არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეუძლია იესო ქრისტეს ჩვენი დახმარება

როგორ შეუძლია იესო ქრისტეს ჩვენი დახმარება

როგორ შეუძლია იესო ქრისტეს ჩვენი დახმარება

საქმეები, რომელთაც იესო დედამიწაზე ყოფნისას აკეთებდა ხალხის დასახმარებლად, საოცარი იყო. ეს მართლაც ასე იყო, რადგან მამაკაცმა, რომელიც მისი საქმეების თვითმხილველი გახდა და რომელმაც მისი ცხოვრების ბევრი მომენტი აღწერა, თქვა: „კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, თვით ქვეყნიერებაც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს“ (იოანე 21:25). რადგან იესომ ასე ბევრი რამ მოიმოქმედა დედამიწაზე ცხოვრებისას, შეიძლება დაგვებადოს კითხვა: როგორ დაგვეხმარება ის ზეცაში ყოფნით? შეგვიძლია დღეს ვისარგებლოთ იესოს გულისხმიერებითა და თანაგრძნობით?

პასუხი ძალზე სასიხარულო და გამამხნევებელია. ბიბლია გვეუბნება, რომ ქრისტე შევიდა „ცაში, რათა წარდგეს ახლა ჩვენთვის ღვთის წინაშე“ (ებრაელთა 9:24). რა გააკეთა იქ ჩვენთვის? მოციქული პავლე გვიხსნის, რომ „[ქრისტე] არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში [ცაში] და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა“ (ებრაელთა 9:12; 1 იოანე 2:2).

რაოდენ სასიხარულო ცნობაა! იმის ნაცვლად, რომ შეეწყიტა თავისი დიდებული საქმიანობა, რომელსაც ადამიანების სასარგებლოდ ეწეოდა, ზეცად ამაღლებამ მას კაცობრიობისთვის უფრო მეტის კეთების საშუალება მისცა. ეს იმიტომ, რომ ღმერთმა თავისი სიკეთით იესო დანიშნა „მსახურად“ — მღვდელმთავრად, რომ „დიდების ტახტის მარჯვნივ. . . ზეცაში“ ემსახურა (ებრაელთა 8:1, 2).

„მსახური“

ზეცაში იესო კაცობრიობის მსახური უნდა ყოფილიყო. მას ძველი დროის ისრაელის მღვდელმთავრის მიერ ღვთის თაყვანისმცემლებისთვის გაწეული სამსახურის მსგავსი საქმე უნდა შეესრულებინა. რა საქმე იყო ეს? პავლე გვიხსნის:„ყოველი მღვდელმთავარი დაყენებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირავად. ამიტომ მასაც [ამაღლებულ იესო ქრისტეს] უნდა ჰქონდეს რაიმე მისატანი“ (ებრაელთა 8:3).

იესოს მსხვერპლი ბევრად აღემატებოდა ძველად მცხოვრები მღვდელმთავრების მსხვერპლს. „თუ ვაცთა და კუროთა სისხლი“ გარკვეულწილად სულიერ სისუფთავეს სძენდა ძველად ისრაელს, ‘მით უმეტეს სისხლი ქრისტესი. . . განწმენდდა ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის’ (ებრაელთა 9:13, 14).

გარდა ამისა, იესო ყველაზე გამორჩეული მსახურია, რადგან ღმერთმა მას უკვდავება უბოძა. ძველად ისრაელში „მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში“. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იესოზე? პავლე წერს: „მას კი უკუნისამდე დარჩენით [როგორც მარადის მყოფს, სსგ] გარდუვალი მღვდლობა აქვს. ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ“ (ებრაელთა 7:23—25; რომაელთა 6:9). დიახ, ჩვენ გვყავს მსახური, რომელიც ზეცაში ღვთის მარჯვნივ ზის და რომელიც ‘ცოცხალია მუდამ, რათა გვიშუამდგომლოს’. დაფიქრდი, რას ნიშნავს ეს დღეს ჩვენთვის!

როდესაც იესო დედამიწაზე იყო, უამრავი ხალხი მიჰყვებოდა დახმარების მისაღებად, ზოგჯერ კი ძალიან დიდ მანძილსაც გადიოდნენ განსაკურნებლად (მათე 4:24, 25). ზეცაში მყოფი იესო ყველა ერის მიმართ ავლენს ყურადღებას. ის ყოველთვის მზად არის ზეციდან დახმარების გასაწევად.

როგორი მღვდელმთავარია იესო?

იესო ქრისტეს სახარებისეული აღწერა არავითარ ეჭვს არ ტოვებს მის დახმარებისათვის მზადყოფნასა და გულისხმიერ თანაგრძნობაში. მას ნამდვილად თავგანწირვის სულისკვეთება ჰქონდა! არაერთხელ შეუშლიათ მისთვის ხელი, როდესაც მას და მის მოწაფეებს დასასვენებლად — რაც მართლაც აუცილებელი იყო — განმარტოება სურდათ. ნაცვლად იმაზე ფიქრისა, რომ სიმშვიდესა და სიწყნარეში ყოფნის ძვირფას წუთებს ართმევდნენ, მას „შეებრალა“ ის ხალხი, რომელთაც მისგან დახმარების მიღება სურდათ. მაშინაც კი, როცა იესო დაღლილი, მშიერი და მწყურვალი იყო, ის „ღებულობდა მათ“ და მზად იყო მოეთმინა შიმშილი, თუკი შეეძლო წრფელი გულის მქონე ცოდვილებს დახმარებოდა (მარკოზი 6:31—34; ლუკა 9:11—17; იოანე 4:4—6, 31—34).

სიბრალულით აღძრული იესო ხალხის ფიზიკური, ემოციური და სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად პრაქტიკულ ზომებს იღებდა (მათე 9:35—38; მარკოზი 6:35—44). უფრო მეტიც, ის ასწავლიდა მათ, ეპოვათ ხანგრძლივი შვება და ნუგეში (იოანე 4:7—30, 39—42). მაგალითად, რაოდენ სასიამოვნოა მისი მოწვევა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს“ (მათე 11:28, 29).

იესომ ცოდვილი ადამიანებისადმი უდიდესი სიყვარულის გამო, სიცოცხლე გაიღო (რომაელთა 5:6—8). ამასთან დაკავშირებით მოციქული პავლე მსჯელობდა: „ის [იეჰოვა ღმერთი], ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს?. . . ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და, მეტიც, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის“ (რომაელთა 8:32—34).

თანამგრძნობი მღვდელმთავარი

როგორც ადამიანმა, იესომ შიმშილი, წყურვილი, დაღლილობა, ტანჯვა, ტკივილი და სიკვდილი გამოსცადა. გასაჭირმა და შევიწროებამ, რომელიც მან მოითმინა, განსაკუთრებულად შეამზადა ტანჯული კაცობრიობის მღვდელმთავრად მსახურებისთვის. პავლემ დაწერა: „ამიტომ იგი [იესო] ყველაფერში უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების შესაწყნარებლად. ვინაიდან, როგორც თვითონ იტანჯა და გამოიცადა, ისე შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ.“ (ებრაელთა 2:17, 18; 13:8).

იესომ დაამტკიცა, რომ სათანადოდ გამოცდილი პიროვნება იყო და რომ მზად იყო, ხალხს ღმერთთან დაახლოებაში დახმარებოდა. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ იესომ უნდა დაიყოლიოს მკაცრი და დაუნდობელი ღმერთი, რომელსაც არ უყვარს პატიება? რა თქმა უნდა, არა, რადგან ბიბლია გვარწმუნებს, რომ ‘უფალი [იეჰოვა] კეთილი და შემბრალეა’. გარდა ამისა, მასში ნათქვამია: „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უკეთურებისაგან“ (ფსალმუნი 85:5; 1 იოანე 1:9). ასე რომ, იესოს სიყვარულით აღსავსე სიტყვა და საქმე თავისი მამის თანაგრძნობას, გულმოწყალებასა და სიყვარულს ირეკლავდა (იოანე 5:19; 8:28; 14:9, 10).

რით მოაქვს იესოს შვება მომნანიე ცოდვილთათვის? იმით, რომ ეხმარება მათ სიხარულისა და კმაყოფილების შეძენაში, როდესაც გულწრფელად ცდილობენ, ასიამოვნონ ღმერთს. პავლე ცხებულ თანაქრისტიანებს სწერდა: „ახლა, როცა ჩვენ გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გაიარა ზეცა, იესო, ღვთის ძე, მტკიცედ შევინახოთ აღსარება. ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა. აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის“ (ებრაელთა 4:14—16).

დროული დახმარება

რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როდესაც ისეთ პრობლემებს ვაწყდებით, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ ვერ გავუმკლავდებით, მაგალითად, სერიოზულ ავადმყოფობას, დამთრგუნველ დანაშაულის გრძნობას, უსაზღვრო სასოწარკვეთილებას ან დეპრესიას? ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ იმას, რასაც რეგულარულად მიმართავდა იესო — ლოცვას, რაც ძვირფასია ყოველი ჩვენგანისთვის. მაგალითად, სიკვდილის წინა საღამოს, სანამ ჩვენთვის სიცოცხლეს გაიღებდა, იესო „უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა. მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და ეპკურებოდა მიწას“ (ლუკა 22:44). დიახ, იესოსთვის ნაცნობია ის გრძნობა, რომელიც ადამიანს ღვთისადმი მთელი გულით ლოცვისას ეუფლება. მან „ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დახსნის შემძლეს, და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო“ (ებრაელთა 5:7).

იესომ იცის, რამდენს ნიშნავს ადამიანისთვის, იყოს ღვთის მიერ ‘შესმენილი’ და გამხნევებული (ლუკა 22:43). უფრო მეტიც, ის დაგვპირდა: „რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ. . . ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს“ (იოანე 16:23, 24). ასე რომ, როდესაც რაიმეს ვთხოვთ ღმერთს, შეგვიძლია გვწამდეს, რომ ის ნებას დართავს თავის ძეს, ჩვენს სასარგებლოდ გამოიყენოს თავისი მდგომარეობა და გამომსყიდველური მსხვერპლის ფასი (მათე 28:18).

შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ თავისი ზეციური მდგომარეობიდან იესო საჭირო დროს საჭირო დახმარებას გაგვიწევს. მაგალითად, თუ ცოდვა ჩავიდინეთ და გულწრფელად ვინანიებთ, შეგვიძლია ნუგეში ბიბლიის შემდეგ სიტყვებში ვპოვოთ: „გვყავს შუამდგომელი [„დამხმარე“, აქ] მამის წინაშე, მართალი იესო ქრისტე“ (1 იოანე 2:1, 2). ზეცაში მყოფი ჩვენი დამხმარე და ნუგეშისმცემელი გვიშუამდგომლებს ღმერთთან და ჩვენც მისი სახელით აღვლენილ და საღვთო წერილთან შეთანხმებულ ლოცვებზე პასუხს მივიღებთ (იოანე 14:13, 14; 1 იოანე 5:14, 15).

მადლიერების გამოვლენა ქრისტეს მიერ გაწეული დახმარებისთვის

მაგრამ უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ღვთისადმი მისი ძის სახელით მიმართვა. თავისი გამომსყიდველური მსხვერპლის ფასით „ქრისტემ გამოგვისყიდა“ და, ასე ვთქვათ, კაცობრიობის „გამომსყიდველი ხელმწიფე“ გახდა (გალატელთა 3:13; 4:5; 2 პეტრე 2:1). ყველაფრისთვის, რასაც ქრისტე ჩვენთვის აკეთებს, მადლიერებას იმით გამოვავლენთ, თუ ვაღიარებთ მას ჩვენს ხელმწიფედ და სიხარულით გამოვეხმაურებით მის მოწვევას: „თუ ვინმეს უნდა გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს“ (ლუკა 9:23). ‘საკუთარი თავის უარყოფა’ არ ნიშნავს უბრალოდ იმის თქმას, რომ ამიერიდან შენ აღარ ხარ შენი თავის ბატონი. ბოლოს და ბოლოს, ქრისტე ხომ „ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორინთელთა 5:14, 15). ამიტომ მადლიერება იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისათვის დიდად იმოქმედებს ჩვენს შეხედულებებზე, მიზნებსა და ცხოვრების წესზე. ის, რომ ჩვენ ყოველთვის ვალში ვიქნებით იესო ქრისტეს მიმართ, „რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის“, უნდა აღგვძრავდეს, უფრო მეტად გავეცნოთ მას და მის ზეციერ მამას, იეჰოვა ღმერთს. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვსურდეს, გავიზარდოთ რწმენაში, ვიცხოვროთ ჩვენს საკეთილდღეოდ გამიზნული ღვთის ნორმების თანახმად და ვიყოთ „კეთილი საქმეების მოშურნე“ (ტიტე 2:13, 14; იოანე 17:3).

ქრისტიანული კრების მეშვეობით ჩვენ დროულ სულიერ საზრდოს, გამხნევებასა და დარიგებას ვიღებთ (მათე 24:45—47; ებრაელთა 10:21—25). მაგალითად, თუ ვინმე სულიერად ავად არის, შეუძლია „მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი“. შემდეგ იაკობი გვარწმუნებს: „რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება“ (იაკობი 5:13—15).

განვიხილოთ ერთი მაგალითი: მამაკაცმა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ციხეში სასჯელს იხდიდა, კრების ერთ უხუცესს წერილი მისწერა, რომელშიც მადლიერებას გამოთქვამდა“ იეჰოვას ყველა მოწმისადმი, რომლებიც იესო ქრისტეს წამოწყებულ კეთილ საქმეს ასრულებენ და ეხმარებიან ხალხს ღვთის სამეფოსკენ სწრაფვაში“. თავის წერილში ის ამბობდა: „ძალიან გამიხარდა თქვენი წერილის მიღება. თქვენი ზრუნვა ჩემს სულიერ ხსნაზე ჩემს გულს ღრმად შეეხო. ამიტომაც უფრო მეტი საფუძველი გამაჩნია იმისათვის, რომ გამოვეხმაურო იეჰოვა ღმერთის მოწოდებას და მოვინანიო. 27 წლის განმავლობაში ვცდებოდი და უგზო-უკვლოდ დავბოდიალობდი ცოდვის, სიცრუის, უკანონობის, უზნეობისა და საეჭვო რელიგიების წყვდიადში. მაგრამ, როდესაც იეჰოვას მოწმეებს გავეცანი, მივხვდი, რომ, როგორც იქნა, ვიპოვე ის გზა — ჭეშმარიტი გზა! სხვა ყველაფერი ჩემთვის მეორეხარისხოვანია“.

უფრო მეტი დახმარება ახლო მომავალში

მსოფლიო მდგომარეობის გაუარესება ნათელი ნიშანია იმისა, რომ ზუსტად იმ კრიტიკულ დროში ვცხოვრობთ, რომელიც წინ უნდა უძღვოდეს „დიდი გასაჭირის“ დადგომას. სწორედ ახლა უამრავი ხალხი ყველა ერიდან, ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან ‘ირეცხავს თავის სამოსს და ასპეტაკებს კრავის სისხლით’ (გამოცხადება 7:9, 13, 14; 2 ტიმოთე 3:1—5). რადგანაც სწამთ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის, ღმერთი მათ ცოდვებს პატიობს და დახმარებას იღებენ, რათა დაუახლოვდნენ ღმერთს — რომელიც მათი მეგობარი გახდა (იაკობი 2:23).

კრავი, იესო ქრისტე, „აძოვებს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს. და მოსწმედს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს“ (გამოცხადება 7:17). მაშინ ქრისტე ბოლომდე შეასრულებს თავის, როგორც მღვდელმთავრის, მოვალეობას. ის დაეხმარება ღვთის ყველა მეგობარს „სიცოცხლის წყლის წყაროებიდან“ სრული სულიერი, ფიზიკური, გონებრივი და ემოციური სარგებლობის მიღებაში. ის, რაც იესომ ახ. წ. 33 წელს წამოიწყო, და რის კეთებასაც დღემდე აგრძელებს ზეციდან, სრულყოფილად შესრულდება.

არასოდეს შეწყვიტო ღრმა მადლიერების გამოვლენა იმისათვის, რაც ღმერთმა და ქრისტემ გააკეთეს, და აკეთებენ ჩვენთვის. მოციქული პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „მარადის იხარეთ უფალში. . . არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:4, 6, 7).

იესო ქრისტესადმი, ზეცაში ჩვენი დამხმარისადმი, მადლიერების გამოვლენის კარგი საშუალება არსებობს. 2000 წლის 19 აპრილს, ოთხშაბათს მზის ჩასვლის შემდეგ იეჰოვას მოწმეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკრიბებიან ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად (ლუკა 22:19). ამ საღამოზე დასწრება ქრისტეს გამომსყიდველური მსხვეპლისადმი მადლიერების გაღრმავების საშუალებას მოგვცემს. მთელი გულით გიწვევთ; დაესწარით და მოისმინეთ, როგორ შეგიძლიათ მარადიული სარგებლობა მიიღოთ ქრისტეს საშუალებით კაცობრიობის ხსნის ღვთის დიდებული ღონისძიებიდან. დაუკავშირდით იეჰოვას ადგილობრივ მოწმეებს, რომ დააზუსტოთ ამ განსაკუთრებული შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი.

[სურათი 7 გვერდზე]

იესოსთვის ცნობილია, რას ნიშნავს ღვთისადმი გულითადი ლოცვა.

[სურათები 8 გვერდზე]

ქრისტე დაგვეხმარება იმ პრობლემების გადალახვაში, რომლებთან გამკლავებაც ჩვენს ძალებს აღემატება.

[სურათი 9 გვერდზე]

ქრისტე მოსიყვარულე უხუცესების საშუალებით გვეხმარება.