რა უნდა ვიცოდეთ ჯადოქრობის შესახებ
რა უნდა ვიცოდეთ ჯადოქრობის შესახებ
იმის განსაზღვრა, თუ რა არის ჯადოქრობა, დღესდღეობით ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ჯადოქრები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ისინი არ აღიარებენ ძალაუფლების ერთიან წყაროს, საერთო მოძღვრებას ან წმინდა წიგნს, იმისათვის რომ ერთი რწმენა გააჩნდეთ. გარდა ამისა, მათ განსხვავებული ტრადიციები, ორგანიზაციული სტრუქტურა, რიტუალები და სხვადასხვა შეხედულება გააჩნიათ იმასთან დაკავშირბით, თუ რომელ ღმერთს უნდა სცენ თაყვანი. ერთი მწერალი აღნიშნავს: „ოკულტიზმური სამყაროს ბაზარი ხალხს უსასყიდლოდ სთავაზობს უამრავ იდეას“. სხვა მწერალი კი ამბობს: „ნეოწარმართების უმრავლესობას თითქმის არაფერში აქვს ურთიერთშეთანხმება“.
ბევრისთვის ეს აზრთა სხვაობა პრობლემას არ წარმოადგენს. დახელოვნებული ჯადოქრებისთვის გამოცემულ ერთ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „როდესაც სხვადასხვა ინფორმაცია ურთიერთსაწინააღმდეგოდ გეჩვენებათ, გამოიკვლიეთ და გადაწყვიტეთ, რომელი დაიჯეროთ. მიენდეთ თქვენს ინტუიციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თამამად გააკეთეთ არჩევანი გავრცელებულ რიტუალებსა და მათ შორის, რაც სახელმძღვანელოშია მოცემული, და გადაწყვიტეთ, რომელი გეჩვენებათ სწორად“.
მათთვის, ვისაც შეგნებული აქვს ჭეშმარიტების რაობა, ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები პრობლემას ქმნის. ჭეშმარიტება არის ფაქტი, რეალობა. შეუძლებელია რაიმე ჭეშმარიტება იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე ფიქრობს, იმედი აქვს ან სწამს, რომ ეს ასეა. მაგალითად, ერთ დროს ექიმებს სჯეროდათ, რომ ფილტვების ანთებისგან განკურნავდნენ ადამიანს, თუ ცოცხალ ქათამს შუაზე გაკვეთდნენ და ავადმყოფს მკერდზე დაადებდნენ. უეჭველია, ბევრ ავადმყოფს სწამდა, რომ ასეთნაირად განიკურნებოდნენ. მაგრამ მათი რწმენა და იმედები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს — ეს მეთოდი ვერ კურნავდა ფილტვების ანთებას. ადამიანები არ ქმნიან ჭეშმარიტებას; ისინი ცდილობენ, მიაგნონ მას.
ბიბლია აცხადებს, რომ სულიერ საკითხებთან დაკავშირებულ ჭეშმარიტებას შეიცავს. დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ ლოცვისას უთხრა თავის მამას: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). მოციქულმა პავლემ დაწერა: „მთელი წერილი ღვთივსულიერია“ (2 ტიმოთე 3:16). მათი უმრავლესობა კი, ვინც ჯადოქრობას ეწევა, არ ეთანხმება ამ აზრს. ისინი შთაგონებისა და ხელმძღვანელობისთვის მითებს, უძველეს რელიგიებსა და მეცნიერულ ფანტასტიკასაც კი მიმართავენ. განა გონივრული არ იქნებოდა განგვეხილა, რას ამბობს ბიბლია? ბოლოს და ბოლოს, მას ხომ თითქმის ყველა წმინდა წიგნად აღიარებს. აგრეთვე ის დღემდე შემორჩენილ უძველეს რელიგიურ წიგნთაგან ერთ-ერთია. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია 1 600 წლის განმავლობაში იწერებოდა, მისი სწავლებები ერთმანეთს ეთანხმება. მოდი შევადაროთ ბიბლიური მოძღვრება ჯადოქრობის მიმდევრების ზოგ თანამედროვე შეხედულებას.
ვინ ცხოვრობს სულიერ სამყაროში?
ძირითადი შეკითხვა, რომლის პასუხიც სულიერი შემეცნების ძიების დროს აინტერესებთ, ასეთია: ვინ მკვიდრობს სულიერ სამყაროში? მაშინ როცა დღეს ჯადოქრების უმრავლესობას ბუნების ძალები და პოლითეიზმი სწამს, ზოგი თაყვანს სცემს „დიდებულ“ ქალღმერთ დედას, რომელიც სამნაირად წარმოუდგენიათ: ქალწულად, დედად და მოხუც ქალად, რაც ცხოვრების ძირითად საფეხურებს გამოხატავს. მისი სატრფო რქიანი ღმერთია. სხვა ჯადოქრებს კი ერთდროულად ღმერთისაც სწამთ და ქალღმერთისაც. ერთი მწერლის სიტყვების თანახმად „ქალღმერთი და ღმერთი როგორც ჩანს, ბუნებაში ქალური და მამაკაცური ძალის გამოვლენაა. თითოეული მათგანი განუმეორებელი თავისებურებებით ხასიათდება და სიცოცხლის ჰარმონიულ ქმნილებად ერწყმიან ერთმანეთს“. სხვა ავტორი კი წერს: „ჯადოქრობისას ყველაზე მნიშვნელოვან არჩევანს ღვთაების (ღმერთის/ქალღმერთის) არჩევისას აკეთებენ, რომელთანაც ისინი ითანამშრომლებენ. . . ეს ხელობა გაძლევს უფლებას აირჩიო და თაყვანი სცე შენს საკუთარ ღვთაებას“.
ბიბლია არ უჭერს მხარს ამ შეხედულებებს. იესო ქრისტემ მთელი თავისი მსახურება იმას მიუძღვნა, რომ ხალხისთვის იეჰოვა, „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“ გაეცნო (იოანე 17:3). ბიბლიაში ნათქვამია: „დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთზე საშიშია ის. რადგან ხალხთა ყველა ღმერთი — კერპებია“ (პირველი ნეშტთა 16:25, 26).
რა შეიძლება ითქვას ეშმაკის შესახებ? „უებსტერის ახალი ლექსიკონის მეცხრე გამოცემა“ ჯადოქრობას განმარტავს, როგორც „ეშმაკთან ურთიერთობას“. დღეს ძნელად თუ დაეთანხმება რომელიმე ჯადოქარი ამ განმარტებას, რადგან ბევრი სატანა ეშმაკის არსებობასაც კი არ აღიარებს. ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის შესახებაც გაზეთ „აიერიშ ტაიმზში“ ნათქვამი იყო, რომ ის „ცნობილი ჯადოქარი და ირლანდიაში ჯადოქართა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკრებულოს წინამძღოლი იყო“, ასე მსჯელობს: „იმის დაჯერება, რომ ეშმაკი არსებობს, ქრისტიანობის მიღებას ნიშნავს. . . [ეშმაკი] შეუძლებელია არსებობდეს სამყაროში, სადაც არ არის ღმერთი“.
ბიბლია კი ამტკიცებს, რომ ეშმაკი არსებობს და მას დედამიწაზე არსებული ტანჯვისა და ქაოსის უმეტესობაში ადანაშაულებს (გამოცხადება 12:12). იესო არა მარტო იმას ასწავლიდა, რომ ეშმაკი არსებობს, არამედ იმასაც აჩვენებდა, რომ შეიძლება ადამიანი გაუთვითცნობიერებლად მის ნებას ასრულებდეს. მაგალითად, პირველი საუკუნის ფარისეველი რელიგიური ბელადები ამტკიცებდნენ, რომ, გარკვეული გაგებით, ღვთის შვილები იყვნენ და რომ მის ნებას ასრულებდნენ. იესო კი, რომელსაც შეეძლო მათი გულების დანახვა, სხვა აზრის იყო. ის პირდაპირ ეუბნებოდა მათ: „თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ“ (იოანე 8:44). გარდა ამისა, ბიბლიაში, გამოცხადების წიგნში ნათქვამია, რომ ეშმაკი არის „მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი“ (გამოცხადება 12:9).
არსებობს სასარგებლო მაგია?
მაგია, რა თქმა უნდა, ყოველთვის ოკულტიზმთან არის დაკავშირებული. ისევე როგორც ძველად, ახლაც ბევრს სჯერა, რომ მაგიას ჯადოქრები
მიმართავენ სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად. ფიქრობენ, რომ ჯადოქრებს შეუძლიათ ძლიერი ტკივილი მიაყენონ ან მოკლან კიდეც ვინმე მაგიის საშუალებით. საერთოდ, ჯადოქრებს უამრავ უბედურებაში, მათ შორის, ავადმყოფობაში, სიკვდილსა და მოუსავლიანობაშიც კი სდებენ ბრალს.ჯადოქრები დღეს სასტიკად უარყოფენ ასეთ ბრალდებებს. თუმცა აღიარებენ, რომ არსებობენ გაიძვერა ჯადოქრებიც, მათი უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მაგია სასიკეთოდ არის გამიზნული და არა საზიანოდ. მაგიის მიმდევრები ასწავლიან, რომ მაგიის შედეგები სამმაგად მიეზღვებათ იმათ, ვინც მას მისდევს და ამბობენ, რომ ეს არის უპირველესი მიზეზი, რის გამოც წყევლისგან იკავებენ თავს. ამ ეგრეთ წოდებული კეთილისმყოფელი მაგიის საქმეებში შედის თავდასაცავი შელოცვები, სახლის გაწმენდა ყოფილი მობინადრეების წასვლის შემდეგ დარჩენილი უარყოფითი ენერგიისგან, სხვაში შენდამი სასიყვარულო გრძნობების გაჩენა, დახმარება მკურნალობასა და გამოჯანმრთელებაში, სამსახურის შენარჩუნება და ფულის შოვნა. რადგან ასეთ ფართო შესაძლებლობებს მიაწერენ ჯადოქრობას, გასაკვირი არ არის მისი ასეთი პოპულარობა.
მაგრამ ბიბლია არ ასხვავებს თეთრ და შავ მაგიას. მოსესთვის მიცემულ რჯულში ნათლად ჩანდა ღვთის დამოკიდებულება ამ საკითხთან. მან უთხრა: „ნუ იჯადოქრებთ“ (ლევიანნი 19:26). გარდა ამისა, ბიბლიაში წერია: „ნუ იქნება შენს შორის. . . ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი“ (მეორე რჯული 18:10, 11).
რატომ თქვა ღმერთმა ეს? არა იმიტომ, რომ სურდა, უარი გვეთქვა იმაზე, რაც ჩვენთვის სასიკეთოა. იეჰოვამ იმიტომ მისცა ეს კანონები თავის ხალხს, რომ უყვარდა ისინი და არ უნდოდა, შიშისა და ცრურწმენის მონები გამხდარიყვნენ. პირიქით, ის იწვევს თავის მსახურებს, რომ, თუ რამეს საჭიროებენ, მას მიმართონ. ის არის „ყველა კეთილი საბოძვარისა და ყველა სრულყოფილი ნიჭის“ მომცემი (იაკობი 1:17). მოციქული იოანე არწმუნებდა თანამორწმუნეებს: „რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ [ღვთისგან], რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვიქმთ მის წინაშე მოსაწონს“ (1 იოანე 3:22).
რა შეიძლება ითქვას ბოროტი სულების შესახებ?
ბევრი ჯადოქარი ეთანხმება ბიბლიას იმაში, რომ ბოროტი სულები არსებობენ. ერთ ნარკვევში მოცემულია ჯადოქრობის ერთი მხარდამჭერის გაფრთხილება: „სულები მართლაც არსებობენ: ისინი ჩვენს, ცოცხალი ქმნილებების, პარალელურ უხილავ სამყაროში არიან. . . სიტყვები „ეშმაკი“, „ბოროტი სული“ და „დემონი“ ზუსტად რომ სათანადოა. ისინი ძალიან ძლიერები არიან. . . მათგან ყველაზე გონიერთ (თუ ვინმე კარს გაუღებს) შეუძლიათ ჩვენს სამყაროში შემოღწევა. . . მათ თქვენს სხეულში დამკვიდრება შეუძლიათ. . . თვით თქვენი
გაკონტროლება გარკვეულწილად. დიახ, ეს ზუსტად ძველ ამბებს ჰგავს, იმის შესახებ, თუ როგორ ეუფლებოდნენ დემონები ადამიანებს“.ბიბლიურ დროში სხვადასხვაგვარად იტანჯებოდნენ ადამიანები, რომლებსაც დემონები ეუფლებოდნენ. მათგან ზოგი მუნჯდებოდა, ზოგი ბრმავდებოდა, ზოგი შეშლილივით იქცეოდა, ზოგს კი ზეადამიანური ძალები ეძლეოდა (მათე 9:32; 12:22; 17:15, 18; მარკოზი 5:2—5; ლუკა 8:29; 9:42; 11:14; საქმეები 19:16). ტანჯვა კიდევ უფრო ძლიერი იყო, როდესაც ერთ ადამიანს ერთდროულად ბევრი დემონი ეუფლებოდა (ლუკა 8:2, 30). ასე რომ, იეჰოვა საფუძვლიანად აფრთხილებს ხალხს, არ გაეკარონ ჯადოქრობასა და ოკულტიზმთან დაკავშირებულ სხვა საქმეებს.
ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული რელიგია
დღეს ბევრს იმიტომ იზიდავს ჯადოქრობა, რომ უვნებელი, სიკეთის მომტანი, ბუნების რელიგია ჰგონია. ზოგან ის სავსებით მისაღები გახდა; მისი სულ არ ეშინიათ. და უფრო მეტიც, ხშირად ჩვეულებრივ რამედ არის მიჩნეული. ისეთ გარემოში, სადაც რელიგიური შემწყნარებლობა ბევრს უბიძგებს, მთლად არაჩვეულებრივი რამ ირწმუნონ, ჯადოქრობამ მნიშვნელოვანი რესპექტაბელობა შეიძინა.
რელიგიური სამყარო დღეს მართლაც დაემსგავსა ბაზარს, სადაც თითოეულს იმ რელიგიის არჩევა შეუძლია, რომელიც მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ისე როგორც კაცი წყვილ ფეხსაცმელს იყიდდა. მაგრამ იესომ თქვა, რომ მხოლოდ ორი არჩევანი არსებობს: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). რა თქმა უნდა, ჩვენი საქმეა, თუ რომელ გზას ავირჩევთ. მაგრამ, რადგანაც ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მარადიული კეთილდღეობა, ეს არჩევანი ძალზე მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ სულიერი განათლება შევიძინოთ, ჭეშმარიტების გზით უნდა ვიაროთ — გზით, რომლის შესახებაც ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია, საუბარი.
[სურათი 5 გვერდზე]
ჯადოქრობა დღეს ბევრისთვის უვნებელი ბუნების რელიგიაა.
[სურათი 6 გვერდზე]
მაგია და ოკულტიზმი ყოველთვის იყო ურთიერთდაკავშირებული.
[სურათი 6 გვერდზე]
ჯადოქრები გაუცნობიერებლად ასრულებენ ეშმაკის ნებას?
[სურათები 7 გვერდზე]
ბიბლია ჭეშმარიტების გზას გვიჩვენებს.