არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვა

როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვა

როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვა

„დამაყენე სწორ კვალზე“ (ფსალმუნი 26:11).

1, 2. ა) როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ხალხს დღეს? ბ) რა შედის კრების შეხვედრებით სრულად სარგებლობაში?

როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, იეჰოვაა შუქისა და ჭეშმარიტების წყარო. მისი სიტყვები სწორ კვალზე სავალ გზას გვინათებს. იეჰოვა გვასწავლის თავის ბილიკებზე სიარულს და გვხელმძღვანელობს (ფსალმუნი 118:105). ძველი დროის ფსალმუნმომღერლის მსგავსად, ჩვენ მადლიერებით ვეხმაურებით იეჰოვას ხელმძღვანელობას და ვლოცულობთ: „მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე“ (ფსალმუნი 26:11).

2 ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც დღეს იეჰოვა ჩვენს დასარიგელად იყენებს, არის ქრისტიანული შეხვედრები. სრულად ვსარგებლობთ თუ არა ამ სიყვარულით აღსავსე ღონისძიებიდან 1) მათზე რეგულარულად დასწრებით, 2) პროგრამის ყურადღებით მოსმენითა და 3) სიამოვნებით მონაწილეობით პროგრამის იმ პუნქტებში, რომლებშიც მსმენელებიც იღებენ მონაწილეობას? გარდა ამისა, მადლიერებით ვიღებთ თუ არა რჩევებს, რომლებიც „სწორ კვალზე“ დარჩენაში დაგვეხმარება?

როგორ ესწრებით კრების შეხვედრებს?

3. როგორ განივითარა ერთმა სრული დროით მსახურმა კრების შეხვედრებზე დასწრების შესანიშნავი ჩვევა?

3 სამეფოს ზოგი მაუწყებელი ბავშვობიდან რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს. „მე და ჩემი და 1930-იან წლებში გავიზარდეთ, — იხსენებს იეჰოვას მოწმეთა ერთი სრული დროით მსახური, — ჩვენ არ ვეკითხებოდით მშობლებს, წავიდოდით თუ არა კრებაზე, რადგან ვიცოდით, რომ, თუ ავად არ ვიყავით, აუცილებლად წავიდოდით. ჩვენი ოჯახი შეხვედრებს ყოველთვის ესწრებოდა“. წინასწარმეტყველ ანას მსგავსად, ეს და „არ შორდებოდა“ იეჰოვას თაყვანისცემის ადგილს (ლუკა 2:36, 37).

4—6. ა) რატომ აცდენს სამეფოს ზოგი მაუწყებელი შეხვედრებს? ბ) რატომ არის აუცილებელი შეხვედრებზე დასწრება?

4 ხართ იმ ქრისტიანებს შორის, რომლებიც რეგულარულად ესწრებიან შეხვედრებს, თუ იშვიათად გამოჩნდებით ხოლმე? ზოგმა ქრისტიანმა, ვინც ფიქრობდა, რომ კარგად ესწრებოდა შეხვედრებს, გადაწყვიტა, შეემოწმებინა საკუთარი თავი. რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი იწერდნენ, როდის ესწრებოდნენ შეხვედრებს და როდის — არა. როდესაც დანიშნული პერიოდი გავიდა და ჩანაწერებს გადახედეს, გაოცებული იყვნენ გაცდენების რიცხვით.

5 „ეს გასაკვირი არც არის, — შეიძლება თქვას ვინმემ, — ადამიანებს დღეს იმდენი რამ აწევთ მხრებზე, რომ ადვილი არ არის შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება“. დღეს, ნამდვილად, დაძაბულ დროში ვცხოვრობთ. გარდა ამისა, ზეწოლა უდავოდ გაიზრდება (2 ტიმოთე 3:13). მაგრამ განა ეს უფრო აუცილებელს არ ხდის შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებას? გამაძლიერებელი, ჯანსაღი სულიერი საკვების განუწყვეტლივ მიღების გარეშე შეუძლებელია, გავუძლოთ იმ მძიმე ტვირთს, რომელსაც ეს სისტემა გვკიდებს მხრებზე. ამიტომ თანაქრისტიანებთან რეგულარული ურთიერთობის გარეშე შეიძლება ვცდუნდეთ და საერთოდ მივატოვოთ „მართალთა გზა“! (იგავნი 4:18). მართალია, როდესაც დამქანცველი დღის შემდეგ სახლში ვბრუნდებით, შეიძლება ყოველთვის არა ვართ იმისთვის განწყობილი, რომ შეხვედრას დავესწროთ, მაგრამ, როდესაც დაღლილობის მიუხედავად შეხვედრაზე მაინც წავალთ, ამით საკუთარ თავსაც მოვუტანთ სარგებლობას და სამეფო დარბაზში მყოფ თანაქრისტიანებსაც გავამხნევებთ.

6 ებრაელთა 10:25 კრებაზე რეგულარულად დასწრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზეზს გვეუბნება. ამ მუხლში მოციქული პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებს, ერთად შეიკრიბონ და ‘მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობენ იმ დღის მოახლოებას’. დიახ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ‘ღვთის [იეჰოვას] დღე’ ახლოვდება (2 პეტრე 3:12). თუ დავასკვნით, რომ ამ სისტემის აღსასრული ჯერ კიდევ შორს არის, შესაძლებელია, პირადმა ინტერესებმა ისე გაგვიტაცოს, რომ აუცილებელი სულიერი საქმეების, და მათ შორის, შეხვედრებზე დასწრების, ადგილი დაიკავოს. შემდეგ კი, როგორც იესო გვაფრთხილებდა, შეიძლება ‘იმ დღემ მოულოდნელად გვიწიოს’ (ლუკა 21:34).

იყავით კარგი მსმენელი

7. რატომ არის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრებზე ყურადღებით ყოფნა?

7 საკმარისი არ არის შეხვედრებზე მხოლოდ დასწრება. საჭიროა, გულდასმით მოვისმინოთ და ყურად ვიღოთ იქ ნათქვამი სიტყვები (იგავნი 7:24). ეს ჩვენს ბავშვებსაც ეხება. როდესაც ბავშვი სკოლაშია, მისგან მოელიან, რომ ყურადღებით მოუსმენს მასწავლებელს მაშინაც კი, თუ რომელიმე საგანი არ მოსწონს ან თვლის, რომ ვერ იგებს. მასწავლებელმა იცის, რომ, თუ ბავშვი ყურადღებით ყოფნას ცდილობს, ის გაკვეთილიდან ცოტა სარგებლობას მაინც მიიღებს. მაშ, განა გონივრული არ არის, რომ სკოლის ასაკის ბავშვებმა ყურადღებით მოუსმინონ კრების შეხვედრებზე გადმოცემულ სწავლებას, ნაცვლად იმისა, რომ მათი დაწყებისთანავე ჩაიძინონ? აღსანიშნავია, რომ ძვირფას ბიბლიურ ჭეშმარიტებებს შორის არის ისეთებიც, რომლებშიც „ზოგი რამ. . . ძნელად გასაგებია“ (2 პეტრე 3:16). მაგრამ ისე არ უნდა მოგვივიდეს, რომ სათანადოდ ვერ შევაფასოთ ბავშვების სწავლის უნარი. ღმერთი ამას არ აკეთებს. ბიბლიურ დროში მან თავის პატარა მსახურებს დაავალა, ‘გაეგოთ და ესწავლათ უფლის, თავიანთი ღვთის, შიში და დაეცვათ და შეესრულებინათ რჯულის ყოველი სიტყვა’, რომელთაგან ზოგი, ეჭვგარეშეა, ბავშვებისთვის ძნელი გასაგები იქნებოდა (მეორე რჯული 31:12; შეადარეთ ლევიანი 18:1—30). ნაკლებს მოელის დღეს ბავშვებისგან იეჰოვა?

8. რა ზომებს იღებს ზოგი მშობელი, რათა შვილები კრების მსვლელობისას ყურადღებით იყვნენ?

8 ქრისტიან მშობლებს ესმით, რომ მათი შვილების სულიერი მოთხოვნილებები გარკვეულწილად კრებებზე მოსმენილით კმაყოფილდება. ამიტომ ზოგი მშობელი შეხვედრებზე წასვლამდე ბავშვებს აძინებს, რათა სამეფო დარბაზში ისინი თავს მხნედ გრძნობდნენ და სწავლისთვის მზად იყვნენ. ზოგი კი იმ საღამოს, როდესაც შეხვედრა აქვთ, ცოტას ან საერთოდ არ აყურებინებს ბავშვებს ტელევიზორს (ეფესელთა 5:15, 16). ასეთ მშობლებს მინიმუმამდე დაჰყავთ ხელის შემშლელი ფაქტორები და შვილებს იმისკენ წაახალისებენ, რომ თავიანთი ასაკისა და უნარის შესაბამისად მოისმინონ და ისწავლონ (იგავნი 8:32).

9. რა შეიძლება დაგვეხმაროს მოსმენის უნარის განვითარებაში?

9 იესო ზრდადასრულებულ ხალხს მიმართავდა: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18). ჩვენს დროში, საერთოდ, თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. ჩვეულებრივ, ყურადღებით მოსმენა ადვილი არ არის, მაგრამ მოსმენის უნარის განვითარება შესაძლებელია. როდესაც ბიბლიაზე დაფუძნებულ მოხსენებას ან შეხვედრის რომელიმე პუნქტს ისმენთ, შეეცადეთ, გამოყოთ ძირითადი აზრები. ეცადეთ, ყურადღებით იყოთ იმის მიმართ, რის თქმასაც მომხსენებელი აპირებს. ეძებეთ ისეთი საკითხები, რომელთა გამოყენებასაც მსახურებაში ან პირად ცხოვრებაში შეძლებდით. განხილვის პარალელურად გონებაში გააანალიზეთ მთავარი აზრები. გააკეთეთ მოკლე ჩანაწერები.

10, 11. როგორ დაეხმარა ზოგი მშობელი შვილებს, ყოფილიყვნენ კარგი მსმენელები და რა მეთოდებს იყენებთ თქვენ?

10 კარგად მოსმენის ჩვევა საუკეთესოდ ბავშვობის წლებში ვითარდება. ზოგი მშობელი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს წერა-კითხვის სწავლამდეც კი წაახალისებს, რომ კრების მსვლელობისას „ჩანაწერები“ გააკეთონ. ისინი ფურცელზე აღნიშვნას აკეთებენ ხოლმე, როდესაც ისეთი ნაცნობი სიტყვები წარმოითქმება, როგორიც არის „იეჰოვა“, „იესო“ ან „სამეფო“. ამგვარად, ბავშვები სცენიდან წარმოთქმული სიტყვების ყურადღებით მოსმენას სწავლობენ.

11 ზოგჯერ უფროს ბავშვებსაც სჭირდებათ წახალისება, ყურადღებით იყვნენ. ერთმა მამამ, როდესაც შენიშნა, რომ მისი 11 წლის ბიჭი ქრისტიანული კონგრესის დროს ფიქრებით სხვაგან იყო, ბავშვს ხელში ბიბლია მისცა და სთხოვა, რომ მომხსენებლის მიერ მოყვანილ ყველა ბიბლიურ მუხლზე გადაეფურცლა. მამა ჩანაწერებს აკეთებდა და თან ბიჭის მიერ გადაშლილ ბიბლიაში იყურებოდა. შედეგად, ბავშვი მეტი ენთუზიაზმით ისმენდა კონგრესის პროგრამას.

დაე შენი ხმაც ისმოდეს

12, 13. რატომ არის მნიშვნელოვანი კრებასთან ერთად სიმღერების შესრულებაში მონაწილეობის მიღება?

12 მეფე დავითი მღეროდა: „გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო. რომ ვიღაღადო მადლობის ხმით“ (ფსალმუნი 25:6, 7). იეჰოვას მოწმეთა შეხვედრები რწმენის ხმამაღლა გამოხატვის შესანიშნავ შესაძლებლობას გვიქმნის. ამის ერთ-ერთი საშუალება კრებასთან ერთად სიმღერაში მონაწილეობაა. ეს ჩვენი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ადვილად შეიძლება მისი უგულებელყოფა.

13 ზოგი პატარა, რომლებსაც კითხვა არ შეუძლიათ, სამეფოს იმ სიმღერებს იზეპირებს, რომლებსაც კრების შეხვედრებზე იმღერებენ; მათ ძალიან ახარებთ დიდებთან ერთად მღერის შესაძლებლობა. მაგრამ ცოტა რომ წამოიზრდებიან, შეიძლება ნაკლებად აინტერესებდეთ სამეფოს სიმღერების შესრულებაში მონაწილეობა. ზოგი უფროსი ასაკის ადამიანიც იკავებს თავს და კრების შეხვედრებზე არ მღერის. მაგრამ მღერა ჩვენი თაყვანისმცემლობის ისეთივე ნაწილია, როგორც სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა (ეფესელთა 5:19). ჩვენ, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს ვაკეთებთ სამქადაგებლო საქმიანობაში იეჰოვას განსადიდებლად. განა არ შეგვიძლია მისი განდიდება ჩვენი ხმების — კარგისა თუ ცუდის — ხოტბის შემსხმელ სიმღერებში სხვა ხმებთან გულწრფელად შეერთებით? (ებრაელთა 13:15).

14. რატომ იმსახურებს მასალა, რომელსაც კრების შეხვედრებზე ვსწავლობთ, წინასწარ გულმოდგინედ მომზადებას?

14 ღმერთს შეხვედრების იმ ნაწილებში გამამხნევებელი კომენტარების წარმოთქმითაც განვადიდებთ, რომლებშიც მსმენელებიც იღებენ მონაწილეობას. ამისათვის მომზადებაა საჭირო. მომზადებას კი დრო სჭირდება, რათა კარგად დავფიქრდეთ ღვთის სიტყვის სიღრმეებზე. მოციქულ პავლეს, ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარს, ესმოდა ეს. ის წერდა: „ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე!“ (რომაელთა 11:33). ოჯახის უფროსებო, ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახის თითოეულ წევრს დაეხმაროთ, ეძიონ ღვთის სიბრძნე, რომელიც ბიბლიაშია მოცემული. ოჯახთან ერთად ბიბლიის შესწავლისას დრო დაუთმეთ რთული საკითხების განმარტებას და ოჯახს შეხვედრებისთვის მომზადებაში დაეხმარეთ.

15. რა რჩევები შეიძლება დაგვეხმაროს შეხვედრებზე კომენტარების მიცემაში?

15 თუ შეხვედრებზე უფრო ხშირად გსურთ კომენტარებში მონაწილეობის მიღება, რატომ არ უნდა გქონოდათ წინასწარ მომზადებული ის, რის თქმასაც აპირებთ? არ არის აუცილებელი რაიმე განსაკუთრებულის თქმა. სათანადო ბიბლიური მუხლის დამაჯერებლად წაკითხვასა და გულიდან მომდინარე რამდენიმე კარგად შერჩეული სიტყვის წარმოთქმას მადლიერებით მიიღებენ. ზოგი მაუწყებელი ძმას, რომელიც შესწავლას ატარებს, სთხოვს, რომ რომელიმე აბზაცზე პირველი კომენტარი ათქმევინოს, რათა თავისი რწმენის გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდეს.

გამოუცდელები ბრძენდებიან

16, 17. რა რჩევა მისცა უხუცესმა სამსახურებრივ თანაშემწეს და რატომ იყო მისი რჩევა ეფექტური?

16 იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე ხშირად შეგვახსენებენ, რომ ყოველდღიურად ვიკითხოთ ღვთის სიტყვა. ამის კეთება ძალების შემმატებელია. ის აგრეთვე გონივრული გადაწყვეტილებების მიღებასა და პირადი ნაკლოვანებების გამოსწორებაში, ცდუნებებთან გამკლავებასა და არასწორი გეზის აღებისას სულიერი წონასწორობის აღდგენაში გვეხმარება (ფსალმუნი 18:8).

17 კრებების გამოცდილი უხუცესები მზად არიან ჩვენი მოთხოვნილებების შესაბამისი ბიბლიური რჩევების მოსაცემად. ჩვენგან მხოლოდ მათ მიერ მოცემული ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევის ‘ამოხაპვა’ მოითხოვება (იგავნი 20:5). ერთხელ ერთმა ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდა სამსახურებრივმა თანაშემწემ უხუცესს რჩევისთვის მიმართა და ჰკითხა, როგორ შეეძლო კრებას უფრო მეტად მომსახურებოდა. უხუცესმა, რომელიც კარგად იცნობდა ამ ახალგაზრდას, გადაუშალა ბიბლია და 1-ლი ტიმოთეს 3:3 წაუკითხა (აქ), სადაც ნათქვამია, რომ მსახურებისთვის დანიშნული მამაკაცები „გონიერნი“ უნდა იყვნენ. მან აჩვენა, როგორ შეეძლო ახალგაზრდას სხვებთან ურთიერთობაში გონიერების გამოვლენა. გაანაწყენა ეს ახალგაზრდა ძმა გულახდილად ნათქვამმა რჩევამ? სულაც არა! „უხუცესი ბიბლიის საშუალებით მელაპარაკა, — თქვა მან, — ამიტომ, მესმოდა, რომ რჩევა იეჰოვასგან მოდიოდა“. ამ სამსახურებრივმა თანაშემწემ მადლიერებით მიიღო რჩევა და სულიერად კარგად მიიწევს წინ.

18. ა) რა დაეხმარა ახალგაზრდა ქრისტიანს საშუალო სკოლაში სწავლისას ცდუნებებისთვის გაძლებაში? ბ) რომელ ბიბლიურ მუხლებს იხსენებთ, როცა ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით ხოლმე?

18 ღვთის სიტყვას შეუძლია ახალგაზრდებს ‘ყმაწვილკაცური გულისთქმების’ არიდებაშიც დაეხმაროს (2 ტიმოთე 2:22). იეჰოვას ახალგაზრდა მოწმეს, რომელმაც საშუალო სკოლა ახლახან დაამთავრა, გარკვეულ ბიბლიურ მუხლებზე ფიქრმა და მათმა გამოყენებამ შაეძლებინა, სკოლის წლების განმავლობაში ცდუნებებისთვის გაეძლო. ის ყოველთვის ფიქრობდა რჩევაზე, რომელიც იგავნის 13:20-შია მოცემული: „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება“. ამიტომ ის ძალიან ფრთხილობდა და ცდილობდა მხოლოდ მათთან ემეგობრა, ვინც ბიბლიურ პრინციპებს ძალიან აფასებდა. ახალგაზრდა ფიქრობდა: „მე არაფრით ვარ სხვაზე უკეთესი. თუ ცუდი მეგობრების წრეში მოვხვდები, გამიჩნდება სურვილი, მათ ვასიამოვნო; ამან კი შეიძლება უბედურება დამატეხოს თავს“. ამ ქრისტიანს პავლეს ის რჩევაც დაეხმარა, რომელიც მე-2 ტიმოთეს 1:8-შია მოცემული: „ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა. . . არამედ იტანჯე. . .სახარებისათვის“. ახალგაზრდა მოწმე ამ რჩევის შესაბამისად მოქმედებდა და ნებისმიერ შესაფერის დროს თანაკლასელებთან გაბედულად ლაპარაკობდა ბიბლიაზე დაფუძნებული თავისი მრწამსის შესახებ. როდესაც კლასის წინაშე მოხსენებით გამოსვლას ავალებდნენ, ისეთ საკითხს ირჩევდა, რომელიც ღვთის სამეფოს შესახებ ტაქტიანად დამოწმების საშუალებას მისცემდა.

19. რატომ ვერ შეძლო ერთმა ყმაწვილმა წუთისოფლის გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ რამ მისცა სულიერი ძალები?

19 თუ ოდესმე ‘მართალთა გზიდან’ გადავუხვევთ, ღვთის სიტყვას შეუძლია სავალი გაგვისწოროს (იგავნი 4:18). ერთმა აფრიკელმა ყმაწვილმა ამ სიტყვების ჭეშმარიტება საკუთარ თავზე გამოსცადა. იეჰოვას მოწმის მისვლის შემდეგ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თავიდან პრაქტიკულად იყენებდა ნასწავლს, მაგრამ მალე სკოლაში ცუდ ახალგაზრდებს დაუმეგობრდა. გარკვეული დროის შემდეგ კი უზნეო ცხოვრებასაც მიჰყო ხელი. „სინდისი იმდენად მქენჯნიდა, რომ იძულებული გავხდი, შეხვედრებზე სიარული შემეწყვიტა“, — აღიარებს ის. მოგვიანებით შეხვედრებზე დასწრება განაახლა. ახალგაზრდამ გულახდილად თქვა: „მივხვდი, რომ ყოველივე ამის ძირითადი მიზეზი სულიერი შიმშილობა იყო. არავითარი პირადი შესწავლა მე არ მქონია. ამიტომაც ვერ გავუძელი ცდუნებას. მაგრამ შემდეგ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვას შევუდექი. თანდათანობით სულიერი ძალები აღვიდგინე და ზნეობრივად სუფთა ცხოვრებაც დავიწყე. ეს მრავლისმეტყველი მაგალითი იყო მათთვის, ვინც ჩემში მომხდარი ცვლილელები შენიშნა. მას შემდეგ მალე მოვინათლე, ახლა კი ბედნიერი ადამიანი ვარ“. რამ მისცა ამ ახალგაზრდას ხორციელი სისუსტეების დასაძლევად ძალა? მან სულიერი ძალები ბიბლიის რეგულარული, პირადი შესწავლის წყალობით აღიდგინა.

საითაც ღმერთი წაგვიძღვება, იქით წავალთ

20. როგორ შეუძლია ახალგაზრდას სატანის თავდასხმების მოგერიება?

20 ახალგაზრდა ქრისტიანებო, დღეს თქვენ სატანის სამიზნე ხართ! მისი თავდასხმების მოსაგერიებლად რეგულარულად უნდა მიიღოთ სულიერი საკვები. ფსალმუნმომღერალს, რომელიც, როგორც ჩანს, თვითონაც ახალგაზრდა იყო, კარგად ესმოდა ეს. ის ემადლიერებოდა იეჰოვას, რომელმაც თავისი სიტყვით უზრუნველყო, სიტყვით, რომლის დახმარებითაც ‘ყმაწვილს თავისი გზის სიწმიდის შენახვა’ შეეძლო (ფსალმუნი 118:9).

21, 22. რატომ არ უნდა დავასკვნათ, რომ ჭეშმარიტების გზა მძიმეა?

21 იეჰოვამ ისრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა და აღთქმულ ქვეყანაში შეიყვანა. გზა, რომელიც მან არჩია, ადამიანის თვალსაზრისით, შეიძლება ტყუილუბრალოდ იყო გართულებული. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ აშკარად უფრო ადვილი და პირდაპირი გზის ნაცვლად, იეჰოვამ თავისი ხალხი უდაბნოს გავლით, ძნელად სავალი გზით, წაიყვანა. მაგრამ ეს სინამდვილეში ღვთის მიერ სიკეთის გამოვლენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის გასწვრივ გზა უფრო მოკლე იყო, ამ გზით ისრაელებს მტრულად განწყობილი ფილისტიმელების ქვეყნის გავლა მოუწევდათ. სხვა გზის არჩევით იეჰოვამ თავისი ხალხი ფილისტიმელებთან ნაადრევად შეტაკებას მოარიდა.

22 მსგავსად ამისა, დღესაც გზა, რომელზეც იეჰოვას მივყავართ, შეიძლება ზოგჯერ მძიმე გვეჩვენებოდეს. ყოველკვირეულად დაგეგმილი გვაქვს ქრისტიანული საქმეები, რასაც თითქმის მთელი დღეები მიაქვს. ამ გეგმაში შედის კრების შეხვედრებზე სიარული, პირადი შესწავლა და ქადაგება. შეიძლება სხვა გზები უფრო იოლი ჩანდეს. მაგრამ, თუ ღვთის ხელმძღვანელობით ვივლით, მივალთ დანიშნულების ადგილზე, რომლის მისაღწევადაც ასე მძიმედ ვირჯებით. ამიტომ განვაგრძოთ ღვთისგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარიგებების მიღება და მარადიულად დავრჩეთ „სწორ კვალზე“ (ფსალმუნი 26:11).

შეგიძლიათ განმარტოთ?

რატომ არის განსაკუთრებით აუცილებელი ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება?

როგორ შეუძლიათ მშობლებს, შვილებს კრების ყურადღებით მოსმენაში დაეხმარონ?

რას ნიშნავს, ვიყოთ კარგი მსმენელები?

რა დაგვეხმარება შეხვედრებისას კომენტარების მიცემაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება დაგვეხმარება, ყოველთვის გვახსოვდეს იეჰოვას დღე.

[სურათები 18 გვერდზე]

არსებობს სხვადასხვა საშუალება ქრისტიანულ შეხვედრებზე იეჰოვას განსადიდებლად.