რატომ არის კორუფცია ასე გავრცელებული?
რატომ არის კორუფცია ასე გავრცელებული?
„ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულს და ასხვაფერებს მართალთა საქმეებს“ (გამოსვლა 23:8).
სამი ათას ხუთასი წლის წინათ მოსეს რჯული მსჯავრს სდებდა მექრთამეობას. მას შემდეგ, საუკუნეების მანძილზე, კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოსულ კანონთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობამ ვერ ალაგმა ეს მანკიერება. ყოველდღიურად მილიონობით ქრთამი გადადის ხელიდან ხელში, ხოლო მისი შედეგებისგან მილიარდობით ადამიანი იტანჯება.
კორუფცია მთელ მსოფლიოში იმდენად გავრცელდა და დაიხვეწა, რომ თვით საზოგადოებრივ სტრუქტურასაც კი მოშლით ემუქრება. ზოგ ქვეყანაში ქრთამის გარეშე თითქმის ვერაფერს გააკეთებ. სათანადო პირისთვის მიცემული ქრთამი ადამიანს გამოცდის ჩაბარების, მართვის მოწმობის აღების, კონტრაქტის დადების მიღწევის ან სასამართლო პროცესის მოგების საშუალებას აძლევს. „კორუფცია გარემოს საშინელი დაბინძურების მსგავსია, დაბინძურებისა, რომელსაც ხალხი გულგატეხილობამდე და უიმედობამდე მიჰყავს“, — სინანულით შენიშნავს პარიზელი იურისტი არნო მონტებურგი.
მექრთამეობა განსაკუთრებით ყვავის იქ, სადაც კომერცია კარგად არის განვითარებული. ზოგი კომპანია მოგების მესამედს კორუმპირებული ბიუროკრატიული მთავრობის მოსასყიდად იხდის. ბრიტანული გაზეთის, „ეკონომისტის“, თანახმად, იმ 25 მილიარდი დოლარიდან, რომელიც ყოველწლიურად იარაღით საერთაშორისო ვაჭრობაში ბრუნავს, 10 პროცენტი პოტენციურ მომხმარებლებს ქრთამის სახით ეძლევათ. რადგან ეს გახრწნილება ასე გავრცელდა, მისი შედეგებიც უფრო კატასტროფული გახდა. როგორც ამბობენ, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გარკვეულ თანამდებობებზე ნაცნობობით მოწყობამ მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკას გამოუთხარა ძირი.
რასაკვირველია კორუფციისა და მისი ნაყოფის, ეკონომიკის გაჩანაგების, შედეგად ყველაზე მეტად ზარალდებიან ღარიბები, ის ადამიანები, რომლებსაც ხშირად არავის მოსყიდვა არ შეუძლიათ. როგორც ჟურნალმა „ეკონომისტმა“ მოკლედ აღნიშნა, „კორუფცია ჩაგვრის ერთ-ერთი ფორმაა“. შეიძლება ჩაგვრის ამ უღლის გადაგდება, თუ კორუფციისგან თავის დაღწევა შეუძლებელია? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად პირველ რიგში კორუფციის გამომწვევი ზოგი ძირითადი მიზეზი უნდა დავადგინოთ.
რა იწვევს კორუფციას?
რატომ ანიჭებენ ადამიანები პატიოსნებაზე მეტ უპირატესობას კორუფციას? ზოგისთვის ის შეიძლება სასურველი მიზნის მისაღწევად ადვილი გზა — ან ნამდვილად ერთადერთი გზა — იყოს. ზოგჯერ ქრთამი სასჯელის ასარიდებლად მოსახერხებელი საშუალებაა. მრავალი, ვინც ხედავს, რომ პოლიტიკოსები, პოლიციელები და მოსამართლეები მექრთამეობაზე თვალს ხუჭავენ ან თავადაც მექრთამეები არიან, ბაძავს მათ მაგალითს.
რაც უფრო იზრდება კორუფცია, ის მით უფრო მისაღები ეჩვენება ხალხს, ბოლოს კი სულაც ეკლესიასტე 8:11).
ცხოვრების წესი ხდება. მათხოვრული ხელფასის მქონე ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ სხვა არჩევანი არა აქვთ; თუ ნორმალური ცხოვრება სურთ, ქრთამი უნდა აიღონ. როდესაც მექრთამეები ან ქრთამით გარკვეული უპირატესობის მიღების მსურველები დაუსჯელები რჩებიან, მცირედსღა თუ აქვს ბრძოლისა და დინების საწინააღმდეგოდ სვლის სურვილი. „რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“, — შენიშნა მეფე სოლომონმა (კორუფციის ცეცხლს ორი ძლიერი ფაქტორი აჩაღებს: ეგოიზმი და სიხარბე. ეგოიზმის გამო მექრთამეები თვალს ხუჭავენ თავიანთი მოქმედებით სხვებისთვის მიყენებულ ტკივილზე. ისინი მექრთამეობას უბრალოდ იმით ამართლებენ, რომ ეს მათთვის სარფიანი საქმეა. ადამიანი, რაც უფრო მეტ ქონებას იხვეჭს მექრთამეობით, მით უფრო ხარბი ხდება. „ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება, — აღნიშნავს სოლომონი, — და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით“ (ეკლესიასტე 5:9) ფულის მოსახვეჭად სიხარბე შეიძლება მართლაც გამოსადეგი იყოს, მაგრამ ის ყოველთვის ხუჭავს თვალს კორუფციასა და უკანონობაზე.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, არის ამ წუთისოფლის უხილავი მმართველის როლი, რომელსაც ბიბლია სატანა ეშმაკს უწოდებს (1 იოანე 5:19, გამოცხადება 12:9). სატანა აქტიურად უწყობს ხელს კორუფციას. კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ქრთამი სწორედ სატანამ შესთავაზა იესოს: ‘წუთისოფლის ყველა სამეფოს შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ’ (მათე 4:8, 9).
მაგრამ იესო მექრთამე არ იყო და თავის მიმდევრებსაც ასწავლიდა, რომ მსგავსადვე მოქცეულიყვნენ. შეიძლება თუ არა იესოს მოძღვრება დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება იყოს? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში განიხილება.