არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვასადმი მადლიერებით აღვსილი სრული დროით მსახურების განმავლობაში

იეჰოვასადმი მადლიერებით აღვსილი სრული დროით მსახურების განმავლობაში

ბიოგრაფია

იეჰოვასადმი მადლიერებით აღვსილი სრული დროით მსახურების განმავლობაში

მოგვითხრო სტენლი რეინოლდზმა

დავიბადე ლონდონში 1910 წელს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩემი მშობლები უილტშირის საგრაფოს პატარა სოფელ უესტბერილეიში გადავიდნენ საცხოვრებლად. სიყმაწვილეში ხშირად მეუფლებოდა სურვილი, გამეგო, თუ „ვინ იყო ღმერთი“? არავის შეეძლო, ეპასუხა ჩემთვის და ვერასდროს ვპოულობდი პასუხს, რატომ საჭიროებდა ჩვენი ასეთი პატარა დასახლება ორ სამლოცველოსა და ეკლესიას ღვთის თაყვანისსაცემად.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ოთხი წლით ადრე, 1935 წელს, ჩემი უფროსი ძმა დიკი და მე ველოსიპედით გავემგზავრეთ ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ უეიმუტში, რათა იქ კარვებში გაგვეტარებინა შვებულების დღეები. როდესაც კარავში მოვიკალათეთ, წვიმის წვეთების ხმაურს ვუგდებდით ყურს და თან იმაზე ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა. ამ დროს ხანში შესული ჯენტლმენი გვეწვია, რომელმაც შემომთავაზა ბიბლიის შესასწავლად სამი დამხმარე პუბლიკაცია — „ღვთის არფა“ და ორტომად გამოცემული პუბლიკაცია „სინათლე“. მე გამოვართვი და მიხაროდა, რომ ისეთი რამ ვიშოვე, რაც ერთფეროვნებისგან გამანთავისუფლებდა. მაშინვე მოვიხიბლე წაკითხულით, მაგრამ იმ დროს აზრადაც არ მომსვლია, რომ ეს ჩემს და ჩემი ძმის ცხოვრებას შეცვლიდა.

როდესაც სახლში დავბრუნდი, დედამ მითხრა, რომ კეიტ პარსონსმა, რომელიც ჩვენს სოფელში ცხოვრობდა, იგივე ბიბლიური ლიტერატურა გაავრცელა. ის ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნება იყო, რადგან, თუმცა საკმაოდ ხანში შესული მანდილოსანი ბრძანდებოდა, პატარა მოტოციკლით დადიოდა ჩვენს მეჩხერ დასახლებაში ხალხის მოსანახულებლად. მე მის სანახავად წავედი; მან სიხარულით მომცა წიგნები „შემოქმედება“ და „სიმდიდრე“ და ასევე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სხვა პუბლიკაციები. აგრეთვე მითხრა, რომ იეჰოვას მოწმე იყო.

მას შემდეგ, რაც ეს წიგნები წავიკითხე საკუთარ ბიბლიასთან ერთად, მივხვდი, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთი იყო და სურვილი გამიჩნდა, თაყვანი მეცა მისთვის. ამიტომ წერილი გავუგზავნე ჩვენს ეკლესიას, რომ უარს ვაცხადებდი მის წევრობაზე და დავიწყე ბიბლიის შესწავლებზე დასწრება ჯონ და ალისა მუდების სახლში. ისინი უესტბერიში ცხოვრობდნენ, ჩვენგან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში. მხოლოდ შვიდი ვესწრებოდით შეხვედრებს. შეხვედრის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ კეიტ პარსონსი ფისჰარმონიაზე (მუსიკალური ინსტრუმენტი) უკრავდა, ჩვენ კი მთელი გრძნობით ერთად ვმღეროდით სამეფო სიმღერებს.

პირველი ნაბიჯები

ვხედავდი, რომ მნიშვნელოვან პერიოდში ვცხოვრობდით და ძლიერი სურვილი მქონდა, მონაწილეობა მიმეღო მათეს 24:14-ში ნაწინასწარმეტყველებ სამქადაგებლო საქმიანობაში. ამიტომ მივატოვე წევა, შევიძინე პორტფელი და თავი მივუძღვენი დიდებულ ღმერთს, იეჰოვას.

1936 წლის აგვისტოში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი, ჯოზეფ რუტერფორდი, ეწვია ქალაქ გლაზგოს (შოტლანდია), რომ წაეკითხა მოხსენება თემაზე „არმაგედონი“. თუმცა გლაზგო ჩვენგან დაახლოებით 600 კილომეტრით იყო დაშორებული, მტკიცედ გადავწყვიტე, რომ იქ ვყოფილიყავი და ამ კონგრესზე მოვნათლულიყავი. ძალიან მცირე თანხა მქონდა, ამიტომ თან წავიღე ველოსიპედი და მატარებლით ვიმგზავრე კარლაილამდე, ქალაქამდე, რომელიც შოტლანდიის საზღვარზე მდებარეობს და იქიდან ჩრდილოეთისკენ ველოსიპედით გავიარე 160 კილომეტრი. უკან დაბრუნების დროსაც გზის უმეტესი ნაწილი ველოსიპედით გავიარე, რის გამოც ფიზიკურად ძალაგამოცლილი, მაგრამ სულიერად გაძლიერებული ვიყავი.

იმ დროიდან მოყოლებული, ყოველთვის, როცა კი ჩემს რწმენას მეზობელ სოფლებში მცხოვრებ ხალხს ვუზიარებდი, ველოსიპედით დავდიოდი იმ ტერიტორიებზე. მაშინ თითოეული მოწმე სამქადაგებლო ბარათს ატარებდა, რომლის საშუალებითაც მობინადრე ბიბლიურ ცნობას კითხულობდა. ჩვენ აგრეთვე ვიყენებდით პორტატიულ გრამოფონებს, რომლებითაც ხალხს საზოგადოების პრეზიდენტის ბიბლიურ მოხსენებებს ვასმენინებდით. და, რასაკვირველია, ყოველთვის თან ვატარებდით ჟურნალების ჩანთას, რომლითაც გვცნობდნენ, როგორც იეჰოვას მოწმეებს *.

პიონერული მსახურება ომიანობის დროს

ჩემი ძმა 1940 წელს მოინათლა. მეორე მსოფლიო ომი 1939-ში დაიწყო და ორივემ დავინახეთ, რამდენად საჭირონი იყვნენ სრული დროით მქადაგებლები. ამიტომ წარვადგინეთ განცხადებები პიონერული მსახურებისთვის. ჩვენ მადლიერნი ვიყავით, რომ ერთად დაგვნიშნეს ბრისტოლის პიონერთა სახლში, სადაც შევუერთდით ედიტ პულს, ბერტ ფარმერს, ტომ და დოროთი ბრიჯებს, ბერნარდ ჰოუტონსა და სხვა პიონერებს, რომელთა რწმენაც უკვე დიდი ხანია ჩვენს აღტაცებას იწვევდა.

ჩვენ მალე პატარა ავტოფურგონით, რომელსაც ორივე მხარეს შესამჩნევი ასოებით ეწერა „იეჰოვას მოწმეები“, გავემგზავრეთ იქ. ჩვენი მძღოლი სტენლი ჯოუნზი იყო, რომელიც მოგვიანებით მისიონერი გახდა ჩინეთში და რომელსაც სამქადაგებლო საქმიანობის გამო შვიდი წლით სამარტოო ტუსაღობა მიუსაჯეს.

რაც უფრო მძაფრდებოდა ომი, მით უფრო იშვიათად გვეძინა მთელი ღამის განმავლობაში. ყუმბარები ჩვენი პიონერთა სახლის გარშემო ეცემოდა და ყოველთვის ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობებს არ ვემსხვერპლეთ. ერთ საღამოს, შესანიშნავი კონგრესის შემდეგ, რომელსაც 200 მოწმე ესწრებოდა, ბრისტოლის მჭიდროდ დასახლებული ცენტრი დავტოვეთ, და საზენიტო ჭურვების ნამსხვრევების სეტყვისგან შედარებით დაცული თავშესაფარი ვიპოვეთ.

მომდევნო დილით დიკი და მე დავბრუნდით ქალაქში ზოგიერთი იქ დარჩენილი ნივთის წამოსაღებად. ჩვენ თავზარდაცემული დავრჩით; ბრისტოლი ნანგრევებად ქცეული, ქალაქის მთელი ცენტრალური ნაწილი კი დანგრეული და გადამწვარი იყო. პარკ სტრიტი, სადაც ჩვენი სამეფო დარბაზი მდებარეობდა, ნანგრევების გროვად იყო ქცეული და კვამლი ასდიოდა. მიუხედავად ამისა, არც ერთი მოწმე არ დაღუპულა ან დაშავებულა. საბედნიეროდ, ჩვენ უკვე ბიბლიური ლიტერატურა სამეფო დარბაზიდან წამოღებული და კრების წევრების სახლებში განაწილებული გვქონდა. ამ ყველაფრისთვის იეჰოვას ვმადლობდით.

მოულოდნელი თავისუფლება

ბრისტოლის იმ კრების წევრების რიცხვი, სადაც თავმჯდომარე ზედამხედველად ვმსახურობდი, ღვთის 64 მსახურამდე იყო გაზრდილი იმ დროს, როცა სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყება მივიღე. ბევრი სხვა მოწმე ნეიტრალური პოზიციის გამო დააპატიმრეს და მეგონა, რომ ჩემი თავისუფლად ქადაგების უფლებაც ამნაირადვე აღიკვეთებოდა. ჩემი საქმე მოსმენილ იქნა ბრისტოლის ადგილობრივ სასამართლოში, სადაც ძმა ანტონი ბაკი, ყოფილი ციხის უფროსი, ჩემს დასაცავად გამოდიოდა. ის გაბედული, უშიშარი ადამიანი და ბიბლიური ჭეშმარიტების მტკიცედ დამცველი იყო; მისი შესანიშნავად წარმოთქმული მოხსენების შემდეგ, ჩემდა გასაოცრად, სრულიად გამათავისუფლეს სამხედრო სამსახურისგან იმ პირობით, თუ სრული დროით მსახურებას გავაგრძელებდი.

ჩემი თავისუფლების გამო აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი და მტკიცედ გადავწყვიტე, მესარგებლა მისით, რათა მაქსიმალურად ვყოფილიყავი დაკავებული სამქადაგებლო საქმიანობით. როდესაც ლონდონის ფილიალიდან ალბერტ შრედერთან, ფილიალის ზედამხედველთან, სასაუბროდ გამომიძახეს, რასაკვირველია, დავინტერესდი, რა მელოდა მომავალში. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა მიმომსვლელ ზედამხედველად დამნიშნეს იორქშირის საგრაფოში, რათა ყოველკვირეულად მომენახულებინა სხვადასხვა კრება ძმების დახმარებისა და გამხნევების მიზნით. საკუთარ თავს მეტად შეუფერებლად ვთვლიდი ასეთი დანიშნულებისთვის, მაგრამ რამდენადაც გათავისუფლებული ვიყავი სამხედრო სამსახურისგან და სხვა არაფერი მიშლიდა ხელს, უნდა წავსულიყავი იქ. ასე რომ, მივყევი იეჰოვას ხელმძღვანელობას და მზადყოფნით გავემგზავრე.

ალბერტ შრედერმა ჰადერზფილდში კონგრესზე გამაცნო ძმები და 1941 წლის აპრილში შევუდექი ჩემი ახალი დანიშნულებისამებრ მსახურებას. რა სასიხარულო იყო ასეთი ძვირფასი ძმების გაცნობა! მათმა სიყვარულმა და გულკეთილობამ აღმძრა, უფრო მეტად დამეფასებინა ის, რომ იეჰოვას ჰყავს ხალხი, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი და სრულიად მიძღვნილი არიან მასზე (იოანე 13:35).

მსახურების უფრო მეტი უპირატესობებით სარგებლობა

დაუვიწყარი ხუთდღიანი კონგრესი, რომელიც ინგლისში მცხოვრები ყველა მაუწყებლისთვის იყო გათვალისწინებული, 1941 წელს ლესტერში, „დე მონფორ-ჰოლში“, ჩატარდა. საჭმლის საბარათო სისტემით განაწილებისა და შეზღუდული მგზავრობის მიუხედავად, დამსწრეთა რიცხვმა კვირადღეს პიკს, 12 000-სს, მიაღწია, მაშინ როცა ქვეყანაში მხოლოდ 11 000-მდე მოწმე იყო. კონგრესზე საზოგადოების პრეზიდენტის მოხსენებების ჩანაწერები მოვისმინეთ და ასევე გამოცხადდა წიგნ „ბავშვების“ გამოცემა. ეს კონგრესი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩატარდა, უდავოდ გარდამტეხი მომენტი იყო დიდ ბრიტანეთში მცხოვრები იეჰოვას ხალხის თეოკრატიულ ისტორიაში.

კონგრესის ჩატარებიდან ცოტა ხნის შემდეგ ლონდონის ბეთელის ოჯახში მსახურების მოწვევა მივიღე. იქ ვმუშაობდი იმ განყოფილებებში, სადაც ლიტერატურას ფუთავენ და საიდანაც მას აგზავნიან, ხოლო მოგვიანებით ოფისში — კრებებთან დაკავშირებული საქმეების მოსაწესრიგებლად.

ბეთელის ოჯახს სირთულეები ექმნებოდა დღე-ღამის განმავლობაში ქალაქ ლონდონზე საჰაერო თავდასხმების გამო და ასევე პრობლემას ქმნიდა ხელისუფლების მიერ იქ მომუშავე პასუხისმგებელი ძმების გაუთავებლად შემოწმება. პრაის ჰიუზი, იუარტ ჩიტი და ფრანკ პლეტი თავიანთი ნეიტრალური პოზიციის გამო დააპატიმრეს, ხოლო ალბერტ შრედერი დეპორტირებულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ სირთულეების მიუხედავად, კრებებზე და სამეფო ინტერესებზე კვლავ საუკეთესოდ ზრუნავდნენ.

გალაადი!

როდესაც 1945 წელს ომი დამთავრდა, სურვილი გამოვთქვი, მისიონერული მომზადება გამევლო „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ და 1946 წელს მერვე კლასში მიმიწვიეს. საზოგადოებამ იზრუნა, რომ რამდენიმე ჩვენგანი, ტონი ატვუდის, სტენლი ჯოუნზის, ჰაროლდ კინგის, დონ რენდელისა და სტენლი ვუდბერნის ჩათვლით, გემით გავმგზავრებულიყავით ფოის თევზსაჭერი პორტიდან (კორნუოლი). ადგილობრივმა მოწმემ ჩვენთვის ადგილები დაჯავშნა პატარა სატვირთო გემში, რომელსაც ფაიფურის დასამზადებელი თიხა (კაოლინი) გადაჰქონდა. ჩვენი საცხოვრებელი ადგილი ძალიან ვიწრო და მოუხერხებელი იყო, ხოლო გემბანი ყოველთვის წყლით იყო დაფარული. როგორი შვება ვიგრძენით, როცა საბოლოოდ მივაღწიეთ პორტს, საიდანაც ფილადელფიაში შესვლა შეგვეძლო.

გალაადის სკოლა შესანიშნავ ადგილზე მდებარეობდა სამხრეთ ლანსინგში, ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, და მომზადება, რომელიც იქ გავიარე, ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. ჩვენს კლასში 18 ეროვნების სტუდენტი სწავლობდა — ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებამ ამდენი უცხოელი მსახურის მიღება შეძლო სკოლაში — და ჩვენ ყველა ახლო მეგობრები გავხდით. მე ძალიან მსიამოვნებდა ურთიერთობა ფინელ ძმასთან, კალე სალავარასთან, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი.

დრომ სწრაფად გაირბინა და ხუთი თვის ბოლოს საზოგადოების პრეზიდენტმა, ნეითან ნორმა, რომელიც ბრუკლინის მთავარი სამმართველოდან ჩამოვიდა, დიპლომები გადმოგვცა და გვითხრა, თუ სად დაგვნიშნეს. იმ დროს სტუდენტებმა არ იცოდნენ თავიანთი დანიშნულების შესახებ, სანამ ამას გამოსაშვებ საღამოზე არ გამოაცხადებდნენ. მე ლონდონის ბეთელში უნდა დავბრუნებულიყავი ჩემი სამუშაოს გასაგრძელებლად.

ლონდონში დაბრუნება

ომის შემდგომ წლებში მძიმე მდგომარეობა იყო დიდ ბრიტანეთში. საჭმელი და ბევრი სხვა საჭირო რამ, ქაღალდის ჩათვლით, საბარათო სისტემით ნაწილდებოდა. მაგრამ ჩვენ გადავიტანეთ გაჭირვების პერიოდი და იეჰოვას სამეფოს ინტერესებმაც წინ წაიწია. გარდა იმისა, რომ ბეთელში ვმუშაობდი, საოლქო და სარაიონო კონგრესებს ვემსახურებოდი და კრებებს ვინახულებდი, მათ შორის ირლანდიაში არსებულ ზოგ კრებასაც. აგრეთვე წილად მხვდა პატივი, გავცნობოდი ერიკ ფროსტსა და სხვა ევროპელ და-ძმებს, რომლებისგანაც შევიტყვე, თუ როგორ ინარჩუნებდნენ უმწკივლოებას ჩვენი თანამორწმუნეები, რომლებმაც საშინელებები გადაიტანეს ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში. ბეთელში მსახურება მართლაც კურთხეული უპირატესობა იყო.

მე ათი წლის განმავლობაში ვიცნობდი ჯოან ვებს, სპეციალურ პიონერს უოტფორდში, ქალაქში, რომელიც ლონდონის ჩრდილოეთით მდებარეობს. 1952 წელს დავქორწინდით. ორივეს გვსურდა სრული დროით მსახურების გაგრძელება; ამიტომ დიდი სიხარული განვიცადეთ, როცა ბეთელის დატოვების შემდეგ სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს. ჩვენ პირველი სარაიონო მონახულება ინგლისის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ, სასექსსა და ჰემფშირში გვქონდა. იმ პერიოდში ადვილი არ იყო სარაიონო მსახურება. ჩვენ უმთავრესად ავტობუსით, ველოსიპედითა და ფეხით ვმგზავრობდით. ბევრ კრებას სოფლის ძალიან დიდი ტერიტორია ჰქონდა, სადამდე მიღწევაც ხშირად რთული იყო, მაგრამ მოწმეების რიცხვი კვლავ განუწყვეტლივ იზრდებოდა.

ნიუ-იორკში 1958 წელს

1957 წელს სხვა მოწვევა მივიღე ბეთელის ოჯახიდან: „ხომ არ ისურვებდი ოფისში მუშაობას, რათა წვლილი შეგეტანა მგზავრობასთან დაკავშირებული საქმეების მოგვარებაში, რაც მოახლოებული საერთაშორისო კონგრესისთვის არის გამიზნული, რომელიც 1958 წელს ნიუ-იორკში იანკის სტადიონსა და პოლო გრაუნდზე ჩატარდება?“ ჯოანი და მე მალე შევუდექით ამ საქმიანობას და ძმებისგან განცხადებებს ვიღებდით საზოგადოების მიერ დაქირავებული თვითმფრინავებითა და გემებით მგზავრობის თაობაზე. ამ ცნობილ საერთაშორისო კონგრესს — „ღვთის ნება“ — უამრავი მსმენელი, 253 922 ადამიანი, ესწრებოდა. ამ კონგრესზე 7 136 ადამიანი იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლა — ეს ციფრი ორჯერ აღემატებოდა იმ ისტორიული მოვლენის დროს, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, მონათლულთა რიცხვს, რომლის შესახებაც ბიბლია გვამცნობს (საქმეები 2:41).

ჯოანს და მე არასდროს დაგვავიწყდება ძმა ნორის მიერ გამოვლენილი სიკეთე, როდესაც პირადად მიგვიწვია კონგრესზე დასასწრებად, რათა დავხმარებოდით დელეგატებს, რომლებიც 123 ქვეყნიდან უნდა ჩასულიყვნენ ნიუ-იორკში. ეს იყო სასიხარულო და კმაყოფილების მომგვრელი შემთხვევა ორივესთვის.

სრული დროით მსახურების შედეგად მიღებული კურთხევები

დაბრუნების შემდეგ ჩვენ განვაგრძობდით მიმოსვლით საქმიანობას, სანამ თავი არ იჩინა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. ჯოანი საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო მე მსუბუქი დამბლა მივიღე. ჩვენ სპეციალურ პიონერთა რიგებს შევუერთდით, მაგრამ მოგვიანებით უპირატესობა მქონდა, დროებით კვლავ მემსახურა სარაიონო ზედამხედველად. საბოლოოდ დავბრუნდით ბრისტოლში, სადაც გავაგრძელეთ სრული დროით მსახურება. ჩემი ძმა, დიკი, ჩვენთან ახლოს ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად და ხშირად ვინახულებთ ხოლმე ერთმანეთს.

1971 წელს თვალის ბადისებრი გარსის დაზიანების შედეგად მხედველობა საგრძნობლად გამიუარესდა. მას შემდეგ ძალიან მიჭირდა კითხვა, რის გამოც მადლიერი ვიყავი იეჰოვას შესანიშნავი ძღვნისთვის — კასეტებზე ბიბლიური ლიტერატურის ჩანაწერებისთვის. ჯოანი და მე ჯერ კიდევ ვატარებთ ბიბლიის საშინაო შესწავლებს; წლების განმავლობაში უპირატესობა გვქონდა, დავხმარებოდით დაახლოებით 40 ადამიანს, მათ შორის 7-სულიან ოჯახს, ჭეშმარიტების შემეცნებაში.

როდესაც 60 წელზე მეტი ხნის წინათ იეჰოვას მივუძღვენით თავი, ჩვენი სურვილი იყო, დაგვეწყო და არასდროს შეგვეწყვიტა სრული დროით მსახურება. როგორი მადლიერნი ვართ, რომ ჯერ კიდევ შეგვწევს დიდებული იეჰოვასადმი მსახურების ძალა — ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც მადლიერების გამოხატვა შეგვიძლია მის მიმართ იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენდამი გამოიჩინა, და ერთად გატარებული ბედნიერი წლებისთვის!

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 ნაჭრის ჩანთა, რომლის გადაკიდებაც მხარზე შეიძლებოდა და რომელიც გამოიყენებოდა ჟურნალების, „საგუშაგო კოშკისა“ და „ნუგეშის“ (მოგვიანებით „გამოიღვიძეთ!“), ეგზემპლარების სატარებლად.

[სურათი 25 გვერდზე]

ჩემს ძმასთან, დიკთან (ბოლოში მარცხნივ დგას) და სხვა პიონერებთან ერთად ბრისტოლის პიონერთა სახლის წინ.

[სურათი 25 გვერდზე]

ბრისტოლის პიონერთა სახლი 1940 წელს.

[სურათები 26 გვერდზე]

სტენლი და ჯოან რეინოლდზები ქორწინების დღეს, 1952 წლის 12 იანვარს, და ამჟამად.