არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მიუთითებდა თუ არა პავლე მოციქული რომაელთა 12:19-ში იმაზე, რომ ქრისტიანები არ უნდა განრისხებულიყვნენ, როდესაც, ზოგიერთი თარგმანის თანახმად, ამბობდა: „თქვენი თავისთვის ნუ იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ მიეცით ადგილი რისხვას“?

კონკრეტულად რომ ვთქვათ, არა. პავლე მოციქული აქ ღვთის რისხვას ეხებოდა. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არა აქვს მნიშვნელობა, აჰყვებიან თუ არა ქრისტიანები გულისწყრომას. ბიბლია ნათლად გვირჩევს, არ განვრისხდეთ. ვნახოთ, რას გვირჩევს ღმერთი.

„მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე“ (ფსალმუნი 36:8). „ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება“ (მათე 5:22). „ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება, და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა“ (გალატელთა 5:19, 20). „ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ“ (ეფესელთა 4:31). „ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვასა და რისხვაში ნელი“ (იაკობი 1:19). გარდა ამისა იგავების წიგნი განუწყვეტლივ გვარიგებს, მოვერიდოთ რისხვისა თუ სიფიცხის გამოვლენას უბრალო წყენინებასა და ადამიანების უმნიშვნელო შეცდომებზე (იგავნი 12:16; 14:17, 29; 15:1; 16:32; 17:14; 19:11, 19; 22:24; 25:28; 29:22).

რომაელთა 12:19-ის კონტექსტი ამ რჩევას ეთანხმება. პავლემ გვირჩია, რომ ჩვენი სიყვარული ყოფილიყო უთვალთმაქცო, დაგველოცა ჩვენი მდევნელები, დადებითად გვეფიქრა სხვებზე, არ მიგვეგო ბოროტის წილ ბოროტი და ყველანაირად გვეცადა, ყველასთან მშვიდობიანად ვყოფილიყავით. შემდეგ მან მოგვიწოდა: «შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, — ამბობს უფალი“» (რომაელთა 12:9, 14, 16—19).

დიახ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ბრაზმა შურისძიებისკენ აღგვძრას. სხვადასხვა სიტუაციაში გარკვევის უნარი და სამართლიანობის გრძნობა ჩვენში არასრულყოფილია. თუ დავუშვებთ, რომ ბრაზმა შურისძიებისკენ აღგვძრას, ხშირად არასწორად მოვიქცევით. ამით ღვთის მოწინააღმდეგის, ეშმაკის, მიზნებს მოვემსახურებოდით. სხვაგან პავლე წერდა: „განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე. ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფესელთა 4:26, 27).

უკეთესი და უფრო ბრძნული ის არის, რომ თავად ღმერთმა გადაწყვიტოს, როდის და ვის უნდა დაატყდეს შურისძიება. ამის გაკეთება მას ფაქტების სრული ცოდნით შეუძლია, და ნებისმიერი სასჯელი მის სრულყოფილ სამართლიანობას აირეკლავს. შეგვიძლია დავინახოთ, რომ სწორედ ეს არის პავლეს თვალსაზრისი რომაელთა 12:19-ში, როდესაც ყურადღებას მივაქცევთ მის მიერ ციტირებულ სიტყვებს მეორე რჯულის 32:35, 41-დან, სადაც ასეთი რამ სწერია: „მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ“ (შეადარეთ ებრაელთა 10:30). ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ ტექსტში არ მოიპოვება სიტყვები „ღვთის“ ან „უფლის“, ზოგი თანამედროვე მთარგმნელი რთავს მათ რომაელთა 12:19-ში, რის შედეგადაც ტექსტი ასე იკითხება: „მიეცით ადგილი ღმერთის რისხვას“ (სსგ); „ადგილი მიეცით უფლის რისხვას“ (კს); „ღმერთმა იძიოს შური“ („თანამედროვე ინგლისური თარგმანი“); „ღმერთმა დასაჯოს, თუკი ისურვებს“ („ახალი აღთქმა თანამედროვე ინგლისურ ენაზე“); „ადგილი მიეცით ღვთის სასჯელს“ („ახალი ინგლისური ბიბლია“).

ჭეშმარიტების მტრების მხრიდან ცუდად მოპყრობისა და დევნის მიუხედავად, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა ღმერთმა მართებულად დაახასიათა საკუთარი პიროვნება, როდესაც მოსეს უთხრა: „უფალი უფალია, ღმერთი გულმოწყალე და შემბრალე, მრავლის მომთმენი, დიდად მწყალობელი და ჭეშმარიტი; წყალობის შემნახველი ათასებისთვის, ბრალის, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, მაგრამ შერჩენით არ შეარჩენს“ (გამოსვლა 34:6, 7, თორა, 1995 [შემოთ 34:6, 7]).