არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანული იმედის გაზიარება სენეგალში

ქრისტიანული იმედის გაზიარება სენეგალში

ჩვენ მორწმუნენი ვართ

ქრისტიანული იმედის გაზიარება სენეგალში

უძველესი დროიდან ძირითადად თევზით იკვებებოდნენ. ათასობით წლის განმავლობაში ხალხი თევზს იჭერდა ზღვებში, მდინარეებსა და ტბებში. იესო ქრისტეს ზოგი მოციქული გალილეის ზღვაზე თევზაობდა. მაგრამ იესომ მათ სხვაგვარი თევზაობა დაავალა. ეს სულიერი თევზაობა იყო, რაც სარგებლობას მოუტანდა არა მხოლოდ მეთევზეს, არამედ თევზსაც.

ამასთან დაკავშირებით იესომ მეთევზე პეტრეს უთხრა: „ამიერიდან ადამიანებს დაიჭერ“ (ლუკა 5:10). ამგვარი თევზაობა 230-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის სენეგალშიც, მიმდინარეობს (მათე 24:14). ამ ქვეყანაში თანამედროვე „ადამიანთა მებადურეები“ გაბედულად უზიარებენ თავიანთ ქრისტიანულ იმედს სხვებს (მათე 4:19).

სენეგალი აფრიკის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის ჩრდილოეთ საჰარის მოსაზღვრე ქვიშიანი უდაბნოს ტერიტორიიდან სამხრეთში მდებარე კაზამანსის რაიონის ტენიან ტროპიკულ ტყეებამდეა გადაჭიმული. სენეგალი ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უდაბნოდან ცხელი ქარი და ატლანტის ოკეანედან გრილი სიო უბერავს. აქ ცხრა მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სენეგალის მცხოვრებლები სტუმართმოყვარეობით არიან ცნობილი. უმრავლესობა არ მისდევს ქრისტიანობას. იქ ბევრი მწყემსია; აგრეთვე მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, აქლემებისა და თხების მენახირეები და ფერმერები, რომლებსაც მიწის თხილი, ბამბა და ბრინჯი მოჰყავთ. ამ ქვეყანაში მეთევზეებიც არიან, რომლებსაც ატლანტის ოკეანედან და რამდენიმე დიდი მდინარედან, რომლებიც ქვეყნის გავლით მიედინებიან, თევზით სავსე ბადეები ამოაქვთ. თევზჭერა მთავარ როლს ასრულებს სენეგალის ეკონომიკაში. იქ სახელგანთქმული ეროვნული კერძია „ჩიბ ჯენი“, გემრიელი საჭმელი, რომელიც მზადდება ბრინჯის, თევზისა და ბოსტნეულისგან.

„ადამიანთა მებადურები“

სენეგალში სამეფოს 863 აქტიური მქადაგებელია. სულიერი თევზაობა იქ 1950-ანი წლების პირველი ნახევრიდან დაიწყო. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალის ბიურომ დედაქალაქ დაკარში 1965 წელს დაიწყო ფუნქციონირება. „მებადური“ მისიონერები იქ ბევრი შორეული ქვეყნიდან ჩავიდნენ; ასე რომ, „თევზაობა“ დაიწყო და ქრისტიანულ იმედს განუწყვეტლივ უზიარებდნენ სხვებს სენეგალში. საბოლოოდ ახალი ფილიალის შენობები წამოიმართა ალმადსა და დაკარის გარეუბნებში, რომლებიც 1999 წლის ივნისში იეჰოვას მიუძღვნეს. რა სასიხარულო იყო ეს!

ჭეშმარიტების მიღებასთან დაკავშირებული სირთულეები

მოწმეები რეგულარულად ამყარებენ კონტაქტს სრულიად განსხვავებული წარმოშობის ხალხთან და ზოგი დადებითად ეხმაურება ღვთის სიტყვაში არსებულ იმედთან დაკავშირებულ ცნობას. თუმცა ბევრი არ არის ბიბლიაში გათვითცნობიერებული, მათ ახარებთ იმის გაგება, რომ იეჰოვა ღმერთის დანაპირები, რის შესახებაც ძველ დროში მცხოვრებ ერთგულ წინასწარმეტყველთა მეშვეობით გვამცნო, მალე შესრულდება.

ხშირად ქრისტიანული პრინციპების დასაცავად სიმამაცისა და სიმტკიცის გამოვლენა მოითხოვება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ოჯახურ ტრადიციებსა და ადათ-წესებს ეხება. მაგალითად, სენეგალში მრავალცოლიანობა ჩვეულებრივი რამ არის. განვიხილოთ ერთი მამაკაცის შემთხვევა, რომელსაც ორი ცოლი ჰყავდა იმ დროს, როცა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ეყოფოდა მას გამბედაობა ქრისტიანული ჭეშმარიტების მისაღებად და დაემორჩილებოდა ბიბლიურ მოთხოვნას, ყოფილიყო მხოლოდ ერთი ცოლის ქმარი? (1 ტიმოთე 3:2). შეაჩერებდა არჩევანს თავისი სიყმაწვილის ცოლზე, ქალზე, რომელზეც პირველად დაქორწინდა? ის სწორედ ამგვარად მოიქცა და ამჟამად გულმოდგინედ მსახურობს უხუცესად დაკარის ერთ-ერთ დიდ კრებაში. მისმა პირველმა ცოლმაც მიიღო ჭეშმარიტება მის 12 შვილთან ერთად, რომელთაგანაც ათი პირველი ცოლისგან, ხოლო ორი ყოფილი მეორე ცოლისგან ჰყავდა.

ქრისტიანული იმედის მისაღებად სხვა ხელისშემშლელი მიზეზი შეიძლება წერა-კითხვის უცოდინარობა იყოს. ნიშნავს ეს იმას, რომ უწიგნური ადამიანი ვერ შეძლებს ჭეშმარიტების მიღებას და მის თანახმად ცხოვრებას? სულაც არა. დაფიქრდით მარის მაგალითზე, რვა მოზარდი შვილის შრომისმოყვარე დედაზე. ის მალე მიხვდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ყოველდღიურად ბიბლიურ ტექსტზე თავის მოზარდებთან ერთად მსჯელობა, სანამ თვითონ სამსახურში, ხოლო ბავშვები სკოლაში წავიდოდნენ. მაგრამ, როგორ გააკეთებდა ამას თუ კითხვა არ შეეძლო? ის ყოველ დილით ადრე დგებოდა, იღებდა ბროშურას „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა“ და სახლის წინ ქვიშიან ქუჩაში გადიოდა. როცა ხალხი ჩაუვლიდა, ეკითხებოდა, შეეძლოთ თუ არა წაეკითხათ. როდესაც იპოვიდა ვინმეს, მიაწოდებდა ბროშურას და გულწრფელად სთხოვდა: „მე არ ვიცი კითხვა, ხომ ვერ წამიკითხავდით, გეთაყვა, ამ მონაკვეთს?“. ის ყურადღებით ისმენდა წაკითხულ მასალას. შემდეგ მადლობას უხდიდა გამვლელს და სასწრაფოდ შედიოდა სახლში, რათა თავის შვილებთან ერთად განეხილა ტექსტი, სანამ ისინი სკოლაში წავიდოდნენ.

ყოველგვარი ხალხი ეხმაურება

სენეგალში ხალხის პოვნა ქუჩებში შეიძლება, სადაც ისინი თევზს, ბოსტნეულსა და ხილს ყიდიან, ან გიგანტური ხის, ბაობაბის, ქვეშ დგანან და ატაიას, ცოტაოდენ მწარე ჩაის, სვამენ. ორი ძმა, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, კეთილი ცნობა ყველა შემხვედრისთვის გაეზიარებინათ, ინვალიდ მამაკაცს გაესაუბრა, რომელიც ქუჩაში მათხოვრობდა. მისალმების შემდეგ ძმებმა უთხრეს: „ბევრი გაძლევთ ფულს, მაგრამ არავინ ჩერდება თქვენთან სასაუბროდ. ჩვენ იმ მიზნით მოვედით, რომ გესაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რაც თქვენს მომავალსაც ეხება. — მათხოვარი გააოცა მოსმენილმა. — შეიძლება დაგისვათ ერთი კითხვა? — განაგრძეს ძმებმა, — თქვენი აზრით, რატომ არსებობს ამდენი ტანჯვა დედამიწაზე? — ეს ღვთის ნებით ხდება, — უპასუხა მათხოვარმა“.

შემდეგ ძმებმა ბიბლიაზე დაყრდნობით იმსჯელეს მასთან და აუხსნეს გამოცხადების 21:4. ამ იმედთან დაკავშირებულმა ცნობამ და იმ ფაქტმა, რომ ვიღაც იმდენად დაინტერესებული იყო მისით, რომ მიუახლოვდა და მასთან ბიბლიაზე ისაუბრა, გული აუჩუყა მათხოვარს. მას თვალზე ცრემლი მოადგა. იმის მაგივრად, რომ მათგან ფული ეთხოვა, ის ეხვეწებოდა ძმებს, გამოერთმიათ მისთვის ყველა მონეტა, რომლებიც ქილაში ეყარა. ის ისე კატეგორიულად მოითხოვდა ამას, რომ ყველა გამვლელის ყურადღება მიიქცია. მხოლოდ დიდი ბრძოლის შემდეგ შეძლეს ძმებმა მისი დარწმუნება, რომ თავისთვის დაეტოვებინა ფული. საბოლოოდ ის დათანხმდა, მაგრამ დაჟინებით მოითხოვა, კვლავ მისულიყვნენ მასთან.

დაკარის დიდ უნივერსიტეტშიც შეიძლება სულიერი სათევზაო ბადით თევზის დაჭერა. იქ სამედიცინო ფაკულტეტის ერთმა სტუდენტმა, სახელად ჟან-ლუიმ, ბიბლიის შესწავლა დაიწყო; მალე მიიღო ჭეშმარიტება, თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. მას ძალიან სურდა, პიონერად ემსახურა იეჰოვასთვის, მაგრამ ამავე დროს ის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. რადგან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული თავის ქვეყანასთან, ვალდებული იყო, დაესრულებინა სწავლა. მაგრამ იმავე პერიოდში დამხმარე პიონერული მსახურება დაიწყო. როდესაც დიპლომი მიიღო როგორც კვალიფიცირებულმა ექიმმა, სულ მალე აფრიკის დიდ ბეთელში ოჯახის ექიმად მიიწვიეს. სხვა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელსაც მოწმეები დაკარის უნივერსიტეტში შეხვდნენ, ამჟამად თავის ქვეყანაში არსებულ ბეთელის ოჯახში მსახურობს.

უდავოა, რომ სენეგალში სულიერი თევზაობა ნაყოფიერია. იქ იეჰოვას მოწმეების ლიტერატურას ძალიან აფასებენ, რომელიც ამჟამად ადგილობრივ ვოლოფურ ენაზე გამოიცემა. ბევრ გულწრფელ ადამიანს მშობლიურ ენაზე კეთილი ცნობის მოსმენა აღძრავს, მადლიერებით გამოეხმაუროს მას. უეჭველია, იეჰოვას წყალობით კიდევ ბევრი სიმბოლური თევზის დაჭერა გახდება შესაძლებელი, სანამ სენეგალში მცხოვრები აქტიურად მომსახურე „ადამიანთა მებადურეები“ ერთგულად და გაბედულად განაგრძობენ სხვებისთვის ქრისტიანული იმედის გაზიარებას.

[რუკა⁄სურათი 31 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

სენეგალი

[სურათი]

ქრისტიანული იმედის გაზიარება სენეგალში.

[საავტორო უფლება]

Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.