არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოქმედებს დღეს ღვთის სული?

როგორ მოქმედებს დღეს ღვთის სული?

როგორ მოქმედებს დღეს ღვთის სული?

დედის მუცლიდანვე დავრდომილი იყო. ყოველდღე მიჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის კარებთან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა. მაგრამ ერთხელ ამ ხეიბარმა მათხოვარმა ისეთი საჩუქარი მიიღო, რომელიც რამდენიმე მონეტაზე ბევრად ძვირფასი იყო — ის განკურნეს! (საქმეები 3:2—8).

თუმცა პეტრე და იოანე მოციქულებმა ‘წამოაყენეს’, ისე რომ, „გაუმაგრდა ფეხები“, მოციქულებს თავიანთ თავზე არ აუღიათ სასწაულის მოხდენა. რატომ? პეტრე ამას ასე ხსნის: „კაცნო ისრაელიანნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალით და კეთილმოქმედებით დავაწყებინეთ მას სიარული?“. მართლაცდა, პეტრემაც და იოანემაც იცოდნენ, რომ ეს თავიანთი ძალით კი არა, ღვთის სულიწმიდის შეწევნით შეძლეს (საქმეები 3:7—16; 4:29—31).

იმ დროს ასეთი „ძლევამოსილი საქმეები (აქ)“ იმის მაჩვენებელი იყო, რომ ახალფეხადგმულ ქრისტიანულ კრებას ღვთისგან ჰქონდა მხარდაჭერა (ებრაელთა 2:4). მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი თავიანთ მოვალეობას შეასრულებდნენ, როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, ‘გაუქმდებოდნენ’ * (1 კორინთელთა 13:8). ამიტომ ვერ ვხედავთ დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებაში ღვთისგან განკურნებას, წინასწარმეტყველური ცნობის გაცხადებას ან დემონების განდევნას.

მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ღვთის სულიწმიდამ მოქმედება შეწყვიტა? რა თქმა უნდა, არა. მოდი განვიხილოთ ზოგი ფაქტორი, რომლებშიც გამოვლინდა ღვთის სულიწმიდის მოქმედება პირველ საუკუნეში, და რომლებითაც მოქმედებს დღეს.

„სული ჭეშმარიტებისა“

ღვთის სულიწმიდის მოქმედების ერთ-ერთი გამოვლინება ჭეშმარიტების გაგებინება, გაზიარება და მისთვის ნათლის მოფენაა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში“ (იოანე 16:12, 13).

„სული ჭეშმარიტებისა“ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოეფინა 120 მოწაფეს, როდესაც ისინი იერუსალიმში ზემოთა ოთახში იყვნენ შეკრებილი და სულიწმიდით მოინათლნენ (საქმეები 2:1—4). ამ ყოველწლიურ დღესასწაულზე დამსწრეთა შორის მოციქული პეტრეც იყო. სულიწმიდით აღვსილი პეტრე „წამოდგა“ და უფრო მეტად მოჰფინა ნათელი იესოს შესახებ გარკვეულ ჭეშმარიტებებს. მაგალითად, თუ როგორ ‘ამაღლდა იესო ნაზარეველი ღვთის მარჯვენით’ (საქმეები 2:14, 22, 33). ღვთის სულმა პეტრე აგრეთვე აღძრა, გაბედულად განეცხადებინა ებრაელი მსმენელებისთვის: „მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით“ (საქმეები 2:36). სულიწმიდის მიერ ინსპირირებული პეტრეს ცნობის შედეგად დაახლოებით სამი ათასმა ადამიანმა „მიიღო მისი სიტყვა“ და მოინათლა. ამნაირად ღვთის სულიწმიდა დაეხმარა მათ ჭეშმარიტების პოვნაში (საქმეები 2:37—41).

ღვთის სულიწმიდა მასწავლებელი და შემხსენებელიც იყო. იესომ თქვა: „ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“ (იოანე 14:26).

როგორ იყო სულიწმიდა მასწავლებელი? ღვთის სულიწმიდამ მოწაფეებს გონება გაუხსნა იმ ცნობების აღსაქმელად, რომლებიც იესოსგან ჰქონდათ მოსმენილი, მაგრამ ბოლომდე არ ესმოდათ. მაგალითად, მოციქულებმა იცოდნენ, რომ სამსჯავროს დროს იესომ იუდეის რომაელ გამგებელს, პონტოელ პილატეს, უთხრა: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა“. მაგრამ 40 დღის შემდეგ, იესოს ზეცად ამაღლების დროს, მათ კვლავ მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ; ეგონათ, რომ სამეფო აქ, დედამიწაზე, დამყარდებოდა (იოანე 18:36; საქმეები 1:6). როგორც ჩანს, მოციქულებს არ შეეძლოთ იესოს სიტყვების მნიშვნელობის სრულად გაგება მანამ, სანამ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მათზე ღვთის სულიწმიდა არ გადმოვიდა.

ღვთის სულიწმიდა გამხსენებელიც იყო, რადგან მოწაფეებს იესოს სხვადასხვა სწავლებასაც ახსენებდა ხოლმე. მაგალითად, იესოს სიკვდილისა და აღდგომის შესახებ წინასწარმეტყველებებმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა სულიწმიდის დახმარებით (მათე 16:21; იოანე 12:16). იესოს სწავლებების გახსენება მოციქულებს გამბედაობას მატებდა, რომ თავიანთი პოზიციის დაცვა შეძლებოდათ მეფეების, მოსამართლეებისა და რელიგიური წინამძღოლების წინაშე (მარკოზი 13:9—11; საქმეები 4:5—20).

გარდა ამისა, ღვთის სულიწმიდა პირველ ქრისტიანებს იქ აგზავნიდა, სადაც მსახურებისთვის ნაყოფიერი ტერიტორია იყო (საქმეები 16:6—10). ღვთის სული აგრეთვე აღძრავდა მათ, მონაწილეობა მიეღოთ მთელი კაცობრიობისთვის სარგებლობის მომტანი ღვთის სიტყვის, ბიბლიის, წერაში (2 ტიმოთე 3:16). ნათელია, რომ სულიწმიდა სხვადასხვანაირად მოქმედებდა პირველ საუკუნეში, რაშიც მარტო სასწაულების მოხდენა არ შედიოდა.

სულიწმიდა დღეს

სულიწმიდა დღესაც იმნაირადვე მოქმედებს ჭეშმარიტი ქრისტიანების სასარგებლოდ. ეს ნათელი გახდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ალეგეინში (პენსილვანია, აშშ) არსებულ ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფთან დაკავშირებით. ეს გულწრფელი მკვლევარები „ჭეშმარიტების“ გასაგებად იღწვოდნენ (იოანე 8:32; 16:13).

ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ჩარლზ ტეიზ რასელმა, თავის მიერ ჩატარებული ბიბლიური ჭეშმარიტების ძიების შესახებ თქვა: „ვლოცულობდი. . . რომ შემძლებოდა გულიდან და გონებიდან მომეცილებინა ნებისმიერი ცრურწმენა, რომელსაც შეიძლება დავებრკოლებინე, ვლოცულობდი, რომ სულიწმიდის ხელმძღვანელობით, სწორ გაგებამდე მივსულიყავი“. ღმერთმა აკურთხა ეს მოკრძალებული ლოცვა.

როდესაც რასელმა და მისმა თანამზრახველებმა გულმოდგინედ გამოიკვლიეს ბიბლია, ბევრი საკითხი მათთვის ნათელი გახდა. „გავიგეთ, რომ საუკუნეების მანძილზე, — ამბობდა რასელი, — სხვადასხვა სექტამ და ჯგუფმა ბიბლიური სწავლებები დაყო — მეტად თუ ნაკლებად ადამიანთა შეხედულებებსა და შეცდომებში აურია“. როგორც მან თქვა, ამის ნაყოფი „ჭეშმარიტების დაკარგვა“ აღმოჩნდა. მართლაცდა, ბიბლიური ჭეშმარიტება დამარხული იყო უამრავი წარმართული სწავლების ქვეშ, რამაც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სამყარო გაჟღინთა. მაგრამ რასელს გადაწყვეტილი ჰქონდა, გაეგო და გაეცხადებინა ჭეშმარიტება.

„სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს თანდასწრების მაცნის“ ფურცლებზე რასელი და მისი თანამოაზრენი გაბედულად ამხელდნენ ღვთის შესახებ ცრუ რელიგიურ სწავლებებს. მათ გაიგეს, რომ გავრცელებული რელიგიური შეხედულებების საპირისპიროდ, სული მოკვდავია და სიკვდილის შემდეგ ადამიანი სამარეში მიდის, და რომ იეჰოვა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია და, მაშასადამე, არ არის სამების ნაწილი.

მაგრამ ცხადია, ცრუ სწავლებების ასეთმა მხილებამ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება განარისხა. თავიანთი გავლენიანი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ბევრმა კათოლიკე და პროტესტანტმა მღვდელმა რასელის წინააღმდეგ გაილაშქრა. მაგრამ მან და მისმა თანამოაზრეებმა უკან არ დაიხიეს; მტკიცედ ელოდნენ ღვთის სულის ხელმძღვანელობას. „ჩვენი უფალი გვარწმუნებს, — თქვა რასელმა, — რომ მამის სულიწმიდა, რომელიც ჩვენი მხსნელის, შუამავლისა და მთავრის, იესო ქრისტეს მეშვეობითა და მისი გულწრფელი თხოვნით გვეძლევა, გვიხელმძღვანელებს“. და, რაღა თქმა უნდა, სულიწმიდამ უხელმძღვანელა მათ! ამ გულწრფელმა მკვლევარებმა განაგრძეს ბიბლიიდან ჭეშმარიტების სუფთა წყლის ამოღება და მთელი მსოფლიოსთვის მისი მიწოდება (გამოცხადება 22:17).

დღეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია უკვე საუკუნეზე მეტია, რაც კვლავ ღვთის სულიწმიდის ხელმძღვანელობას მიჰყვება. რადგან ღვთის სულიწმიდა უფრო და უფრო ნათელს ჰფენს მათ სულიერ ხედვას, მოწმეები სიამოვნებით ახდენენ საჭირო ცვლილებებს, რათა ახალი გაგების მიხედვით მოიქცნენ (იგავნი 4:18).

„იქნებით ჩემი მოწმენი“

იესომ ღვთის სულიწმიდის ძალის სხვა გამოვლენის შესახებაც მიუთითა, როდესაც თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი. . . ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8). იესოს დაპირება, რომ დავალებული საქმის შესასრულებლად ღვთისგან მიიღებდნენ „ძალას“ და „სულიწმიდას“, დღესაც ძალაში რჩება.

იეჰოვას მოწმეები კარგად არიან ცნობილი სამქადაგებლო საქმიანობით (იხილეთ ჩარჩო). მართლაცდა, ისინი ჭეშმარიტების შესახებ ცნობას 230-ზე მეტ ქვეყანასა და კუნძულებზე ქადაგებენ. მოწმეები ნებისმიერ ვითარებაში, სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასადაც კი იმ ქვეყნებში, სადაც ომია გაჩაღებული, ღვთის სამეფოს შესახებ გაბედულად ქადაგებენ. მათი გულმოდგინე ქრისტიანული მსახურება უდიდესი მოწმობაა იმისა, რომ ღვთის სული მოქმედებს დღეს. და ნათელია, იეჰოვა ღმერთი აკურთხებს მათ ძალისხმევას.

მაგალითად, გასულ წელს ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებას მილიარდზე მეტი საათი მიეძღვნა. რა შედეგი მოჰყვა ამას? დაახლოებით 323 439 ადამიანი ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლა. აგრეთვე ახლად დაინტერესებულ პირებთან 4 433 884 ბიბლიის საშინაო შესწავლა ტარდებოდა. საერთო ჯამში გავრცელებულ იქნა 24 607 741 წიგნი, 631 162 309 ჟურნალი და 63 495 728 ბროშურა და ტრაქტატი. ღვთის სულიწმიდის მოქმედების რა დიდებული გამოვლენაა!

ღვთის სულიწმიდა და შენ

როდესაც ვინმე კეთილ ცნობას დადებითად ეხმაურება, ღვთის ნორმებთან ათანხმებს თავის ცხოვრებას და რწმენას ავლენს გამომსყიდველური ღონისძიების მიმართ, გზა ეხსნება, რომ ღვთის წინაშე სუფთად იყოს. ასეთებს მოციქულმა პავლემ უთხრა: ‘ღმერთი. . . გაძლევთ თქვენ თავის სულიწმიდას’ (1 თესალონიკელთა 4:7, 8; 1 კორინთელთა 6:9—11).

ღვთის სულიწმიდას ბევრი შესანიშნავი კურთხევა მოაქვს. რა კურთხევები? მაგალითად, ღვთის ინსპირირებული სიტყვა ამბობს: „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, [და] თავშეკავება“ (გალატელთა 5:22, 23). ამიტომ ღვთის სულიწმიდა უდიდესი ძალაა ადამიანის უკეთესობისკენ შესაცვლელად და ღვთისმოსაწონი თვისებების გამოსავლენად.

გარდა ამისა, თუ კითხულობ ბიბლიას და ცხოვრებაში იყენებ ნასწავლს, ღვთის სულიწმიდას შეუძლია დაგეხმაროს სიბრძნის, ცოდნის, გამჭრიახობის, მსჯელობისა და აზროვნების უნარის განვითარებაში. მეფე სოლომონმა მიიღო „სიბრძნე, დიდი ჭკუა“ და „ვრცელი გონება“, რადგანაც ის ცდილობდა, უპირველესად ღვთისთვის ესიამოვნებინა, ვიდრე ადამიანებისთვის (მესამე მეფეთა 4:29). ვინაიდან იეჰოვამ სულიწმიდა მისცა სოლომონს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის არც მათ დაუკავებს, ვინც დღეს მის სიამოვნებას ცდილობს.

ღვთის სულიწმიდა აგრეთვე ეხმარება ქრისტიანებს სატანისა და დემონების, ამ ბოროტი სისტემისა და საკუთარი ცოდვილი სხეულის მიდრეკილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორ არის ეს შესაძლებელი? მოციქული პავლე გვპასუხობს: „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში“ (ფილიპელთა 4:13). სულიწმიდამ შეიძლება არ აგაცილოთ განსაცდელი ან ცდუნება; მაგრამ მას შეუძლია დაგეხმაროთ მათ დაძლევაში. ღვთის სულიწმიდაზე მინდობით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ „აღმატებული ძლიერება“, რომლითაც ნებისმიერი გასაჭირისა თუ უბედურების გადატანას შევძლებთ (2 კორინთელთა 4:7; 1 კორინთელთა 10:13).

ყოველი ნიშნის განხილვის შემდეგ თითქმის ეჭვი არ შეგვეპარება იმაში, რომ ღვთის სულიწმიდა მოქმედებს დღეს. იეჰოვას სული ძალას მატებს თავის მსახურებს, რათა დაამოწმონ მისი დიდებული განზრახვების შესახებ. ის კვლავ განაგრძობს სულიერი სინათლის მოფენას და აძლიერებს ჩვენს რწმენას; გვეხმარება, ჩვენი შემოქმედის ერთგული დავრჩეთ. რამდენად მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ ღმერთმა თავის აღთქმას უერთგულა და თავის მსახურებს კვლავ აწვდის სულიწმიდას!

[სქოლიო]

^ აბზ. 4 იხილეთ სტატია „რატომ იყო დროებითი სასწაულებრივი სულიერი ნიჭები“ 1971 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 501—505 (ინგლ.).

[ჩარჩო 10 გვერდზე]

რას ამბობენ სხვები იეჰოვას მოწმეებზე

„მაშინ როდესაც სხვა ეკლესიები კონსულტანტებს ქირაობენ ეკლესიის მერხებთან ხალხის მოსაზიდად ან ისეთ პრობლემებთან უწევთ ბრძოლა, როგორიც არის ჰომოსექსუალიზმი და აბორტის გაკეთება, მოწმეები კომპრომისზე არ მიდიან ამ ცვალებად წუთისოფელთან. ისინი კვლავ განაგრძობენ თავიანთ სამქადაგებლო საქმიანობას მთელ მსოფლიოში“ (The Orange County Register [ორანჟის ოლქი, კალიფორნია, აშშ]).

„რაც შეეხება რწმენის გავრცელებას, რელიგიური ორგანიზაციებიდან მცირედნი თუ არიან იეჰოვას მოწმეების მსგავსად. . . გულმოდგინენი“, („რიპაბლიკი“ [კოლუმბუსი, ინდიანა, აშშ]).

«მარტო ისინი დადიან კარდაკარ „კეთილი ცნობით“ და მხოლოდ ისინი იყენებენ ბიბლიურ პრინციპებს ცხოვრებაში» („ზეჩი ლიტერაცკიე“, პოლონეთი).

„იეჰოვას მოწმეებმა ყველაზე დიდი სამქადაგებლო კამპანიით იეჰოვას ცნობა მთელ მსოფლიოში გაავრცელეს“ („ნიუს ობზერვერი“, თემაკვა, პენსილვანია, აშშ).

[სურათები 9 გვერდზე]

ღვთის სულიწმიდა სულიერ საკითხებს ჰფენს ნათელს,

. . .შესანიშნავი ქრისტიანული თვისებების განვითარებას უწყობს ხელს

. . .და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამქადაგებლო საქმიანობაში გვეხმარება.