‘ღმერთო, გამოავლინე შუქი შენი’
‘ღმერთო, გამოავლინე შუქი შენი’
„გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი წამიძღვებიან“ (ფსალმუნი 42:3).
1. როგორ გვიმხელს იეჰოვა თავის განზრახვებს?
იეჰოვა დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ როგორ გაუმხილოს საკუთარი განზრახვები თავის მსახურებს. ჭეშმარიტებისთვის ერთბაშად შუქის მოფენით დაბრმავების ნაცვლად, ის თანდათანობით გვანათლებს. ცხოვრების ბილიკზე ჩვენი სიარული შეიძლება სიძნელეებით აღსავსე ხანგრძლივ ქვეით ლაშქრობას შევადაროთ. ტურისტი განთიადისას ადგება გზას და დილის ბინდბუნდში თითქმის ვერაფერს ხედავს; როდესაც ჰორიზონტზე მზე ამოიწვერება ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე გამოსახულებას შენიშნავს, დანარჩენს კი ბუნდოვნად ხედავს; მაგრამ მზის ამოსვლასთან ერთად უფრო და უფრო
შორეული საგნების გარჩევასაც იწყებს. ასევეა ღვთის მიერ ბოძებული სულიერი შუქიც. ერთ კონკრეტულ დროს ის მხოლოდ ზოგი რამის გაგების საშუალებას გვაძლევს. ღვთის ძე იესო ქრისტეც მსგავსადვე იძლეოდა სულიერ განათლებას. განვიხილოთ, როგორ გაანათლა იეჰოვამ თავისი ხალხი ძველ დროში და როგორ აკეთებს ამას დღეს.2. როგორ იძლეოდა იეჰოვა განათლებას წინაქრისტიანულ პერიოდში?
2 სავარაუდოა, რომ 43-ე ფსალმუნი კორახის ძეების მიერ არის შედგენილი. რადგან ლევიანები იყვნენ, ხალხისთვის მათ ღვთის რჯული უნდა ესწავლებინათ (მალაქია 2:7). რა თქმა უნდა, მათი დიდებული მოძღვარი იეჰოვა იყო და ისინი მას მიმართავდნენ, როგორც ყოველგვარი სიბრძნის წყაროს (ესაია 30:20). „ღმერთო. . . გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი, — ლოცულობდა ფსალმუნმომღერალი, — ისინი წამიძღვებიან“ (ფსალმუნი 42:1, 3). სანამ ისრაელები ერთგულები იყვნენ, იეჰოვა ასწავლიდა მათ თავის გზებს. საუკუნეების შემდეგ მან ისინი უშესანიშნავესი შუქითა და ჭეშმარიტებით დააჯილდოვა — დედამიწაზე საკუთარი ძე გამოგზავნა.
3. რა მხრივ დააყენა იუდეველები გამოცდის წინაშე იესოს სწავლებამ?
3 ღვთის ძე, განკაცებული იესო ქრისტე, ნამდვილად იყო „ნათელი. . . წუთისოფლისა“ (იოანე 8:12). ის ხალხს „ბევრ რასმე ასწავლიდა. . . იგავებით“ — ახალ „რასმე“ (მარკოზი 4:2). იესომ პონტოელ პილატეს უთხრა: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა“ (იოანე 18:36). ეს სრულიად ახალი აზრი იყო რომაელებისთვის და, რა თქმა უნდა, ნაციონალისტი იუდეველებისთვისაც, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ მესია რომის იმპერიას დააჩოქებდა და ისრაელს ყოფილ დიდებას დაუბრუნებდა. იესო იეჰოვას შუქს ირეკლავდა, მაგრამ იუდეველ წინამძღოლებს მისი სიტყვები არ მოსწონდათ, რადგან „ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება“ (იოანე 12:42, 43). მრავალი იუდეველი, ღვთის სულიერი შუქისა და ჭეშმარიტების მიღების ნაცვლად, ადამიანთა ტრადიციებს ეჭიდებოდა (ფსალმუნი 42:3; მათე 13:15).
4. საიდან ვიცით, რომ იესოს მოწაფეები კვლავაც განაგრძობდნენ შემეცნებაში ზრდას?
4 მიუხედავად ამისა, მცირედნი იყვნენ გულწრფელი მამაკაცები და ქალები, რომლებიც იესოსაგან სიხარულით იღებდნენ ჭეშმარიტებას. ისინი ღვთის განზრახვების გაგებაში განუწყვეტლივ წინ მიიწევდნენ. მაგრამ ახლოვდებოდა მათი მოძღვრის დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელი დღეები, მოწაფეებს კი ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდათ სასწავლი. იესომ მათ უთხრა: „კვლავ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ“ (იოანე 16:12, სსგ). დიახ, მოწაფეები კვლავაც განაგრძობდნენ ღვთის ჭეშმარიტების შემეცნებაში ზრდას.
შუქი კვლავ განაგრძობს ნათებას
5. რა პრობლემა წამოიჭრა პირველ საუკუნეში და ვის დაეკისრა მისი გადაჭრა?
5 იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ღვთისგან მომდინარე შუქს ადრინდელთან შედარებით მეტი სინათლე შეემატა. იეჰოვამ პეტრეს ხილვაში ანახა, რომ იმ დროიდან წინადაუცვეთელ წარმართებსაც შეეძლოთ ქრისტეს მიმდევრები გამხდარიყვნენ (საქმეები 10:9—17). ეს გამოცხადება იყო! მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, წამოიჭრა კითხვა: მოითხოვდა თუ არა იეჰოვა ასეთი წარმართებისგან ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ წინადაცვეთას? ამ კითხვას ხილვაში პასუხი არ გასცემია და ამიტომაც ის ქრისტიანებს შორის კამათის მიზეზი გახდა. პრობლემა უნდა გადაჭრილიყო, რადგან ესოდენ ძვირფას ერთიანობას ძირი ეთხრებოდა. ამიტომ იერუსალიმში „მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ ამ საქმის გასარჩევად“ (საქმეები 15:1, 2, 6).
6. რას მიმართეს მოციქულებმა და უხუცესებმა წინადაცვეთის საკითხის განხილვისას?
6 როგორ შეეძლოთ იმ შეკრებაზე დამსწრეებს იმის განსაზღვრა, თუ რა იყო ღვთის ნება მორწმუნე წარმართებთან დაკავშირებით? იეჰოვას თავისი ანგელოზი არ გამოუგზავნია შეკრებილთა თავმჯდომარედ; არც იქ დამსწრეთათვის მიუცია რაიმე ხილვა. და მაინც, მოციქულები და უხუცესები ხელმძღვანელობის გარეშეც არ იყვნენ მიტოვებული. მათ განიხილეს იმ ზოგი ებრაელი ქრისტიანის მოწმობა, რომლებმაც ნახეს, ღმერთი უკვე როგორ ეპყრობოდა სხვა ხალხებს და როგორ მოჰფინა სულიწმიდა წინადაუცვეთელ წარმართებს. ხელმძღვანელობის მისაღებად მათ საღვთო წერილიც გამოიკვლიეს. შედეგად კი მოწაფე იაკობმა წარმოთქვა სიტყვა, რომელიც საღვთო წერილის საფუძველზე ნათელს ჰფენდა ამ საკითხს. მტკიცებებზე დაფიქრების შემდეგ აშკარა გახდა ღვთის ნება. სხვა ხალხის წარმომადგენლებს იეჰოვას მოსაწონად მოქმედებისთვის წინადაცვეთა არ მოეთხოვებოდათ. მოციქულებმა და უხუცესებმა დაუყოვნებლივ წერილობით ჩამოაყალიბეს მიღებული გადაწყვეტილება, საქმეები 15:12—29; 16:4).
რათა თანამორწმუნეებს ამით ეხელმძღვანელათ (7. რა მხრივ იყვნენ პროგრესულები პირველი საუკუნის ქრისტიანები?
7 იუდეველ რელიგიურ წინამძღოლთაგან განსხვავებით, რომლებიც მამა-პაპათა გადმოცემებს იყვნენ ჩაჭიდებული, იუდეველ ქრისტიანთა უმეტესობა სიხარულით აღავსო სხვა ხალხების მიმართ ღვთის განზრახვის შესახებ ამ ახალმა, შესანიშნავმა გაგებამ; თუმცა ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა შეეცვალათ წარმართების მიმართ თავიანთი ადრინდელი შეხედულება. იეჰოვამ აკურთხა მათი თავმდაბლობის სული და „ეკლესიები მტკიცდებოდა რწმენით და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი“ (საქმეები 15:31; 16:5).
8. ა) საიდან ვიცით, რომ პირველი საუკუნის დასრულების შემდეგ უფრო მეტი შუქის მოფენა იყო მოსალოდნელი? ბ) რა დროულ კითხვებს განვიხილავთ ახლა?
8 სულიერი შუქი მთელი პირველი საუკუნის განმავლობაში განაგრძობდა ნათებას, მაგრამ იეჰოვას იმდროინდელი ქრისტიანებისთვის თავისი განზრახვის ყველა მხარე არ გაუშუქებია. მოციქულმა პავლემ პირველი საუკუნის თანაქრისტიანებს უთხრა: «ახლა ჩვენ ვხედავთ [„ლითონის“, აქ] სარკით, ბუნდოვნად» (1 კორინთელთა 13:12). ასეთი სარკის ზედაპირი საგნებს კარგად არ ირეკლავდა. აქედან გამომდინარე, სულიერი შუქით უზრუნველყოფილი გაგება თავდაპირველად შეზღუდული იქნებოდა. მოციქულების სიკვდილის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შუქი გამკრთალდა, მაგრამ ბოლო დროს სულიერმა გაგებამ საგრძნობლად იმატა (დანიელი 12:4). დღეს როგორ ანათლებს იეჰოვა თავის ხალხს? და როგორ უნდა გამოვეხმაუროთ ღვთისგან ბიბლიური გაგების გაფართოებას?
შუქი უფრო და უფრო მატულობს
9. ბიბლიის შესასწავლად რა გამორჩეულ და ეფექტურ მეთოდს იყენებდნენ ბიბლიის მკვლევარები?
9 ჩვენს დღეებში შუქის პირველი რეალური აციმციმება XIX საუკუნის მიწურულიდან დაიწყო, როდესაც ქრისტიანი მამაკაცებისა და ქალებისგან შემდგარმა ჯგუფმა ბიბლიის გულმოდგინედ კვლევა დაიწყო. მათ განავითარეს ბიბლიის კვლევის მიზანშეწონილი მეთოდი — ვინმე დასვამდა კითხვას, შემდეგ კი მთელი ჯგუფი იკვლევდა ამ საკითხთან დაკავშირებულ ყველა ბიბლიურ მუხლს. როდესაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თითქოს ერთი მუხლი მეორეს ეწინააღმდეგებოდა, ეს გულწრფელი ქრისტიანები ცდილობდნენ, შეეთანხმებინათ ისინი. თავიანთი თანამედროვე რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით, ბიბლიის მკვლევარები (ასე იყვნენ ადრე იეჰოვას მოწმეები ცნობილი) იმ გადაწყვეტილებით იყვნენ აღსავსე, რომ სახელმძღვანელოდ საღვთო წერილი ჰქონოდათ და არა ტრადიციები ან ადამიანთა მიერ გამოგონილი დოგმები. ყველა ხელმისაწვდომი ბიბლიური მტკიცების განხილვის შემდეგ, ისინი იწერდნენ გამოტანილ დასკვნებს. ამგვარად
მრავალ ძირითად ბიბლიურ სწავლებას მოეფინა ნათელი.10. ბიბლიის შესასწავლად რა დამხმარე სახელმძღვანელოები დაწერა ჩარლზ ტეიზ რასელმა?
10 ბიბლიის მკვლევარებს შორის გამოჩენილი პიროვნება იყო ჩარლზ ტეიზ რასელი. მან დაწერა ექვსტომიანი სახელმძღვანელო „საღვთო წერილის გამოკვლევა“, რომელიც ბიბლიის შესასწავლად შესანიშნავი დამხმარე საშუალება იყო. ძმა რასელი მეშვიდე ტომის დაწერასაც აპირებდა, სადაც ახსნილი იქნებოდა ბიბლიური წიგნები „ეზეკიელი“ და „გამოცხადება“. „როდესაც ახსნას ვიპოვი, — თქვა მან, — მეშვიდე ტომსაც დავწერ“. მაგრამ ისიც დასძინა: „თუ უფალი ახსნას სხვას მისცემს, ის სხვა დაწერს“.
11. რა კავშირი არსებობს დროის ფაქტორსა და ღვთის განზრახვების გაგებას შორის?
11 ჩარლზ ტეიზ რასელის ზემოთ მოყვანილი განაცხადი ნათელს ხდის გარკვეული ბიბლიური ადგილების გაგებაში ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს — დროის ფაქტორს. ძმა რასელმა იცოდა, რომ მას არ შეეძლო ძალდატანებით მოეფინა შუქი წიგნ „გამოცხადებისთვის“, ისე როგორც ლაშქრობაში მონაწილე ტურისტის მონდომებას არ შეუძლია მზე დანიშნულ დროზე ადრე ამოიყვანოს.
გაცხადებული — მხოლოდ ღვთის მიერ დანიშნულ დროს
12. ა) როდის არის შესაძლებელი ბიბლიური წინასწარმეტყველების საუკეთესოდ გაგება? ბ) რა მაგალითი ცხადყოფს, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველების გაგება ღვთის მიერ დადგენილ დროზეა დამოკიდებული? (იხილეთ სქოლიო).
12 სწორედ ისე, როგორც მესიის შესახებ მრავალი წინასწარმეტყველება მოციქულებმა მხოლოდ იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გაიგეს, დღესაც ქრისტიანები ბიბლიური წინასწარმეტყველების ყოველგვარ წვრილმანს მხოლოდ მისი შესრულების შემდეგ იგებენ (ლუკა 24:15, 27; საქმეები 1:15—21; 4:26, 27). ვინაიდან „გამოცხადება“ წინასწარმეტყველური წიგნია, მისი ყოველი წვრილმანის ნათლად გაგებას მხოლოდ მასში აღწერილი მოვლენების შესრულების შემდეგ უნდა მოველოდეთ. მაგალითად, ჩ. ტ. რასელისთვის შეუძლებელი იყო, სწორად გაეგო გამოცხადების 17:9—11-ში მოხსენიებული შავწითელი მხეცის სიმბოლური მნიშვნელობა, რადგან ორგანიზაციები, რომლებიც ამ მხეცით არის წარმოდგენილი — კერძოდ კი ერთა ლიგა და გაერო — მის სიკვდილამდე არც კი არსებობდა *.
13. რა ხდება ზოგჯერ, როდესაც გარკვეულ ბიბლიურ საკითხს ნათელი ეფინება?
13 როდესაც ადრინდელმა ქრისტიანებმა გაიგეს, რომ შეიძლებოდა წინადაუცვეთელი წარმართებიც მათი თანამორწმუნეები გამხდარიყვნენ, მათში წამიოჭრა კითხვა: „აუცილებელია თუ არა ამ ხალხის წინადაცვეთა?“ ამან მოციქულები და უხუცესები წინადაცვეთის საკითხის მთლიანად ხელახლა გამოსაკვლევად აღძრა. იგივე მაგალითი მოქმედებს დღესაც. რომელიმე ბიბლიურ საკითხებზე კაშკაშა შუქის მოფენას ღვთის ცხებული მსახურები, „ერთგული და გონიერი მონა“, ამ საკითხთან დაკავშირებული თემების ხელმეორედ გამოკვლევამდე მიჰყავს, რასაც თვალსაჩინოდ ცხადყოფს ქვემოთ მოყვანილი მაგალითი (მათე 24:45).
14—16. როგორ იმოქმედა ჩვენს გაგებაზე ეზეკიელის 40—48 თავებში მოცემული სულიერი ტაძრის შესახებ თვალსაზრისის შესწორებამ?
14 ეზეკიელის წინასწარმეტყველების ახსნა მოცემული იყო 1971 წელს გამოცემულ წიგნში « „ერები დაინახავენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ — როგორ?» ამ წიგნის ერთ-ერთ თავში მოკლედ არის გარჩეული ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძარი (ეზეკიელი, 40—48 თავები). იმ დროს ყურადღება მახვილდებოდა იმ ფაქტზე, თუ როგორ შესრულდებოდა ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძრის შესახებ წინასწარმეტყველება ახალ ქვეყნიერებაში (2 პეტრე 3:13).
15 მაგრამ 1972 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნებულმა ორმა სტატიამ გავლენა იქონია ეზეკიელის ხილვის შესახებ ჩვენს გაგებაზე. მათში საუბარი იყო დიდებულ სულიერ ტაძარზე, რომელიც მოციქულმა პავლემ ებრაელთა მიმართ წერილის მე-10 თავში მოიხსენია. „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო, რომ სულიერი ტაძრის წმიდა და შიდა ეზო დაკავშირებულია ცხებულების მდგომარეობასთან დედამიწაზე ყოფნის განმავლობაში. როდესაც ეზეკიელის 40—48 თავებს წლების შემდეგ კვლავ გადახედეს, დაინახეს, რომ, როგორც სულიერი ტაძარი მოქმედებს დღეს, სწორედ ასევე ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძარიც უნდა ფუნქციონირებდეს დღეს. როგორ?
16 ეზეკიელის ხილვაში მღვდლები ტაძრის ეზოებში დადიან და არასამღვდელო შტოებს ემსახურებიან. ეს მღვდლები აშკარად „სამეფო სამღვდელოებას“, იეჰოვას ცხებულ მსახურებს, წარმოადგენენ (1 პეტრე 2:9). მაგრამ ისინი ქრისტეს მთელი ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში ტაძრის მიწიერ ეზოში არ იმსახურებენ (გამოცხადება 20:4). იმ პერიოდში, უმეტესწილად, თუ მთლიანად არა, ცხებულები ღვთის სულიერი ტაძრის წმიდათაწმიდაში, „თვით ცაში“, იმსახურებენ (ებრაელთა 9:24). რადგან ეზეკიელის ხილვაში მღვდლები ტაძრის ეზოში აქეთ-იქით დადიან, ხილვა დღეს უნდა სრულდებოდეს, რადგან ზოგი ცხებული ჯერ კიდევ დედამიწაზეა. 1999 წლის 1 მარტის ამავე ჟურნალში ამავე საკითხზე შესწორებული თვალსაზრისი იყო მოცემული. ამგვარად, იმ დროიდან მოყოლებული XX საუკუნის მიწურულამდე ეზეკიელის წინასწარმეტყველებას თანდათანობით ეფინებოდა სულიერი შუქი.
მზად იყავით თვალსაზრისის შესასწორებლად
17. პირად თვალსაზრისში რა შესწორებების შეტანა შეიძლება მოგიწიათ მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტება შეიცანით, და რა სარგებლობა მოგიტანათ ამან?
17 ყველა, ვისაც ჭეშმარიტების ცოდნა სურს, მზად უნდა იყოს, ‘დაატყვევოს ყოველგვარი აზრი ქრისტესთვის დასამორჩილებლად’ (2 კორინთელთა 10:5). ეს ყოველთვის ადვილი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ესა თუ ის თვალსაზრისი მყარად არის ჩვენში ფესვებგადგმული. მაგალითად, ღვთის ჭეშმარიტების შესწავლადმე თქვენ შეიძლება მოგწონდათ გარკვეული რელიგიური დღესასწაულის ოჯახთან ერთად აღნიშვნა. ბიბლიის შესწავლის შემდეგ კი მიხვდით, რომ ასეთი დღესასწაულები, ფაქტობრივად, წარმართული წარმოშობისაა. თავიდან შეიძლება უხალისოდ ასრულებდით ნასწავლს, მაგრამ ბოლოს ღვთის სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე რელიგიური სანტიმენტალიზმი, და უკვე აღარ გიზიდავდათ დღესასწაულები, რომლებიც ღმერთს არ მოსწონს. განა იეჰოვამ არ აკურთხა თქვენი გადაწყვეტილება? (შეადარეთ ებრაელთა 11:25).
18. როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როდესაც ბიბლიის ჭეშმარიტების გაგება უფრო ნათელი ხდება?
18 ჩვენთვის ყოველთვის სასარგებლოა ღვთისმოსაწონად მოქმედება (ესაია 48:17, 18). ამიტომ, როდესაც ბიბლიის რომელიმე ადგილს ნათელი ეფინება, მოდი გავიხაროთ ჭეშმარიტების წინსვლით! ნამდვილად, ახალ-ახალი რამის სწავლის გაგრძელება გვარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ეს ხომ ‘მართალთა გზაა, დილის ნათელივით უფრო და უფრო რომ ნათდება დღის დადგომამდე’ (იგავნი 4:18). მართალია, დღეს ჩვენ ღვთის განზრახვის გარკვეულ მხარეებს „ბუნდოვნად“ ვხედავთ. მაგრამ, თუ მტკიცედ ვივლით ამ ‘გზაზე’, ღვთის მიერ დანიშნულ დროს ჭეშმარიტებას მთელი თავისი მშვენიერებით დავინახავთ. მანამდე კი გავიხაროთ იმ ჭეშმარიტებებით, რომლებიც იეჰოვამ უკვე გაგვიმხილა და დაველოდოთ მათ ახსნას, რომლებიც ჯერ კიდევ ნათლად არ გვესმის.
19. რა არის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ჭეშმარიტებისადმი ჩვენს სიყვარულს ცხადყოფს?
19 როგორ შეგვიძლია სინათლისადმი სიყვარულის პრაქტიკულად გამოვლენა? ერთ საშუალებას ღვთის სიტყვის რეგულარულად, თუ შესაძლებელია, ყოველდღიურად კითხვა, წარმოადგენს. მიჰყვები თუ არა ბიბლიის რეგულარულად კითხვის პროგრამას? სასარგებლო სულიერ საზრდოს უხვად გვაწვდის ჟურნალებიც „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. მხედველობაში მივიღოთ წიგნებიც, ბროშურებიცა და სხვა პუბლიკაციებიც, რომლებიც ჩვენს სასარგებლოდ არის მომზადებული. და რა შეიძლება
ითქვას სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ გამამხნევებელ ცნობებზე, რომლებიც „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“ იბეჭდება?20. რა კავშირია იეჰოვასგან მომდინარე შუქს, ჭეშმარიტებასა და ქრისტიანულ შეხვედრებზე ჩვენს დასწრებას შორის?
20 დიახ, იეჰოვა შესანიშნავად პასუხობს ლოცვაზე, რომელიც ფსალმუნის 42:3-შია მოცემული. ამ მუხლის ბოლოში ვკითხულობთ: „[შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი] წამიძღვებიან და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან“. გსურთ თუ არა უამრავ სხვა ადამიანთან ერთად იეჰოვასადმი თაყვანისცემა? სულიერი დარიგება, რომელსაც დღეს ჩვენს შეხვედრებზე ვიღებთ, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან დღეს მისი მეშვეობით გვანათლებს იეჰოვა. რის გაკეთება შეგვიძლია ქრისტიანული შეხვედრებისთვის ჩვენი მადლიერების გასაღრმავებლად? ამ საკითხის განსახილველად, გთხოვთ, წაიკითხოთ მომდევნო სტატია და თან ლოცვით მიმართოთ ღმერთს.
[სქოლიო]
^ აბზ. 12 ჩ. ტ. რასელის სიკვდილის შემდეგ ეზეკიელისა და გამოცხადების წიგნების ახსნის მცდელობის შედეგად მომზადდა პუბლიკაცია „საღვთო წერილის გამოკვლევის“ მეშვიდე ტომი. ეს ტომი, ნაწილობრივ, ამ წიგნებთან დაკავშირებით რასელის მიერ გაკეთებულ კომენტარებზე იყო დაფუძნებული. მაგრამ ამ წინასწარმეტყველებათა მნიშვნელობის გაცხადების დრო ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი და, საერთო ჯამში, ამ ტომში მოცემული „საღვთო წერილის გამოკვლევის“ ახსნა ბუნდოვანი იყო. შემდგომ წლებში იეჰოვას მადლმა და მსოფლიო მოვლენების განვითარებამ ქრისტიანებს საშუალება მისცა, უფრო ზუსტად ჩასწვდომოდნენ ამ წინასწარმეტყველური წიგნების მნიშვნელობას.
შეგიძლიათ უპასუხოთ?
• რატომ გვიმხელს იეჰოვა თავის განზრახვებს თანდათანობით?
• როგორ გადაწყვიტეს იერუსალიმში მოციქულებმა და უხუცესებმა წინადაცვეთის საკითხი?
• ბიბლიის სწავლის რა მეთოდი შეიმუშავეს ბიბლიის ადრინდელმა მკვლევარებმა და რატომ იყო ის ასე გამორჩეული?
• თვალსაჩინოდ აღწერეთ, როგორ მოდიოდა სულიერი შუქი ღვთის მიერ დანიშნულ დროს.
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 12 გვერდზე]
ჩარლზ ტეიზ რასელმა იცოდა, რომ წიგნ „გამოცხადებას“ შუქი ღვთის მიერ დადგენილ დროს მოეფინებოდა.