმება მეორე რჯულის 33:8—10-ში, რომელიც ამბობს: „შენი თუმიმი და ურიმი შენს მადლიან კაცს“. „მადლიანი კაცის [იეჰოვას]“ კუთვნილებად მოხსენიება შეიძლება მიანიშნებდეს ლევიანების ერთგულებაზე (რომელთაგანაც წარმოიშვა აარონის შთამომავლობითი სამღვდელოება), რომელიც ოქროს ხბოსთან დაკავშირებულ შემთხვევაში გამოვლინდა (გამოსვლა 32:25—29).

ურიმი და თუმიმი და აგრეთვე ის, რომ ისინი მღვდელმთავარს ჰქონდა, იეჰოვას გონივრული ღონისძიება იყო. ამან მეფე დამოკიდებული გახადა სამღვდელოებაზე და მეფის ხელში მთელი ძალაუფლების თავმოყრას შეუშალა ხელი, რამაც განაპირობა სამეფოსა და სამღვდელოებას შორის თანამშრომლობა (რიცხვნი 27:18—21). იეჰოვამ ისრაელებს თავისი ნება წერილობით, თავისი სიტყვის, აგრეთვე წინასწარმეტყველთა და სიზმრების საშუალებით განუცხადა. მაგრამ, როგორც ჩანს, წინასწარმეტყველებისა და სიზმრების გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდებოდა, მაშინ როდესაც მღვდელმთავარი ურიმითა და თუმიმით ყოველთვის ხალხთან ერთად იყო.

ძვ. წ. 607 წელს მისი გამოყენება შეწყდა

ებრაული გადმოცემების თანახმად, ურიმისა და თუმიმის გამოყენება შეწყდა, როდესაც იერუსალიმი განადგურდა და ტაძარი დაინგრა ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელთა ჯარების მიერ მეფე ნაბუქოდონოსორის ხელმძღვანელობით (ბაბილონის თალმუდი, სოტახი 48). ამ აზრს ამტკიცებს წიგნებში „ეზრა“ და „ნეემია“ ჩაწერილი, ამ საგნებთან დაკავშირებული, ინფორმაცია. ამ ცნობების თანახმად იმ მამაკაცებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სამღვდელო შტოდან იყვნენ, მაგრამ არ იყვნენ საგვარტომო ნუსხაში, არ უნდა ეჭამათ წმიდათაწმიდიდან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელმთავარი ურიმითა და თუმიმით. მაგრამ აქ არ არის მოხსენიებული იმ დროს მათი გამოყენების შესახებ და მას შემდეგ ბიბლიაც აღარ მოიხსენიებს ამ საღვთო საგნებს (პირველი ეზრა 2:61—63; ნეემია 7:63—65).

იეჰოვასგან უფრო დიდებული მღვდელმთავარი იღებს რჩევა-დარიგებას

ებრაელებისადმი მიწერილ პავლეს წერილში იესო ქრისტე აღწერილია მეფე-მღვდელმთავრად მელქისედეკის წესით (ებრაელთა 6:19, 20; 7:1—3). ის მეფეც არის და მღვდელმთავარიც. მისი სამღვდელო მსახურება წარმოსახული იყო ძველი ისრაელის მღვდელმთავრის მსახურებით (ებრ. 8:3—5; 9:6—12). მთელი კაცობრიობის განსჯის უფლება მიცემული აქვს მას, როგორც ასეთ მღვდელმთავარს (იოანე 5:22). მიუხედავად ამისა, დედამიწაზე ყოფნისას იესომ განაცხადა: „სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ. ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს“ და „არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ“ (იოანე 14:10; 8:28). აგრეთვე მან თქვა: „მე თუ განვსჯი, ჩემი მსჯავრი ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მე მომავლინა“ (იოანე 8:16). რა თქმა უნდა, ზეცაში განდიდებული, სრულყოფილი მარადიული მღვდელმთავარი, იესო, განაგრძობს მამისადმი მორჩილებას და მის ნებასთან შეთანხმებულად აღასრულებს განაჩენს (ებრაელთა 7:28; შეადარეთ 1 კორინთელთა 11:3; 15:27, 28).