ღმერთი პასუხობს ლოცვებს
ღმერთი პასუხობს ლოცვებს
კორნელიოსი ღვთის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად ხშირად და გულწრფელად ლოცულობდა. გარდა ამისა, ის ბოროტად არ იყენებდა თავის, როგორც ასისთავის, მდგომარეობას. ბიბლიის თანახმად, ის „ბევრ მოწყალებას გასცემდა“ გაჭირვებაში მყოფთათვის (საქმეები 10:1, 2).
იმ პერიოდში ქრისტიანული კრება მორწმუნე იუდეველებისგან, პროზელიტებისა და სამარიელებისგან შედგებოდა. კორნელიოსი წინადაუცვეთელი არაებრაელი იყო და ქრისტიანულ კრებას არ ეკუთვნოდა. ნიშნავს ეს იმას, რომ ის ამაოდ ლოცულობდა? არა. იეჰოვა ღმერთმა ყურადღება მიაქცია კორნელიოსსა და მის ღვთისმოსაწონ საქმეებს (საქმეები 10:4).
ანგელოზის ხელმძღვანელობით კორნელიოსი ქრისტიანულ კრებას დაუკავშირდა (საქმეები 10:30—33). შედეგად ამისა, მას და მის ოჯახს წილად ხვდათ უპირატესობა, მიღებული ყოფილიყვნენ ქრისტიანულ კრებაში როგორც პირველი წინადაუცვეთელი არაებრაელები. იეჰოვა ღმერთმა მართებულად ჩათვალა, რომ კორნელიოსის შემთხვევა ბიბლიაში ჩაწერილიყო. მას, უეჭველია, ბევრი ცვლილების მოხდენა მოუწია, რომ თავისი ცხოვრება სავსებით შეეთანხმებინა ღვთის ნორმებთან (ესაია 2:2—4; იოანე 17:16). კორნელიოსის შემთხვევა დიდი გამხნევების წყარო უნდა იყოს ყველა ეროვნების ადამიანისთვის, რომლებიც დღეს ღვთის კეთილგანწყობილების მოპოვებას ცდილობენ. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
თანამედროვე მაგალითები
ინდოეთში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს ძალიან ესაჭიროებოდა ნუგეშისცემა. ის 21 წლის ასაკში გათხოვდა და ორი შვილი ჰყავდა. მაგრამ მეორე შვილის დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა; ის სრულიად მოულოდნელად დაქვრივდა 24 წლის ასაკში და 2 თვის ქალიშვილი და 2 წლამდე ვაჟი დარჩა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას ნუგეშისცემა ესაჭიროებოდა. ვისთვის მიემართა? ერთ საღამოს, ღრმად დამწუხრებულმა, ილოცა: „ზეციერო მამაო, გთხოვ, მანუგეშე შენი სიტყვით“.
მეორე დილას მას სტუმრად იეჰოვას მოწმე ეწვია. იმ დღეს კარდაკარ მსახურება არ იყო ადვილი, რადგან მხოლოდ რამდენიმემ გაუღო კარი. დაღლილი და, ცოტა არ იყოს, ხალისდაკარგული მოწმე სახლში აპირებდა წასვლას, მაგრამ რაღაცამ უბიძგა, კიდევ ერთი ოჯახი მოენახულებინა. სწორედ მაშინ შეხვდა ახალგაზრდა ქვრივს. ქალმა სახლში შეიპატიჟა და ბიბლიის ამხსნელი პუბლიკაცია გამოართვა. მან დიდი ნუგეში ჰპოვა ამ პუბლიკაციის წაკითხვითა და მოწმესთან საუბრით; შეიტყო ღვთის დანაპირების შესახებ, რომ მკვდრები
აღდგებიან და რომ დამყარდება ღვთის სამეფო, რომელიც მალე დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან შეიცნო და შეიყვარა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა, რომელმაც უპასუხა მის ლოცვას.ქალაქ ჯორჯში (სამხრეთ აფრიკა) მცხოვრებმა ნორამ ერთი თვე სრული დროით მსახურებას დაუთმო. მსახურების დაწყებამდე ის დაჟინებით სთხოვდა ლოცვაში იეჰოვას, რომ დახმარებოდა ისეთი ადამიანის პოვნაში, რომელიც გულწრფელად იყო დაინტერესებული ბიბლიის შესწავლით. დასამუშავებლად მას მისცეს უბანი იმ სახლის ჩათვლით, რომლის მაცხოვრებელიც წინა მონახულებების დროს ძალიან უზრდელად ექცეოდა ნორას. ნორა კვლავ გაბედულად ეწვია ამ ბინას. მისდა გასაოცრად მას ახალი მობინადრე, სახელად ნოულინი, დახვდა. გარდა ამისა, ნოულინი და დედამისი ლოცვით სთხოვდნენ ღმერთს, რომ დახმარებოდა მათ ბიბლიის გაგებაში. „როდესაც ბიბლიის შესწავლა შევთავაზე, — ამბობს ნორა, — ისინი აღფრთოვანებული იყვნენ“. ნოულინმა და დედამისმა მალე მიაღწიეს წარმატებას. დროთა განმავლობაში ორივემ ნორასთან ერთად დაიწყო სულიერ განკურნებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა.
ლოცვის ძალის მაჩვენებელია იმ წყვილის მაგალითიც, რომელიც სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ცხოვრობს. 1996 წლის ერთ შაბათ საღამოს დენისი და კაროლი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უნდა განქორწინებულიყვნენ. საბოლოო მცდელობის მიზნით მათ გადაწყვიტეს, ელოცათ დახმარებისთვის, რაც გვიან ღამემდე არაერთხელ გააკეთეს. მეორე დილას, 11.00-ზე, იეჰოვას ორმა მოწმემ დააკაკუნა მათ კარზე. დენისმა კარი გაუღო მათ და უთხრა, რომ დაეცადათ, სანამ ცოლს დაუძახებდა, რის შემდეგაც გააფრთხილა კაროლი, რომ, თუ მოწმეებს სახლში შეიპატიჟებდა, შეიძლება ვეღარ მოეცილებინა თავიდან. კაროლმა შეახსენა დენისს, რომ დახმარებისთვის ლოცულობდნენ და რომ შეიძლება ეს ღვთის პასუხი იყო მათ ლოცვებზე. ასე რომ, მოწმეები შეიპატიჟეს და წიგნ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების“ საშუალებით დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. დენისი და კაროლი აღაფრთოვანა მოსმენილმა. იმავე ნაშუადღევს ისინი პირველად დაესწრნენ შეხვედრას იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ სამეფო დარბაზში. ბიბლიიდან ნასწავლი შემეცნების გამოყენებით დენისმა და კაროლმა მოახერხეს ოჯახური პრობლემების მოგვარება. ახლა ისინი იეჰოვას ბედნიერი, მონათლული განმადიდებლები არიან და რეგულარულად უზიარებენ სხვებს ბიბლიაზე დაფუძნებულ რწმენას.
თუ თავს უღირსად თვლით ლოცვისთვის
ზოგი გულწრფელი ადამიანი არასწორი ცხოვრების წესის გამო შეიძლება უღირსად თვლიდეს თავს, რომ ღმერთს ლოცვით მიმართოს. იესო ქრისტემ ერთი ამბავი მოჰყვა ასეთი ადამიანის, მოძულებული მებაჟის, შესახებ. როდესაც ეს მამაკაცი ტაძრის შიდა ეზოში შევიდა, თავი უღირსად იგრძნო ლოცვისთვის განკუთვნილ ადგილზე მისასვლელად. „მებაჟე მოშორებით იდგა. . . მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ‘ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი’“ (ლუკა 18:13—15). როგორც იესომ აღნიშნა, მისი ლოცვა შესმენილ იქნა. ეს ამტკიცებს, რომ იეჰოვა ღმერთი ნამდვილად შემწყალეა და სურს, დაეხმაროს ცოდვილებს, რომლებიც გულწრფელად ინანიებენ.
განვიხილოთ სამხერთ აფრიკელი ახალგაზრდა პოლის მაგალითი. ბავშვობაში პოლი დედამისთან ერთად ესწრებოდა ქრისტიანულ შეხვედრებს. მაგრამ მოზარდობის წლებში მან ისეთ ახალგაზრდებთან დაიწყო ურთიერთობა, რომლებიც ღვთის გზებით არ დადიოდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სამხრეთ აფრიკის ყოფილი აპართეიდული მთავრობის ჯარში იმსახურა. იმ დროს მისმა მეგობარმა გოგონამ
მასთან მოულოდნელად გაწყვიტა ურთიერთობა. ამ არადამაკმაყოფილებელი ცხოვრების გზით სიარულმა პოლი საშინელ დეპრესიაში ჩააგდო. „ერთ საღამოს, — იხსენებს ის, — იეჰოვას მივმართე ლოცვით და დახმარება ვთხოვე, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე გულწრფელად არ მიმიმართავს მისთვის“.ლოცვის წარმოთქმიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ პოლს დედამ შესთავაზა, რომ ყოველწლიურ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დასწრებოდა (ლუკა 22:19). პოლი გააოცა დედამისის საქციელმა, რადგან თვითნება იყო და ძალიან მცირე ინტერესს თუ ავლენდა ბიბლიის მიმართ. „ეს მოწვევა ჩემს ლოცვაზე იეჰოვას პასუხად მივიღე, რის გამოც საკუთარი თავი მოვალედ ჩავთვალე, რომ სანაცვლო მიმეგო მისთვის“. იმ დროიდან მოყოლებული პოლი ყველა ქრისტიანულ შეხვედრას ესწრებოდა. ოთხი თვის მანძილზე ბიბლიის შესწავლის შემდეგ ის მოსანათლად იყო მზად. გარდა ამისა, მან თავი დაანება საინჟინრო საქმის სწავლას და კეთილი ცნობის სრული დროით ქადაგებაში მონაწილეობა არჩია. დღეს პოლი ბედნიერია და აღარ წუხს თავის წარსულ ცხოვრებაზე. უკანასკნელი 11 წლის მანძილზე ის საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სამხრეთ აფრიკაში არსებულ ფილიალის ბიუროში მსახურობს.
იეჰოვა ღმერთი მოწყალედ პასუხობს ლოცვებს და „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6). მალე იეჰოვას დიდი დღე დადგება და ყველანაირ ბოროტებას ბოლო მოეღება. ამასობაში კი იეჰოვა პასუხობს თავისი ხალხის ლოცვებს, რომლებიც გულმოდგინედ მონაწილეობენ ქადაგების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში და მას ძალასა და ხელმძღვანელობას სთხოვენ. ამგვარად, ყველა ეროვნების წარმომადგენელი მილიონობით ადამიანი უკავშირდება ქრისტიანულ კრებას და მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან ბიბლიურ შემეცნებას ეცნობა (იოანე 17:3).
[სურათი 5 გვერდზე]
კორნელიოსის გულწრფელი ლოცვა შესმენილ იქნა პეტრე მოციქულის სტუმრობით.
[სურათი 6 გვერდზე]
ლოცვა ბევრს დაეხმარა გასაჭირის დროს.
[სურათები 7 გვერდზე]
კარგი იქნება, თუ ღმერთს ლოცვით ვთხოვთ, დაგვეხმაროს ბიბლიის გაგებაში.
დაქორწინებულებს შეუძლიათ ილოცონ ცოლქმრული კავშირის განმტკიცებისთვის.