არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არის თუ არა ბიბლიაში ფარული კოდი?

არის თუ არა ბიბლიაში ფარული კოდი?

არის თუ არა ბიბლიაში ფარული კოდი?

ისრაელის პრემიერ-მინისტრის იცხაკ რაბინის მკვლელობიდან, რომელიც 1995 წელს მოხდა, დაახლოებით ორი წლის გასვლის შემდეგ ერთმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით მან აღმოაჩინა ამ მოვლენის წინასწარმეტყველება, რომელიც ბიბლიის ორიგინალურ ებრაულ ტექსტში იყო დაფარული. ჟურნალისტმა მაიკლ დროუზნინმა დაწერა, რომ პრემიერ-მინისტრის მკვლელობამდე ერთ წელზე მეტი ხნით ადრე მის გაფრთხილებას ეცადა, მაგრამ ამაოდ.

ახლახან გამოქვეყნებული წიგნები და სტატიები აცხადებენ, რომ ეს ფარული კოდი იმის აბსოლუტურ მტკიცებას იძლევა, რომ ბიბლია ღვთის მიერ არის შთაგონებული. არსებობს ასეთი კოდი? უნდა იძლეოდეს ფარული კოდი იმის რწმენის საფუძველს, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული?

ახალი იდეაა?

იდეა ბიბლიის ტექსტში არსებული ფარული კოდის შესახებ ახალი არ არის. ეს არის კაბალისტიკის, ანუ ტრადიციული ებრაული მისტიციზმის, მთავარი ცნება. კაბალისტიკის მასწავლებლების თქმით, ბიბლიის ტექსტის ძირითადი მნიშვნელობა მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა არ არის. მათ სწამთ, რომ ბიბლიის ებრაულ ტექსტში ღმერთმა თითოეული ასო სიმბოლოებად გამოიყენა, რომელთა სწორად გაგება უდიდეს ჭეშმარიტებას ამჟღავნებს. მათი აზრით, ყოველი ებრაული ასო და მათი განლაგება ბიბლიის ტექსტში ღვთის მიერ იყო დადგენილი. ისინი თვლიან, რომ ღმერთს განსაკუთრებული მიზანი ამოძრავებდა.

ბიბლიის კოდის მკვლევარის, ჯეფრი სატინოვერის, თქმით, ამ ებრაელ მისტიკოსებს სწამთ, რომ „დაბადებაში“ შემოქმედების შესახებ მონათხრობის ჩასაწერად გამოყენებული ებრაული ასოები დაუჯერებელ მისტიკურ ძალას ფლობენ. ის წერს: «მოკლედ რომ ვთქვათ, „დაბადება“ მხოლოდ აღწერა როდია; ის თავად შემოქმედებითი აქტის დროს გამოყენებული იარაღია — ღვთის გონებაში არსებული ჩანაფიქრი, რომელიც ფიზიკური ფორმით არის გამჟღავნებული».

XIII საუკუნეში, სარაგოსაში (ესპანეთი) მცხოვრებმა კაბალისტმა რაბინმა, ბექია ბენ აშერმა, დაწერა, რომ „დაბადების“ ერთ მონაკვეთში ყოველი 42-ე ასოს წაკითხვით მისთვის გარკვეული ფარული ინფორმაცია გახდა ცნობილი. ფარული ცნობების აღმოჩენის მიზნით გარკვეული თანმიმდევრობის მიხედვით ასოებზე გადახტომის ეს მეთოდი თანამედროვე ბიბლიური კოდის კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს.

კომპიუტერები „ამჟღავნებენ“ კოდს

კომპიუტერულ ერამდე ადამიანის მიერ ბიბლიის ტექსტის ამნაირად გამოკვლევის უნარი შეზღუდული იყო. 1994 წლის აგვისტოში ჟურნალმა „სტატისტიკურმა მეცნიერებამ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორმა ელიაჰუ რიპსმა და მისმა თანამკვლევარებმა რამდენიმე გასაოცარი განცხადება გააკეთეს. მათ ახსნეს, რომ „დაბადების“ ებრაულ ტექსტში ასოებს შორის არსებული მანძილების გამოტოვებითა და ამავე ასოებს შორის თანაბარი ნახტომების თანმიმდევრობის მიხედვით ტექსტში მათ 34 ცნობილი რაბინის კოდირებული სახელი აღმოაჩინეს. ამასთანავე მათ სხვა ინფორმაციაც მოიპოვეს, როგორიც არის, მაგალითად, მათ სახელებთან ახლო მდებარე მათივე დაბადებისა და სიკვდილის თარიღები *. განმეორებითი შემოწმების შემდეგ მკვლევარებმა გამოაქვეყნეს თავიანთი დასკვნა, რომ სტატისტიკურად შეუძლებელი იყო „დაბადებაში“ კოდირებული ინფორმაცია დამთხვევების შედეგი ყოფილიყო — ეს კი იმას ამტკიცებდა, რომ „დაბადებაში“ ათასობით წლის წინათ შთაგონებული ინფორმაცია განზრახ იყო მოცემული ფარული კოდის სახით.

ამ მეთოდის საფუძველზე ებრაული ბიბლიის პირველ ხუთ წიგნში ფარული ინფორმაციის აღმოსაჩენად ჟურნალისტმა დროუზნინმა საკუთარი გამოკვლევები ჩაატარა. დროუზნინის თქმით, მან აღმოაჩინა იცხაკ რაბინის სახელი, რომელიც ბიბლიურ ტექსტში ყოველი 4 772 ასოს თანმიმდევრობით იყო კოდირებული. ბიბლიურ ტექსტში, რომელიც ისე იყო დაწყობილი, რომ თითოეულ ხაზში 4 772 ასო იყო მოთავსებული, მან დაინახა, რომ რაბინის სახელი (რომელიც ვერტიკალურად იკითხებოდა) ჰორიზონტალურად დაწერილ მეორე რჯულის 4:42-ის ხაზს კვეთავდა და ამ თანხვედრას დროუზნინმა ასეთი ახსნა მოუძებნა: „მკვლელი, რომელიც მოკლული იქნება“.

სინამდვილეში მეორე რჯულის 4:42 ლაპარაკობს მკვლელის შესახებ, რომელსაც ვიღაც შემოაკვდა. ამიტომ, ბევრი აკრიტიკებს დროუზნინის თვითნებურ მიდგომას. ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი ცნობების აღმოსაჩენად მისი არამეცნიერული მეთოდები ნებისმიერ ტექსტში შეიძლება იქნეს გამოყენებული. მაგრამ დროუზნინი თავის პოზიციას არ თმობდა და კრიტიკოსებს იწვევდა: «როდესაც ჩემი კრიტიკოსები [ნოველა] „მობი დიკში“ აღმოაჩენენ ცნობას პრემიერ-მინისტრის მკვლელობის შესახებ, მაშინ დავუჯერებ მათ».

ამტკიცებს ფარული კოდი, რომ ბიბლია შთაგონებული იყო?

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების განყოფილების პროფესორმა, ბრენდონ მაკკეიმ დროუზნინის გამოწვევა მიიღო და „მობი დიკის“ ინგლისურ ტექსტში ვრცელი კომპიუტერული ძიება დაიწყო *. დროუზნინის მიერ აღწერილი მეთოდის გამოყენებით მაკკეი აცხადებს, რომ მიაგნო ინდირა განდის, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის, ჯონ კენედის, აბრაამ ლინკოლნისა და სხვათა მკვლელობების შესახებ „წინასწარმეტყველებებს“. მაკკეის თქმით, მან აღმოაჩინა, რომ „მობი დიკმა“ იცხაკ რაბინის მკვლელობაც „იწინასწარმეტყველა“.

„დაბადების“ ებრაული ტექსტის გამოკვლევით პროფესორი მაკკეი და მისი კოლეგები რიპსისა და მისი კოლეგების ექსპერიმენტების შედეგებსაც საეჭვოდ მიიჩნევენ. ისინი ბრალს სდებდნენ მათ იმაში, რომ შედეგებს უფრო ნაკლები კავშირი ჰქონდა შთაგონებულ კოდირებულ ცნობასთან და უფრო მეტი — მკვლევარების მეთოდსა და მიდგომასთან; მონაცემების მორგება დიდად იყო დამოკიდებული მკვლევარების ნებაზე. ამ საკითხის ირგვლივ მეცნიერული დებატები გრძელდება.

სხვა საკამათო საკითხი მაშინ წამოიჭრება ხოლმე, როდესაც აცხადებენ, რომ ასეთი კოდირებული ცნობები განზრახ იყო დაფარული „სტანდარტულსა“ და „დედნისეულ“ ებრაულ ტექსტში. რიპსი და მისი თანამკვლევარები ამბობენ, რომ ისინი იკვლევდნენ « „დაბადების“ სტანდარტულ, საყოველთაოდ მიღებულ ტექსტს». დროუზნინი წერს: „ორიგინალურ ებრაულ ენაზე ამჟამად არსებული ყველა ბიბლია ასო-ასო ზუსტია“. მაგრამ ნამდვილად ასეა ეს? ნაცვლად „სტანდარტული“ ტექსტისა დღეს გამოიყენება ებრაული ბიბლიის სხვადასხვა გამოცემა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ ძველ ხელნაწერებზეა დაფუძნებული. თუმცა ბიბლიური ცნობა არ განსხვავდება, ცალკეული ხელნაწერები არ არის ასო-ასო ერთნაირი.

ბევრი თანამედროვე თარგმანი დაფუძნებულია ლენინგრადის კოდექსზე — უძველეს სრულ ებრაულ მასორეტულ ხელნაწერზე, რომელიც დაახლოებით ახ. წ. 1 000 წელს იქნა გადაწერილი. მაგრამ რიპსმა და დროუზნინმა გამოიყენეს სხვა ტექსტი — კორენი. მართლმადიდებელი მოძღვარი და ჰარვარდის უნივერსიტეტის მათემატიკოსი შლომო სტერნბერგი ხსნის, რომ ლენინგრადის კოდექსი «დროუზნინის მიერ გამოყენებული კორენის გამოცემისგან ჯერ მარტო „მეორე რჯულში“ 41 ასოთი განსხვავდება». მკვდარი ზღვის ხელნაწერები შეიცავს ბიბლიის ტექსტის ნაწილებს, რომლებიც 2 000 წელზე მეტი ხნის წინათ იყო გადაწერილი. ამ ხელნაწერებში მართლწერა ხშირად საგრძნობლად განსხვავდება უფრო გვიანი მასორეტული ტექსტებისგან. ხმოვანი ბგერების მისანიშნებლად ზოგ ხელნაწერში უხვად იყო ჩამატებული გარკვეული ასოები, რადგან ხმოვნების აღმნიშვნელი წერტილები ჯერ არ იყო გამოგონილი. სხვა ხელნაწერებში ნაკლები ასოები იყო გამოყენებული. ბიბლიის ყველა ხელნაწერის შედარება გასაგებს ხდის, რომ ბიბლიის ტექსტის მნიშვნელობა უცვლელი რჩება. მაგრამ ის აგრეთვე ნათელყოფს, რომ მართლწერა და ასოების რაოდენობა სხვადასხვა ტექსტში განსხვავებულია.

სავარაუდო ფარული ცნობის ძიება აბსოლუტურად უცვლელ ტექსტზეა დამოკიდებული. ერთი ასოს შეცვლა სრულიად დაამახინჯებდა თანმიმდევრობას — და ცნობას, თუკი ის იარსებებდა. ღმერთმა თავისი ცნობა ბიბლიაში შემოგვინახა, მაგრამ მას ყოველი ასოს უცვლელობაზე არ უზრუნია. ის საუკუნეების განმავლობაში მართლწერაში მომხდარი ცვლილებების მსგავსი უმნიშვნელო საკითხებით არ ყოფილა დაკავებული. ნუთუ ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ ღმერთს ბიბლიაში ფარული ცნობა არ გადმოუცია? (ესაია 40:8; 1 პეტრე 1:24, 25).

ვესაჭიროება ფარული ბიბლიური კოდი?

პავლე მოციქულმა სრულიად ნათლად დაწერა, რომ „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17). ბიბლიის ნათელი და პირდაპირი ცნობა სულაც არ არის ძნელი გასაგები ან გამოსაყენებელი, მაგრამ ბევრ ადამიანს მისი უგულებელყოფა ურჩევნია (მეორე რჯული 30:11—14). ბიბლიაში დაუფარავად წარმოდგენილი წინასწარმეტყველებები მყარ საფუძველს იძლევა იმაში დასარწმუნებლად, რომ ღვთის მიერ არიან შთაგონებული *. ფარული კოდისგან განსხვავებით ბიბლიური წინასწარმეტყველებები შემთხვევით ახსნაზე არ არის დამოკიდებული და „თავისით არ განიმარტება“ (2 პეტრე 1:19—21).

პეტრე მოციქული წერდა: „თავშესაქცევი ზღაპრებით როდი გამცნეთ უფლის ჩვენის იესო ქრისტეს ძალი და მოსვლა“ (2 პეტრე 1:16, სსგ). ბიბლიური კოდის ცნების ფესვები ებრაულ მისტიციზმშია, რომელიც „თავშესაქცევ“ მეთოდებს იყენებს, რაც აბუნდოვნებს და ამახინჯებს ბიბლიის შთაგონებული ტექსტის ნათელ მნიშვნელობას. თავად ებრაული წერილები არაორაზროვნად სდებდა მსჯავრს ასეთ მისტიკურ მიდგომას (მეორე რჯული 13:1—5; 18:9—13).

რა ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს ბიბლიის ნათელი ცნობა და ხელმძღვანელობა, რომლებსაც ღვთის შემეცნებაში დახმარების გაწევა შეუძლია! ეს გაცილებით უკეთესია იმ მცდელობაზე, რომ ჩვენი შემოქმედის შესახებ გაგვეგო ფარული ცნობის ძიებით, რომელიც პირადი ინტერპრეტაციისა და კომპიუტერის გამოყენებით შექმნილი ფანტაზიების ნაყოფია (მათე 7:24, 25).

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 ებრაულში რიცხვითი მნიშვნელობებიც შეიძლება ასოებით იყოს გადმოცემული. ამიტომ ეს თარიღები უფრო ებრაული ასოებით იყო დადგენილი, ვიდრე ციფრებით.

^ აბზ. 13 ებრაულ ენაში არ არის ხმოვანი ასოები. ხმოვან ბგერებს მკითხველი კონტექსტის შესაბამისად სვამს. თუ კონტექსტს ყურადღება არ მიექცევა, სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება სრულიად შეიცვალოს განსხვავებული ხმოვანი ბგერების ჩასმით. ინგლისურს აქვს ხმოვანი ასოები, რომლებიც სიტყვების ასეთ ძიებას გაცილებით ართულებს და ზღუდავს.

^ აბზ. 19 ღვთის მიერ ბიბლიის შთაგონებისა და ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ბროშურა „წიგნი ყველასთვის“.