არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ადამიანთა მებადურები ეგეოსის ზღვაში

ადამიანთა მებადურები ეგეოსის ზღვაში

ადამიანთა მებადურები ეგეოსის ზღვაში

ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გადაჭიმულ ეგეოსის ზღვას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან საბერძნეთი, სამხრეთიდან კუნძული კრეტა, აღმოსავლეთიდან კი თურქეთი ესაზღვრება. ზოგიერთი უძველესი და დიდი ცივილიზაციის აკვანი, ეგეოსისი ზღვა, სავსეა დიდი და პატარა კუნძულებით. კუნძულების უსწორმასწორო მოყვანილობამ, რომლებზეც მზის შუქზე ალაპლაპებული თეთრი სახლებია მიმობნეული, ერთ პოეტი აღძრა, ისინი „ფაფარაშლილი ქვის ცხენებისთვის“ შეედარებინა.

გასაკვირი არ არის, რომ ეს კუნძულები ტურისტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი გახდა! ამ კუნძულების ბუნებრივ სილამაზეს აქ მაცხოვრებელი და მომუშავე ხალხის შესანიშნავი თვისებები უფრო მომხიბვლელს ხდის. თავმდაბალი, სტუმართმოყვარე და ამავე დროს თავისი თავის ბატონ-პატრონი ხალხი ამ მხარეს განუმეორებელ ელფერს ჰმატებს.

ამ კუნძულის ბევრი მცხოვრები ეგეოსის ზღვაში თევზაობით ირჩენს თავს. მაგრამ აქ სხვა სახის მნიშვნელოვანი „თევზაობაც“ მიმდინარეობს, რომელიც შესანიშნავ შედეგებს იღებს. „ადამიანთა მებადურები“, ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მქადაგებლები, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე მოგზაურობენ და ქრისტიან მოწაფეებს ამზადებენ (მათე 4:18, 19; ლუკა 5:10).

თითქმის 19 საუკუნის წინათ სახარების მქადაგებლებმა მოინახულეს ეგეოსის ზღვის კუნძულები. დაახლოებით ახ. წ. 56 წელს მოციქული პავლე თავისი მესამე მისიონერული მოგზაურობიდან დაბრუნებისას მცირე ხნით გაჩერდა კუნძულებზე: ლესბოსზე, ქიოსზე, სამოსზე, კოსსა და როდოსზე. ყოველთვის გულმოდგინე მქადაგებელი პავლე, ალბათ, ამ კუნძულებზეც იქადაგებდა (საქმეები 20:14, 15, 24; 21:1, 2). რომში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ პავლემ, უფრო მეტად დასაშვებია, რომ მოინახულა კრეტა და აქ განაგრძო ქრისტიანული მსახურება. პირველი საუკუნის მიწურულისთვის მოციქული იოანე „ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის“ კუნძულ პატმოსზე იყო გადასახლებული (გამოცხადება 1:9). დღეს როგორღა მოგზაურობენ კეთილი ცნობის მაუწყებლები ამ კუნძულებზე?

ნაყოფიერი სამქადაგებლო კამპანიები

ამ კუნძულებზე ქადაგება ძნელია. ის დიდ ძალისხმევასა და მსხვერპლს მოითხოვს. რამდენიმე კუნძული მოშორებით მდებარეობს. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი ზოგიერთ მათგანზე იშვიათად მიდის, ზოგთან კი საერთოდ წყდება კავშირი, მეტწილად ზამთრობით. ზღვა შეიძლება აღელდეს; განსაკუთრებით კი მელტემიას — ჩრდილოეთის სეზონური ქარების — ქროლვის დროს. უფრო მეტიც, ბევრ კუნძულზე მიყრუებული და მიუვალი სოფლებია; ძნელად თუ მიაღწევ იქამდე, მტვრიანი და მოუკირწყლავი გზების გამო. ზოგიერთ სოფლამდე კი მხოლოდ პატარა ნავებით შეიძლება მისვლა.

ავიღოთ, მაგალითად, პატარა კუნძული იკარია. ამ კუნძულზე არსებულ პატარა კრებაში მყოფ კეთილი ცნობის 11 მაუწყებელს არ შეუძლია ყველა სოფელში ან ახლოს მდებარე პატარა კუნძულებზე იქადაგოს. ამიტომ კუნძულ სამოსიდან ქრისტიანი ძმები და დები მიდიან იკარიაზე, ფურნიზე, პატმოსსა და ლიფსოსზე მცხოვრები ხალხისთვის ქადაგებაში ადგილობრივი მოწმეების დასახმარებლად. ახლახან ერთ-ერთი ასეთი ორდღიანი კამპანიის დროს მოწმეებმა ბიბლიური 650 ჟურნალი, 99 ბროშურა და 25 წიგნი გაავრცელეს! ისინი ძალიან გააოცა ისეთი ხალხის ნახვამ, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ — ვინ არის იეჰოვა და სთხოვდნენ მათ, დარჩენილიყვნენ და უფრო მეტი ესწავლებინათ ბიბლიიდან. ერთმა მანდილოსანმა მოწმეს უთხრა: „თქვენ წახვალთ, მაგრამ მე კვლავ უამრავი კითხვა მაქვს ბიბლიასთან დაკავშირებით. მე ვინღა დამეხმარება?“ ქრისტიანი და დაჰპირდა, რომ ტელეფონით დაუკავშირდებოდა. და მართლაც, ტელეფონით დაიწყეს ბიბლიის შესწავლა.

როდესაც მიმომსვლელი ზედამხედველი ესტუმრა იკარიას, დაგეგმა, რომ ერთ შაბათ-კვირას მთელი კუნძული შემოევლო. მას კუნძულ სამოსიდან სამეფოს 30 მქადაგებელი შეუერთდა. ჩამოსულ ძმებს სასტუმროში ორი ღამის გასათევად დაქირავებული ჩვეულებრივი და „ყველგანმავალი“ მანქანებით სარგებლობისთვის ფულის გადახდა მოუხდათ. ორი დღის განმავლობაში თავსხმა იყო და, ამინდის პროგნოზის თანახმად, შაბათ-კვირასაც არ გამოიდარებდა. მაგრამ ძმებმა ხელის შეშლის საშუალება არ მისცეს ამინდს — მათ კარგად ახსოვდათ ეკლესიასტეს 11:4-ში ჩაწერილი სიტყვები: „ვინც ქარს აკვირდება, ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერას მოიმკის“. ბოლოს ცოტა გამოიდარა და მას შემდეგ, რაც თავიანთი მნიშვნელოვანი ცნობით მთელი კუნძული შემოიარეს, ძმები გახარებული და კმაყოფილი დაბრუნდნენ შინ.

16-მა მაუწყებელმა, რომლებიც კუნძულ ანდროსზე ცხოვრობენ, დიდი ძალისხმევა მოახმარეს მთელი კუნძულის შემოვლას და ქადაგებას. როდესაც ძმები ერთ განცალკევებით მდებარე სოფელში მივიდნენ, გადაწყვიტეს, ყოველი მკვიდრისთვის ექადაგათ. ისინი ხალხს სახლებში, ქუჩებსა და მინდვრებში ესაუბრებოდნენ. პოლიციის განყოფილებაშიც კი მივიდნენ და ლიტერატურა დატოვეს. როცა დარწმუნდნენ, რომ ყველა მოინახულეს, წასვლა დააპირეს. მთავარ მოედანზე ბერძენი მართლმადიდებელი მღვდელი დაინახეს. გაახსენდათ, რომ მისთვის ჯერ არ ექადაგათ და შესთავაზეს პატარა პუბლიკაცია, რომელიც მან სიამოვნებით აიღო. ახლა მათ უკვე დანამდვილებით იცოდნენ, რომ არავინ დარჩენიათ ისე, რომ არ ექადაგათ!

გავდოსს (ანუ კლავდას) — კრეტას უბეში მდებარე პატარა კუნძული, სადაც მხოლოდ 38 მცხოვრებია — ევროპის სამხრეთ უკიდურეს წერტილად მიიჩნევენ (საქმეები 27:16). მიმომსვლელმა ზედამხედველმა მეუღლესთან და ერთ სხვა წყვილთან ერთად ამ კუნძულზე სამი დღე იქადაგა. ფულის დაზოგვის მიზნით ისინი კარვებში ცხოვრობდნენ. კუნძულის ყოველ მკვიდრს გააგებინეს კეთილი ცნობა და აღტაცებული იყვნენ, რომ ხალხი უარყოფითად არ იყო განწყობილი. მათ არც კარგი სმენოდათ იეჰოვას მოწმეების შესახებ და არც ცუდი. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, მღვდლის ჩათვლით, 19 წიგნი და 13 ბროშურა დაიტოვეს. როდესაც მოწმეები კრეტაზე პატარა გემით ბრუნდებოდნენ, ზღვა აღელდა და მათი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. „მადლობა გადავუხადეთ იეჰოვას შინ მშვიდობით დაბრუნებისთვის, მაგრამ მას იმისთვისაც ვმადლობდით, რომ ნება მოგვცა, განგვედიდებინა მისი სახელი ევროპის უკიდურეს სამხრეთ წერტილში“, — თქვეს მათ.

პატმოსი ის კუნძულია, სადაც მოციქულმა იოანემ ბიბლიის ბოლო წიგნი, „გამოცხადება“, დაწერა. ამ ბოლო ხანებამდე კუნძულ პატმოსზე იეჰოვას არც ერთი მოწმე არ იყო. ამ კუნძულზე სამქადაგებლო კამპანიის მოწყობისას სამოსელმა ძმებმა წინდახედულება გამოიჩინეს. მათ იცოდნენ, რომ შეიძლებოდა საშინელ წინააღმდეგობას წაწყდომოდნენ, რადგან ეს კუნძული საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საყრდენია. ორი და, რომლებიც ერთ მანდილოსანს უქადაგებდნენ, მასპინძელმა სახლში შეიპატიჟა. ამ მანდილოსნის მეუღლე დებს დაჟინებით ეკითხებოდა, თუ ვინ მიაგზავნა ისინი მათ სახლში. როდესაც დებმა აუხსნეს, რომ ისინი ყველასთან მიდიოდნენ, მან კვლავ ჰკითხა: „მართალს მეუბნებით? რომელიმე მეზობელმა ხომ არ გამოგაგზავნათ აქ?“. ეს მანდილოსანი, რომელიც იეჰოვას მოწმეებს პირველად ზაირში შეხვდა, მოგვიანებით მოუყვა დებს, თუ რა მოხდა იმ დილას. მან თქვა: „როგორც ყოველთვის, დღესაც იეჰოვას ვევედრებოდი, რომ გამოეგზავნა მოწმეები ჩვენს კუნძულზე, ჩემი მეუღლე კი დამცინოდა. როდესაც ჩემს კართან დაგინახეთ, მე და ჩემი ქმარი გაოცებული დავრჩით. აი რატომ გეკითხებოდათ ასე დაჟინებით, ვინ გამოგაგზავნათო ჩვენს სახლში“. ამ მანდილოსანთან მაშინვე ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, რომელიც ტელეფონის საშუალებით ათი თვის მანძილზე გრძელდებოდა, თუმცა ეს ძვირი დაუჯდათ დას და ამ დაინტერესებულ მანდილოსანს. ის მოინათლა და ახლა ერთადერთი მოწმეა იმ კუნძულზე, სადაც მოციქული იოანე 1900 წლის წინათ იყო გადასახლებული.

„მებადურობა“ პორტებში

ზაფხულობით დამსვენებლებით გადაჭედილი სამგზავრო ლაინერები ეგეოსის ზღვის აუზის კუნძულების მრავალრიცხოვან პორტებში ჩერდებიან. ამიტომ იეჰოვას მოწმეებს უნიკალური საშუალება ეძლევათ, უქადაგონ სხვადასხვა ეროვნებისა და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხს. კრებებს სხვადასხვა ენაზე ბიბლიური ლიტერატურის დიდი მარაგი აქვთ და მაუწყებლები ათასობით ჟურნალს ავრცელებენ ტურისტებში. ზოგიერთი სამგზავრო გემი ერთი და იმავე პორტში ყოველკვირა ჩერდება, რაც შესანიშნავ საშუალებას აძლევს ძმებს, რომ განმეორებითი მონახულებები მოაწყონ და ბიბლიის შესწავლაც ჩაატარონ გემების ეკიპაჟის ზოგიერთ წევრთან.

1996 წლის ზაფხულში როდოსელმა სრული დროით მქადაგებელმა დამ ახალგაზრდა იამაიკელ მამაკაცს უქადაგა, რომელიც იმ სამგზავრო ლაინერზე მუშაობდა, პარასკევობით რომ შედიოდა პორტში. მომდევნო კვირას ეს მამაკაცი დამ საოლქო კონგრესზე მიიწვია, რომელიც ამ კუნძულზე ჩატარდებოდა. ინგლისური ბიბლიის გამოყენებით პიონერი და ეხმარებოდა ამ მამაკაცს პროგრამაში წარმოდგენილი ბიბლიური ჭეშმარიტებების გაგებაში. კონგრესზე მოწმეების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა და გულისხმიერებამ ამ ახალგაზრდა მამაკაცზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მომდევნო პარასკევს მან ორი პიონერი ძმა გემზე მიიწვია. პიონერებმა ინგლისურ და ესპანურ ენებზე ლიტერატურა წაიღეს. მათი ჩანთები ერთ საათზე ნაკლებ დროში დაცარიელდა! ზაფხულის ბოლომდე ეს იამაიკელი ახალგაზრდა პარასკეობით ბიბლიას სწავლობდა. ის მომდევნო ზაფხულს დაბრუნდა და მზად იყო კვლავ შედგომოდა შესწავლას. თუმცა, ამ დროისთვის, სულიერი წინსვლის მიზნით, გადაწყვიტა სამუშაო გამოეცვალა; შემდეგ კვლავ დატოვა კუნძული. რარიგ ბედნიერები იყვნენ როდოსელი ძმები, როცა გაიგეს, რომ 1998 წლის დასაწყისში ეს ახალგაზრდა მოინათლა!

მიგრირებადი „თევზის“ ჭერა

ეგეოსის ზღვა განთქმულია ისეთი მიგრირებადი თევზების სიუხვით, როგორიც სარდინი და ხმალთევზაა, რომლებიც პირდაპირ გამოცდილი მეთევზეების ბადეებში აღმოჩნდებიან ხოლმე. ამნაირადვე, სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მქადაგებლები პოულობენ კეთილ ცნობას მოწყურებულ იმიგრანტებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან აქ სამუშაოდ ჩამოვიდნენ.

რეზი ათი წლის იყო, როდესაც პირველად წაიკითხა იეჰოვას და მისი განზრახვების შესახებ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ფურცლებზე. ის მაშინ ალბანეთში ცხოვრობდა. სამი წლის შემდეგ კი ოჯახთან ერთად კუნძულ როდოსზე გადასახლდა. ერთხელ მან იეჰოვას თხოვნით მიმართა, რომ თავისი ხალხი ეპოვნინებინა აქ, ამ კუნძულზე. მეორე დღეს მამამისი სახლში ნაცნობი ჟურნალებით, „საგუშაგო კოშკითა“ და „გამოიღვიძეთ!“-ით, დაბრუნდა, რამაც რეზი დიდად გაახარა. გოგონა დაუკავშირდა იმ დას, რომელმაც მამამისს ჟურნალები მისცა და მალე დაიწყო ბიბლიის შესწავლა წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ზოგჯერ ის სთხოვდა დას, რომ დღეში სამჯერ ჩაეტარებინათ შესწავლა! ორ თვეში მოუნათლავი მაუწყებელი გახდა და 1998 წლის მარტში 14 წლისა მოინათლა. იმავე დღეს დამხმარე პიონერად დაიწყო მსახურება, ექვსი თვის შემდეგ კი სრული დროით პიონერი გახდა.

კუნძულ კოსზე მცხოვრები ერთი ძმა რუსეთიდან ჩამოსულ რამდენიმე ადამიანს ასწავლიდა ბიბლიას. როდესაც ის შეეკითხა, ჰყავდათ თუ არა ისეთი მეგობრები, რომლებსაც ბიბლიის შესწავლა სურდათ, დაინტერესებულმა წყვილმა ის ერთი სომეხი ცოლ-ქმრის, ლეონიდას და ოფელიას, ოჯახში მიიყვანეს, რომლებიც მათგან 30 კილომეტრით მოშორებულ სოფელში ცხოვრობდნენ. აქ ძმას სიურპრიზი ელოდა. ამ სომეხმა ცოლ-ქმარმა გამოიტანა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ სომხურ და რუსულ ენებზე გამოცემული ბიბლიური ლიტერატურით სავსე ჩანთა! ისინი მოყვნენ, რომ იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდნენ ბიბლიას და მოუნათლავ მაუწყებლად გახდომას აპირებდნენ. მაგრამ პოლიტიკური ძვრებისა და ეკონომიკური სიძნელეების გამო სამშობლოს დატოვება მოუწიათ. კოსზე ჩამოსვლისთანავე ლეონიდას დედასა და დასთან დაუწყიათ ჭეშმარიტების შესწავლა, რომლებიც უკვე აქ ცხოვრობდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ მოწმეებს უცბად ბიბლიის სამი შესწავლა უნდა დაეწყოთ — ოფელიასა და მის ქმართან ცალ-ცალკე და მის დედასა და დასთან — ერთად. ამისათვის საჭირო იყო კვირაში სამჯერ მოტოციკლით მარტო ერთ მხარეს 30 კილომეტრის გავლა. ლეონიდა და მისი მეუღლე რამდენიმე თვის შემდეგ მოინათლენ. ადგილობრივი ძმების თავდაუზოგავი სულისკვეთებისთვის რა დიდი ჯილდო იყო ეს!

იეჰოვა ზრდის

ეგეოსისი ზღვის კუნძულებზე მცხოვრები სამეფოს 2 000 მაუწყებლის დაუცხრომელი ძალისხმევა იეჰოვას მიერ რომ არის კურთხეული, ნათელია. ახლა აქ იეჰოვას მოწმეთა 44 კრება და 25 ჯგუფია. ჯგუფებიდან 17 სხვადასხვა ენაზე ტარდება, რადგან იეჰოვას ნებაა, „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). გარდა ამისა, 13 სპეციალური პიონერი მთელ ძალისხმევას ახმარს უფრო მეტ ადამიანთან დაკავშირებას ამ განცალკევებულ ტერიტორიებზე.

ეგეოსის ზღვა საუკუნეების მანძილზე კულტურისა და ვაჭრობის განვითარების ცენტრი იყო. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ასი ათასობით ტურისტისთვის ის პოპულარული დასასვენებელი ადგილი გახდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ „ადამიანთა მებადურებმა“ სამეფოს მაუწყებლებმა ამ კუნძულებზე ბევრი გულწრფელი ადამიანი იპოვეს, რომლებიც მზად არიან, განადიდონ იეჰოვა. ამასთანავე, ისინი დიდებულად გამოეხმაურნენ წინასწარმეტყველურ მოწოდებას: „მიაგონ უფალს პატივი და მისი სადიდებელი ზღვისპირელთა შორის გამოაცხადონ!“ (ესაია 42:12).

[რუკა 22 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ეგეოსის ზღვა

საბერძნეთი

ლესბოსი

ქიოსი

სამოსი

იკარია

ფურნი

პატმოსი

კოსი

როდოსი

კრეტა

თურქეთი

[სურათი 23 გვერდზე]

კუნძული ლესბოსი.

[სურათი 24 გვერდზე]

კუნძული პატმოსი.

[სურათი 24 გვერდზე]

კუნძული კრეტა.