იეჰოვასთვის დიდების მომტანი სასიხარულო ქორწილები
იეჰოვასთვის დიდების მომტანი სასიხარულო ქორწილები
ველში და ელთია 1985 წელს სოუვეტოში (სამხრეთ აფრიკა) დაქორწინდნენ. დროდადრო ისინი თავიანთ ქალიშვილ ზინზისთან ერთად ქორწილის ალბომს ათვალიერებენ და იმ სასიხარულო დღეს იხსენებენ. ზინზის უყვარს ქორწილში მოწვეული სტუმრების ვინაობის დადგენა, მაგრამ განსაკუთრებით სიამოვნებს იმ სურათების დათვალიერება, რომელზეც მისი ძალიან ლამაზად ჩაცმული დედიკოა გამოსახული.
მათი ქორწილი სოუვეტოს საზოგადოებრივ დარბაზში წარმოთქმული საჯარო მოხსენებით დაიწყო. შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდა ქრისტიანისგან შემდგარმა ჯგუფმა ღვთის სადიდებელი სიმღერები ოთხ ხმაში შეასრულა. ამის შემდეგ სტუმრებმა ისადილეს, რომლის დროსაც ხმადაბლა იყო ჩართული სამეფო მელოდიები. სუფრაზე არ იყო ალკოჰოლური სასმელები, არც ხმამაღლა უკრავდნენ მუსიკას და ცეკვავდნენ. ნაცვლად ამისა, სტუმრები სიამოვნებით საუბრობდნენ ერთმანეთთან და ახალ წყვილს გაბედნიერებას ულოცავდნენ. მთლიანობაში, ქორწილი სამ საათს გაგრძელდა. „ამ ქორწილს ყოველთვის სიამოვნებით გავიხსენებ“, — ამბობს ქრისტიანი უხუცესი, რეიმონდი.
დაქორწინების პერიოდში ველში და ელთია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სამხრეთ აფრიკის ფილიალში მოხალისეებად მსახურობდნენ. მათ მხოლოდ უბრალო ქორწილის გადახდის საშუალება ჰქონდათ. ზოგი ქრისტიანი სრული დროით მსახურების მიტოვებას არჩევს, რომ ქვეყნიურ სამსახურში მოეწყოს საგულდაგულოდ მომზადებული ქორწილის ხარჯების დასაფარავად. მაგრამ ველშსა და ელთიას არ უნანიათ, რომ უბრალო ქორწილი გადაიხადეს, რადგან ამან ზინზის დაბადებამდე მათ სრული დროით მსახურების გაგრძელების საშუალება მისცა.
რა შეიძლება ითქვას იმასთან დაკავშირებით, თუ წყვილს სურს, რომ მათ ქორწილში იცეკვონ და ქვეყნიური მუსიკა ჩართონ? თუ მათ გადაწყვიტეს, ღვინო ან სხვა ალკოჰოლური სასმელიც ჰქონდეთ სუფრაზე? თუ აქვთ მდიდრული და განსაკუთრებული ქორწილის გადახდის საშუალება? როგორ შეუძლიათ დარწმუნდნენ იმაში, რომ იქ სასიხარულო და ღვთის თაყვანისმცემლებისთვის შესაფერისი ატმოსფერო იქნება გამეფებული? მსგავს კითხვებზე სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, რადგან ბიბლია მოგვიწოდებს: „ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად“ (1 კორინთელთა 10:31).
მოერიდეთ ღრეობას
ძნელია წარმოიდგინო ქორწილი, რომლის დროსაც არ მხიარულობენ. მაგრამ ასეთ დროს მეორე უკიდურესობაში ჩავარდნისა და მეტისმეტად თავშეუკავებელი ღრეობის გამართვის დიდი საშიშროება არსებობს. იმ ადამიანთა ქორწილებში, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, ხშირად ღვთის შეურაცხმყოფელი რამ ხდება. მაგალითად, დათრობამდე სმა ჩვეულებრივი ამბავია. სამწუხაროდ, ასეთი რამ ზოგ ქრისტიანულ ქორწილშიც მომხდარა.
ბიბლია გვაფრთხილებს, რომ „ლუდი შფოთს ატეხინებს“ (იგავნი 20:1). ებრაული სიტყვა, რომელიც „შფოთად“ არის ნათარგმნი, ხმაურის ატეხვას ნიშნავს. თუ ალკოჰოლის მიღების შედეგად ერთმა კაცმაც კი შეიძლება აყალმაყალი ატეხოს, წარმოიდგინეთ, რა მოხდება ერთად თავმოყრილ ადამიანთა ჯგუფში, რომლებიც უზომოდ სვამენ. აშკარაა, რომ ასეთი შემთხვევები ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ‘ლოთობაში, გაუმაძღრობაში [„ღრეობაში“, აქ] და სხვა ასეთში’, რასაც ბიბლია „ხორცის საქმეებს“ უწოდებს. ასეთი საქმეები ნებისმიერ მოუნანიებელ ადამიანს უღირსს ხდის, რომ დაიმკვიდროს მარადიული სიცოცხლე ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით (გალატელთა 5:19—21).
ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია „ღრეობად“, გამოიყენებოდა ქუჩაში მიმავალი ხმაურიანი პროცესიის აღსაწერად, რომლის დროსაც შეზარხოშებული ახალგაზრდები მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მუსიკას უკრავდნენ. თუ ქორწილში უზომოდ სვამენ ალკოჰოლურ სასმელს, ხმამაღლა უკრავენ მუსიკას და თავაშვებულად ცეკვავენ, ნამდვილად იარსებებს ქორწილის ღრეობაში გადაზრდის საშიშროება. ასეთ ატმოსფეროში სუსტი პიროვნებები შეიძლება ადვილად ცდუნდნენ და ხორცის ისეთი საქმეები ჩაიდინონ, როგორიც არის ‘სიძვა, უწმინდურება, თავაშვებულობა და რისხვა’. რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ხორცის ასეთმა საქმეებმა სიხარული არ ჩაახშოს ქრისტიანულ ქორწილში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ, რას მოგვითხრობს ბიბლია ერთი ქორწილის შესახებ.
ქორწილი, რომელსაც იესო დაესწრო
იესო და მისი მოწაფეები გალილეის კანაში ქორწილში მიიწვიეს. მათ მიიღეს მოწვევა და იესომ თავისი წვლილიც კი შეიტანა იმაში, რომ იქ სასიხარულო ატმოსფერო ყოფილიყო გამეფებული. როდესაც ქორწილში ღვინო შემოაკლდათ, მან სასწაული მოახდინა და დამატებით საუკეთესო ღვინოთი უზრუნველყო ისინი. უეჭველია, რომ დარჩენილ ღვინოს მადლიერი ნეფე და მისი ოჯახი ქორწილის შემდეგაც გამოიყენებდნენ (იოანე 2:3—11).
ამ ქორწილიდან, რომელსაც იესო ესწრებოდა, რამდენიმე რამის სწავლა შეგვიძლია. მაგალითად, იესო და მისი მოწაფეები არ მისულან საქორწილო ნადიმზე დაუპატიჟებლად. ბიბლიაში ხაზგასმულია, რომ ისინი დაპატიჟეს (იოანე 2:1, 2). მსგავსად ამისა, თავის ორ იგავში საქორწილო ნადიმის შესახებ იესო საუბრობდა იქ მყოფ სტუმრებზე, რომლებიც მიწვეული იყვნენ (მათე 22:2—4, 8, 9; ლუკა 14:8—10).
ზოგ ქვეყანაში მიღებულია, რომ საქორწილო ნადიმზე ნებისმიერი მივიდეს ახლომდებარე დასახლებიდან, მიუხედავად იმისა, დაპატიჟებული იქნება თუ არა. მაგრამ ამან შეიძლება ფინანსური სირთულეები გამოიწვიოს. თუ დანიშნული წყვილი მდიდარი არ არის, იმისათვის, რომ განუსაზღვრელი რაოდენობის ხალხს ამყოფინოს საჭმელ-სასმელი, შეიძლება ვალებში ჩავარდეს. ასე რომ, თუ ქრისტიანმა წყვილმა გადაწყვიტა, უბრალო წვეულების გამართვა, რომელზეც განსაზღვრული რაოდენობის სტუმრებს მოიწვევს, ის თანაქრისტიანები, რომლებიც არ დაუპატიჟიათ, უნდა შევიდნენ მათ მდგომარეობაში და პატივი სცენ მათ გადაწყვეტილებას. ერთმა მამაკაცმა, რომელმაც ქორწილი სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში გადაიხადა, 200 სტუმარი დაპატიჟა, მაგრამ 600 მივიდა და მალე აღარაფერი დარჩა მაგიდაზე. დაუპატიჟებელ სტუმრებს შორის იყვნენ მთელი ავტობუსი ტურისტები, რომლებიც კეიპტაუნს ათვალიერებდნენ შაბათ-კვირას, ქორწილის დღეს. ამ ავტობუსის გიდი პატარძლის შორეული ნათესავი ყოფილა და მართებულად მიიჩნია, წყვილის ნებართვის გარეშე მთელი ჯგუფი ქორწილში მიეყვანა.
თუ არ გამოაცხადეს, რომ ნებისმიერს შეუძლია მისვლა, ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები მოერიდებიან ქორწილში დაუპატიჟებლად მისვლას და დაპატიჟებულებისთვის გათვალისწინებული საჭმელ-სასმლის მირთმევას. ვისაც დაუპატიჟებლად ქორწილში მისვლის დიდი სურვილი აქვს, უნდა შეეკითხოს საკუთარ თავს: იქ წასვლით სიყვარულის ნაკლებობას ხომ არ გამოვავლენდი ახალდაქორწინებულების მიმართ? უხერხულობას ხომ არ გამოვიწვევ და ხელს ხომ არ შევუშლი მათ სიხარულში? იმის ნაცვლად, რომ საწყენად მიიღოს დაუპატიჟებლობა, შეგნებული ქრისტიანი სიყვარულს გამოავლენს იმით, რომ მისალოც ბარათს გაუგზავნის წყვილს და იეჰოვას კურთხევებს უსურვებს. მას აგრეთვე შეუძლია საჩუქარი გაუგზავნოს წყვილს და ამით სიხარული შემატოს მათი ქორწინების დღეს (ეკლესიასტე 7:9; ეფესელთა 4:28).
ვინ არის პასუხისმგებელი?
აფრიკის ზოგ ნაწილში მიღებულია, რომ უფროსმა ნათესავმა თავის თავზე აიღოს ქორწილის ორგანიზება. წყვილი შეიძლება მადლიერი იყოს ასეთი დახმარებისთვის, რადგან ეს მათ ფინანსური ვალდებულებებისგან ათავისუფლებს. ისინი შეიძლება იმასაც ფიქრობენ, რომ, რაც უნდა მოხდეს, ასეთ შემთხვევაში ისინი არაფერზე იქნებიან პასუხისმგებლები. მაგრამ, სანამ კეთილმოსურნე ნათესავს რომელიმე სახის დახმარებაზე დათანხმდებიან, წყვილი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის მათ სურვილებს გაითვალისწინებს.
თუმცა იესო „ზეციდან ჩამოსული“ ღვთის ძე იყო, არსად არ არის მოხსენიებული, რომ მან თავის თავზე აიღო ქორწილის ორგანიზება და საქმეების უმრავლესობას თვითონ ხელმძღვანელობდა კანაში გადახდილ ქორწილში (იოანე 6:41). ნაცვლად ამისა, ბიბლიის ცნობა გვატყობინებს, რომ ვიღაც სხვა იყო დანიშნული ‘სუფრის გამრიგედ’ (იოანე 2:8). ეს მამაკაცი, თავის მხრივ, ახალი ოჯახის თავის, სახელდობრ, ნეფის, წინაშე იყო პასუხისმგებელი (იოანე 2:9, 10).
ქრისტიანმა ნათესავებმა პატივი უნდა სცენ ღვთის მიერ დანიშნულ ახალი ოჯახის თავს (კოლასელთა ). სწორედ მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე ქორწილის წარმართვის პასუხისმგებლობა. რასაკვირველია, სასიძომ გონივრულად უნდა იმოქმედოს და თუ შესაძლებელია, პატარძლის, თავისი მშობლებისა და ახლობლების სურვილებიც გაითვალისწინოს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ნათესავებს დაჟინებით სურთ ქორწინების ისე წარმართვა, რომ ეს ეწინააღმდეგება წყვილის სურვილებს, წყვილმა შეიძლება ზრდილობიანად თქვას უარი მათ მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე და თავად გადაიხადოს უბრალო ქორწილი. ამგვარი მოქმედება ხელს შეუწყობს იმას, რომ არაფერი მოხდეს ისეთი, რაც წყვილს არასასიამოვნო მოგონებად დარჩებოდა. მაგალითად, აფრიკაში, ერთ ქრისტიანულ ქორწილში, ურწმუნო ნათესავმა, რომელიც თამადის მოვალეობას ასრულებდა, გარდაცვლილი წინაპრების სადღეგრძელო წარმოთქვა. 3:18—20
ზოგჯერ დაქორწინებული წყვილი ქორწილის დამთავრებამდე მიდის თაფლობის თვის გასატარებლად. ასეთ შემთხვევაში სასიძომ სხვა პასუხისმგებელ პირებთან უნდა მოაგვაროს ეს საკითხი, რათა დარწმუნებული იყოს, რომ ყველაფერი ბიბლიური პრინციპების თანახმად მოხდება და წვეულება სათანადო დროს დამთავრდება.
ყველაფრის ყურადღებით აწონ-დაწონა და დაგეგმვა
როგორც ჩანს, ქორწილში, რომელსაც იესო დაესწრო და რომელსაც ბიბლია აღწერს, როგორც „საქორწილო ნადიმს“ (აქ), კარგი საკვები უხვად იყო. როგორც შევნიშნეთ, იქ ღვინოც უხვად ჰქონდათ. უეჭველად, შესაფერისი მუსიკაც იქნებოდა და სათანადო ცეკვებიც, რადგან ეს ებრაელთა საზოგადოებაში დამკვიდრებული ჩვეულება იყო. იესომ ეს მხარე ნათელყო თავის ცნობილ იგავში გზასაცდენილი შვილის შესახებ. ამ ისტორიაში შეძლებული მამა იმდენად ბედნიერი იყო თავისი მომნანიებელი შვილის დაბრუნებით, რომ თქვა: „ვჭამოთ და ვიმხიარულოთ“. იესოს სიტყვების თანახმად, ამ წვეულების დროს მღეროდნენ და ცეკვავდნენ (ლუკა 15:23, 25).
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლია კონკრეტულად არ მოიხსენიებს იმას, რომ კანაში გადახდილ ქორწილში მუსიკას უკრავდნენ და ცეკვავდნენ. ფაქტობრივად, ცეკვა ქორწილებთან დაკავშირებულ ბიბლიის არც ერთ ცნობაში არ მოიხსენიება. როგორც ჩანს, ბიბლიურ დროში ღვთის ერთგული მსახურებისთვის ცეკვა დროისა და შემთხვევის ამბავი იყო და არა მათი ქორწილებისთვის მთავარი დამახასიათებელი თავისებურება. შეგვიძლია აქედან რამის სწავლა?
აფრიკაში, ზოგ ქრისტიანულ ქორწილში, ძლიერი ელექტრონული ხმის გამაძლიერებელ მოწყობილობებს იყენებენ, რის გამოც მუსიკა შეიძლება ისე ხმამაღლა ისმოდეს, რომ სტუმრებმა ვერ შეძლონ ნორმალურად საუბარი. ხანდახან შეიძლება შეიმჩნეოდეს საჭმლის, მაგრამ არა ცეკვის უკმარისობა, რაც თავისუფლად შეიძლება თავაშვებულობაში გადაიზარდოს. საქორწილო ნადიმის ნაცვლად, ასეთი შემთხვევები შეიძლება უფრო საცეკვაო წვეულებას დაემსგავსოს. გარდა ამისა, ხმამაღალი მუსიკა ხშირად იზიდავს შფოთისთავებს, სრულიად უცხო ხალხს, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ დაუპატიჟებლად მოსვლა.
რამდენადაც საქორწილო წვეულებებთან დაკავშირებული ბიბლიური ცნობა ყურადღებას არ ამახვილებს მუსიკასა და ცეკვაზე, განა კარგი არ იქნებოდა, იმ წყვილებს, რომლებიც იეჰოვასთვის დიდების მომტან ქორწილს გეგმავენ, ამ მაგალითებით ეხელმძღვანელათ? მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ახლახან გადახდილი რამდენიმე ქორწილის სამზადისის დროს, ქრისტიანმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც საქორწილო წვეულებაზე პროგრამის წარმოდგენა ჰქონდათ დავალებული, უამრავი დრო დახარჯეს, რომ რთული ცეკვების შესასრულებლად ევარჯიშათ. თვეების მანძილზე მათ მეტისმეტად ბევრი დრო მიუძღვნეს ამ საქმეს. მაგრამ ქრისტიანებს მართებთ ‘ჟამის მოვაჭრება’ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის, როგორიცაა სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობა, პირადი შესწავლა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება (ეფესელთა 5:16; ფილიპელთა 1:10).
იესოს მიერ მომარაგებული ღვინის რაოდენობა ცხადყოფს, რომ კანაში გადახდილი ქორწილი დიდი და საგულდაგულოდ მომზადებული იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იმ დროს არ ატეხილა შფოთი და არც სტუმრებს გამოუყენებიათ ბოროტად ალკოჰოლური სასმელი, როგორც ეს ებრაელების ზოგ ქორწილში ხდებოდა ხოლმე (იოანე 2:10). რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ ამაში? იმიტომ რომ უფალი იესო ქრისტე ესწრებოდა ამ ქორწილს. ნებისმიერ სხვა ადამიანთან შედარებით იესო უდიდეს სიფრთხილეს გამოიჩენდა, როცა საქმე მიდგებოდა ცუდ საზოგადოებასთან დაკავშირებით ღვთის მცნებისადმი მორჩილებაზე: „ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის“ (იგავნი 23:20).
ამიტომ, თუ წყვილი გადაწყვეტს, თავის ქორწილში ჰქონდეს ღვინო ან სხვა ალკოჰოლური სასმელები, მათ უნდა იზრუნონ იმაზე, რომ პასუხისმგებელმა პირებმა მკაცრად აკონტროლონ სიტუაცია. და, თუ ისინი გადაწყვეტენ, ჩართონ მუსიკა, მათ მართებთ, შეარჩიონ შესაფერისი მელოდიები და ვინმეს დაავალონ ხმის რეგულირება. სტუმრებს არ უნდა მიეცეთ უფლება, თავის თავზე აიღონ ყველაფერი და ჩართონ საეჭვო მუსიკა ან მეტისმეტად აუწიონ მის ხმას. თუ იცეკვებენ კიდეც ქორწილში, ეს უნდა მოხდეს ზომიერების ფარგლებში და თავშეკავებულად. თუ ურწმუნო ნათესავები ან მოუმწიფებელი ქრისტიანები ვულგარულად ან გამომწვევად ცეკვავენ, სასიძომ შეიძლება სხვა მუსიკა ჩართოს ან ტაქტიანად მოითხოვოს ცეკვის შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქორწილი შეიძლება თავაწყვეტილ წვეულებას დაემსგავსოს და სხვების დაბრკოლების მიზეზი გახდეს (რომაელთა 14:21).
რამდენადაც ზოგი თანამედროვე ცეკვა, მაღალ ხმაზე მუსიკის ჩართვა და ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებულად მიღება საშიშროებას ქმნის, ბევრი ქრისტიანი სასიძო გადაწყვეტილებას იღებს, საერთოდ არ იყოს მსგავსი რამ მათ ქორწილში. ზოგს აკრიტიკებენ ამის გამო, მაგრამ პირიქით, ისინი შექებას იმსახურებენ თავიანთი მონდომებისთვის, თავიდან აირიდონ ისეთი რამ, რაც ჩირქს მოსცხებდა ღვთის წმინდა სახელს. მეორე მხრივ, ზოგი სასიძო ზრუნავს, რომ მის ქორწილში დაუკრან სათანადო მუსიკა, გარკვეული დრო გამოეყოს ცეკვას და ზომიერად იქნეს მიღებული ალკოჰოლური სასმელები. ნებისმიერ შემთხვევაში სასიძოა პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ წარიმართება მისი ქორწილი.
აფრიკაში ზოგი მოუმწიფებელი პირი ღირსეულ ქრისტიანულ ქორწილებს ცუდი თვალით უყურებს და ამბობს, რომ დაკრძალვაზე ჰგონიათ თავი. მაგრამ ეს არ არის გაწონასწორებული თვალსაზრისი. ცოდვილი ხორციელი საქმეების კეთებით ადამიანმა შეიძლება წამიერი სიამოვნება იგრძნოს, მაგრამ ასეთი მოქმედების შედეგად ქრისტიანებს სინდისი დაქენჯნით და ღვთის სახელი დაიგმობა (რომაელთა 2:24). მეორე მხრივ, ღვთის სულიწმიდა ნამდვილ სიხარულს იწვევს (გალატელთა 5:22). ბევრი ქრისტიანი წყვილი სიხარულითა და კმაყოფილებით იხსენებს თავისი ქორწინების დღეს, იმაში დარწმუნებული, რომ ეს სასიხარულო მოვლენა იყო და არა ‘დაბრკოლების საბაბი’ ვინმესთვის (2 კორინთელთა 6:3).
ველში და ელთია დღემდე იხსენებენ ქორწილში მოწვეული ურწმუნო ნათესავების დადებით გამოხმაურებას. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „დავიღალეთ ხმაურიანი ქორწილებით, რომლებსაც ამ ბოლო დროს იხდიან. ეს ქორწილი კი საოცრად განსხვავებული იყო და ყველაფერი წესიერების ფარგლებში ხდებოდა“.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სასიხარულო და ღირსეული ქრისტიანული ქორწილები პატივს მიაგებს ქორწინების დამფუძნებელს, იეჰოვა ღმერთს.
[ჩარჩო⁄სურათი 22 გვერდზე]
შეამოწმეთ, რამდენად ორგანიზებული იქნება თქვენი საქორწილო წვეულება
• თუ თქვენ მიერ დაპატიჟებული ურწმუნო ნათესავი სიტყვას წარმოთქვამს, დარწმუნებული ხართ, რომ მისი ნათქვამი არ იქნება დაფუძნებული არაქრისტიანულ ტრადიციებზე?
• თუ მუსიკას ჩართავთ, შერჩეული გაქვთ შესაფერისი სიმღერები?
• ნორმალურ ხმაზე იქნება მუსიკა ჩართული?
• თუ სტუმრებს ცეკვის შესაძლებლობა მიეცემათ, იქნება ეს წესიერების ფარგლებში?
• ზომიერად მიიღებენ ალკოჰოლურ სასმელებს?
• კონტროლს გაუწევენ პასუხისმგებელი პირები მის მოხმარებას?
• სათანადო დროს დამთავრდება საქორწილო წვეულება?
• იზრუნებენ პასუხისმგებელი პირები, რომ წესრიგი სუფევდეს წვეულების დამთავრებამდე?