ის პრინციპის გამო მოკვდა
ის პრინციპის გამო მოკვდა
„ჩვენს ხსოვნაში მარად იცოცხლებს ავგუსტ დიკმენი (დაბადებული 1910 წ.), იეჰოვას მოწმე“, — ასე იწყება ახლახან ზაქსენჰაუზენის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში საზეიმოდ გახსნილი ქვემოთ მოცემული დაფის წარწერა. რით დაიმსახურა ამ იეჰოვას მოწმემ ასეთი სიტყვები? წარწერის დანარჩენი ნაწილი მოგვითხრობს: „1939 წლის 15 სექტემბერს ომში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო [ის] ესესელებმა საჯაროდ დახვრიტეს“.
ავგუსტ დიკმენი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში 1937 წელს მიიყვანეს. 1939 წელს დაწყებული მეორე მსოფლიო ომის მესამე დღეს სამხედრო სამსახურში ჩადგომის დასადასტურებლად მას ბლანკზე ხელის მოწერა უბრძანეს. როდესაც მან უარი განაცხადა, ბანაკის მეთაური დაუკავშირდა ჰაინრიხ ჰიმლერს, ესესელების მეთაურს (შუტცშტაფფელი, ჰიტლერის ელიტური დაცვა) და ნებართვა სთხოვა, ყველა თანაპატიმრის თვალწინ დაეხვრიტათ დიკმენი. 1938 წლის 17 სექტემბრის „ნიუ-იორკ ტაიმზი“ გერმანიიდან მიღებულ ინფორმაციას იუწყებოდა: „29 წლის ავგუსტ დიკმენი. . . სპეციალურმა რაზმმა დახვრიტა“. გაზეთში ნათქვამი იყო, რომ ის პირველი გერმანელი იყო, რომელიც ომში მონაწილეობაზე უარს ამბობდა.
მისი სიკვდილიდან 60 წლის შემდეგ, 1999 წლის 18 სექტემბერს, ბრანდერბურგის მემორიალურმა ბიურომ დიკმენის სიკვდილის გახსენება აღნიშნა. მემორიალური დაფა მნახველებს ახსენებს მის სიმამაცესა და მტკიცე რწმენას. ყოფილი ბანაკის გარეთა კედელზე მიმაგრებული მეორე დაფა კი მნახველებს შეახსენებს, რომ დიკმენი იეჰოვას იმ 900-მდე მოწმეთაგანი იყო, რომლებიც თავიანთი რწმენის გამო იტანჯებოდნენ ზაქსენჰაუზენში. კიდევ უფრო მეტი მათგანი სხვა ბანაკებში იტანჯებოდა. დიახ, საკონცენტრაციო ბანაკების საშინელ პირობებშიც კი ბევრი ღვთის პრინციპების ერთგული დარჩა.
იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული მოვალეობაა, „დაემორჩილონ უმაღლეს ხელმწიფებას [სახელმწიფო მოხელეებს]“ (რომაელთა 13:1). მაგრამ თუ სახელმწიფო ცდილობს დაარღვევინოს მათ ღვთის კანონები, ისინი ქრისტეს იმ მოციქულების მაგალითს მიჰყვებიან, რომლებმაც თქვეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 5:29). ამის შედეგად, წუთისოფელში, სადაც ტომებს შორის მტრობასა და ეთნიკურ სიძულვილს ადამიანები საშინელ მხეცობამდე მიჰყავს, იეჰოვას მოწმეები, ავგუსტ დიკმენის მსგავსად, მშვიდობას ინარჩუნებენ. ისინი ბიბლიურ მოწოდებას მიჰყვებიან: „არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სძლიე ბოროტს კეთილით“ (რომაელთა 12:21).