როგორ „წარმოვდგებით“ სხვების წინაშე?
როგორ „წარმოვდგებით“ სხვების წინაშე?
„სულ არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები ჩემზე!“ გაბრაზების ან იმედგაცრუების დროს შეიძლება გაგიკეთებიათ მსგავსი თამამი განაცხადი. მაგრამ მოჩვენებითი თავდაჯერებულობის ტალღის გადავლის შემდეგ, ალბათ, გიგრძვნიათ, რომ ძალიანაც გაინტერესებთ. რატომ? იმიტომ რომ უმეტესობას ნამდვილად გვაღელვებს, როგორი აზრის არიან სხვები ჩვენზე.
მართლაც, ჩვენ უნდა გვაღელვებდეს სხვების გრძნობები. განსაკუთრებით კი, როგორც ქრისტიანებს, იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნილ მსახურებს, ზომიერების ფარგლებში უნდა გვაინტერესებდეს, როგორი შეხედულების არიან სხვები ჩვენზე. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ ‘სანახაობა ვართ წუთისოფლისთვის’ (1 კორინთელთა 4:9). მე-2 კორინთელთა 6:3, 4-ში ვკითხულობთ მოციქულ პავლეს მიერ მოცემულ საღ რჩევას: „ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა მსახურება არ შეიბღალოს, არამედ ყველაფერში წარმოვდგებით, როგორც ღვთის მსახურნი“.
რას ნიშნავს სიტყვა „წარმოვდგებით“ სხვების წინაშე? ნიშნავს თუ არა ეს, რომ საკუთარი თავი მეტისმეტად წარმოვაჩინოთ, ზედმეტი ყურადღება მივიპყროთ ან ჩვენს უნარს გავუსვათ ხაზი? არა. მაგრამ საჭიროა, გამოვიყენოთ 1-ლი პეტრეს 2:12-ში ჩაწერილი სიტყვები: „კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა . . . დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს“. ქრისტიანები თავიანთი საქმეებით წარმოადგენენ საკუთარ თავს! საბოლოო ჯამში კი ამის გამო ხოტბას შეასხამენ არა მათ, არამედ ღმერთს. და მაინც, საკუთარი თავის სხვების წინაშე კარგად წარმოჩენით პირადად ჩვენც გვექნება სარგებლობა. მოდი გამოვიკვლიოთ სამი მხარე, რომლებშიც ეს სიტყვები მართლდება.
როგორც მომავალი მეუღლე
მაგალითად, განვიხილოთ ქორწინების საკითხი. ქორწინება იეჰოვა ღმერთის საჩუქარია, ღვთისა, „ვის ეფესელთა 3:15). შესაძლებელია, თქვენც ფიქრობთ, ერთ მშვენიერ დღეს დაქორწინდეთ. თუ ასეა, როგორც მომავალი მეუღლე, რამდენად კარგად წარადგენთ თქვენს თავს? დიახ, როგორც დაუქორწინებელ ქრისტიან მამაკაცსა თუ ქალს, როგორი რეპუტაცია გაქვთ?
მიერაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და ქვეყანაზე“ (ზოგ ქვეყანაში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, განაში, როდესაც ორი ადამიანი დაქორწინებას აპირებს, ტრადიციის თანახმად, ამის შესახებ მშობლებს უნდა გააგებინონ. ისინი კი, თავის მხრივ, ოჯახის სხვა წევრებსაც აყენებენ საქმის კურსში. სასიძოს ოჯახი მეზობლებისგან იგებს, როგორი რეპუტაცია აქვს საპატარძლოს. როდესაც მშობლები დარწმუნდებიან ქალის ვარგისობაში, სარძლოს ოჯახს უცხადებენ, რომ მათ ვაჟს ამ ოჯახის ქალიშვილზე სურს დაქორწინება. ახლა, ქორწინებაზე თანხმობის მიცემამდე, ქალის ოჯახი იწყებს სასიძოს რეპუტაციის გაგებას. ძველი განური ანდაზა ამბობს: „ჯერ გაიგე ვისზე ქორწინდები და მერე დაქორწინდიო“.
რა შეიძლება ითქვას დასავლეთის ქვეყნებზე, სადაც, ჩვეულებრივ, დამოუკიდებლად ირჩევენ ცხოვრების თანამგზავრს? იქაც გონივრული იქნებოდა, თუ მოწიფული მამაკაცი ან ქალი ეცდებოდა, გულწრფელი რჩევა მიეღო იმ ადამიანებისგან — მაგალითად, მშობლებისგან ან მოწიფული მეგობრებისგან — რომლებიც კარგად იცნობენ მათ მომავალ მეუღლეს. წიგნის, „ოჯახური ბედნიერების საიდუმლოს“, თანახმად, ახალგაზრდა ქალმა შეიძლება იკითხოს: „როგორი რეპუტაციით სარგებლობს ეს მამაკაცი? ვინ არიან მისი მეგობრები? არის თუ არა თავშეკავებული? როგორ ექცევა ხანდაზმულებს? როგორ ოჯახშია აღზრდილი? როგორი დამოკიდებულება აქვს ოჯახის წევრებთან? როგორი თვალსაზრისი აქვს ფულთან დაკავშირებით? ბოროტად ხომ არ იყენებს ალკოჰოლურ სასმელებს? არის თუ არა ფიცხი და სასტიკიც კი? რა პასუხისმგებლობები აკისრია კრებაში და როგორ უმკლავდება მათ? შევძლებ მისადმი ღრმა პატივისცემის გამოვლენას? (ლევიანნი 19:32; იგავნი 22:29; 31:23; ეფესელთა 5:3—5, 33; 1 ტიმოთე 5:8; 6:10; ტიტე 2:6, 7)“ *.
მამაკაცმაც ამნაირადვე უნდა გაიგოს, როგორია ქრისტიანი ქალი, რომელზეც დაქორწინებას აპირებს. ბიბლიის თანახმად, ბოყაზმაც მსგავსი ინტერესი გამოავლინა რუთის მიმართ, რომელიც მოგვიანებით ცოლად შეირთო. როდესაც ქალმა ჰკითხა: „რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხო ტომის ქალი ასე დამაფასე?“ ბოყაზმა უპასუხა: „გაგებული მაქვს ყველაფერი, რაც . . . გააკეთე“ (რუთი 2:10—12). დიახ, ბოყაზმა არა მარტო თვითონ შენიშნა, რომ რუთი ერთგული, თავდადებული და მუყაითი ქალი იყო, არამედ სხვებისგანაც მოისმინა მისი ქება.
მსგავსად ამისა, მიგიჩნევენ თუ არა სხვები სასურველ მეუღლედ, ამაში დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს საქციელს. მაშ, როგორ წარადგენთ ამ საკითხში საკუთარ თავს სხვების წინაშე?
როგორც მუშა–მოსამსახურე
სამუშაო ადგილი არის სხვა სფერო, სადაც კარგი საქციელის გამოვლენა თქვენსავე კეთილდღეობას მოემსახურება. სამუშაოზე კონკურენცია უფრო და უფრო იზრდება. სამუშაოდან ხშირად ითხოვენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ცნობილი არიან დაუმორჩილებლობით, მუდმივი დაგვიანებითა და უპატიოსნობით. საწარმოებსა და კომპანიებში ხარჯების
შემცირების მიზნით შეიძლება გამოცდილი თანამშრომლებიც კი დაითხოვონ. როდესაც უმუშევარი სამუშაოს ეძებს, შეიძლება იმ ფაქტს წააწყდეს, რომ იქ დაინტერესდნენ მისი სამუშაო ჩვევებით, საქმისადმი დამოკიდებულებითა და გამოცდილებით, რისთვისაც შეიძლება ადრინდელ დამსაქმებლებს მიმართონ. მრავალმა ქრისტიანმა თავაზიანობით, სადა ჩაცმულობით, სასიამოვნო მანერებითა და სხვა გამორჩეული ქრისტიანული თვისებებით წარმატებით წარადგინა საკუთარი თავი სამუშაო ადგილზე.პატიოსნება ისეთი თვისებაა, რომელსაც მრავალი დამსაქმებელი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. პავლე მოციქულის მსგავსად, ჩვენი სურვილია, რომ „ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ“ (ებრაელთა 13:18). განას ერთ სამთო მრეწველობის კომპანიაში წვრილმანი ქურდობა შეიმჩნა. გადამამუშავებელი საამქროს ზედამხედველმა, ერთ-ერთმა მოწმემ, შეინარჩუნა თავისი სამუშაო, მაშინ როდესაც სხვებმა — დაკარგეს. რატომ? ხელმძღვანელებს შენიშნული ჰქონდათ, რომ ის წლების განმავლობაში პატიოსნად მუშაობდა. მოწმე მუყაითი მუშა იყო; აგრეთვე ხელმძღვანელებისადმი პატივისცემითაც კარგად იყო ცნობილი. დიახ, წესიერმა საქციელმა ამ მოწმეს სამუშაო შეუნარჩუნა!
კიდევ რით შეიძლება საკუთარი თავი წარმოაჩინოს ქრისტიანმა შრომის ბირჟაზე? ნებისმიერ დავალებულ საქმეში დაოსტატდით (იგავნი 22:29). იმუშავეთ მუყაითად და კეთილსინდისიერად (იგავნი 10:4; 13:4). პატივისცემით მოეპყარით დამსაქმებელსა და ზედამხედველს (ეფესელთა 6:5). პუნქტუალობა, პატიოსნება, სიმარჯვე და მუყაითობა ის თვისებებია, რომლებსაც დამსაქმებლები აფასებენ და რომლებიც სამუშაოს პოვნაში დაგეხმარებათ მაშინაც კი, როდესაც ეს ჭირს.
პასუხისმგებლობები კრებაში
დღეს ქრისტიანულ კრებაში ხელმძღვანელობის გასაწევად ყველაზე მეტად არიან საჭირო მოწიფული მამაკაცები. მიზეზი? ესაია წინასწარმეტყველებდა: „გააფართოვე შენი კარვის ადგილი და გადაჭიმონ შენი ჩარდახების გადასახურავნი“ (ესაია 54:2). ეს წინასწარმეტყველება სრულდება და მთელ მსოფლიოში იეჰოვას კრება იზრდება.
ამგვარად, თუ ქრისტიანი მამაკაცი ხართ, როგორ შეგიძლიათ საკუთარი თავი თქვენთვის მოსაცემი მოვალეობის შესასრულებლად ვარგის პიროვნებად წარადგინოთ? განვიხილოთ ახალგაზრდა მამაკაცის, ტიმოთეს, მაგალითი. ლუკა გვამცნობს, რომ ტიმოთეზე „[კარგად] მოწმობდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები“. დიახ, თავისი კარგი საქციელით ამ ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი თავი ორ ქალაქში წარმოაჩინა. ამიტომაც პავლემ მისიონერულ მოგზაურობაში ტიმოთეს წაყვანა მოისურვა (საქმეები 16:1—4).
როგორ შეიძლება დღეს მამაკაცმა მისაღები, ღვთისმოსაწონი სახით ‘ისურვოს ეპისკოპოსობა’? რა თქმა უნდა, არა დანიშნულების მისაღებად კამპანიის წამოწყებით, არამედ ამ პასუხისმგებლობის შესასრულებლად საჭირო სულიერი თვისებების განვითარებით (1 ტიმოთე 3:1—10, 12, 13; ტიტე 1:5—9). მას ‘კეთილი საქმის ნდომა’ სამქადაგებლო საქმიანობასა და მოწაფეების მომზადებაში სრული მონაწილეობითაც შეუძლია გამოავლინოს (მათე 24:14; 28:19, 20). ქრისტიანი მამაკაცები, რომლებიც საკუთარ თავს კრებაში პასუხისმგებლობის შესასრულებლად წარადგენენ, გულწრფელად არიან დაინტერესებული თავიანთი სულიერი ძმების კეთილდღეობით. ისინი ასრულებენ მოციქულ პავლეს რჩევას: ‘მონაწილეობა მიიღონ წმიდათა საჭიროებაში, ესწაფონ სტუმართმოყვარეობას’ (რომაელთა 12:13). ასე მოქმედებით ქრისტიანი ნამდვილად ‘წარადგენს საკუთარ თავს ღვთის მსახურად’.
ყოველთვის
საკუთარი თავის წარდგენა სულაც არ ნიშნავს თვალთმაქცობასა და ‘კაცთა წინაშე პირმოთნეობას’ (ეფესელთა 6:6, აფ). საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, წინაშე მისი კანონებისა და პრინციპების კეთილსინდისიერად დაცვით საკუთარი თავის წარმოჩენას ნიშნავს. თუ სულიერობას განივითარებთ და იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობას განიმტკიცებთ, ამ წინსვლას სხვები ოჯახის წევრების, თანამშრომლებისა და თანაქრისტიანების მიმართ თქვენს დამოკიდებულებაში დაინახავენ. ისინი ამას თქვენს სიმტკიცესა და გაწონასწორებულობაში, საღი მსჯელობის უნარში, პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევის შესაძლებლობასა და თავმდაბლობაშიც შენიშნავენ. ყოველივე ამის გამო კი მათგან სიყვარულსა და პატივისცემას დაიმსახურებთ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სხვების წინაშე საკუთარი თავის კარგად წარდგენით იეჰოვა ღმერთისთვის მოსაწონი ადამიანი გახდებით!
[სქოლიო]
^ აბზ. 8 გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[სურათი 19 გვერდზე]
მრავალი მშობელი გონივრულად იქცევა და იგებს, თუ როგორი რეპუტაციით სარგებლობს შვილის მომავალი მეუღლე.
[სურათი 20 გვერდზე]
ძმა, რომელიც სხვების მიმართ ყურადღებიანია, საკუთარ თავს მსახურებაში სხვადასხვა ვალდებულების შესასრულებლად წარადგენს.