არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის მოწინააღმდეგენი ვერ გაიმარჯვებენ!

ღვთის მოწინააღმდეგენი ვერ გაიმარჯვებენ!

ღვთის მოწინააღმდეგენი ვერ გაიმარჯვებენ!

„შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ“ (იერემია 1:19).

1. რა დაევალა იერემიას და რამდენ ხანს გრძელდებოდა მისი საქმიანობა?

იეჰოვამ ახალგაზრდა იერემია ერების წინასწარმეტყველად დააყენა (იერემია 1:5). ეს მოხდა იუდას კარგი მეფის, იოშიას, მმართველობის დროს. იერემიას წინასწარმეტყველად მსახურება ბაბილონის მიერ იერუსალიმის დაპყრობისა და მოსახლეობის ბაბილონში გადასახლების წინა, მშფოთვარე, პერიოდამდე გაგრძელდა (იერემია 1:1—3).

2. როგორ გაამაგრა იეჰოვამ იერემია და რას ნიშნავდა ამ წინასწარმეტყველის წინააღმდეგ ბრძოლა?

2 ღვთის სამსჯავრო ცნობებს, რომლებსაც იერემია აცხადებდა, წინააღმდეგობა უნდა გამოეწვია. ამიტომ ღმერთმა გაამაგრა იერემია და მომავალი მოვლენებისთვის მოამზადა (იერემია 1:8—10). მაგალითად, წინასწარმეტყველს სულის სიმხნევე შეჰმატა სიტყვებმა: „შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ დაგიფარო“ (იერემია 1:19). იერემიასთან ბრძოლა იეჰოვასთან ბრძოლას ნიშნავდა. დღეს იეჰოვას ჰყავს წინასწარმეტყველისმაგვარ მსახურთა ჯგუფი, რომლის მოქმედებაც იერემიას მსახურებას გვაგონებს. იერემიას მსგავსად, ისინიც გაბედულად აცხადებენ იეჰოვას წინასწარმეტყველურ სიტყვას. ეს ცნობა მოქმედებს როგორც ცალკეულ პირებზე, ისე ერებზე, ხოლო მისი გავლენა დადებითი იქნება თუ უარყოფითი, ამ ცნობისადმი მათ გამოხმაურებაზეა დამოკიდებული. როგორც იერემიას დროს, დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ღმერთს და ამას მისი მსახურებისათვის წინააღმდეგობის გაწევითა და ღვთის მიერ დავალებული საქმიანობისთვის ხელის შეშლით აკეთებენ.

იეჰოვას მსახურებს ავიწროებენ

3. რატომ ავიწროებდნენ იეჰოვას მსახურებს?

3 მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იეჰოვას ხალხს ავიწროებდნენ. მრავალ ქვეყანაში ადამიანები ბოროტი განზრახვით ცდილობდნენ ხელის შეშლას — დიახ, მათ დადუმებას — რათა ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა არ გაცხადებულიყო. ისინი მოქმედებდნენ ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგის, სატანის, წაქეზებით, რომელიც „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). 1914 წელს, „წარმართთა ჟამის“ დასრულების შემდეგ, იეჰოვამ თავისი ძე დედამიწის ახალ მეფედ დანიშნა და უბრძანა, ‘ებატონა მის მტერთა შორის’ (ლუკა 21:24; ფსალმუნი 109:2). ქრისტემ გამოიყენა თავისი ძალა და სატანა ზეციდან დედამიწის შემოგარენში გადმოაგდო, რითაც მისი მოქმედების სფერო შეზღუდა. რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა, სატანა რისხვას ცხებულ ქრისტიანებსა და მათ თანამოაზრეებზე ანთხევს (გამოცხადების 12:9, 17). რა შედეგები ჰქონდა ღვთის მოწინააღმდეგეთა ამ არაერთ შეტევას?

4. რა გამოცდები გამოიარა იეჰოვას ხალხმა პირველი მსოფლიო ომის დროს, მაგრამ რა მოხდა 1919—1922 წლებში?

4 პირველი მსოფლიო ომის დროს იეჰოვას ცხებული მსახურები რწმენის მრავალ გამოცდას წააწყდნენ. მათ დასცინოდნენ, სცემდნენ და ცილს სწამებდნენ; აგრეთვე ბრბოს მიერ დევნილნი იყვნენ. იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, ისინი ‘ყველა ერის მიერ მოძულებულნი’ გახდნენ (მათე 24:9). ომის ისტერიის დროს ღვთის სამეფოს მტრებმა შეიმუშავეს ტაქტიკა, რომელსაც იესო ქრისტეს წინააღმდეგ იყენებდნენ. იეჰოვას ხალხს აჯანყებისკენ წამქეზებლების იარლიყი მიაკრეს და ღვთის ხილული ორგანიზაციის გულს დარტყმა მიაყენეს. 1918 წლის მაისში საზოგადოების პრეზიდენტ ჯ. რუტერფორდისა და მისი შვიდი თანამსახურის დასაპატიმრებლად ფედერალური ორდერი გასცეს. ამ რვა მამაკაცს მკაცრი განაჩენი გამოუტანეს და ატლანტის (ჯორჯია, აშშ) ფედერალურ ციხეში გადაგზავნეს. ცხრა თვის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. 1919 წლის მაისში შემდგარ საოლქო სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულები უსამართლოდ იყვნენ დაპატიმრებული და გამოტანილი განაჩენი უნდა გაუქმებულიყო. საქმე გადაიდო ახალ სასამართლომდე, მაგრამ მოგვიანებით მთავრობამ ბრალდება მოხსნა და ძმა რუტერფორდი და მისი თანამოაზრეები მთლიანად გაამართლა. ძმებმა განაახლეს თავიანთი საქმიანობა და სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) 1919-სა და 1922 წლებში კონგრესები ჩაატარეს. ამგვარად, სამეფოს საქმეს განახლებული სტიმული მიეცა.

5. როგორ ცხოვრობდნენ იეჰოვას მოწმეები ნაცისტური გერმანიის მმართველობის დროს?

5 ოცდაათიან წლებში დიქტატორულმა რეჟიმმა იჩინა თავი. გერმანია, იტალია და იაპონია გაერთიანდნენ და აგრესიული ბლოკი შექმნეს. იმ ათწლეულის დასაწყისში, განსაკუთრებით ნაცისტურმა გერმანიამ, ღვთის ხალხის ბარბაროსული დევნა დაიწყო. გამოიცა აკრძალვის ბრძანებულებები. სახლებს ჩხრეკდნენ, მობინადრეებს აპატიმრებდნენ. ათასობით ადამიანს საკონცენტრაციო ბანაკებში აგდებდნენ იმის გამო, რომ თავიანთ რწმენას არ თმობდნენ. ტოტალიტარულ სახელმწიფოში ღვთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა იეჰოვას მოწმეების გასანადგურებლად იყო გამიზნული *. როდესაც თავიანთი უფლებების დასაცავად იეჰოვას მოწმეები გერმანიის სასამართლოებში წარსდგნენ, რაიხის იუსტიციის სამინისტრომ საკმაოდ ვრცელი დადგენილება მოამზადა, რომელიც გარანტიას იძლეოდა, რომ მოწმეები წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. მასში ნათქვამი იყო: „სასამართლოებმა უკან არ უნდა დაიხიონ, უბრალოდ, კანონის ფორმალური მხარის ჩვენების საფუძველზე, არამედ უნდა ეძებონ და იპოვონ ისეთი გზები, რომლებიც, ფორმალური სირთულეების მიუხედავად, თავიანთი მაღალი პრინციპების განხორციელების საშუალებას მისცემთ“. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სამართალი ვერ გაიმარჯვებდა. ნაცისტები თვლიდნენ, რომ იეჰოვას მოწმეების მოქმედება საზიანო და მტრული იყო და „ნაციონალ-სოციალიზმის მშენებლობას ხელს უშლიდა“.

6. რა საშუალებებს მიმართეს მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ ჩვენი საქმიანობის შესაჩერებლად?

6 მეორე მსოფლიო ომის დროს კრძალავდნენ და ზღუდავდნენ ღვთის ხალხის საქმიანობას ავსტრალიაში, კანადასა და სხვა ქვეყნებში, რომლებიც ერთა ბრიტანულ თანამეგობრობაში შედიოდნენ. ამ თანამეგობრობის წევრები იყვნენ: აფრიკისა და აზიის, აგრეთვე კარიბისა და წყნარი ოკეანის კუნძულების ქვეყნები. შეერთებულ შტატებში გავლენიანი მტრები და დეზინფორმირებული ადამიანები ‘უსამართლობას სჩადიოდნენ’ (ფსალმუნი 93:20). მაგრამ კარდაკარ მსახურების აკრძალვისა და დროშისადმი თაყვანისცემის შესახებ გამოცემულ ბრძანებულებებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ბრძოლა მიმდინარეობდა; შედეგად, შეერთებული შტატების სასამართლოებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები კეთილსასურველი აღმოჩნდა, რამაც თაყვანისმცემლობის თავისუფლებას შეუწყო ხელი. იეჰოვას წყალობით მტრების ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო. როდესაც ევროპაში ომი დასასრულს მიუახლოვდა, აკრძალვები მოიხსნა. გაათავისუფლეს ათასობით მოწმე, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში იტანჯებოდნენ, მაგრამ ბრძოლა ამით არ დასრულებულა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ცივი ომი დაიწყო. ახლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მიიტანეს იერიში იეჰოვას ხალხზე. გარკვეული ზომები იქნა მიღებული სამქადაგებლო საქმიანობის შესაფერხებლად, ლიტერატურის გავრცელების შესაჩერებლად და საჯარო შეხვედრების გასაუქმებლად. მრავალს აპატიმრებდნენ ან შრომა-გასწორების კოლონიებში გზავნიდნენ.

წინ, სამქადაგებლო მსახურებაში!

7. ახლო წარსულში რა მოხდა იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებით პოლონეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში?

7 გავიდა ათწლეულები და სამეფოს ქადაგებისთვის გზა კვლავ გაიხსნა. თუმცა პოლონეთში ჯერ კიდევ კომუნისტური წყობილება იყო, 1982 წელს ძმებს ერთდღიანი კონგრესების ჩატარებაზე დართეს ნება. 1985 წელს კი იქ საერთაშორისო კონგრესებიც ჩატარდა. ამას 1989 წელს დიდი საერთაშორისო კონგრესები მოჰყვა, რომლებსაც რუსეთიდან და უკრაინიდან ათასობით დელეგატი დაესწრო. იმ წელს უნგრეთსა და პოლონეთში იეჰოვას მოწმეებმა კანონით აღიარება მოიპოვეს. 1989 წლის შემოდგომაზე ბერლინის კედელი დაეცა. რამდენიმე თვის შემდეგ კი აღმოსავლეთ გერმანიაშიც მოხდა მოწმეების ოფიციალური აღიარება. ამის შემდეგ, მოკლე ხანში, ბერლინში საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულის დასაწყისში ძალისხმევა მოხმარდა რუსეთში მცხოვრებ ძმებთან პირადი ურთიერთობის დამყარებას. მოსკოვში ძმები ოფიციალურ პირებს შეხვდნენ და 1991 წელს იეჰოვას მოწმეები კანონიერად იქნენ რეგისტრირებული. მას შემდეგ საქმიანობამ გაცილებით ფართო მასშტაბები მიიღო როგორც რუსეთში, ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში.

8. რას განიცდიდა იეჰოვას ხალხი მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 45 წლის მანძილზე?

8 იმ დროს, როცა ზოგან დევნა წყდებოდა, სხვაგან იზრდებოდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 45 წლის მანძილზე მრავალ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს არ აძლევდნენ კანონით აღიარების მოპოვების უფლებას. გარდა ამისა, ჩვენი საქმიანობა ოფიციალურად აიკრძალა აფრიკის 23, აზიის 9, ევროპის 8, ლათინური ამერიკის 3 და კუნძულებზე მდებარე 4 ქვეყანაში.

9. რა გამოიარეს მალავიელმა იეჰოვას მოწმეებმა?

9 მალავიში 1967 წლიდან იეჰოვას მოწმეები სასტიკად იდევნებოდნენ. ნეიტრალიტეტის დაცვის გამო ჩვენი ძმები არ იძენდნენ პოლიტიკური პარტიის ბარათებს (იოანე 17:16). 1972 წელს პოლიტიკური პარტიის „მალავის კონგრესის“ მიერ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ სასტიკი მოპყრობა კვლავ განახლდა. ძმებს სახლებიდან აძევებდნენ და არანაირ სამუშაოზე არ იღებდნენ. ათასები სიცოცხლის გადასარჩენად ქვეყნიდან გარბოდნენ. მაგრამ გაიმარჯვეს ღვთისა და ჩვენი ძმების წინააღმდეგ მებრძოლებმა? სრულებითაც არა! მდგომარეობის შეცვლის შემდეგ, 1999 წელს მალავიში მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი 43 767-მდე გაიზარდა, საოლქო კონგრესებს კი 120 000 კაცი დაესწრო, ხოლო დედაქალაქში ახალი ფილიალი აშენდა.

ისინი საბაბს ეძებდნენ

10. დანიელის შემთხვევის მსგავსად რას მიმართეს ღვთის ხალხის დღევანდელმა მტრებმა?

10 განდგომილები, სასულიერო პირები და სხვები ვერ იტანენ ღვთის სიტყვაზე დაფუძნებულ ცნობას. ქრისტიანული სამყაროს გარკვეული რელიგიური წრეების გავლენით, მოწინააღმდეგენი ეძებენ ეგრეთ წოდებულ კანონიერ გზებს, რათა ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა გაამართლონ. რა ტაქტიკას მიმართავენ ზოგჯერ ისინი? რის გაკეთება არჩიეს დანიელზე იერიშის მისატანად მის წინააღმდეგ შეთქმულებმა? დანიელის 6:5, 6-ში ვკითხულობთ: „მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ იქნა და ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა. მაშინ ამ კაცებმა თქვეს: დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთო“. მსგავსადვე, მოწინააღმდეგენი დღესაც საბაბს ეძებენ. ისინი „საშიში სექტების“ ირგვლივ ტეხენ ხმაურს და იეჰოვას მოწმეებსაც ამ იარლიყს აკრავენ. ხალხის შეცდომაში შეყვანით, გადაკრული სიტყვებითა და პირდაპირი სიცრუით ისინი ჩვენი თაყვანისმცემლობის გზასა და ღვთაებრივი პრინციპებისადმი ჩვენს ერთგულებას უტევენ.

11. რა ცრუ განაცხადებს აკეთებს იეჰოვას მოწმეთა ზოგი მოწინააღმდეგე?

11 ზოგ ქვეყანაში რელიგიურ და პოლიტიკურ ელემენტებს არ სურთ აღიარონ, რომ ჩვენ ‘ღვთის წინაშე წმიდა და შეუბღალავ სამსახურს’ ვეწევით (იაკობი 1:27). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქრისტიანული საქმიანობა 234 ქვეყანაში მიმდინარეობს, მოწინააღმდეგეების გაცხადებით, ჩვენ „ცნობილი რელიგია“ არა ვართ. 1998 წლის საერთაშორისო კონგრესამდე რამდენიმე დღით ადრე ათენის ერთ-ერთ გაზეთში ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება აცხადებდა, რომ «[იეჰოვას მოწმეები] არ წარმოადგენენ „ცნობილ რელიგიას“ », რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს დადგენილებას ეწინააღმდეგება. რამდენიმე დღის შემდეგ იმავე ქალაქის სხვა გაზეთი ერთ-ერთი საეკლესიო პირის სიტყვებს ციტირებდა: «[იეჰოვას მოწმეები] არ შეიძლება წარმოადგენდნენ „ქრისტიანულ კრებას“, ვინაიდან მათ არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანულ რწმენასთან და თავად იესო ქრისტესთან». ეს ნამდვილად საოცარია, რადგან არც ერთი სხვა რელიგიური მიმართულება არ უსვამს ხაზს იესოს მიბაძვის მნიშვნელობას ისე, როგორც იეჰოვას მოწმეები.

12. რა უნდა ვაკეთოთ სულიერ ომში მონაწილეობისას?

12 ჩვენ ვეძებთ კეთილი ცნობის დაცვისა და აღიარების კანონიერ საშუალებებს (ფილიპელთა 1:7). გარდა ამისა, არ შეგვიძლია კომპრომისზე წასვლა ან ღვთის მიერ დადგენილი სამართლიანობისა და ღვთისმოსაწონი პრინციპების მიმართ ჩვენი ერთგულების შემცირება (ტიტე 2:10, 12). იერემიას მსგავსად, ჩვენც უნდა ‘შემოვისარტყლოთ წელი და ვთქვათ ყველაფერი, რასაც ღმერთი გვიბრძანებს’, და არ უნდა დავუშვათ, რომ ღვთის მტრებმა შეგვაშინონ (იერემია 1:17, 18). თავის წმინდა სიტყვაში იეჰოვა ნათლად გვისახავს სწორ მიმართულებას, რომელსაც უნდა მივყვეთ. არასოდეს უნდა ვისურვოთ სუსტ ‘ხორციელ ძალაზე’ დაყრდნობა ან „ეგვიპტის ჩრდილში“ ანუ ამ წუთისოფელში „შეფარება“ (2 ნეშტთა 32:8; ესაია 30:3; 31:1—3). ამ სულიერ ომში იეჰოვას უნდა ვენდოთ მთელი გულით; საშუალება მივცეთ მას, რომ სავალი გაგვისწოროს, და არ დავენდოთ საკუთარ ჭკუას (იგავნი 3:5—7). იეჰოვას მხარდაჭერა და ხელმძღვანელობა თუ არ გვექნება, ნებისმიერი ჩვენი მცდელობა ‘ამაო’ იქნება (ფსალმუნი 126:1).

დევნილები, მაგრამ უკომპრომისოები

13. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესოს წინააღმდეგ განხორციელებული სატანური შეტევა მარცხით დასრულდა?

13 იეჰოვა ღმერთისადმი უკომპრომისო ერთგულების ყველაზე გამოჩენილი მაგალითი მოგვცა იესომ, რომელსაც აჯანყებისკენ მოწოდებასა და წესრიგის დარღვევაში ტყუილად დასდეს ბრალი. საქმის განხილვის შემდეგ პილატე მზად იყო, გაეთავისუფლებინა ის, მაგრამ იუდეველთა რელიგიური წინამძღოლების წაქეზებით ბრბო იესოს ძელზე გაკვრას მოითხოვდა, თუმცა ის უდანაშაულო იყო. იესოს მაგივრად ხალხი ბარაბას გათავისუფლებას მოითხოვდა — კაცისა, რომელიც აჯანყებისა და მკვლელობის გამო იყო დაპატიმრებული! პილატე კვლავ ეცადა უგუნური მოწინააღმდეგეების გადარწმუნებას, მაგრამ ბოლოს ბრბოს ნებას დაჰყვა (ლუკა 23:2, 5, 14, 18—25). მიუხედავად იმისა, რომ იესო ძელზე მოკვდა, ღვთის უდანაშაულო ძის წინააღმდეგ ეს უაღრესად ამაზრზენი, სატანური შეტევა აბსოლუტური მარცხით დასრულდა, რადგან იეჰოვამ აღადგინა იესო და მარჯვნივ დაისვა. განდიდებული იესოს მეშვეობით კი ახ. წ. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდა გადმოიფრქვა და „ახალი ქმნილება“ — ქრისტიანული კრება — შეიქმნა (2 კორინთელთა 5:17; საქმეები 2:1—4).

14. რა შედეგი მოჰყვა იესოს მიმდევრების წინააღმდეგ იუდეველი რელიგიური პირების მოქმედებას?

14 ამ მოვლენიდან ცოტა ხნის შემდეგ რელიგიური პირები ემუქრებოდნენ მოციქულებს, მაგრამ ქრისტეს მიმდევრები ნანახისა და მოსმენილის შესახებ ლაპარაკს არ წყვეტდნენ. იესოს მოწაფეები ლოცულობდნენ: „დაინახე უფალო, მათი მუქარა და მიეცი შენს მონებს ძალა მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა“ (საქმეები 4:29). იეჰოვამ ისმინა მათი სათხოვარი, სულიწმიდით აღავსო ისინი და გააძლიერა, რათა გაბედულად განეგრძოთ ქადაგება. მალე მოციქულებს ისევ უბრძანეს ქადაგების შეწყვეტა, მაგრამ პეტრემ და სხვა მოციქულებმა უპასუხეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29). მუქარამ, დაპატიმრებამ და გამათრახებამ მოციქულები ვერ შეაჩერა და სამეფო საქმის წინსვლა ვერ დააბრკოლა.

15. ვინ იყო გამალიელი და რა რჩევა მისცა იესოს მიმდევრების მოწინააღმდეგეებს?

15 როგორ რეაგირებდნენ ამაზე რელიგიური წინამძღოლები? „განრისხდნენ და მოინდომეს მათი [მოციქულების] დახოცვა“. მაგრამ ამ შეხვედრას ესწრებოდა რჯულის მასწავლებელი, სახელად გამალიელი, ფარისეველი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მან მოციქულები მცირე ხნით სინედრიონის დარბაზიდან დაითხოვა და იმ რელიგიურ მოწინააღმდეგეებს ურჩია: „კაცნო ისრაელიანნო, დაფიქრდით ამ ხალხზე, რას უპირებთ მათ. . . ახლა გეუბნებით თქვენ: ჩამოშორდით ამ ხალხს და მოეშვით მათ, ვინაიდან, თუ კაცისაგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიფუშება. ხოლო თუ ღვთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ, ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ“ (საქმეები 5:33—39).

ჩვენ წინააღმდეგ გამოჭედილი ყოველი იარაღი გაცუდდება

16. თქვენი სიტყვებით როგორ გადმოსცემდით იმ რწმუნებას, რომელიც იეჰოვამ თავის ხალხს მისცა?

16 გამალიელის რჩევა გონივრული იყო. ჩვენ კი მადლიერნი ვართ ყველასი, ვინც ჩვენს სასარგებლოდ ლაპარაკობს. არც იმას ვმალავთ, რომ თაყვანისმცემლობის თავისუფლებას ხელს უწყობს პირუთვნელი მოსამართლეების მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვისადმი ჩვენი ერთგულება არ მოსწონთ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებასა და დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, სხვა წინამძღოლებს (გამოცხადება 18:1—3). თუმცა ისინი თავიანთი გავლენის ქვეშ მოქცეულებთან ერთად ჩვენ წინააღმდეგ შეტევაზე გადმოდიან, ღმერთი გვარწმუნებს: „ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება და ყოველ ენას, შენს წინააღმდეგ აღმდგარს სამსჯავროზე, გაამტყუნებ. ესაა წილხვედრი უფლის მორჩილთა და მათი გამართლება ჩემგნით, ამბობს უფალი“ (ესაია 54:17).

17. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეები გვებრძვიან, რატომ ვართ ასე გაბედულები?

17 მტრები უმიზეზოდ გვებრძვიან, მაგრამ ჩვენ გამბედაობას არ ვკარგავთ (ფსალმუნი 108:1—3). ჩვენი ბიბლიური ცნობის მოძულეებს არასოდეს მივცემთ იმის საშუალებას, რომ დაგვაშინონ და რწმენის მიმართ კომპრომისზე წაგვიყვანონ. მიუხედავად იმისა, რომ სულიერი ბრძოლის გაძლიერებას მოველით, ჩვენ ვიცით, როგორი იქნება დასასრული. იერემიას მსგავსად ჩვენზეც შესრულდება წინასწარმეტყველური სიტყვები: „შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ დაგიფარო“ (იერემია 1:19).დიახ, ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოწინააღმდეგენი ვერ გაიმარჯვებენ!

[სქოლიო]

^ აბზ. 5 იხილეთ სტატია „ერთგულება და შეუპოვრობა ნაცისტური ტირანიის დროს“, გვერდები 24—28.

როგორ უპასუხებდით?

• რატომ ავიწროებდნენ იეჰოვას მსახურებს?

• როგორ იბრძოდნენ იეჰოვას ხალხის მტრები?

• რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის მოწინააღმდეგეები ვერ გაიმარჯვებენ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 17 გვერდზე]

იერემია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა მასთან იქნებოდა.

[სურათი 18 გვერდზე]

საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილები;

[სურათი 18 გვერდზე]

სასტიკი ძალადობა იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ;

[სურათი 18 გვერდზე]

ჯ. რუტერფორდი და მისი თანამოაზრეები.

[სურათი 21 გვერდზე]

იესოს შემთხვევაში ღვთის წინააღმდეგ მებრძოლებმა ვერ გაიმარჯვეს.