„გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო“
„გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო“
„ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო“ (ფსალმუნი 25:6). ძველად მეფე დავითმა იეჰოვასადმი თავისი ერთგულება ამ სიტყებით გამოხატა. მაგრამ რატომ უნდა შემოევლო იეჰოვას სამსხვერპლოსთვის და რა გაგებით უნდა გაეკეთებინა ეს?
დავითისთვის იეჰოვას თაყვანისცემის ცენტრი იყო კარავი, სპილენძის სამსხვერპლოთი, რომელიც მისი მეფობის პერიოდში იერუსალიმის ჩრდილოეთით, გაბაონში მდებარეობდა (მესამე მეფეთა 3:4). სამსხვერპლოს ფართობი დაახლოებით 2,2 კვადრატული მეტრი იყო მხოლოდ, ბევრად პატარა იმ დიდებულ სამსხვერპლოსთან შედარებით, რომელიც სოლომონის ტაძრის შიდა ეზოში უნდა აღმართულიყო *. მიუხედავად ამისა, დავითს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ამ სამსხვერპლოს კარავში ყოფნა, რომელიც წმინდა თაყვანისცემის ცენტრი იყო ისრაელში (ფსალმუნი 25:8).
აღსავლენი მსხვერპლი, სამადლობელი შესაწირავი და დანაშაულის გამოსასყიდი სამსხვერპლოზე მიჰქონდათ; გარდა ამისა, ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს ერისთვის სწირავდნენ მსხვერპლს. სამსხვერპლოს და მასზე აღვლენილ შესაწირავებს ქრისტიანებისთვის დღესაც აქვს მნიშვნელობა. მოციქულმა პავლემ ახსნა, რომ სამსხვერპლო ღვთის ნებას წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც იეჰოვამ კაცობრიობის გამოსასყიდად სათანადო მსხვერპლი მიიღო. პავლე ამბობს: „ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით“ (ებრაელთა 10:5—10).
როდესაც სამსხვერპლოსთან მსახურებისთვის ემზადებოდნენ, მღვდლები ტრადიციულად, განსაწმენდად, ხელებს წყლით იბანდნენ. შესაბამისად, დავითი „უბიწოებით“ იბანდა ხელებს, ვიდრე სამსხვერპლოს ‘გარს შემოუვლიდა’. ის „წმიდა გულითა და სიმართლით“ მოქმედებდა (მესამე მეფეთა 9:4). თუ დავითი ამგვარად არ „დაიბანდა ხელებს“, მისი თაყვანისცემა — მის მიერ ‘სამსხვერპლოსთვის გარს შემოვლა’ — მიუღებელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, დავითი არ იყო ლევიანი და სამსხვერპლოსთან სამღვდელო მსახურების შესრულების უფლება კი არა, მეფეს, კარვის შიდა ეზოში შესვლის უფლებაც არ ჰქონდა. მაგრამ, როგორც ერთგული ისრაელი, ემორჩილებოდა მოსეს რჯულს და სამსხვერპლოზე რეგულარულად მიჰქონდა შესაწირი. ის სამსხვერპლოს გარშემო იმ გაგებით დადიოდა, რომ მისი ცხოვრება წმინდა თაყვანისმცემლობაზე იყო კონცენტრირებული.
შეგვიძლია დღეს მივყვეთ დავითის მაგალითს? რა თქმა უნდა. ჩვენც შეგვიძლია დავიბანოთ ხელები უბიწოებით და შემოვუაროთ ღვთის სამსხვერპლოს, თუ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენას ვავლენთ და იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურებაში ‘ხელები სუფთა გვაქვს და გული სპეტაკი’ (ფსალმუნი 23:4).
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ამ სამსხვერპლოს ფართობი დაახლოებით 9 კვადრატული მეტრი იყო.
[სურათი 23 გვერდზე]
სამსხვერპლო ღვთის ნებას წარმოადგენდა, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა კაცობრიობის გამოსასყიდად სათანადო მსხვერპლს ღებულობს.