არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალი ქვეყნიერება — იქნებით თქვენ იქ?

ახალი ქვეყნიერება — იქნებით თქვენ იქ?

ახალი ქვეყნიერება — იქნებით თქვენ იქ?

„არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს. თუ კაცსა ვისმე არ აკლდება სასმელ-საჭმელი და შრომისა წილ სიკეთეს ჰპოვებს, ეს მადლია, ღვთის ნაბოძები“ (ეკლესიასტე 3:12, 13).

1. რატომ შეგვიძლია მომავალს ოპტიმიზმით შევყურებდეთ?

მრავალი ფიქრობს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი მკაცრი და უხეშია. მაგრამ წამყვანი მუხლის სიტყვების ჭეშმარიტების დანახვა ღვთის შთაგონებით დაწერილ სიტყვაში შეიძლება. ამ სიტყვის თანახმად, იეჰოვა ‘ბედნიერი ღმერთია’, რომელმაც ჩვენი წინაპრები დედამიწაზე სამოთხეში დაასახლა (1 ტიმოთე 1:11, აქ; დაბადება 2:7—9). ღვთის მიერ თავისი ხალხისთვის აღთქმული მომავლის გამოკვლევის მცდელობისას არ უნდა გაგვაკვირვოს იმ მდგომარეობის შესახებ გაგებამ, რომელიც ადამიანებს ხანგრძლივ ბედნიერებას მოუტანს.

2. რა არის ზოგი რამ, რასაც მოელით?

2 წინა სტატიაში განვიხილეთ ოთხი ადგილიდან სამი, სადაც ბიბლია „ახალი ცისა და ახალი მიწის“ შესახებ წინასწარმეტყველებს (ესაია 65:17). იმ სანდო წინასწარმეტყველებებიდან ერთ-ერთი გამოცხადების 21:1-შია მოცემული. მომდევნო მუხლები მოგვითხრობს იმ დროის შესახებ, როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთი დედამიწაზე არსებულ პირობებს ძირფესვიანად შეცვლის უკეთესობისკენ. ყველას მოწმენდს მწუხარების ცრემლებს. ადამიანები აღარ მოკვდებიან სიბერის, ავადმყოფობისა და უბედური შემთხვევის გამო. გლოვა, გოდება და ტკივილი მოისპობა. რარიგ ბრწყინვალე პერსპექტივაა! მაგრამ შეგვიძლია თუ არა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის აუცილებლად განხორციელდება და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პერსპექტივამ ჩვენზე ახლა?

არსებობს მიზეზები, გვჯეროდეს

3. რატომ შეგვიძლია ვენდოთ მომავლის შესახებ ბიბლიის წინასწარმეტყველებას?

3 შენიშნეთ, როგორ გრძელდება გამოცხადების 21:5. მასში ზეციერ ტახტზე მჯდომი ღვთის სიტყვებია ჩაწერილი: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“. ეს ღვთიური დანაპირები ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე, დღეს არსებულ ნებისმიერ „უფლებათა ბილზე“ და მომავლისკენ ნებისმიერ ამბიციურ მისწრაფებაზე უკეთესია. ამ მუხლში მოცემული სიტყვები აბსოლუტურად სანდოა, რადგან ისინი მომდინარეობს ყოვლისშემძლე ღვთისგან, რომელსაც ბიბლია „უტყუარს“ უწოდებს (ტიტე 1:2). გასაგებია, თუ ფიქრობთ, რომ შეგვეძლო საუბარი აქ შეგვეწყვიტა, ამ საუცხოო პერსპექტივაზე ფიქრით დავმტკბარიყავით და ღმერთს მივნდობოდით. მაგრამ საუბრის შეწყვეტა საჭირო არ არის. არსებობს ბევრი რამ, რაც მომავლის შესახებ უნდა გავიგოთ.

4, 5. უკვე განხილული წინასწარმეტყველებებიდან რომლები განამტკიცებენ ჩვენს რწმენას მომავალთან დაკავშირებით?

4 დაფიქრდით იმაზე, რაც წინა სტატიიდან ახალ ცასა და ახალ მიწასთან დაკავშირებით ბიბლიის აღთქმიდან გაიგეთ. ამგვარი ახალი სისტემის შესახებ ესაიას წინასწარმეტყველება იუდაელების სამშობლოში დაბრუნებითა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენით შესრულდა (ეზრა 1:1—3; 2:1, 2; 3:12, 13). მაგრამ მხოლოდ ამას გულისხმობდა ესაიას წინასწარმეტყველება? რა თქმა უნდა, არა! შორეულ მომავალში წინასწარმეტყველება უფრო დიდებული სახით უნდა შესრულებულიყო. საიდან ვაკეთებთ ასეთ დასკვნას? მე-2 პეტრეს 3:13-სა და გამოცხადების 21:1—5-ში ჩაწერილი სიტყვებიდან. მათში საუბარია „ახალ ცასა და ახალ მიწაზე“, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით კურთხევებს მოუტანს ქრისტიანებს.

5 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიბლიაში გამოთქმა „ახალი ცა და ახალი მიწა“ ოთხჯერ არის მოხსენიებული. აქედან ჩვენ სამი ადგილი განვიხილეთ და გამამხნევებელი დასკვნები გამოვიტანეთ. ბიბლია ნათლად წინასწარმეტყველებს, რომ ღმერთი ბოლოს მოუღებს ბოროტებასა და ტანჯვის სხვა მიზეზებს; შემდეგ კი აღთქმულ ახალ სისტემაში კაცობრიობას უფრო მეტადაც აკურთხებს.

6. რას ამბობს მეოთხე წინასწარმეტყველება, რომელშიც ‘ახალი ცა და ახალი მიწაა’ მოხსენიებული?

6 ახლა კი გამოვიკვლიოთ ის დარჩენილი ადგილი, სადაც გამოთქმა „ახალი ცა და ახალი მიწა“ გვხვდება. ესაიას 66:22—24-ში ვკითხულობთ: „როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი. გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის“.

7. რატომ უნდა დავასკვნათ, რომ ესაიას 66:22—24-ის წინასწარმეტყველება მომავალში შესრულდება?

7 წარსულში ეს წინასწარმეტყველება სამშობლოში დაბრუნებულ იუდაელებზე შესრულდა, მაგრამ ის უფრო ფართო მასშტაბითაც შესრულდება. ეს კი პეტრეს მეორე წერილისა და გამოცხადების წიგნის დაწერიდან მრავალი წლის გასვლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს წინასწარმეტყველებები მომავალ „ახალ ცასა და ახალ მიწაზე“ მიუთითებს. ამ წინასწარმეტყველებათა საბოლოო და დიდებულ შესრულებას ახალ სისტემაში უნდა მოველოდეთ. განვიხილოთ რამდენიმე მდგომარეობა, რომლებითაც შეიძლება მომავალში გავიხაროთ.

8, 9. ა) რა გაგებით განაგრძობს ღვთის ხალხი ‘წარდგომას’? ბ) რას ნიშნავს წინასწარმეტყველება, რომ იეჰოვას მსახურები „ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე“ თაყვანისცემაში იქნებიან?

8 გამოცხადების 21:4-ის თანახმად, სიკვდილი აღარ იქნება. ესაიას 66-ე თავშიც მსგავსი აზრია გამოთქმული. როგორც 22-ე მუხლიდან ვიგებთ, იეჰოვამ იცის, რომ ახალმა ცამ და ახალმა მიწამ დროებით, ანუ განსაზღვრული დროით, არ უნდა იარსებოს. გარდა ამისა, მისი ხალხიც იცოცხლებს ანუ გამუდმებით „წარდგება“ უფლის წინაშე. ამის დაჯერების საფუძველს ღვთის მიერ თავისი რჩეული ხალხისთვის უკვე გაკეთებული საქმეები გვაძლევს. ჭეშმარიტი ქრისტიანები სასტიკ დევნას განიცდიან და მათ მოსასპობად ყველაფერს აკეთებენ (იოანე 16:2; საქმეები 8:1). მაგრამ ძალიან ძლიერმა მტრებმაც კი, მაგალითად, რომის იმპერატორმა ნერონმა და ადოლფ ჰიტლერმა, ვერ შეძლეს იეჰოვას სახელის მატარებელი ერთგული ქრისტიანების მოსპობა. იეჰოვა დღემდე იცავს თავისი ხალხის კრებას და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მათ კვლავაც არ მოაკლებს მფარველობას.

9 მსგავსად ამისა, ღვთის ერთგული მსახურები, რომლებიც ახალი მიწის — ახალი ქვეყნიერების ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა საზოგადოების — წევრები იქნებიან, ურყევად იდგებიან, რადგან ყოვლისშემოქმედისადმი წმინდა თაყვანისმცემლობით იქნებიან დაკავებული. ეს თაყვანისცემა არარეგულარული და არაორგანიზებული არ იქნება. მოსეს მეშვეობით ისრაელებისთვის მიცემული რჯული ყოველთვიურად, ახალი მთვარის გამოჩენისას, და ყოველკვირეულად, შაბათ დღეს, თაყვანისცემის გარკვეული წესების შესრულებას მოითხოვდა (ლევიანნი 24:5—9; რიცხვნი 10:10; 28:9, 10; მეორე ნეშტთა 2:4). ასე რომ, ესაიას 66:23 მიუთითებს ჭეშმარიტი ღვთისადმი რეგულარულ თაყვანისცემაზე, რომელიც კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე გაგრძელდება. მაშინ აღარ იარსებებს ათეიზმი და რელიგიური თვალთმაქცობა, არამედ „მოვა ყოველი ხორციელი [იეჰოვას] წინაშე სათაყვანოდ“.

10. საიდან შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ბოროტები ახალ ქვეყნიერებას სამუდამოდ ვერ დაამახინჯებენ?

10 ესაიას 66:24 გვარწმუნებს, რომ ახალი მიწის მშვიდობასა და სამართლიანობას საფრთხე არასოდეს დაემუქრება. ბოროტი ხალხი მას ვეღარ გახრწნის. გავიხსენოთ, რომ მე-2 პეტრეს 3:7-ის თანახმად, დადგება „უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღე“. განადგურდებიან უღვთონი. ადამიანთა შორის მიმდინარე ომებისგან განსხვავებით — რომლებშიც ხშირად უდანაშაულო ხალხი ზარალდება; ზოგჯერ კი დაჭრილ და დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა რიცხვი ჯარისკაცთა რიცხვს აღემატება — უდანაშაულოებს არაფერი დაუშავდებათ. უდიდესი მსაჯული გარანტიას გვაძლევს, რომ მისი დღე განადგურებას უღვთოებს მოუტანს.

11. ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, როგორი იქნება მომავალი ღვთისა და მისი თაყვანისმცემლობის მოწინააღმდეგეებისთვის?

11 გადარჩენილი სამართლიანი ადამიანები დაინახავენ, რომ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა ჭეშმარიტია. 24-ე მუხლში ნაწინასწარმეტყველებია, რომ იეჰოვას განაჩენს აშკარას გახდის მის წინააღმდეგ „შემცოდე ხალხის გვამები“. შეიძლება ესაიას მიერ აქ გამოყენებული მხატვრული ენა საშინელ გრძნობებს იწვევდეს, მაგრამ წინასწარმეტყველმა ეს მუხლი ისტორიულ ფაქტზე ააგო. ძველი იერუსალიმის კედლებს გარეთ ნაგავსაყარი იყო და დროდადრო იქ სიკვდილმისჯილი სასტიკი დამნაშავეების გვამებს ყრიდნენ, რომლებიც არ იყვნენ წესისამებრ დამარხვის ღირსი. მალე მატლები და ჩაუქრობელი ცეცხლი ანადგურებდა ნაგავს და სპობდა გვამებს *. როგორც ჩანს, ესაიამ ეს ფაქტი გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენა იმ განაჩენის საჩვენებლად, რომელსაც ღმერთი ცოდვილებს გამოუტანს.

რა აღგვითქვა ღმერთმა

12. კიდევ რას გვეუბნება ესაია ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებასთან დაკავშირებით?

12 გამოცხადების 21:4 მიგვითითებს ისეთ რამეებზე, რაც მომავალ ახალ სისტემაში არ იარსებებს. მაგრამ რა იარსებებს მაშინ? როგორი იქნება ცხოვრება? არსებობს რამე სარწმუნო ინფორმაცია? დიახ, არსებობს. ესაიას 65-ე თავში წინასწარმეტყველურად არის აღწერილი ის პირობები, რომლითაც შევძლებთ დავტკბეთ, თუკი იეჰოვას მოსაწონად მოვიქცევით, და ვიცხოვრებთ მაშინ, როდესაც, საბოლოო გაგებით, შექმნის ამ „ახალ ცასა და ახალ მიწას“. ის, ვინც ახალ მიწაზე მარადიულ ადგილს დაიმკვიდრებს, არც დაბერდება და არც მოკვდება. ესაიას 65:20 გვარწმუნებს: „არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება“.

13. როგორ გვარწმუნებს ესაიას 65:20, რომ ღვთის ხალხი უსაფრთხოდ იქნება?

13 როდესაც ეს წინასწარმეტყველება პირველად ესაიას ხალხზე შესრულდა, ეს ნიშნავდა, რომ მათი ბავშვები უსაფრთხოდ იქნებოდნენ. მტერი თავს აღარ ესხმოდა ქვეყანას, როგორც ერთ დროს ბაბილონელები მოიქცნენ; აღარც თოთო ბავშვებს ხოცავდნენ და აღარც ჭაბუკებს ჟლეტდნენ (მეორე ნეშტთა 36:17, 20). მომავალ ახალ ქვეყნიერებაში ხალხი უსაფრთხოდ, მშვიდად იცხოვრებს და სიცოცხლით გაიხარებს. თუ ადამიანი ღვთის წინაშე დაუმორჩილებლობას არჩევს, მას სიცოცხლის უფლება წაერთმევა. ღმერთი გაანადგურებს მას. რა შეიძლება ითქვას შემცოდველზე, რომელიც ასი წლის იქნება? ის „ჭაბუკივით მოკვდება“, რადგან ასი წელი უსასრულობასთან შედარებით არაფერია (1 ტიმოთე 1:19, 20; 2 ტიმოთე 2:16—19).

14, 15. ესაიას 65:21, 22-ის საფუძველზე, რა სასიამოვნო საქმიანობა გელით მომავალში?

14 ესაია ყურადღებას ცოდვილთა განადგურებაზე კი არ ამახვილებს, არამედ აღგვიწერს პირობებს, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში იარსებებს. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ საკუთარი თავი ესაიას მიერ აღწერილ პირობებში. პირველ რიგში, თვალწინ, ალბათ, ის წარმოგიდგებათ, რაც ყველაფერზე მეტად გაღელვებთ. ესაია 21-ე და 22-ე მუხლებში გვეუბნება: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები“.

15 თუ მშენებლობაში არავითარი გამოცდილება არ გაქვთ ან მებაღეობით არასოდეს ყოფილხართ დაკავებული, ეს წინასწარმეტყველება მიგანიშნებთ, რომ მომავალში ბევრ რამეს ისწავლით. განა არ ისურვებდით, უნარიან და გამოცდილ მასწავლებლებს, შესაძლებელია, მეზობლებსაც კი, თქვენთვის დახმარების ხელი გამოეწოდებინათ? ესაია არაფერს ამბობს იმის შესახებ, თქვენს სახლს დიდი, დარაბებიანი ფანჯრები ექნება და ტროპიკული ნიავით გაგრილდებით თუ დახურული მინის ფანჯრებიდან წელიწადის დროების ცქერით დატკბებით. თქვენს სახლს დამრეც სახურავს გაუკეთებთ, წვიმა და თოვლი რომ ქვემოთ ჩამოვიდეს? თუ ადგილობრივი კლიმატის შესაბამისად ბრტყელ სახურავს გააკეთებთ, როგორც, ჩვეულებრივ, ახლო აღმოსავლეთში აკეთებენ, და მთელი ოჯახით შეიკრიბებით ხოლმე იქ სასადილოდ და სასაუბროდ? (მეორე რჯული 22:8; ნეემია 8:16).

16. რატომ მოელით, რომ ახალი ქვეყნიერება მუდამ კმაყოფილებას მოგიტანთ?

16 ზემოხსენებული წვრილმანების ცოდნაზე მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, რომ თქვენ საკუთარი სახლი გექნებათ. დღევანდელობისგან განსხვავებით, როცა ერთნი მონური შრომით აშენებენ სახლებს, ხოლო შიგ მეორენი ცხოვრობენ, თქვენ მიერ აშენებული სახლი თქვენივე საკუთრება იქნება. ესაიას 65:21-ში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ‘ჩაყრით ვაზებს, და მათ ნაყოფს შეჭამთ’. ცხადია, ეს სიტყვები აჯამებს იმ პირობებს, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში იქნება გამეფებული: თქვენ უდიდეს სიამოვნებას მოგგვრით საკუთარი შრომის ნაყოფი. ამ სიამოვნებას კი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში მიიღებთ — თქვენი ასაკი „ხის ასაკივით“ იქნება. ეს ყველაფერი ნამდვილად შეესაბამება აღწერილობას იმის შესახებ, რომ ღმერთი „ყოველივე ახალს“ შექმნის! (ფსალმუნი 91:13—15).

17. რომელი აღთქმაა განსაკუთრებულად გამამხნევებელი მშობლებისთვის?

17 თუ მშობელი ხართ, თქვენზე, ალბათ, დიდად იმოქმედებს შემდეგი სიტყვები: «ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად [„წუხილისთვის“, აქ] აღარ დაბადებენ შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანავე იქნებიან. ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე» (ესაია 65:23, 24). გამოგიცდიათ თუ არა ტკივილი, რომელიც ბავშვების ‘წუხილისთვის გაჩენას’ მოაქვს? ახლა არ დავიწყებთ ბავშვებთან დაკავშირებული იმ უამრავი პრობლემის ჩამოთვლას, რომლებიც არა მხოლოდ მშობლებს აწუხებთ, არამედ ყველას მთელ დედამიწაზე. ჩვენ ისეთი მშობლებიც გვინახავს, რომლებიც იმდენად არიან დაკავებული თავიანთი კარიერით, საქმეებითა და გართობით, რომ მცირე დრო თუ რჩებათ ბავშვების ინტერესების დასაკმაყოფილებლად. იეჰოვა კი აბსოლუტურად განსხვავდება ასეთი მშობლებისგან. ის გვარწმუნებს, რომ მოისმენს ჩვენს ხმას და დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნილებებს. ღმერთს წინასწარაც კი ეცოდინება ჩვენი საჭიროებები.

18. რატომ მოელით, რომ ახალ ქვეყნიერებაში ცხოველებით დატკბებით?

18 როდესაც ფიქრობთ იმაზე, თუ რა იქნება განსაკუთრებით სასიხარულო ახალ ქვეყნიერებაში, წარმოიდგინეთ ყველაფერი, რაც ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვაშია აღწერილი: „მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი“ (ესაია 65:25). მხატვრებს არაერთხელ უცდიათ ამგვარი სურათის დახატვა. მაგრამ რაც ჩვენ წავიკითხეთ, მხოლოდ შთაბეჭდილების მოსახდენად დაწერილი მაღალმხატვრული სიტყვები როდია. ყოველივე ეს რეალობად იქცევა. ადამიანებსა და ცხოველებს შორის მართლაც მშვიდობა იქნება. დღეს მრავალი ბიოლოგი და ცხოველების მოყვარული არასპეციალისტი ცხოვრების საუკეთესო წლებს მხოლოდ ცხოველების რამდენიმე სახეობის ან კიდევ ფრინველთა რომელიმე ერთი ჯიშის შესწავლაში ატარებს. დაფიქრდით, ამისგან რამდენად განსხვავებული იქნება თქვენი ცხოვრება — შეძლებთ შეისწავლოთ ცხოველები, რომლებსაც ადამიანის შიში აღარ ექნებათ. მაშინ ფრინველებთან და იმ პაწაწინა ქმნილებებთან მიახლოებასაც კი შეძლებთ, რომლებიც ტყეებში ან ჯუნგლებში ბინადრობენ — დიახ, დააკვირდებით მათ, ბევრ რამეს ისწავლით მათგან და დატკბებით მათი სილამაზით (იობი 12:7—9). ყოველივე ამას კი მშვიდად გააკეთებთ, რადგან საფრთხე არ დაგემუქრებათ არც ადამიანთა და არც ცხოველთა მხრიდან. იეჰოვა ამბობს: „არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე“. როგორი ცვლილებებია იმასთან შედარებით, რასაც დღეს ვხედავთ და განვიცდით!

19, 20. რატომ განსხვავდება ძალიან ღვთის ხალხი დღევანდელი ადამიანების უმეტესობისგან?

19 როგორც აღნიშნული იყო, ადამიანებს არ ძალუძთ მომავლის ზუსტად წინასწარმეტყველება, თუმცა ძალიან არიან დაინტერესებული ახალი ათასწლეულით. ამის გამო ბევრი იმედგაცრუებული, შეცბუნებული და სასოწარკვეთილი რჩება. კანადის უნივერსიტეტის რექტორი პიტერ ემბერლი წერდა, რომ „ბევრი [ზრდადასრულებული ადამიანი] საბოლოოდ არსებობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვებს სვამს: ვინ ვარ? სინამდვილეში რისკენ ვისწრაფვი? რას დავუტოვებ მომავალ თაობას? ადამიანები შუახანს რომ მიაღწევენ, მაშინ ცდილობენ ცხოვრების მოწესრიგებას და სიცოცხლის აზრს ეძებენ“.

20 თქვენ, ალბათ, გესმით, ასე რატომ ემართება მრავალს. ისინი შეიძლება სიცოცხლით ტკბობას რაიმე ჰობში ან გართობაში ეძებენ. მათ არ იციან, რა მოხდება მომავალში და ფიქრობენ, რომ სიცოცხლე მნიშვნელობას, კანონზომიერებასა და ნამდვილ აზრს მოკლებულია. მაგრამ ახლა — უკვე იმის შუქზე, რაც განვიხილეთ — შეადარეთ ცხოვრებაზე თქვენი და ამ ადამიანების შეხედულება. თქვენ იცით, რომ როცა იეჰოვა დაპირებულ ახალ ცასა და ახალ მიწას შექმნის, შეგვეძლება ირგვლივ მიმოვიხედოთ და გულიდან გამომდინარე სიტყვები წარმოთქვათ: „ღმერთმა მართლაც ყოველივე ახალი შექმნა!“ როგორ გავიხარებთ ყოველივე ამით!

21. რა საერთო ფაქტორს ვპოულობთ ესაიას 65:25-სა და ესაიას 11:9-ს შორის?

21 თუ თავს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში წარმოვიდგენთ, ამით სულაც არ მივუთითებთ იმაზე, რომ თავდაჯერებულები ვართ. ღმერთი გვიწვევს, მოგვიწოდებს კიდეც, დღეს ჭეშმარიტებით ვცეთ თაყვანი მას და ისეთი ცხოვრების ღირსნი გავხდეთ, რომლის დროსაც ‘არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელ მის წმინდა მთაზე’ (ესაიას 65:25). იცოდით თუ არა, რომ ამის მსგავსად ესაიამ ადრეც აღწერა ახალი ქვეყნიერება და ისიც აღნიშნა, თუ რა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ახალ სისტემაში ცხოვრებით ნამდვილად ტკბობისთვის? ესაიას 11:9-ში ვკითხულობთ: «არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის [„იეჰოვას“, აქ] ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული».

22. რის კეთების გადაწყვეტილება უნდა განგვიმტკიცოს ოთხი ბიბლიური წინასწარმეტყველების განხილვამ?

22 „იეჰოვას ცოდნა“. როდესაც ღმერთი ყოველივე ახალს შექმნის, დედამიწის მკვიდრთ ღვთისა და მისი ნების შესახებ ზუსტი შემეცნება, ანუ ცოდნა, ექნებათ. ამ ცოდნაში ცხოველებზე დაკვირვებით რაღაცის სწავლაზე ბევრად უფრო მეტი რამ შევა. ამაში შევა ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვის შესწავლა. მაგალითად, დაფიქრდით, რამდენი რამ გავიგეთ მხოლოდ იმ ოთხი წინასწარმეტყველების განხილვიდან, რომლებშიც ‘ახალ ცასა და ახალ მიწაზეა’ ლაპარაკი (ესაია 65:17; 66:22; 2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1). თქვენ საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ, ყოველდღიურად იკითხოთ ბიბლია. არის თუ არა მისი კითხვა თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი? თუ არა, რა ცვლილების მოხდენა შეგიძლიათ იმ მიზნით, რომ ყოველდღიურად იკითხოთ ღვთის სიტყვის გარკვეული მონაკვეთი და გაიგოთ, რას ამბობს? თუ ასე მოიქცევით, დაინახავთ, რომ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებით ტკბობის მოლოდინის გარდა, ფსალმუნმომღერლის მსგავსად, ახლაც მიიღებთ დიდ სიამოვნებას (ფსალმუნი 1:1, 2).

[სქოლიო]

^ აბზ. 11 იხილეთ ბიბლიური ცნობარი (Insight on the Scriptures), ტომი I, გვერდი 906 [ინგლ.]; გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

როგორ უპასუხებდით?

• საიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ესაიას 66:22—24 მომავლის შესახებ წინასწარმეტყველებს?

• განსაკუთრებით რას მოელით ესაიას 66:22—24-სა და ესაიას 65:20—25-ში ნაწინასწარმეტყველები მოვლენებიდან?

• რა საფძველი გაქვთ, თქვენი მომავლის რომ გწამდეთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 15 გვერდზე]

ესაიამ, პეტრემ და იოანემ „ახალი ცისა და ახალი მიწის“ სხვადასხვა მხარე იწინასწარმეტყველეს.