მათი რწმენა დაჯილდოვდა
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
მათი რწმენა დაჯილდოვდა
პავლე მოციქულს განსაკუთრებული რწმენა ჰქონდა, და ის აღძრავდა თანამორწმუნეებს, მათაც განევითარებინათ რწმენა. მან თქვა: „ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6). მომდევნო შემთხვევები მოზამბიკიდან ცხადყოფს, თუ როგორ აჯილდოებს იეჰოვა მტკიცე რწმენას და როგორ პასუხობს გულწრფელ ლოცვებს.
• ნიასას ჩრდილოეთ პროვინციელი ერთი ქვრივი და წუხდა იმის გამო, თუ როგორ წასულიყო თავის ექვს შვილთან ერთად საოლქო კონგრესზე „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“ დასასწრებად. ის ადგილობრივ ბაზარზე ყიდდა საქონელს და ეს იყო მისი ერთადერთი საშემოსავლო წყარო, მაგრამ კონგრესის თარიღის მოახლოებისას მხოლოდ იმდენი ფული ჰქონდა, რომ მას და მის შვილებს მატარებლის ბილეთებზე მარტო ერთი მიმართულებით ეყოფოდათ. მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა, მინდობოდა იეჰოვას და კონგრესზე დასასწრებად წასულიყო.
ის თავის ექვს შვილთან ერთად მატარებელში ავიდა. მგზავრობისას კონდუქტორი მიუახლოვდა ბილეთის შესამოწმებლად. როდესაც დის სამკერდე ნიშანი შენიშნა, მისი მნიშვნელობის შესახებ შეეკითხა. დამ უთხრა, რომ ეს იყო ნიშანი იმისა, რომ იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესის დელეგატი იყო. „სად ჩატარდება კონგრესი?“, იკითხა კონდუქტორმა. მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ კონგრესი დაახლოებით 300 კილომეტრით დაშორებულ მეზობელ ნამპულას პროვინციაში ტარდებოდა, მოულოდნელად ჩვეულებრივი ბილეთის ფასის მხოლოდ ნახევარი გადაახდევინა! შემდეგ სამგზავრო ფულის დარჩენილ ნახევარში მას და მის ოჯახს უკან დასაბრუნებელი ბილეთები მისცა. რაოდენ ბედნიერი იყო ეს და იმით, რომ იეჰოვას მიენდო! (ფსალმუნი 120:1, 2).
• თითქმის 25 წლის განმავლობაში ერთი დიდად მორწმუნე ქალი ლოცვაში სთხოვდა ღმერთს, მისთვის თაყვანისცემის სწორი გზა ეჩვენებინა. ეკლესიაში, სადაც ის დადიოდა, რელიგიური ცერემონიები და ტრადიციული რიტუალები ერთმანეთში იყო არეული, რის გამოც ქალს ეჭვი ჰქონდა, იყო თუ არა თაყვანისმცემლობის ეს ფორმა ღვთისთვის მოსაწონი.
ის ყვება: «ყოველთვის მახსოვდა მათეს 7:7-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები: „ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ“. ამიტომ რეგულარულად მივმართავდი ღმერთს ლოცვით, რომ ჭეშმარიტებამდე მივეყვანე. ერთხელაც ჩვენი ეკლესიის მოძღვარმა სთხოვა ყველას, ვინც ადგილობრივ ბაზარში მუშაობდა, მისთვის გარკვეული თანხა და მათი საქონლიდან ზოგი რამ მიეტანათ, რომ დაელოცა ისინი. გავიფიქრე, რომ ეს არაბიბლიური მოთხოვნა უნდა ყოფილიყო, ისე რომ არაფერი მიმიტანია. როდესაც მოძღვარმა დაინახა, რომ მე „შესაწირი“ არ მივიტანე, ეკლესიის ყველა წევრის წინაშე შეურაცხყოფა მომაყენა. იმ დღეს მივხვდი, რომ ეს არ იყო ღვთისთვის მოსაწონი თაყვანისმცემლობის გზა, ამიტომაც დავტოვე ეკლესია. ამავე დროს დაჟინებით ვაგრძელებდი ლოცვას ჭეშმარიტების პოვნის შესახებ.
ბოლოს, მოვიკრიბე გამბედაობა და დავუკავშირდი ნათესავს, რომელიც იეჰოვას მოწმეა. მან შემომთავაზა ტრაქტატი, რომლის წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ღმერთი მპასუხობდა ლოცვაზე. დროთა განმავლობაში ჩემმა მეგობარმაც ბიბლიური ჭეშმარიტებების დაფასება დაიწყო და ჩვენ კანონიერად დავქორწინდით. მაგრამ მოგვიანებით ჩემი ქმარი მძიმედ დაავადდა. ის თვით სიკვდილამდე აღმძრავდა, დაჟინებით მივყოლოდი ჭეშმარიტების გზას, რათა სამოთხეში კვლავ შეგვძლებოდა შეხვედრა.
ყოველთვის ვმადლობ იეჰოვას, რომ ლოცვებზე მიპასუხა და მისადმი თაყვანისცემის სწორი გზა მიჩვენა. ჩემს ლოცვებს პასუხი გაეცა იმითაც, რომ ჩემი რვავე შვილი იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურია“.