არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘ქრისტეს გონებასთან’ გაცნობა

‘ქრისტეს გონებასთან’ გაცნობა

‘ქრისტეს გონებასთან’ გაცნობა

„ვინ შეიცნო გონება უფლისა, რათა განსაჯოს იგი? ხოლო ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვს“ (1 კორინთელთა 2:16, სსგ).

1, 2. იესოს შესახებ რის გამხელა ჩათვალა საჭიროდ იეჰოვამ თავის სიტყვაში?

როგორ გამოიყურებოდა იესო? რა ფერის თმა ჰქონდა? როგორი კანი ან თვალები? რა სიმაღლის იყო? რამდენს იწონიდა? საუკუნეებია, რაც მხატვრები იესოს სხვადასხვაგვარად, ხან ბუნებრივად და ხანაც არაბუნებრივად, წარმოგვიდგენენ. ზოგის ნახატებში ის ვაჟკაცური და ჯან–ღონით აღსავსე მამაკაცი იყო, ზოგისაში კი სუსტი და ფერმიხდილი.

2 მაგრამ ბიბლია ყურადღებას არ ამახვილებს იესოს გარეგნობაზე. ნაცვლად ამისა, იეჰოვა საჭიროდ მიიჩნევს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამის გამხელას, იმის გამხელას, თუ როგორი პიროვნება იყო ის. სახარებები არა მარტო იმას გვეუბნება, რას ამბობდა და აკეთებდა იესო, არამედ იესოს სიტყვებითა და მოქმედებებით გვიმხელს მისი გრძნობების სიღრმესა და აზროვნების ნიმუშს. ღვთის შთაგონებით დაწერილი ოთხი ცნობა საშუალებას გვაძლევს ჩავიხედოთ, პავლეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ‘ქრისტეს გონებაში’ (1 კორინთელთა 2:16, სსგ). ძალიან მნიშვნელოვანია, გავეცნოთ იესოს აზრებს, გრძნობებსა და პიროვნულ თვისებებს. რატომ? სულ მცირე, ორი მიზეზის გამო.

3. რაში გვაცნობიერებს ქრისტეს გონებასთან გაცნობა?

3 პირველი, ქრისტეს გონებასთან გაცნობა იეჰოვა ღმერთის გონებაზე გვიქმნის წარმოდგენას. იესო იმდენად ახლოს იცნობდა მამას, რომ შეეძლო ეთქვა: „არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა. და არავინ იცის ვინ არის მამა, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძემ უნდა განუცხადოს“ (ლუკა10:22, აქ). იესომ ერთხელ დაახლოებით ასეთი აზრი გამოთქვა: „თუ გსურთ გაიგოთ, როგორია იეჰოვა, შემომხედეთ მე“ (იოანე 14:9). ამგვარად, სახარებებიდან იესოს აზროვნებასა და გრძნობებთან გაცნობა, ფაქტობრივად, იეჰოვას აზროვნებასა და გრძნობებთან გაცნობაა. ეს კი ღმერთთან მიახლოების საშუალებას გვაძლევს (იაკობი 4:8).

4. რა უნდა ვისწავლოთ პირველ რიგში და რატომ, თუ ნამდვილად გვსურს, მივბაძოთ ქრისტეს მოქმედებას?

4 მეორე, იესოს გონებასთან გაცნობა ‘მისი კვალის მიყოლაში’ დაგვეხმარება (1 პეტრე 2:21). იესოს კვალზე სიარული მხოლოდ მისი სიტყვების გამეორებითა და საქმეების მიბაძვით არ ამოიწურება. რადგან საუბრებსა და მოქმედებებზე აზრები და გრძნობები ახდენს გავლენას, ქრისტეს კვალზე სიარულს იმავე ‘აზრების’ განვითარება სჭირდება, როგორიც თავად მას ჰქონდა (ფილიპელთა 2:5). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სინამდვილეში ქრისტეს მოქმედების მიბაძვა გვსურს, საჭიროა, პირველ რიგში, მასავით აზროვნება და შეგრძნება ვისწავლოთ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია არასრულყოფილი ადამიანისთვის. მოდი სახარების მწერალთა დახმარებით ჩავწვდეთ ქრისტეს გონებას. პირველ რიგში, განვიხილოთ ქრისტეს აზრებსა და გრძნობებზე მოქმედი ფაქტორები.

განკაცებამდე

5, 6. ა) რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენზე იმან, თუ ვისთან გვაქვს ურთიერთობა? ბ) ვისთან ჰქონდა ურთიერთობა ღვთის მხოლოდშობილ ძეს დედამიწაზე მოსვლამდე და რა გავლენა იქონია ამან მასზე?

5 ისინი, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ ერთიმეორესთან, დადებითად ან უარყოფითად მოქმედებენ ერთმანეთის აზრებზე, გრძნობებსა და მოქმედებაზე * (იგავნი 13:20). განვიხილოთ, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა იესოს დედამიწაზე ჩამოსვლამდე, ზეცაში ყოფნისას. იოანეს სახარება იესოს განკაცებამდე „სიტყვას“ ანუ ღვთის წარმომადგენლად მოლაპარაკეს უწოდებს. იოანე ამბობს: «თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი [„ღვთაებრივი“, აქ]. ის იყო თავდაპირველად ღმერთთან» (იოანე 1:1, 2). რადგან იეჰოვას დასაბამი არა აქვს, ღმერთთან „თავდაპირველად“ ყოფნა შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისზე უნდა მიუთითებდეს (ფსალმუნი 89:2). იესო არის „პირმშო ყოველი ქმნილებისა“. მაშასადამე, ის სხვა სულიერი ქმნილებებისა და ფიზიკური სამყაროს შექმნამდე არსებობდა (კოლასელთა 1:15; გამოცხადება 3:14).

6 ზოგი მეცნიერის აზრით, ფიზიკური სამყარო უკვე დაახლოებით 12 მილიარდი წელია, რაც არსებობს. თუ მათი აზრი სიმართლესთან გარკვეულწილად მაინც არის ახლოს, ღვთის პირმშოს ადამის შექმნამდე საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში ჰქონდა მამასთან ახლო ურთიერთობა (შეადარეთ მიქა 5:1). ამ ხნის განმავლობაში ამ ორ პიროვნებას შორის თბილი და ღრმა გრძნობები განვითარდა. ბიბლიაში გაპიროვნებული სიბრძნის, ანუ განკაცებამდე ღვთის პირმშოს, შესახებ ნათქვამია: „დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის [იეჰოვას] წინაშე ვლაღობდი“ (იგავნი 8:30). დიახ, სიყვარულის წყაროსთან უთვალავი წლის განმავლობაში ახლო ურთიერთობამ ღვთის ძეზე უდიდესი გავლენა იქონია! (1 იოანე 4:8). ძემ შეუდარებლად კარგად გაიცნო და აირეკლა მამის აზრები, გრძნობები და გზები (მათე 11:27).

დედამიწაზე ცხოვრება და მასზე აქ მოხდენილი გავლენა

7. რა არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აუცილებელი იყო ღვთის მხოლოდშობილი ძის დედამიწაზე მოსვლა?

7 ღვთის ძეს ამ დროს კიდევ რაღაც უნდა ესწავლა, რადგან ღმერთს მისი მღვდელმთავრად მომზადება ჰქონდა განზრახული და თანაც ისეთ მღვდელმთავრად, რომელსაც შეეძლებოდა ‘თანაეგრძნო ჩვენს უძლურებაში’ (ებრაელთა 4:15). ამ როლის შესასრულებლად საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილება იყო იმის ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ძე დედამიწაზე ხორციელად მოევლინა. აქ სისხლისა და ხორცისგან შემდგარი სხეულის მქონე იესომ საკუთარ თავზე გამოსცადა ის სიტუაციები და გავლენა, რომლებსაც ადრე მხოლოდ ზეციდან დაჰყურებდა. ახლა მას უკვე თავად შეეძლო გამოეცადა ადამიანური გრძნობები და ემოციები. ზოგჯერ ის დაღლილობას, წყურვილსა და შიმშილს გრძნობდა (მათე 4:2; იოანე 4:6, 7). გარდა ამისა, მან აიტანა ყოველგვარი გაჭირვება და ტანჯვა. იესომ ამგვარად „ისწავლა მორჩილება“ და გახდა ისეთი პიროვნება, რომელიც მღვდელმთავრის როლის შესასრულებლად გამოდგებოდა (ებრაელთა 5:8–10).

8. რა ვიცით იესოს ბავშვობის წლების შესახებ?

8 რა გადახდა თავს იესოს დედამიწაზე ყოფნისას? მისი ბავშვობის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. მხოლოდ მათე და ლუკა მოგვიყვნენ მის დაბადებასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. სახარების მწერლებმა იცოდნენ, რომ იესო დედამიწაზე დაბადებამდე ზეცაში ცხოვრობდა. სწორედ ამ განკაცებამდელმა ცხოვრებამ განაპირობა, სხვა ყველაფერზე მეტად, იესოს ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბება, როგორიც ის დედამიწაზე ყოფნისას იყო. მიუხედავად ამისა, ის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი იყო. თუმცა სრულყოფილი იყო, უნდა გაზრდილიყო და გაევლო ჩვილობისა თუ ბავშვობის, მოზარდობისა თუ ზრდადასრულებულობის პერიოდი და ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის რაღაც ესწავლა (ლუკა 2:51, 52). ბიბლია იესოს ბავშვობის შესახებ გვამცნობს გარკვეულ მომენტებს, რომლებმაც, ეჭვგარეშეა, გავლენა იქონია მასზე.

9. ა) რა გვიჩვენებს, რომ იესო ღარიბ ოჯახში დაიბადა? ბ) რა მდგომარეობაში იზრდებოდა, ალბათ, იესო?

9 როგორც ჩანს, იესო ღარიბ ოჯახში დაიბადა. ამაზე მიუთითებს მისი დაბადებიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ იოსებისა და მარიამის მიერ ტაძარში მიტანილი მსხვერპლი. აღსავლენ მსხვერპლად ბატკნის მიყვანისა და ცოდვის გამოსასყიდად მტრედის ხუნდის ან გვრიტის შეწირვის ნაცვლად, მათ „ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა“ მიიყვანეს (ლუკა 2:24). მოსეს რჯულის თანახმად, ასეთ მსხვერპლს ღარიბები სწირავდნენ (ლევიანნი 12:6–8). დროთა განმავლობაში ეს ღარიბი ოჯახი გაიზარდა. იესოს სასწაულებრივად დაბადების შემდეგ იოსებსა და მარიამს სულ მცირე ექვსი შვილი გაუჩნდათ (მათე 13:55, 56). ასე რომ, იესო დიდ, უბრალო ოჯახში აღიზარდა.

10. რა გვიჩვენებს, რომ მარიამი და იოსები ღვთისმოშიშები იყვნენ?

10 იესო ღვთისმოშიშმა მშობლებმა გაზარდეს, რომლებიც მას მზრუნველობას არ აკლებდნენ. დედამისი, მარიამი, შესანიშნავი ქალი იყო. გაიხსენეთ, მისთვის ანგელოზ გაბრიელის მიერ ნათქვამი სიტყვები: „გიხაროდეს, მომადლებულო, შენთანაა უფალი“ (ლუკა 1:28). იოსებიც ღვთისმოსავი კაცი იყო. იერუსალიმში პასექის ზეიმზე დასასწრებად ის ყოველწლიურად ერთგულად გადიოდა 150 კილომეტრს. მარიამიც ყოველთვის თან ახლდა ქმარს ამ დღესასწაულზე, თუმცა ეს მხოლოდ მამაკაცებისგან მოითხოვებოდა (გამოსვლა 23:17; ლუკა 2:41). ერთი ასეთი შემთხვევის დროს, იოსებმა და მარიამმა 12 წლის იესო გულმოდგინე ძებნის შემდეგ ტაძარში მოძღვართა შორის მჯდომი იპოვეს. ბავშვმა აღელვებულ მშობლებს უთხრა: „ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?“ (ლუკა 2:49). „მამა“ — ყრმა იესოსთვის ეს სიტყვა თბილი და დადებითი გრძნობების მომცველი იქნებოდა, რადგან, როგორც ჩანს, მისთვის უკვე ნათქვამი ჰქონდათ, რომ იეჰოვა იყო მისი ნამდვილი მამა. გარდა ამისა, არც იოსები უნდა ყოფილიყო ცუდი მამობილი, რადგან იეჰოვა თავისი საყვარელი ძის აღსაზრდელად სასტიკ და მკაცრ პიროვნებას ნამდვილად არ შეარჩევდა!

11. რა ხელობას დაეუფლა იესო და ბიბლიურ დროში რა შედიოდა ამ საქმიანობაში?

11 ნაზარეთში ყოფნისას იესომ დურგლობა ისწავლა, ალბათ, თავისი მამობილისგან, იოსებისგან. იესო იმდენად კარგად დაეუფლა ამ ხელობას, რომ მასაც ‘ხუროს’ უწოდებდნენ (მარკოზი 6:3). ბიბლიურ დროში დურგლები აშენებდნენ სახლებს, აკეთებდნენ ავეჯს (მაგიდებს, ტაბურეტებს, სკამებს და სხვა) და ამზადებდნენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღს. „ტრიფოსთან დიალოგში“ იუსტინე წამებული ახ. წ. მეორე საუკუნეში იესოს შესახებ წერდა: „დედამიწაზე ყოფნისას მას ჩვეულებად ჰქონდა სადურგლო საქმეების კეთება, მაგალითად, გუთნისა და უღლის დამზადება“. ეს ადვილი საქმე არ იყო, რადგან ძველ დროში დურგალს არ ჰქონდა ხის ყიდვის საშუალება. ის თვითონ მიდიოდა, არჩევდა ხეს, ჭრიდა და სახლში მოჰქონდა. ასე რომ, იესოსთვის უცხო არ ყოფილა სასიცოცხლოდ აუცილებელი სახსრების გამომუშავების, შემკვეთებთან ურთიერთობისა და ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფის სირთულეები.

12. რა ცხადყოფს, რომ იოსები, ალბათ, იესოზე ადრე მოკვდა და რას ნიშნავდა ეს იესოსთვის?

12 როგორც უფროსი ვაჟი, იესო, ალბათ, ოჯახზე ზრუნვაშიც იღებდა მონაწილეობას, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც იოსები გარდაიცვალა *. 1900 წლის 1 იანვრის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „გადმოცემის თანახმად, იოსები მაშინ მოკვდა, როდესაც იესო ჯერ კიდევ ყრმა იყო. ბიჭმა დურგლობა დაიწყო და ამით ოჯახს ეხმარებოდა. ამ განაცხადს გარკვეულწილად ადასტურებს ის ბიბლიური ცნობა, სადაც იესოს ხუროს უწოდებენ და სადაც მოხსენიებულია მისი დედა და და-ძმები, მაგრამ არაფერია ნათქვამი იოსებზე (მარკოზი 6:3). . . ამიტომ სრულიად დასაშვებია, რომ ჩვენი უფალი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის, 18 წლის, განმავლობაში — ამ [ლუკას 2:41—49-ში მოცემული] შემთხვევიდან მონათვლამდე — ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას ეწეოდა“. მარიამისა და მისი შვილებისთვის, იესოს ჩათვლით, ალბათ, უცხო არ იყო საყვარელი მეუღლისა და მამის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი.

13. მსახურების დაწყებისას რატომ ჰქონდა იესოს ისეთი ცოდნა, გამჭრიახობა და ღრმა გრძნობები, როგორიც ვერც ერთ სხვა ადამიანს ვერ ექნებოდა?

13 ცხადია, იესო არ დაბადებულა ისეთ ოჯახში, სადაც იოლი ცხოვრება ექნებოდა. პირიქით, მან საკუთარ თავზე გამოსცადა უბრალო ხალხის ყოველდღიური ყოფა. ახ. წ. 29 წელს დადგა დრო, როდესაც იესოს ღვთის მიერ მიცემული დავალება უნდა შეესრულებინა. იმ წლის შემოდგომაზე ის წყალში მოინათლა და ღვთის სულიერ ძედ იშვა. ‘გაიხსნა ცა მისთვის’, რაც, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებდა, რომ მას შეეძლო გაეხსენებინა ზეცაში განკაცებამდელი ცხოვრება და, მათ შორის, ის აზრები და გრძნობები, რაც ადრე ჰქონდა (ლუკა 3:21, 22). ასე რომ, მსახურების დაწყებისას იესოს ისეთი ცოდნა, გამჭრიახობა და ღრმა გრძნობები ჰქონდა, როგორიც ვერც ერთ სხვა ადამიანს ვერ ექნებოდა. სწორედ ამიტომ, სახარებების მწერლებმა უმეტესწილად იესოს მსახურების ამსახველი მომენტები აღწერეს. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ჩაწერეს ყველაფერი, რაც მან თქვა და გააკეთა (იოანე 21:25). მაგრამ ღვთის შთაგონებით მათ მიერ გაკეთებული ჩანაწერები საშუალებას გვაძლევს, ჩავიხედოთ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანის გონებაში.

როგორი პიროვნება იყო იესო

14. როგორ აღგვიწერს სახარებები იესოს დიდად თბილ და ღრმა გრძნობების მქონე ადამიანად?

14 სახარებებიდან ვხედავთ, რომ იესო დიდად თბილი და ღრმა გრძნობების მქონე ადამიანი იყო. მან მრავალმხრივ გამოავლინა თავისი ემოციები: ებრალებოდა კეთროვნები (მარკოზი 1:40, 41); წუხდა გულგრილ ხალხზე (ლუკა 19:41, 42); სამართლიანად აღშფოთდა ფულის გადამცვლელთა სიხარბეზე (იოანე 2:13—17). იესოს, თანაგრძნობით აღსავსე მამაკაცს, შეეძლო ატირებულიყო და არ დაემალა თავისი გრძნობები. როდესაც საყვარელი მეგობარი, ლაზარე, მოკვდა, მისი დის, მარიამის, ცრემლების დანახვამ იმდენად შეძრა, რომ თვითონაც ყველას წინაშე ატირდა (იოანე 11:32—36).

15. როგორ გამოჩნდა იესოს თბილი გრძნობები სხვების შესახებ მის თვალსაზრისსა და მათდამი მოპყრობაში?

15 იესოს თბილი გრძნობები განსაკუთრებით სხვების შესახებ მის თვალსაზრისსა და მათ მიმართ მოპყრობაში ვლინდებოდა. მას ურთიერთობა ჰქონდა ღარიბებსა და ჩაგრულებთან და მათ ‘სულის სიმშვიდის’ პოვნაში ეხმარებოდა (მათე 11:4, 5, 28—30). ის არასოდეს ყოფილა იმდენად დაკავებული, რომ ვერ გამოხმაურებოდა ტანჯულთა სატკივარს, იქნებოდა ეს სისხლდენით გაწამებული ქალი, რომელიც მალულად შეეხო მის სამოსელს თუ ბრმა მათხოვარი, რომელიც არაფრით ჩუმდებოდა (მათე 9:20—22; მარკოზი 10:46—52). იესო სხვებში კარგს ეძებდა და ამ კარგისთვის აქებდა მათ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამხელდა კიდეც (მათე 16:23; იოანე 1:47; 8:44). მაშინ როდესაც ქალების უფლებები შეზღუდული იყო, იესო მათ ღირსებას არ ლახავდა და სათანადო პატივით ეპყრობოდა (იოანე 4:9, 27). გასაკვირი არ არის, რომ ქალები დიდი სიამოვნებით „ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით“ (ლუკა 8:3).

16. რა ცხადყოფს, რომ იესოს ცხოვრებასა და მატერიალურ ნივთებთან დაკავშირებით გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა?

16 იესოს გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდა ცხოვრებაზე. მატერიალური საგნები მისთვის უმნიშვნელოვანესი არ იყო. მატერიალურად, როგორც ჩანს, მას ძალიან ცოტა რამ თუ ებადა. იესომ თავის თავზე თქვა: „კაცის ძეს. . . არ გააჩნია, სად მიიდრიკოს თავი“ (მათე 8:20). ამავე დროს, იესოს სხვებისთვის სიხარული მოჰქონდა. ქორწილში ყოფნისას — რომელზეც, ჩვეულებრივ, ჟღერს მუსიკა, მღერიან და ხარობენ — ცხადია, ის მოღუშული არ დადიოდა და სხვებს მხიარულებას არ უშხამავდა. მან აქ მოახდინა თავისი პირველი სასწაული. როდესაც ღვინო გაუთავდათ, წყალი ისეთ მშვენიერ ღვინოდ აქცია, რომელიც ‘კაცის გულს ამხიარულებს’ (ფსალმუნი 103:15; იოანე 2:1—11). ამგვარად, მან ქორწილში მყოფთ ლხინის გაგრძელების საშუალება მისცა, ხოლო სიძე-პატარძალი უხერხული მდგომარეობიდან გამოიყვანა. იესოს გაწონასწორებული თვალსაზრისი კიდევ უფრო ნათლად ირეკლება ბევრ სხვა შემთხვევაში, როდესაც ის მსახურებაში დიდხანს და მძიმედ შრომობდა (იოანე 4:34).

17. რატომ არ არის გასაკვირი, რომ იესო დახელოვნებული მასწავლებელი იყო და რა ირეკლებოდა მის სწავლებაში?

17 იესო დახელოვნებული მასწავლებელი იყო. მისი სწავლების უმეტეს ნაწილში ყოველდღიური ყოფა ირეკლებოდა; ამ ცხოვრებასთან ის საკმაოდ კარგად იყო გაცნობილი (მათე 13:33; ლუკა 15:8). ასწავლიდა საოცრად — ძალზე ნათლად, მარტივად და პრაქტიკული თვალსაზრისიდან გამომდინარე. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რასაც ასწავლიდა. მის სწავლებაში ირეკლებოდა იმის გულწრფელი სურვილი, რომ მსმენელი იეჰოვას აზრებს, გრძნობებსა და გზებს გასცნობოდა (იოანე 17:6—8).

18, 19. ა) რა ცოცხალი სურათებით წარმოგვიდგინა იესომ მამამისი? ბ) რაზე იქნება საუბარი მომდევნო სტატიაში

18 ხშირად მამის სხვებისთვის წარსადგენად იესო თვალსაჩინო მაგალითებად ისეთ ცოცხალ სურათებს იყენებდა, რომ მათი დავიწყება შეუძლებელი იყო. ერთია, ზოგადად ილაპარაკო ღვთის გულმოწყალებაზე, მაგრამ სრულიად სხვაა, ის შეადარო მოწყალე მამას, რომელიც იმდენად აღაფრთოვანა დაბრუნებული ძის დანახვამ, რომ „გაიქცა, კისერზე შემოეხვია და დაკოცნა“ (ლუკა 15:11—24). იესომ უკუაგდო რელიგიურ წინამძღოლთა მკაცრი ტრადიცია, რომლის თანახმადაც უბრალო ხალხს ზემოდან დაჰყურებდნენ და ახსნა, რომ მამამისი არის ღმერთი, რომელიც დიდი სიამოვნებით იღებს ყველას და თავმდაბალი მებაჟის თხოვნას ამჯობინებს ტრაბახა ფარისევლის თვალთმაქცურ ლოცვას (ლუკა 18:9—14). იესომ იეჰოვა აღწერა მზრუნველ ღმერთად, რომელსაც მიწაზე ბეღურის ჩამოვარდნაც კი არ გამორჩება მხედველობიდან. „ნუ გეშინიათ, — ამშვიდებდა თავის მოწაფეებს, — ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“ (მათე 10:29, 31). გასაგებია, რომ ხალხი გაოცებული იყო მისი ‘მოძღვრებით’ და მათ იზიდავდა იესოს პიროვნება (მათე 7:28, 29). ამიტომაც ერთხელ „დიდძალმა ხალხმა“ მოიყარა თავი მასთან და სამი დღე არ მოშორებიან, მიუხედავად იმისა, რომ საჭმელი არ ჰქონდათ! (მარკოზი 8:1, 2).

19 რაოდენ მადლიერები უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ იეჰოვამ თავის სიტყვაში ქრისტეს გონება აღგვიწერა! მაგრამ როგორ შეგვიძლია განვავითაროთ და სხვებთან ურთიერთობაში გამოვავლინოთ ქრისტეს გონება? ამაზე მომდევნო სტატიაში იქნება საუბარი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 იმის დანახვა, რომ სულიერ ქმნილებებზეც ახდენს გავლენას, თუ ვისთან აქვთ ურთიერთობა, ჩანს გამოცხადების 12:3, 4-დან. იქ სატანა აღწერილია ‘გველეშაპად’, რომელმაც შეძლო გავლენა მოეხდინა სხვა ‘ვარსკვლავებზე’, ანუ სულიერ ძეებზე, ისინი თავის მხარეზე გადაიბირა და მოჯანყეები გახადა (შეადარეთ იობი 38:7).

^ აბზ. 12 უკანასკნელად იოსები პირდაპირ მაშინ არის მოხსენიებული, როდესაც 12 წლის იესო ტაძარში იპოვეს. კანაში ქორწილისა და იესოს მიერ მსახურების დაწყების აღწერისას არაფერია ნათქვამი იოსების შესახებ (იოანე 2:1—3). ახ. წ. 33 წელს ძელზე გაკრულმა იესომ მარიამზე მზრუნველობა თავის საყვარელ მოციქულს, იოანეს, მიანდო. იოსები რომ ცოცხალი ყოფილიყო, იესო, ალბათ, ამას არ გააკეთებდა (იოანე 19:26, 27).

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ‘ქრისტეს გონებასთან’ გაცნობა?

• განკაცებამდე ვისთან ჰქონდა იესოს ურთიერთობა?

• დედამიწაზე ცხოვრებისას რა სიტუაციებში მოხვდა და რა გავლენას დაექვემდებარა იესო?

• რას გვეუბნება სახარებები იესოს პიროვნების შესახებ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 10 გვერდზე]

იესო, როგორც ჩანს, დიდ და უბრალო ოჯახში გაიზარდა.

[სურათები 12 გვერდზე]

მოძღვრები გააოცა 12 წლის იესოს ცოდნამ და პასუხებმა.