ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ხალხს ღვთისკენ იზიდავს
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ხალხს ღვთისკენ იზიდავს
იეჰოვამ იოსები დიდი სიბრძნითა და გამჭრიახობით აკურთხა (საქმეები 7:10). ამის შედეგად იოსების განჭვრეტის უნარი „მოეწონა . . . ფარაონს და ყველა მის მორჩილს“ (დაბადება 41:37).
დღესაც მსგავსადვე აძლევს იეჰოვა თავის ხალხს განჭვრეტის უნარსა და გამჭრიახობას ბიბლიის შესწავლის საშუალებით (2 ტიმოთე 3:16, 17). ამ სიბრძნესა და გამჭრიახობას კარგი ნაყოფი მოაქვს, ვინაიდან ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევას ვიყენებთ. იეჰოვას ხალხის კარგი საქციელი ხშირად „მათ მოწონებას იმსახურებს, ვინც მათ აკვირდება“, როგორც ამას ზიმბაბვედან მოწოდებული ცნობები გვიჩვენებს.
• ერთი ქალის მეზობლად იეჰოვას მოწმეები ცხოვრობდნენ. თუმცა მას მოწმეები არ უყვარდა, მოხიბლული იყო მათი ქცევით, განსაკუთრებით კი მათი ოჯახური ცხოვრებით. ის ხედავდა, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთში ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვებიც დამჯერები ჰყავდათ. მან განსაკუთრებით შენიშნა ის, რომ ქმარს ცოლი ძლიერ უყვარდა.
ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში გავრცელებულია აზრი, რომ თუ ქმარს ცოლი უყვარს, ესე იგი, ცოლმა „მოსათვინიერებლად“ ჯადო გაუკეთა. ეს მეზობელი მივიდა იეჰოვას მოწმე ქალთან და სთხოვა: „ძალიან გთხოვ, მომეცი ის ჯადო, შენს ქმარს რომ გაუკეთე. მინდა, მეც ისე შემიყვაროს ჩემმა ქმარმა, როგორც შენს ქმარს უყვარხარ“. მოწმემ უპასუხა: „კარგი, ხვალ შუადღისას მოგიტან“.
მომდევნო დღეს დამ თავისი მეზობელი მოინახულა და თან „ჯადოც“ მიუტანა. რა იყო ეს? ეს იყო ბიბლია და წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. წიგნ „შემეცნებიდან“ ერთ-ერთი თავის „ღმერთისთვის დიდების მომტანი ოჯახის აშენების“ განხილვის შემდეგ მან მასპინძელს უთხრა: «ეს არის „ჯადო“, რომელსაც მე და ჩემი ქმარი ერთმანეთის „მოსათვინიერებლად“ ვიყენებთ ხოლმე, და აი რატომ გვიყვარს ერთმანეთი ასე ძალიან». ამ ქალმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მან სწრაფად წაიწია წინ, თავი მიუძღვნა იეჰოვას და წყალში მოინათლა.
• ორი სპეციალური პიონერი, რომლებმაც დანიშვნა მიიღეს, რომ ზიმბაბვესა და მოზამბიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე პატარა კრებაში ემსახურათ, ორი კვირის განმავლობაში კარდაკარ მსახურებაში არ წასულა. რატომ? იმიტომ რომ ხალხი მათთან მიდიოდა მოსასმენად. ერთ-ერთი მათგანი გვიყვება, როგორ მოხდა ეს: «15 კილომეტრს გავდიოდით, რომ ერთ ადამიანთან ბიბლიის ყოველკვირეული საშინაო შესწავლა ჩაგვეტარებინა. ამ ადგილზე მოხვედრა ადვილი არ იყო ჩვენთვის. გვიხდებოდა ტალახში სიარული და ფეხით გასვლა ადიდებულ მდინარეში, რომელიც ყელამდე გვწვდებოდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი თავზე გვეწყო და მდინარეში გასვლისას წონასწორობა უნდა შეგვენარჩუნებინა, რომ არ ჩამოგვცვენოდა. ნაპირზე კი კვლავ ვიცვამდით.
დაინტერესებულის მეზობლებზე ჩვენი გულმოდგინება დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მათ შორის, ვისი ყურადღებაც მივიპყარით, ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის წინამძღოლიც იყო. მან თავის მიმდევრებს უთხრა: „არ გინდათ, თქვენც გულმოდგინეები იყოთ იეჰოვას ამ ორი მოწმე ახალგაზრდის მსგავსად?“ მეორე დღეს ამ წინამძღოლის ბევრი მიმდევარი მოვიდა ჩვენთან სახლში, იმის გასაგებად, თუ რატომ ვიყავით ასე შეუპოვრები. გარდა ამისა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, იმდენი გვაკითხავდა, რომ საჭმლის მომზადების დროც კი აღარ გვრჩებოდა».
ამ ორი კვირის მანძილზე პიონერებთან მისულთა შორის რელიგიური წინამძღოლიც იყო. წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული იყვნენ პიონერები, როდესაც ის ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა!