არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუგეშისცემა ბევრს ესაჭიროება!

ნუგეშისცემა ბევრს ესაჭიროება!

ნუგეშისცემა ბევრს ესაჭიროება!

„აჰა, იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ არ ანუგეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა, არავინა ჰყავთ ნუგეშისმცემი“ (ეკლესიასტე 4:1).

გსურს, ნუგეშცემული იყო? ნატრობ, რომ სასოწარკვეთილების ღრუბლებიდან იმედის სხივი გამობრწყინდეს? ისწრაფვი, რომ მცირე ნუგეში მაინც ჰპოვო, რათა ოდნავ მაინც შეგიმსუბუქდეს გაუთავებელი ტანჯვითა და უსიამოვნებებით დამძიმებული ცხოვრება?

დროდადრო ყველა ვსაჭიროებთ ნუგეშსა და გამხნევებას. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი რამე იწვევს მწუხარებას. ყველას გვესაჭიროება უსაფრთხოდ ცხოვრება, სითბო და სიყვარული. ზოგიერთი ჩვენგანი მოხუცდა, რის გამოც ვერ გრძნობს ბედნიერებას. სხვები იმედგაცრუებულნი არიან, რადგან ის არ მიიღეს, რასაც ცხოვრებისგან მოელოდნენ. ზოგს საშინლად სტკენს გულს იმის გაგება, რაც პათოლოგიური გამოკვლევის შედეგად ხდება ცნობილი.

გარდა ამისა, თითქმის არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩვენს დროში არსებული მოვლენების გამო უაღრესად საჭიროა ნუგეში და იმედი. ჯერ მარტო გასულ საუკუნეში ას მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ომში *. თითქმის ყველა მათგანს დარჩა მათი სიკვდილით დანაღვლიანებული ოჯახის წევრები — დედები, მამები, დები, ძმები, ქვრივები და ობლები — რომლებიც დიდ ნუგეშისცემას საჭიროებენ. დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი მოკლებულია რეგულარულ სამედიცინო მკურნალობასა და პირველი საჭიროების წამლებს. ეკოლოგიურად გაბინძურებული დიდი ქალაქების ქუჩებში მილიონობით უპატრონო ბავშვი დაეხეტება, რომელთა უმრავლესობაც ნარკომანი და მეძავია. მილიონობით ლტოლვილი უძლურდება ბანაკებში, სადაც საშინელ პირობებში ცხოვრობენ.

როგორი შთამბეჭდავიც უნდა იყოს ციფრები, ისინი ვერ გადმოსცემენ იმ ტკივილსა და უბედურებას, რის გადატანაც ზოგს უწევს ცხოვრებაში. მაგალითისთვის განვიხილოთ ბალკანელი ახალგაზრდა ქალის, სვეტლანას შემთხვევა, რომელიც უკიდურესად ღარიბ ოჯახში დაიბადა *. ის ყვება: „ფულის საშოვნელად მშობლები მაგზავნიდნენ, რომ მემათხოვრა ან მომეპარა. ჩვენი ოჯახური ცხოვრება იმდენად გაუარესდა, რომ სისხლის აღრევის მსხვერპლი გავხდი. ოფიციანტად დავიწყე მუშაობა; დედაჩემმა, რომელსაც ვარჩენდი, თქვა, რომ, თუ როდისმე სამუშაოს დავკარგავდი, თავს მოიკლავდა. ყოველივე ეს მაიძულებდა, მეძავი ვყოფილიყავი. მაშინ მხოლოდ 13 წლის ვიყავი. გარკვეული დროის შემდეგ დავორსულდი და აბორტის გაკეთება მომიწია. 15 წლის ასაკში 30 წლის ქალივით გამოვიყურებოდი“.

ლატვიელი ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ლაიმონისი, ყვება, რომ ნუგეში ესაჭიროებოდა და საშინელი მოგონებები სევდას ჰგვრიდა. 29 წლის ასაკში ის ავტოკატასტროფაში მოყვა, რის შედეგადაც წელქვევით დამბლა დაეცა. მას ყოველგვარი იმედი გადაწურული ჰქონდა და სმას მიჰყო ხელი. ხუთი წლის შემდეგ სიკვდილის პირას იდგა — პარალიზებულ ალკოჰოლიკს მომავალი არ ჰქონდა. სად შეეძლო მას ნუგეშის პოვნა?

ასევე განვიხილოთ ენჯის შემთხვევა. მის ქმარს ტვინის სამი ქირურგიული ოპერაცია ჰქონდა გადატანილი; პირველი ოპერაციის შემდეგ მას ნაწილობრივ დამბლა დაეცა. უკანასკნელი ოპერაციიდან ხუთი წლის შემდეგ კი სერიოზული უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, რის გამოც შეიძლებოდა მომკვდარიყო. როცა მისი ცოლი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში შევიდა და თავისი მწოლიარე მეუღლე დაინახა, რომელიც თავის სერიოზული ტრამვის გამო უგონო მდგომარეობაში იყო, მიხვდა, რომ უბედურება კარზე იყო მომდგარი. მას და მის ოჯახს შავბნელი მომავალი ელოდა. სად შეეძლო მას დახმარების მიღება და გამხნევება?

პეტისთვის რამდენიმე წლის წინათ ზამთრის ერთი დღე თითქოსდა ჩვეულებრივად დაიწყო. მაგრამ მომდევნო სამი დღის შესახებ საერთოდ არაფერი ახსოვდა. მოგვიანებით ქმარმა მას უთხრა, რომ მკერდის არეში საშინელი ტკივილების შემდეგ გულისცემა გაუჩერდა. თავდაპირველად მას ძალიან სწრაფი და არათანაბარი გულისცემა ჰქონდა, ხოლო შემდეგ სულ მთლად შეუწყდა; სუნთქვაც შეუჩერდა. „ფაქტობრივად, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში ვიყავი“, — ამბობს პეტი. მაგრამ ის როგორღაც გადარჩა. დიდი ხნის განმავლობაში საავადმყოფოში ყოფნის შესახებ ის ამბობს: „შიში მეუფლებოდა ამდენი სამედიცინო გამოკვლევის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობდნენ გულის ფიბრილაციის გამოწვევასა და გაჩერებას, როგორც ეს თავდაპირველად მოხდა“. რას შეეძლო მისთვის საჭირო ნუგეშისა და შვების მოტანა ამ კრიტიკულ პერიოდში?

ჯოუს და რებეკას 19 წლის ვაჟი ავტოკატასტროფაში დაეღუპათ. „ჩვენ არასდროს განგვიცდია მსგავსი საშინელება, — ამბობენ ისინი, — თუმცა წარსულში თანავუგრძნობდით სხვებს, როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავდნენ, მაგრამ, რამხელა ტკივილიც ამჟამად განვიცადეთ, არასდროს განგვიცდია“. როგორ შეიძლება მათი ნუგეშისცემა, რომლებიც გულის სიღრმეში ასეთ ძლიერ ტკივილს განიცდიან — ძლიერ მწუხარებას, რაც გამოწვეულია საყვარელი ადამიანის დაკარგვით?

ყველა ამ და მილიონობით სხვა ადამიანმა მართლაც ჰპოვა განსაკუთრებული სიმშვიდისა და ნუგეშის წყარო. იმის გასაგებად, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენც ჰპოვოთ ნუგეში ამ წყაროს საშუალებით, გთხოვთ, იხილოთ შემდეგი სტატია.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 დაღუპულ მოქალაქეთა და სამხედრო სამსახურში მყოფთა ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის. მაგალითად, 1998 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ფაქტები ამერიკის ომების შესახებ“ მეორე მსოფლიო ომის თაობაზე შემდეგი რამ არის აღნიშნული: „წყაროთა უმრავლესობის თანახმად, იმ ადამიანთა უმაღლესი რიცხვი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ, 50 მილიონს შეადგენს, მაგრამ ბევრი, ვინც ამ საკითხს იკვლევდა, დარწმუნდა, რომ დაღუპულთა უფრო ზუსტი რიცხვი ორჯერ აღემატება ზემოთ მოყვანილ ციფრს“.

^ აბზ. 6 სახელი შეცვლილია.

[საავტორო უფლება 3 გვერდზე]

UNITED NATIONS/PHOTO BY J. K. ISAAC

UN PHOTO 146150 BY O. MONSEN