არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოკრძალება — თვისება, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას

მოკრძალება — თვისება, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას

მოკრძალება — თვისება, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას

როგორი სასიამოვნო სანახავი იქნებოდა მსოფლიო, ყველა მოკრძალებული რომ იყოს. ადამიანები ნაკლებად მომთხოვნი იქნებოდნენ, ოჯახის წევრები — ნაკლებად მოჩხუბარნი, კორპორაციები ნაკლებ კონკურენციას გაუწევდნენ ერთმანეთს და ერები ნაკლებად იომებდნენ. ისურვებდით ასეთ გარემოცვაში ცხოვრებას?

იეჰოვა ღმერთის ჭეშმარიტი მსახურები ემზადებიან ღვთის მიერ აღთქმული ახალი ქვეყნიერებისთვის, სადაც მოკრძალებას შეხედავენ როგორც ძლიერებასა და ღირსებას და არა როგორც სისუსტეს (2 პეტრე 3:13). ფაქტობრივად, ისინი მოკრძალებას ახლავე იმუშავებენ. რატომ? უმთავრესად იმიტომ, რომ ამას იეჰოვა მოითხოვს მათგან. წინასწარმეტყველმა მიქამ დაწერა: „ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით (ანუ მოკრძალებით) სიარულს უფლის წინაშე“ (მიქა 6:8).

მოკრძალება განიმარტება როგორც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის უქონლობა და საკუთარი უნარის, მიღწევებისა და ქონების გამო უამპარტავნობა. ერთი ცნობარის მიხედვით, მოკრძალება აგრეთვე ნიშნავს „არ გასცდე ფარგლებს“. მოკრძალებული ადამინი წესიერი ქცევის ფარგლებში რჩება; ის აცნობიერებს, რომ მის უნარსა და შესაძლებლობებს ფარგლები აქვს; იცის, რომ არის ისეთი რამეები, რის გაკეთების უფლებაც არა აქვს. მართლაც, ვგრძნობთ, რომ მოკრძალებული ადამიანები გვიზიდავენ. „არაფერია ნამდვილ მოკრძალებაზე უფრო სასიამოვნო“, — დაწერა ინგლისელმა პოეტმა ჯოზეფ ადისონმა.

მოკრძალება არასრულყოფილ ადამიანს თანდაყოლილი არა აქვს. ამ თვისების განვითარებას ძალისხმევა ესაჭიროება. ჩვენდა გასამხნევებლად, ღვთის სიტყვაში აღწერილია რამდენიმე შემთხვევა, რომლებშიც მოკრძალების სხვადასხვაგვარ გამოვლენას ვხედავთ.

ორი მოკრძალებული მეფე

იეჰოვას ყველაზე ერთგულ მსახურთაგან ერთ-ერთი დავითი იყო. ის ჯერ კიდევ სიყმაწვილეში ისრაელის მომავალ მეფედ იქნა ცხებული. იმ დღიდან მოყოლებული, მეფე საული მას დიდად ავიწროებდა, ცდილობდა მის მოკვლას და აიძულებდა, გაქცეულიყო და თავშესაფარი სადმე ეძებნა (პირველი მეფეთა 16:1, 11—13; 19:9, 10; 26:2, 3).

ამ ვითარებაშიც კი დავითს შეგნებული ჰქონდა, რომ თავის თავდამცველ მოქმედებას საზღვარი გააჩნდა. ერთხელ უდაბნოში დავითმა აბიშაის უფლება არ მისცა, რომ მძინარე მეფე საული მოეკლა: „უფალმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე ხელი აღვმართო“ (პირველი მეფეთა 26:8—11). დავითმა იცოდა, რომ საულის ტახტიდან ჩამოგდება მისი საქმე არ იყო. ამგვარად, მან მოკრძალება გამოავლინა ამ შემთხვევაში, რომ არ გასცდა სათანადო ქცევის ფარგლებს. ასევე, დღეს მცხოვრებმა ღვთის მსახურებმაც იციან, რომ არის ისეთი რამეები, რომლებიც „იეჰოვას თვალსაზრისიდან“ (აქ) გამომდინარე, უბრალოდ, შეუძლებელია გააკეთონ, თუნდაც მაშინ, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება (საქმეები 15:28, 29; 21:25).

მეფე დავითის ახალგაზრდა ძემ, სოლომონმაც, გამოავლინა მოკრძალება, თუმცა ოდნავ სხვაგვარად. როდესაც სოლომონი ტახტზე ავიდა, მეფის მოვალეობის შესასრულებლად თავს შეუფერებლად გრძნობდა. ის ლოცულობდა: „უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მორჩილი, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა“. ნათელია, სოლომონი გრძნობდა, რომ უნარი და გამოცდილება აკლდა; მოკრძალებული იყო და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ ჰქონია. სოლომონმა იეჰოვას გონიერება სთხოვა და მანაც უბოძა (მესამე მეფეთა 3:4—12).

მესია და მისი წინამორბედი

სოლომონის დღეებიდან 1 000 წელზე მეტი ხნის შემდეგ, იოანე ნათლისმცემელმა მესიისთვის გზა მოამზადა. ცხებულის წინამორბედად მომსახურე იოანე ბიბლიურ წინასწარმეტყველებას ასრულებდა. მას შეეძლო ეამაყა თავისი უპირატესობით და საკუთარ განდიდებაზე ეფიქრა; ის ხომ მესიის ნათესავი იყო. მაგრამ მან თქვა, რომ იესოს სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც კი არ იყო. და როდესაც იესო იორდანეში მოსანათლავად მივიდა იოანესთან, მან უთხრა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“. ეს ცხადყოფს, რომ იოანე ტრაბახა კი არ იყო, არამედ — მოკრძალებული (მათე 3:14; მალაქია 3:23, 24; ლუკა 1:13—17; იოანე 1:26, 27).

მონათვლის შემდეგ იესომ სრული დროით მსახურება, ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება, დაიწყო. თუმცა იესო სრულყოფილი ადამიანი იყო, მან თქვა: „ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია... მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას“. გარდა ამისა, იესო არ ეძიებდა ხალხისგან პატივისცემას, არამედ ყველაფრისთვის, რასაც კი აკეთებდა, იეჰოვას ადიდებდა (იოანე 5:30, 41—44). მოკრძალების რა დიდებული მაგალითია!

მაშ, ნათელია, რომ იეჰოვას ერთგული მსახურები — დავითი, სოლომონი, იოანე ნათლისმცემელი და სრულყოფილი მამაკაცი იესო ქრისტეც კი — მოკრძალებას ავლენდნენ. ისინი არ ამაყობდნენ, არ იყვნენ სახელის მაძიებელნი, ანუ თავმომწონენი, და შესაფერისი ქცევის ფარგლებში დარჩნენ. მათი მაგალითები საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ იეჰოვას დღევანდელმა მსახურებმა თავმდაბლობა ისწავლონ და გამოავლინონ. თუმცა ამის გასაკეთებლად სხვა მიზეზებიც არსებობს.

კაცობრიობის ისტორიის ამ მშფოთვარე პერიოდში მოკრძალება ის თვისებაა, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს დიდად ამკობს. ეს შესაძლებელს ხდის, რომ ადამიანმა იეჰოვა ღმერთთან, ადამიანებთან და შინაგანი მშვიდობა იქონიოს.

მშვიდობა იეჰოვა ღმერთთან

იეჰოვასთან მშვიდობიანად ყოფნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ არ ვარღვევთ იმ საზღვრებს, რომელიც მან ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს დაუდგინა. ჩვენმა პირველმა წინაპრებმა, ადამმა და ევამ, ღვთის მიერ დადგენილი საზღვრები დაარღვიეს და უტიფრობის პირველი მსხვერპლი გახდნენ; დაკარგეს იეჰოვას კეთილგანწყობილება, ისევე როგორც თავიანთი სახლი, მომავალი და სიცოცხლე (დაბადება 3:1—5, 16—19). რა ძვირად დაუჯდათ ეს!

ადამისა და ევას შეცდომა გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის, რადგან ჭეშმარიტი თაყვანისცემა ზღუდავს ჩვენი მოქმედების არეს. მაგალითად, ბიბლია ამბობს, რომ „ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1 კორინთელთა 6:9, 10). იეჰოვა სიბრძნით ადგენს ამ ფარგლებს ჩვენს სასიკეთოდ და ჩვენც გონიერებას ვავლენთ, როდესაც არ ვცდებით მათ (ესაია 48:17, 18). იგავნის 11:2 გვეუბნება: „თვინიერებთან. . . სიბრძნეა“.

რა შეიძლება ითქვას, თუ რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია გვეუბნება, რომ შეგვიძლია ამ ფარგლების უგულებელყოფა და ამავე დროს ღმერთთან მშვიდობის შენარჩუნება? ეს ორგანიზაცია ჩვენ შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მოკრძალება კი გვეხმარება იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში.

მშვიდობა ადამიანებთან

მოკრძალება აგრეთვე ხელს უწყობს სხვებთან მშვიდობიან ურთიერთობას. მაგალითად, როდესაც მშობლები მაგალითს აძლევენ შვილებს იმით, რომ მატერიალურ კეთილდღეობას არ არიან გადაყოლილი და უპირატესობას სულიერ საკითხებს ანიჭებენ, უფრო მეტია იმის შესაძლებლობა, რომ მათ შვილებსაც იგივე დამოკიდებულება განუვითარდეთ. მაშინ ბავშვები ადვილად შეძლებენ, კმაყოფილები იყვნენ მაშინაც კი, როცა ვერ იღებენ იმას, რაც უნდათ. ეს მათ მოკრძალებულად ცხოვრებაში დაეხმარება და ოჯახური ატმოსფერო უფრო მშვიდობიანი იქნება.

მათ, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრიათ, განსაკუთრებით უნდა ეცადონ, რომ მოკრძალებული იყვნენ და ბოროტად არ გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება. მაგალითად, ქრისტიანებს ასეთი დარიგება ეძლევათ: „არ გადახვიდეთ დაწერილს“ (1 კორინთელთა 4:6). კრების უხუცესებმა იციან, რომ არ უნდა ეცადონ, სხვებს თავს მოახვიონ თავიანთი აზრი. ნაცვლად ამისა, ქცევის, ჩაცმულობის, ვარცხნილობისა და გართობის საკითხებთან დაკავშირებით რჩევის მიცემისას, ისინი ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობენ (2 ტიმოთე 3:14—17). როდესაც კრების წევრები ხედავენ, რომ უხუცესები ყოველთვის საღვთო წერილთან შეთანხმებულად მოქმედებენ და არასოდეს სცილდებიან ამ ფარგლებს, ეს ეხმარება მათ ამ მამაკაცებისადმი პატივისცემასა და კრებაში თბილი, მოსიყვარულე და მშვიდობიანი ატმოსფეროს შენარჩუნებაში.

შინაგანი მშვიდობა

ვინც მოკრძალებულია, შინაგან მშვიდობას გრძნობს. ასეთი ადამიანი ამბიციებს არ არის აყოლილი. ვერ ვიტყვით, რომ მას პირადი მიზნები არა აქვს. მაგალითად, შეიძლება ძალიან სურდეს მსახურებაში დამატებითი უპირატესობის მიღება, მაგრამ ღმერთზეა მინდობილი და ნებისმიერ ქრისტიანულ უპირატესობას, რასაც კი იღებს, იეჰოვას მიაწერს და არ თვლის საკუთარ მიღწევად. ეს მოკრძალებულ ადამიანს იეჰოვასთან, „მშვიდობის ღმერთთან“, აახლოებს (ფილიპელთა 4:9).

დავუშვათ, ზოგჯერ ვგრძნობთ, რომ მხედველობიდან გამოვრჩით სხვებს. უკეთესი არ იქნებოდა, რომ ჩვენი მოკრძალების გამო ვინმეს მხედველობიდან გამოვრჩენოდით, ვიდრე ჩვენი უტიფრობით მიგვეპყრო ყურადღება? მოკრძალებული ადამიანები მოსვენების წამრთმევ პირად ამბიციებს არ ასდევენ. ამგვარად, ისინი შინაგან მშვიდობას განიცდიან, რაც ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობის საწინდარია.

მოკრძალების განვითარება და შენარჩუნება

ადამი და ევა წინ არ აღუდგნენ უტიფრობას — თვისებას, რომელიც შთამომავლებს გადასცეს. რა დაგვეხმარება, რომ ჩვენი პირველი მშობლების შეცდომა არ გავიმეოროთ? როგორ განვავითაროთ მოკრძალება — ეს შესანიშნავი თვისება?

ამაში, უპირველეს ყოვლისა, იეჰოვასთან, სამყაროს შემოქმედთან, მიმართებით ჩვენი ზუსტი მდგომარეობის განსაზღვრა დაგვეხმარება. რომელი პირადი მიღწევები შეგვეძლო ღვთის საქმეებთან შეგვედარებინა? იეჰოვა შეეკითხა თავის ერთგულ მსახურ იობს: „სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება“ (იობი 38:4). იობმა ვერ უპასუხა. განა ჩვენც ასეთივე შეზღუდული ცოდნა, უნარი და გამოცდილება არა გვაქვს? განა სასარგებლო არ არის ჩვენთვის, რომ ვაღიაროთ ჩვენი შეზღუდვები?

გარდა ამისა, ბიბლია გვეუბნება: „უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი“. ამაში შედის „ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში“. იეჰოვას შეუძლია თქვას: „ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო“ (ფსალმუნი 23:1; 49:10; ანგია 2:8). განა შეგვეძლო ჩვენი საკუთრება იეჰოვას საკუთრებასთან შეგვედარებინა? და მართლაც, ყველაზე მდიდარ ადამიანსაც არა აქვს თავისი ქონებით ამაყობის მიზეზი! ამიტომ გონივრულია, მოციქულ პავლეს მიერ რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ, ღვთისგან შთაგონებულ, რჩევას მივყვეთ: „ ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ“ (რომაელთა 12:3).

ჩვენ, ღვთის მსახურებმა, თუ მოკრძალების განვითარება გვსურს, ღმერთს უნდა ვთხოვოთ სულის ნაყოფები — სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება (ლუკა 11:13; გალატელთა 5:22, 23). რატომ? იმიტომ რომ თითოეული ეს თვისება დაგვეხმარება, მოკრძალებული ვიყოთ. მაგალითად, მოყვასისადმი სიყვარული საშუალებას მოგვცემს, ვებრძოლოთ ტრაბახისა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ტენდენციას. მოურიდებლად რომ არ მოვიქცეთ, თავშეკავება შეგვაჩერებს და დაგვაფიქრებს.

მოდი ვიფრთხილოთ! ჩვენ გამუდმებით ვსაჭიროებთ სიფხიზლეს, რომ არ დავკარგოთ მოკრძალება. ზემოთ მოხსენიებული ორი მეფე ყოველთვის არ იყო მოკრძალებული. მეფე დავითი დაუფიქრებლად მოიქცა, როცა იეჰოვას ნების საწინააღმდეგოდ ისრაელის მოსახლეობა აღრიცხა. მეფე სოლომონი იმდენად უტიფარი გახდა, რომ ცრუ თაყვანისცემაშიც კი ჩაება (მეორე მეფეთა 24:1—10; მესამე მეფეთა 11:1—13).

სანამ ეს უღვთო სისტემა არსებობს, მუდმივი სიფრთხილეა საჭირო მოკრძალების შესანარჩუნებლად. მაგრამ ეს მცდელობა ნამდვილად ღირს ძალისხმევად. ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ადამიანთა საზოგადოება მხოლოდ მათგან იქნება შემდგარი, ვინც მოკრძალებულია. ისინი მოკრძალებას სიძლიერედ მიიჩნევენ და არა სისუსტედ. რა დიდებული იქნება, როდესაც თითოეული ადამიანი და ყოველი ოჯახი კურთხეული იქნება მშვიდობით, რომელსაც მოკრძალება განაპირობებს!

[სურათი 23 გვერდზე]

იესო ყველაფრისთვის, რასაც კი აკეთებდა, იეჰოვას მიაგებდა პატივს.