არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ლოცვის ძალა

ლოცვის ძალა

ლოცვის ძალა

შუა აღმოსავლეთში, ნახორის ქალაქში, მზე ჩადის. სირიელი მამაკაცი, სახელად ელეაზარი, ათი აქლემისგან შემდგარი ქარავნით უახლოვდება იქაურობას და ქალაქის გარეთ, ჭასთან, ჩერდება. რასაკვირველია, ის დაღლილი და მწყურვალია, მაგრამ უფრო მეტად სხვების საჭიროებებზე ზრუნავს. უცხო ქვეყნიდან იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ თავისი პატრონის ვაჟს საცოლე მოუძებნოს. გარდა ამისა, მან თავისი პატრონის ნათესავებს შორის უნდა იპოვოს სარძლო. როგორ შეასრულებს ის ამ რთულ დავალებას?

ელეაზარი დარწმუნებულია ლოცვის ძალაში. ის საოცრად დიდი და გულწრფელი რწმენით თავმდაბლად ითხოვს: „უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს, მადლი უყავი ჩემს პატრონს, აბრაამს! აჰა, ვდგავარ ჭასთან და ამ ქალაქის მკვიდრთა ასულნი სადაცაა გამოვლენ წყლის ამოსაღებად. თუ მოხდა და ყმაწვილქალმა, რომელსაც ვეტყვი, პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ-მეთქი, მითხრა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული. მივხვდები, რომ მადლი უყავი ჩემს პატრონს“ (დაბადება 24:12—14).

ელეაზარი ამაოდ არ არის დარწმუნებული ლოცვის ძალაში. ჭასთან მისული პირველივე ქალიშვილი აბრაამის ძმის შვილიშვილია! მას რებეკა ჰქვია; ის გასათხოვარი, უბიწო და მშვენიერი შესახედაობის ქალიშვილია. გასაოცარია, რომ რებეკა მხოლოდ ელეაზარს კი არ აძლევს დასალევ წყალს, არამედ გულთბილად სთავაზობს, რომ მის ყველა აქლემსაც დაარწყულებს. მოგვიანებით, ოჯახთან თათბირის შემდეგ, რებეკა თავისი ნებით ელეაზართან ერთად შორეულ ქვეყანაში მიემგზავრება, რათა აბრაამის ვაჟის, ისააკის, ცოლი გახდეს. რა საოცრად და ნათლად იღებს პასუხს ელეაზარი ლოცვაზე — დროის იმ მონაკვეთში, როცა ღმერთი დროდადრო სასწაულებრივად უწყობდა ხელს მოვლენების განვითარებას!

ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ელეაზარის ლოცვიდან. ამ ლოცვაში მისი განსაკუთრებული რწმენა, თავმდაბლობა და სხვების საჭიროებებზე უანგაროდ ზრუნვა გამოჩნდა. ელეაზარის ლოცვიდან ისიც გამოჩნდა, რომ ის მზად იყო, მორჩილება გამოევლინა ისეთ საკითხში, როგორიც იყო კაცობრიობისადმი იეჰოვას დამოკიდებულება. უეჭველია, მან იცოდა, რომ იეჰოვას განსაკუთრებით უყვარდა აბრაამი და რომ, მისი აღთქმის თანახმად, მთელი კაცობრიობა აბრაამის საშულებით მიიღებდა მომავალ კურთხევებს (დაბადება 12:3). ამიტომ ელეაზარმა ლოცვა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო“.

იესო ქრისტე იყო აბრაამის შთამომავალი, რომლის საშუალებითაც უნდა კურთხეულიყო მთელი მორჩილი კაცობრიობა (დაბადება 22:18). თუ გვსურს, რომ დღეს ლოცვებზე პასუხი მივიღოთ, თავმდაბლად უნდა ვაღიაროთ ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს კაცობრიობისადმი იეჰოვას თავისი ძის საშუალებით. იესო ქრისტემ თქვა: „თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ“ (იოანე 15:7).

ქრისტეს მიმდევარმა, მოციქულმა პავლემ, საკუთარ თავზე გამოსცადა იესოს ამ სიტყვების ჭეშმარიტება. უდავოა, რომ ლოცვის ძალისადმი მისი რწმენა ფუჭი არ იყო. მან მოუწოდა თანაქრისტიანებს, რომ მთელი თავიანთი საზრუნავის შესახებ ღვთისთვის ეუწყებინათ ლოცვაში, და თქვა: „ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის მიერ“ (ფილიპელთა 4:6, 7, 13, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთმა ლოცვის დროს წარმოთქმული ყველა სათხოვარი შეუსრულა პავლეს? ვნახოთ.

ყველა სათხოვარი არ სრულდება

თავისი უანგარო მსახურების დროს პავლეს, როგორც თავად აღწერს, აწუხებდა ‘ეკალი სხეულში’ (2 კორინთელთა 12:7). ეს შეიძლება მოწინააღმდეგეებისა და „ცრუ ძმების“ მიერ მიყენებული სულიერი და ემოციური ტკივილი ყოფილიყო (2 კორინთელთა 11:26; გალატელთა 2:4). ან თვალის ქრონიკული დაავადების გამო შეუძლოდ ყოფნა (გალატელთა 4:15). რაც უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, ეს „ეკალი. . . სხეულში“ აუძლურებდა პავლეს. „სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი“, — დაწერა მან. მიუხედავად ამისა, მისი სათხოვარი არ შესრულდა. უფალმა პავლეს აუხსნა, რომ დაკმაყოფილებულიყო ღვთისგან მიღებული ისეთი სულიერი კურთხევებით, როგორიც იყო სიძნელეების გადასალახავად საჭირო ძალა. გარდა ამისა, ღმერთმა თქვა: „უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“ (2 კორინთელთა 12:8, 9).

რის სწავლა შეგვიძლია ელეაზარისა და პავლეს მაგალითებიდან? იეჰოვა ღმერთი ნამდვილად ისმენს მათ ლოცვას, ვინც თავმდაბლად ცდილობს მისადმი მსახურებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის ასრულებს მათ სათხოვარს, რადგან ღმერთი უფრო შორს იყურება. მან ჩვენზე უკეთ იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო. უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ იეჰოვა ყოველთვის თავისი განზრახვის თანახმად მოქმედებს, რის შესახებაც ბიბლიაშია ჩაწერილი.

სულიერი განკურნების დრო

ღმერთი გვპირდება, რომ დედამიწაზე თავისი ძის ათასწლიანი მმართველობის დროს განკურნავს მთელ კაცობრიობას ფიზიკური, სულიერი და ემოციური ავადმყოფობისგან (გამოცხადება 20:1—3; 21:3—5). გულწრფელი ქრისტიანები მოუთმენლად მოელიან ამ აღთქმულ მომავალს იმაში სავსებით დარწმუნებული, რომ ღვთის ძალით ეს სინამდვილედ იქცევა. თუმცა ამჟამად ისინი არ მოელიან სასწაულებრივ განკურნებას, ღმერთს ლოცვით სთხოვენ ნუგეშისცემასა და გაძლიერებას სირთულეების გადასალახავად (ფსალმუნი 54:23). ავადმყოფობის დროს მათ შეიძლება ხელმძღვანელობა სთხოვონ ღმერთს ლოცვაში, რომ საუკეთესო სამედიცინო დახმარება მიიღონ თავიანთი ეკონომიკური შესაძლებლობების ფარგლებში.

ზოგი რელიგია მოუწოდებს ავადმყოფს, ილოცოს, რომ დაუყოვნებლივ განიკურნოს, და ამის დამამტკიცებლად მოჰყავთ იესოსა და მისი მოციქულების მიერ სასწაულებრივი განკურნების მაგალითები. მაგრამ ასეთი სასწაულები განსაკუთრებულ მიზანს ემსახურებოდა. ამით მტკიცდებოდა, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი მესია იყო, და ჩანდა, რომ ღვთის კეთილგანწყობილება ებრაელი ერის ნაცვლად ახალგაზრდა ქრისტიანულმა კრებამ მოიპოვა. იმ დროს სასწაულები საჭირო იყო ახლად ჩამოყალიბებული ქრისტიანული კრების რწმენის გასაძლიერებლად. როდესაც, ასე ვთქვათ, ჩვილმა კრებამ ფეხი აიდგა და მოწიფული გახდა, სასწაულები ‘გაუქმდა’ (1 კორინთელთა 13:8, 11).

ამ კრიტიკულ ჟამს იეჰოვა ღმერთი უფრო მნიშვნელოვან საქმეს — სულიერ განკურნებას — ახორციელებინებს თავის თაყვანისმცემლებს. სანამ ჯერ კიდევ დრო აქვთ, ხალხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოეხმაუროს ამ მოწოდებას: „ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი. მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა — თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია“ (ესაია 55:6, 7).

მომნანიებელ ცოდვილთა ეს სულიერი განკურნება ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებით ხორციელდება (მათე 24:14). იეჰოვა ღმერთმა თავის მსახურებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულება მიანდო, რითაც ეხმარება ყველა ეროვნების წარმომადგენელ მილიონობით ადამიანს, რომ მოინანიონ ცოდვები და კარგი ურთიერთობა დაამყარონ მასთან ამ ბოროტი სისტემის აღსასრულამდე. ყველა, ვინც გულწრფელად ლოცულობს ასეთი სულიერი განკურნებისთვის, და ყველა, ვინც ლოცულობს დახმარებისთვის ამ განკურნებასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად, ნამდვილად ღებულობენ პასუხს ლოცვებზე.

[საავტორო უფლება 3 გვერდზე]

Eliezer and Rebekah/The Doré Bible Illustrations/Dover Publications