იეჰოვა ჩვენს გულზე დიდია
იეჰოვა ჩვენს გულზე დიდია
„ისურვებს უფალი თავის მოშიშებს“, — დაწერა ფსალმუნმომღერალმა. მართლაც, შემოქმედი ხარობს, როდესაც ხედავს, რომ თითოეული მისი მსახური ყოველ ღონეს ახმარს მისი სამართლიანი ნორმების დაცვას. იეჰოვა კურთხევებს აფრქვევს თავის ერთგულ მსახურებზე, ამხნევებს მათ და ანუგეშებს სასოწარკვეთილების დროს. მან იცის, რომ მისი თაყვანისმცემლები არასრულყოფილები არიან, ამიტომ ის რეალურ მოთხოვნებს უდგენს მათ (ფსალმუნი 146:11).
ჩვენ შეიძლება არ გვიძნელდება იმის დაჯერება, რომ, საერთოდ, იეჰოვას უზომოდ უყვარს თავისი მსახურები. მიუხედავად ამისა, ზოგი მეტისმეტად წუხს საკუთარი ნაკლოვანებების გამო და დარწმუნებულია, რომ იეჰოვა ვერასდროს შეიყვარებს, რადგან ძალიან ბევრი ნაკლი გააჩნია. „მე მეტისმეტად არასრულყოფილი ვარ და არ ვიმსახურებ იეჰოვას სიყვარულს“, — შეიძლება ისინი ასეთ დასკვნას აკეთებენ. რასაკვირველია, დროდადრო ჩვენ ყველას მოგვდის უარყოფითი აზრები. მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგი გამუდმებით ებრძვის არასრულფასოვნების გრძნობას.
გულგატეხილობა
ბიბლიურ დროში ღვთის უამრავი ერთგული პიროვნება იტანჯებოდა ღრმა გულგატეხილობის გამო. იობს სიცოცხლე მოსძულდა და ეგონა, რომ ღმერთმა მიატოვა. ხანა, რომელიც სამუელის დედა გახდა, ერთ დროს ღრმად დამწუხრებული იყო უშვილობის გამო და გულამოსკვნით ტიროდა. დავითი ‘ერთობ დამდაბლდა’ და ეპაფროდიტოსი დანაღვლიანდა, რომ თავისმა ავადმყოფობის ამბავმა გული ატკინა ძმებს (ფსალმუნი 37:7; პირველი მეფეთა 1:7, 10; იობი 29:2, 4, 5; ფილიპელთა 2:25, 26).
რა შეიძლება ითქვას ქრისტიანებზე დღეს? შეიძლება ავადმყოფობა, ხანდაზმულობა ან სხვა პირადი გარემოებები ხელს უშლიდეს ვინმეს, აკეთოს იმდენი, რამდენის გაკეთებასაც წმინდა მსახურებაში ისურვებდა. ამის გამო შეიძლება ისეთ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ვერ ამართლებენ იეჰოვასა და თანამორწმუნეების იმედებს. ან ზოგი შეიძლება გამუდმებით ბრალს სდებდეს საკუთარ თავს წარსულში დაშვებული შეცდომების გამო, რადგან ეჭვი ეპარება იმაში, აპატია თუ არა იეჰოვამ დანაშაული. შესაძლებელია სხვებს წარსულში რთულ ოჯახურ გარემოში ცხოვრების შედეგად ისეთი თვალსაზრისი განუვითარდათ, რომ თითქოს სიყვარულს არ იმსახურებენ. როგორ შეიძლება ეს მოხდეს?
ზოგი ისეთ ოჯახში იზრდება, სადაც სიყვარულის კი არა, ეგოიზმის, სარკაზმისა და შიშის ატმოსფეროა გამეფებული. მათ შეიძლება ვერასდროს გაიგონ, რას ნიშნავს მამა, რომელსაც უზომოდ ეყვარებოდა ისინი, რომელიც ყოველი შესაძლებლობისას შეაქებდა და გაამხნევებდა მათ, რომელიც თვალს დახუჭავდა მათ უმნიშვნელო არასწორ საქციელზე და მზად იქნებოდა სერიოზული დანაშულის საპატიებლადაც კი და რომლის მიერ გამოვლენილი სითბოც მთელ ოჯახს უსაფრთხოდ აგრძნობინებდა თავს. რამდენადაც მათ არასდროს ჰყოლიათ მოსიყვარულე ღვიძლი მამა, მათთვის შეიძლება ძნელი გასაგები იყოს, რას ნიშნავს, გყავდეს მოსიყვარულე ზეციერი მამა.
მაგალითად, ფრიცი წერდა: „ჩემს ბავშვობაზე და ახალგაზრდობაზე დიდი გავლენა მოახდინა მამაჩემის სიყვარულს მოკლებულმა ქცევებმა *. მას არასდროს შევუქივარ და არასდროს მიგრძვნია მასთან სიახლოვე. უმრავლეს შემთხვევაში მისი მეშინოდა“. შედეგად, ფრიცს, რომელიც ამჟამად 50 წლის არის, ჯერ კიდევ აწუხებს არასრულფასოვნების გრძნობა. მარგარიტა ხსნის: „ჩემი მშობლები ცივები იყვნენ და სიყვარულს ნაკლებად ავლენდნენ. როდესაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, გამიჭირდა მოსიყვარულე მამის წარმოდგენა“.
რაც უნდა იყოს მიზეზი, ასეთი გრძნობების დაუფლების დროს შეიძლება დროდადრო ღვთისადმი ჩვენი მსახურების შესასრულებლად, უმთავრესად, სიყვარული კი არ გვიბიძგებდეს, არამედ დანაშაულისა და შიშის გრძნობა. ასეთ შემთხვევაში საუკეთესოს კეთებაც კი არასდროს დაგვაკმაყოფილებს. იმის სურვილმა, რომ ვასიამოვნოთ იეჰოვასა და თანამორწმუნეებს, შეიძლება ისეთი გრძნობები აღძრას ჩვენში, რომ თითქოს არ შეგვწევს იმის კეთების უნარი, რის გაკეთებასაც ვისურვებდით. ამის შედეგად შეიძლება ჩვენი მიზნები ვერ განვახორციელოთ, დავადანაშაულოთ საკუთარი თავი და გულგატეხილობა ვიგრძნოთ.
რის გაკეთება შეგვიძლია? ალბათ, აუცილებელია, შევახსენოთ საკუთარ თავს, როგორი დიდსულოვანია იეჰოვა. ის, ვინც კარგად ხედავდა ღვთის პიროვნებისთვის დამახასიათებელ თვისებას, სიყვარულს, მოციქული იოანე იყო.
„ღმერთი ჩვენს გულზე დიდია“
ახ. წ. პირველი საუკუნის დასასრულს იოანემ თანამორწმუნეებს მისწერა: «ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიწყნარებთ [„დავირწმუნებთ“, სსგ] გულს. ვინაიდან, თუ ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის». რატომ დაწერა იოანემ ეს სიტყვები? (1 იოანე 3:19, 20).
იოანემ ძალიან კარგად იცოდა, რომ შესაძლებელი იყო იეჰოვას მსახურს გულის სიღრმეში მსჯავრი დაედო საკუთარი თავისთვის. როგორც ჩანს, თავად იოანემაც განიცადა მსგავსი გრძნობები. ერთხელ მან, როგორც მგზნებარე ტემპერამენტის მქონე ახალგაზრდა მამაკაცმა, იაკობთან ერთად იესო ქრისტესგან შენიშვნა მიიღო, რადგან სხვების მიმართ მეტისმეტად მკაცრი იყო. იესომ იოანესა და მის ძმას იაკობს „უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს ქუხილის ძეებს“ (მარკოზი 3:17; ლუკა 9:49—56).
მომდევნო 60 წლის განმავლობაში იოანე მოწიფული, გაწონასწორებული, მოსიყვარულე და ლმობიერი ქრისტიანი გახდა. იმ დროისთვის იოანემ, რომელიც ცოცხლად დარჩენილი უკანასკნელი მოციქული იყო, ღვთის შთაგონებით თავისი პირველი წერილი დაწერა; მან იცოდა, რომ იეჰოვა არ სთხოვდა თავის მსახურებს ანგარიშს მათ მიერ დაშვებული ყველა შეცდომისთვის. ნაცვლად ამისა, ის თბილი, სულგრძელი, გულუხვი და თანამგრძნობი მამა იყო, რომელსაც განუზომლად უყვარს ყველა, ვინც სიყვარულს ავლენს მის მიმართ და ჭეშმარიტებით სცემს მას თაყვანს. იოანემ დაწერა: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).
იეჰოვას ახარებს ის, რომ მას ვემსახურებით
ღვთისთვის ცნობილია ჩვენი თანდაყოლილი სისუსტეები და ნაკლოვანებები და ითვალისწინებს ამას. „უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“, — დაწერა დავითმა. იეჰოვა ხვდება, რომ წარსულმა ჩვენზე გავლენა მოახდინა, რის შედეგადაც ამგვარად ჩამოვყალიბდით. სინამდვილეში, ის გაცილებით უფრო კარგად გვიცნობს, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს (ფსალმუნი 102:14).
მან იცის, რომ ბევრი ჩვენგანი ისურვებდა, ყოფილიყო სხვანაირი, მაგრამ უძლურნი ვართ საკუთარი სისუსტეების დაძლევაში. ჩვენი მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ მოციქულ პავლეს მდგომარეობას, რომელმაც დაწერა: „არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს“. ყველა ჩვენგანი იგივე ბრძოლას ეწევა. ზოგ შემთხვევაში ამან შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ საკუთარმა გულმა მსჯავრის დადება დაგვიწყოს (რომაელთა 7:19).
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს შემდეგი რამ: უფრო მნიშვნელოვანი ის კი არ არის, როგორ შეფასებას ვაძლევთ საკუთარ თავს, არამედ ის, თუ თვითონ იეჰოვა როგორ გვაფასებს. როდესაც ღმერთი ხედავს, რომ ვცდილობთ, ვასიამოვნოთ მას, ის, უბრალოდ, კმაყოფილებას კი არ გამოხატავს, არამედ სიხარულს განიცდის (იგავნი 27:11). თუმცა ჩვენი მიღწევები შეიძლება უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს, როცა ღმერთი ხედავს ჩვენს მზადყოფნას და კეთილ მოტივებს, ეს სიამოვნებას ანიჭებს მას. ის ჩვენს მიღწევებზე უფრო მეტს ხედავს; ის ხვდება, თუ რის გაკეთება გვსურს, მისთვის ცნობილია ჩვენი სურვილები და წადილი. იეჰოვას ჩვენი გულის წაკითხვა შეუძლია (იერემია 12:3; 17:10).
მაგალითად, იეჰოვას ბევრი მოწმე ბუნებით გაუბედავი და მორიდებულია, და ცდილობენ, სხვების ყურადღება არ მიიქციონ. ასეთებს შეიძლება შეეშინდეთ კარდაკარ კეთილი ცნობის ქადაგების. მიუხედავად ამისა, ღვთისადმი მსახურებისა და მოყვასისადმი დახმარების ძლიერი სურვილი აღძრავს მათ ამის გასაკეთებლად; გაუბედავებიც კი სწავლობენ, მიუახლოვდნენ მოყვასს და ესაუბრონ ბიბლიის შესახებ. ისინი, ალბათ, ფიქრობენ, რომ ძალიან ცოტას აკეთებენ და ასეთმა აზრებმა მათ შეიძლება სიხარული დააკარგვინოს. შესაძლოა გულის სიღრმეში იფიქრონ, რომ მათი საჯარო მსახურება არ არის სრულფასოვანი. მაგრამ იეჰოვა ნამდვილად ხარობს, როცა თითოეული მათგანი მაქსიმალურად ცდილობს თავისი წვლილის შეტანას მსახურებაში. გარდა ამისა, მათ დარწმუნებით არ იციან, ჩათესილი ჭეშმარიტების მარცვლები როდის და სად აღმოცენდება, გაიზრდება და ნაყოფს გამოიღებს (ეკლესიასტე 11:6; მარკოზი 12:41—44; 2 კორინთელთა 8:12).
სხვა მოწმეები იტანჯებიან ხანგრძლივი ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო. სამეფო დარბაზში შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება მათ შეიძლება დიდი ძალისხმევისა და ტკივილის ფასად უჯდებოდეთ. სამქადაგებლო მსახურების შესახებ მოხსენების მოსმენისას მათ შეიძლება გაახსენდეთ, რას აკეთებდნენ ისინი და ჯერ კიდევ რის გაკეთებას ისურვებდნენ, მაგრამ ფიზიკური უძლურების გამო შეზღუდულები არიან ამ მხრივ. ასეთები შეიძლება თავს დამნაშავედ გრძნობენ, რადგან არ შესწევთ იმის ძალა, რომ რჩევას თავიანთი სურვილისამებრ მიჰყვნენ. მაგრამ იეჰოვა ნამდვილად აფასებს მათ ერთგულებისა და მოთმინების გამო. სანამ ისინი ღვთისადმი ერთგულებას ინარჩუნებენ, ის არასდროს დაივიწყებს თავისი ერთგულ მსახურთა საქმეებს (ფსალმუნი 17:26; 36:28).
‘დავირწმუნოთ გული’
იმ დროისთვის, როცა იოანე მოხუცდა, მას ბევრი რამ უნდა გაეგო ღვთის სულგრძელობის შესახებ. გაიხსენე, რა დაწერა მან: „ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის“. უფრო მეტიც, იოანემ გაგვამხნევა, ‘დაგვერწმუნებინა გული’ (სსგ). რას გულისხმობდა ის ამ სიტყვებში?
„ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, „დარწმუნებად“ გადმოთარგმნილი ბერძნული ზმნა ნიშნავს „დაჯერებას, დასარწმუნებლად რაღაცის დაძლევას ან რაღაცაზე გამარჯვებას“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ გული დავირწმუნოთ, უნდა გავიმარჯვოთ მასზე იმ გაგებით, რომ ის ჩვენდამი იეჰოვას სიყვარულში დავარწმუნოთ. როგორ?
ამ სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ფრიცი 25 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა კრებაში უხუცესად მსახურობდა და დაინახა, რომ პირად შესწავლას შეუძლია გული დაურწმუნოს, რომ ის იეჰოვას უყვარს. „მე ბიბლიასა და ჩვენს პუბლიკაციებს რეგულარულად და გულმოდგინედ ვსწავლობ. ეს მეხმარება, რომ წარსულზე კი არ შევაჩერო ყურადღება, არამედ ნათლად წარმოვიდგინო შესანიშნავი მომავალი.
დროდადრო წარსულზე ფიქრი შემიპყრობს ხოლმე და ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ იეჰოვას არასდროს შეეძლო ჩემი შეყვარება. მაგრამ ვხვდები, რომ, საერთო ჯამში, რეგულარული შესწავლა მაძლიერებს, რწმენას მიმტკიცებს და მეხმარება სიხარულისა და გაწონასწორებულობის შენარჩუნებაში“.მართალია, ბიბლიის კითხვამ და წაკითხულზე დაფიქრებამ შეიძლება ვერ შეგვიცვალოს ამჟამინდელი მდგომარეობა, მაგრამ ეს შეიძლება დაგვეხმაროს საკუთარ მდგომარეობაზე თვალსაზრისის შეცვლაში. როცა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი აზრები ჩვენს გულს ეხება, ღვთის მსგავსად ვიწყებთ აზროვნებას. გარდა ამისა, შესწავლის საშუალებით უფრო კარგად ვხედავთ ღვთის სულგრძელობას; შეგვიძლია თანდათანობით მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ იეჰოვა არ გვადანაშაულებს არც იმის გამო, თუ როგორ გარემოში ვიზრდებოდით ბავშვობაში და არც ჩვენი სისუსტეების გამო. მან იცის, რომ ტვირთი, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ეზიდება — იქნება ეს ემოციური თუ ფიზიკური ტკივილი — ხშირად უშუალოდ ჩვენი მიზეზით არ არის გამოწვეული და ის სიყვარულით ითვალისწინებს ამას.
რა შეიძლება ითქვას მარგარიტაზე, რომელიც ზემოთ იყო მოხსენიებული? მას შემდეგ, რაც ის იეჰოვას პიროვნებას გაეცნო, ბიბლიის შესწავლას მისთვისაც დიდი სარგებლობა მოაქვს. ფრიცის მსგავსად მასაც უნდა შეეცვალა წარმოდგენა მამაზე. მარგარიტას ლოცვა დაეხმარა, თავი მოეყარა შესწავლილი მასალისთვის. „პირველ ხანებში იეჰოვას ისე ვუყურებდი, როგორც ახლო მეგობარს, რადგან მოსიყვარულე მეგობრებთან უფრო მქონდა ურთიერთობა, ვიდრე მოსიყვარულე მამასთან. თანდათანობით ვსწავლობდი, იეჰოვას წინაშე გადმომეშალა ჩემი გრძნობები, დარდი, საზრუნავი და საწუხარი. არაერთხელ მივმართავდი ლოცვით, და იმავდროულად მის შესახებ ყოველ ახალ ინფორმაციას სათითაოდ ვუკავშირებდი ერთმანეთს, თითქოსდა მოზაიკას ვაწყობდი. რამდენიმე ხანში იმდენად ძლიერი გრძნობები გამიჩნდა იეჰოვას მიმართ, რომ ამჟამად თითქმის სულ აღარ მიჭირს მისი საყვარელ მამად წარმოდგენა“, — ამბობს მარგარიტა.
ყოველგვარი საზრუნავისგან განთავისუფლება
სანამ ამ ძველი და ბოროტი სისტემის აღსასრული მოვა, არავის შეუძლია სრულიად განთავისუფლდეს რამე საზრუნავისგან. ზოგ ქრისტიანს შეიძლება დროდადრო კვლავ დაეუფლოს მღელვარება ან არასრულფასოვნების გრძნობა გაუჩნდეს, რაც მწუხარებას გამოიწვევს. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვამ იცის, კეთილი მოტივები რომ გვამოძრავებს და მძიმედ ვშრომობთ მისი მსახურების შესასრულებლად. ის არასდროს დაივიწყებს სიყვარულს, რომელსაც მისი სახელისთვის ვამჟღავნებთ (ებრაელთა 6:10).
ღვთის ყველა ერთგულ ადამიანს შეუძლია დაიმედებული იყოს, რომ მოახლოებულ ახალ ქვეყნიერებაში, რომელსაც მესიანური მთავრობა უხელმძღვანელებს, სატანის სისტემის მარწუხებისგან განთავისუფლდება. რამხელა შვება იქნება ეს! მაშინ უფრო კარგად დავინახავთ, რაოდენ სულგრძელია იეჰოვა. მანამდე კი დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ „ღმერთი. . . ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის“ (1 იოანე 3:20).
[სქოლიოები]
^ აბზ. 8 სახელები შეცვლილია.
[ჩანართი 30 გვერდზე]
იეჰოვა მკაცრი და სასტიკი კი არა, არამედ თბილი, სულგრძელი და თანამგრძნობი მამაა.
[სურათი 31 გვერდზე]
ბიბლიის შესწავლა გვეხმარება, რომ ღვთის მსგავსად ვიაზროვნოთ.