არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სულის მახვილის გამოყენებით კორუფციასთან ბრძოლა

სულის მახვილის გამოყენებით კორუფციასთან ბრძოლა

სულის მახვილის გამოყენებით კორუფციასთან ბრძოლა

‘შეიმოსეთ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’ (ეფესელთა 4:24).

აღზევების პერიოდში რომის იმპერიას მმართველობის ისეთი დიდებული სისტემა ჰქონდა, რომლის მსგავსიც კაცობრიობას იქამდე არასოდეს უნახავს. მისი კანონმდებლობა იმდენად ეფექტური იყო, რომ მრავალ ქვეყანაში დღესაც გამოიყენება იურიდიული კოდექსის საფუძვლად. მაგრამ ასეთი მიღწევების მიუხედავად, რომის ლეგიონებმა ვერ შეძლეს ერთი ვერაგი მტრის — კორუფციის — ძლევა. საბოლოოდ, კორუფციამ რომის დაცემა დააჩქარა.

მოციქული პავლე ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რომის მოხელეების გახრწნილება. ფელიქსი, რომაელი მმართველი, რომელმაც მოციქული დაჰკითხა, როგორც ჩანს, ხედავდა პავლეს უდანაშაულობას, მაგრამ მან, იმდროინდელმა ერთ-ერთმა უდიდესმა მექრთამემ, პავლეს სასამართლო იმ იმედით გადადო, რომ მოციქული გასათავისუფლებლად ქრთამს გადაუხდიდა (საქმეები 24:22—26).

მოსყიდვის ნაცვლად, პავლე დაუფარავად ელაპარაკა ფელიქსს ‘სამართლიანობასა და თავშეკავებაზე’. მაგრამ ამ მმართველმა მოქმედების კურსი არ შეიცვალა, პავლემ კი ქრთამის გაღებით სასამართლო პროცესის არიდებას ციხეში დარჩენა არჩია. მოციქული ჭეშმარიტებისა და პატიოსნების შესახებ ცნობას ქადაგებდა და თავადაც ამ ცნობის შესაბამისად ცხოვრობდა. „დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი, — სწერდა ებრაელ ქრისტიანებს, — და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ“ (ებრაელთა 13:18).

ასეთი პოზიციის დაკავება სრულიად უპირისპირდებოდა იმ დროს გავრცელებულ ზნეობრივ ნორმებს. ფელიქსის ძმა, პალასი, ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი იყო და თითქმის მთელი ქონება, რომელიც 45 მილიონ აშშ დოლარად შეფასდებოდა, მექრთამეობითა და გამოძალვით ჰქონდა მოპოვებული. მაგრამ მისი სიმდიდრე ზღვაში წვეთია იმ მილიარდობით დოლართან შედარებით, მეოცე საუკუნის ზოგ კორუმპირებულ მმართველს რომ აქვს გადამალული საიდუმლო საბანკო ანგარიშზე. ცხადია, მხოლოდ გულუბრყვილოებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ დღევანდელმა მთავრობებმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვეს.

ვინაიდან კორუფცია ამდენი ხანია ფესვებგადგმულია, უნდა დავასკვნათ, რომ ის, უბრალოდ, ადამიანური ბუნების ნაწილია? თუ მის აღმოსაფხვრელად რაღაცის გაკეთებაა შესაძლებელი?

როგორ შეიძლება კორუფციის აღმოფხვრა?

კორუფციის აღმოსაფხვრელად გადადგმული პირველი ნაბიჯი იმის შეგნებაა, რომ ის დამღუპველი და მიუღებელია, და რომ უსინდისოებისთვის სარგებლობა მას სხვებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე მოაქვს. კორუფციასთან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გარკვეული პროგრესი შეინიშნება. ჯეიმზ ფოულიმ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, განაცხადა: „ყველას გვესმის, რომ მექრთამეობა ძვირად გვიჯდება. ის ძირს უთხრის სწორ მმართველობას, ხელს უშლის ეკონომიკის რენტაბელურობასა და განვითარებას, ამრუდებს ვაჭრობას და სერიოზული ზიანი მოაქვს მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის“. მრავალი დაეთანხმებოდა ამ სახელმწიფო მოღვაწის სიტყვებს. 1997 წლის 17 დეკემბერს 34-მა წამყვანმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი „მექრთამეობასთან ბრძოლის ხელშეკრულებას“, რომელიც „კორუფციის წინააღმდეგ მსოფლიო მასშტაბით ბრძოლის ინტენსივობის გასაძლიერებლად“ იყო გამიზნული. ამ ხელშეკრულების თანახმად, „საერთაშორისო საქმიანი გარიგების მიღწევის ან შენარჩუნების მიზნით სხვა ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწისთვის ქრთამის შეთავაზება, შეპირება თუ მიცემა დანაშაულია“.

მაგრამ სხვა ქვეყნებში საქმიანი ხელშეკრულებების დასადებად ქრთამის გაღება კორუფციის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენს. საზოგადოების ნებისმიერ ფენაში კორუფციის აღმოსაფხვრელად საჭიროა მეორე, უფრო რთული, ნაბიჯის გადადგმა: გულების შეცვლა ან, უფრო სწორად, მრავალთა გულების შეცვლა. დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა ისწავლონ მექრთამეობისა და კორუფციისადმი სიძულვილი. მხოლოდ მაშინ მოისპობა ეს მანკი. ამ მიზნის მისაღწევად, როგორც ჟურნალი „ნიუსუიკი“ აღნიშნავს, ზოგი ფიქრობს, რომ მთავრობამ უნდა „გააღვივოს მოქალაქეებში პატიოსნების გრძნობა“. მსგავსად ამისა, „ტრენსპერენსი ინტერნეშნელი“, ლობისტთა ანტიკორუფციული ჯგუფი, რჩევას იძლევა, რომ სამუშაო ადგილებზე ყველას «„პატიოსნების“ ინიექციები გაუკეთონ».

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ზნეობრივი ბრძოლაა და მხოლოდ კანონმდებლობით ანუ კანონის ‘მახვილით’ გამარჯვების მოპოვება შეუძლებელია (რომაელთა 13:4, 5). პატიოსნებისა და უბიწოების მარცვლები ადამიანთა გულებში უნდა ჩაითესოს. ამის საუკეთესოდ მიღწევა კი — მოციქულ პავლეს სიტყვებით რომ ვთქვათ — „სულის მახვილით“, ღვთის სიტყვით ანუ ბიბლიით, შეიძლება (ეფესელთა 6:17).

ბიბლია გმობს კორუფციას

რატომ იყო პავლესთვის კორუფცია მიუღებელი? იმიტომ რომ მას ღვთის ნებისამებრ მოქმედება სურდა, ღმერთმა კი „არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს“ (მეორე რჯული 10:17). გარდა ამისა, პავლეს, ეჭვგარეშეა, ახსოვდა მოსეს რჯულში მოცემული ერთი განსაკუთრებული მითითება: „მიკერძოებული ნუ იქნები და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და ასხვაფერებს მართალთა სიტყვებს“ (მეორე რჯული 16:19). მეფე დავითსაც ესმოდა, რომ იეჰოვას სძულს მექრთამეობა და ღმერთს სთხოვდა, არ გაეთანაბრებინა ცოდვილებთან, რომელთა „მარჯვენა სავსეა ქრთამით“ (ფსალმუნი 25:10).

ღვთის გულწრფელ თაყვანისმცემლებს კორუფციაზე უარის თქმის კიდევ სხვა მიზეზებიც აქვთ. „მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, — წერდა სოლომონი — მექრთამე კაცი კი ანადგურებს“ (იგავნი 29:4). სამართალი — თუ მას, მაღალი მდგომარეობის მქონე სახელმწიფო მოღვაწეებიდან დაწყებული ჩვეულებრივი მოქალაქეებით დამთავრებული, ყველა იცავს — განამტკიცებს ქვეყანას, მაშინ როდესაც კორუფცია აღატაკებს მას. საინტერესოდ შენიშნა „ნიუსუიკმა“: „სისტემაში, სადაც კორუფციით ყველა რაღაცის გამორჩენას ცდილობს და იცის, როგორ გააკეთოს ეს, ეკონომიკა, უბრალოდ, შეიძლება გაჩანაგდეს“.

მაშინაც კი, თუ ეკონომიკა მთლიანად არ ეცემა, სამართლის მოყვარულებს აშფოთებთ კორუფციის შეუფერხებელი აყვავება (ფსალმუნი 71:3, 13). ეს აშფოთებს ჩვენს შემოქმედსაც, რომელმაც ჩვენში სამართლიანობის სიყვარული ჩადო. წარსულში იეჰოვა ჩაერია ამაზრზენი მექრთამეობის ამოძირკვაში. მაგალითად, იერუსალიმის მცხოვრებთ ღმერთმა პირდაპირ უთხრა მიზეზი, თუ რატომ ყრიდა მათ მტრების ხელში.

წინასწარმეტყველ მიქას მეშვეობით ღმერთმა თქვა: „ისმინეთ ეს, იაკობის სახლის თავკაცნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ. მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ. . . ამიტომ შენს გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი — ტყიან ბორცვად“. მექრთამეობამ ისრაელის საზოგადოება დააქცია, სწორედ ისევე როგორც რომი გაანადგურა საუკუნეების შემდეგ. ღვთის გაფრთხილებისამებრ, მიქას მიერ ამ სიტყვების ჩაწერიდან დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ იერუსალიმი მიწასთან გასწორებულ და მიტოვებულ იქნა (მიქა 3:9, 11, 12).

როგორც უნდა იყოს, არც ერთ ადამიანს ან სახელმწიფოს არ სჭირდება კორუფცია. ღმერთი ბოროტებს მოუწოდებს, მიატოვონ თავიანთი გზები და შეიცვალონ აზროვნება (ესაია 55:7). მისი სურვილია, თითოეულმა და ყველა ჩვენგანმა სიხარბე უანგარობით და მექრთამეობა სამართლიანობით შევცვალოთ. „ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია“, — შეგვახსენებს იეჰოვა (იგავნი 14:31).

ბიბლიური ჭეშმარიტებით კორუფციის ძლევა

რამ შეიძლება ადამიანი ასეთი ცვლილების მოსახდენად აღძრას? იმავე ძალამ, რამაც პავლე ფარისევლის ცხოვრების უკუგდებამდე და ქრისტეს მტკიცე მიმდევრობამდე მიიყვანა. „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, [და] მოქმედი“, — წერდა ის (ებრაელთა 4:12). ბიბლიური ჭეშმარიტება დღესაც აღძრავს ადამიანებს პატიოსნებისკენ, ისეთებსაც კი, რომლებიც ერთ დროს ღრმად იყვნენ კორუფციაში ჩაფლული. განვიხილოთ ერთი მაგალითი.

სამხედრო სამსახურის მოხდიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები ერთი მამაკაცი, სახელად ალექსანდრე, შეუერთდა ბანდას, რომელიც რეკეტს, გამოძალვასა და მექრთამეობას ეწეოდა *. «ჩემი მოვალეობა იყო მდიდარი ბიზნესმენებისგან გამომეძალა ფული, რომელსაც ისინი საკუთარი უსაფრთხოებისთვის გვიხდიდნენ, — ამბობს ის, — როდესაც რომელიმე ბიზნესმენის ნდობას მოვიპოვებდი, ჩვენი ბანდის სხვა წევრები მას ძალადობით ემუქრებოდნენ. მაშინ ამ ბიზნესმენს ვთავაზობდი, რომ დავეხმარებოდი საქმის მოგვარებაში, ოღონდ საკმაოდ დიდი თანხა უნდა გადაეხადა. ჩემი „კლიენტები“ დახმარებისთვის მადლობას მიხდიდნენ, მაშინ როდესაც სინამდვილეში მე ვიყავი ამ პრობლემების მიზეზი. ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ჩემი საქმე საოცრად მომწონდა.

მსიამოვნებდა ისიც, რომ ფული მქონდა და მღელვარებით აღსავსე ცხოვრებას ვეწეოდი. მყავდა ძვირად ღირებული მანქანა, ვცხოვრობდი კეთილმოწყობილ ბინაში და შემეძლო მეყიდა ყველაფერი, რასაც მოვისურვებდი. ხალხს ეშინოდა ჩემი, რაც საკუთარ ძალაში კიდევ ერთხელ მარწმუნებდა. რატომღაც მეგონა, რომ ხელს ვერავინ მახლებდა და კანონს ჩემზე ძალა არ ჰქონდა. ნებისმიერი პრობლემა, რაც კი შეიძლებოდა პოლიციასთან გაგვჩენოდა, იმ გამოცდილი ადვოკატის დახმარებით იჭრებოდა, რომელიც ყოველთვის იპოვიდა მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლის საშუალებას ან საქმეს სათანადო პირისთვის ქრთამის მიცემით ევლებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას კორუფციაზე აგებენ, იშვიათად თუ არსებობს ერთმანეთისადმი ერთგულება. ერთხელ ჩვენი ბანდის ერთმა წევრმა ამითვალწუნა და მივხვდი, რომ მიზანში ამომიღეს. მოულოდნელად დავკარგე ჩემი ბრწყინვალე მანქანა, ფული და ქალი, რომლის შენახვაც საკმაოდ ძვირი მიჯდებოდა. საშინლად მცემეს კიდეც. ამ მკვეთრმა ცვლილებებმა სერიოზულად დამაფიქრა სიცოცხლის აზრზე.

რამდენიმე თვის წინათ დედაჩემი იეჰოვას მოწმე გახდა და მეც დავიწყე მათი ლიტერატურის კითხვა. ნამდვილად დამაფიქრა იგავნის 4:14, 15-ში მოცემულმა სიტყვებმა: „ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე. ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე“. მსგავსმა ბიბლიურმა ადგილებმა დამარწმუნეს, რომ ბოროტმოქმედებს მომავალი არა აქვთ. დავიწყე იეჰოვასადმი ლოცვით მიმართვა და ვთხოვდი, რომ სწორი გზით ვეტარებინე. მალე იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლაც დავიწყე და ბოლოს თავი ღმერთს მივუძღვენი. მას შემდეგ პატიოსან ცხოვრებას ვეწევი.

რასაკვირველია, პატიოსნად ცხოვრება, ბევრად უფრო ნაკლები სახსრებით ცხოვრებას ნიშნავდა. მაგრამ ვიგრძენი, რომ მომავალი მქონდა, რომ ჩემს ცხოვრებას ნამდვილი აზრი მიეცა. მივხვდი, რომ ჩემი ადრინდელი ცხოვრების წესი, მთელი თავისი ძვირფასი ატრიბუტებით, სათამაშო კარტით აშენებულ სახლს ჰგავდა, რომელიც შეიძლებოდა ყოველ წუთს დანგრეულიყო. ადრე ჩემი სინდისი არაფერზე რეაგირებდა. ახლა კი, ბიბლიის შესწავლის წყალობით, მაშინაც კი მიწყებს ქენჯნას, როდესაც რაღაც წვრილმან საკითხებში უპატიოსნობის ჩადენის ცდუნების წინაშე აღმოვჩნდები ხოლმე. ვცდილობ, ვიცხოვრო იმ სიტყვების თანახმად, რომლებიც ფსალმუნის 36:3-შია მოცემული: „მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე“».

„ქრთამის მოძულე . . . იცოცხლებს“

როგორც ალექსანდრემ დაინახა, ბიბლიურ ჭეშმარიტებას შეუძლია ადამიანი აღძრას კორუფციის დასაძლევად. მან ცხოვრება მოციქულ პავლეს მიერ ეფესელებისადმი მიწერილი წერილის სიტყვების შესაბამისად შეცვალა: „მიტოვებული გაქვთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა, მაცდური გულისთქმებით გახრწნილი, და განახლებული ხართ თქვენი გონების სულით, და შეგიმოსიათ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით. ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თვითოეულმა თქვენგანმა თავის მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, ვინაიდან ერთიმეორის ასოები ვართ. ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად“ (ეფესელთა 4:22—25, 28). ადამიანთა მომავალი სწორედ ამგვარ ცვლილებაზეა დამოკიდებული.

აულაგმავმა სიხარბემ და კორუფციამ გაანადგურა რომის იმპერია; მას დედამიწის მოსპობაც კი შეუძლია. მაგრამ, საბედნიეროდ, კაცობრიობის შემოქმედი ასეთ რამეებს შემთხვევის ანაბარა არ ტოვებს. მას გადაწყვეტილი აქვს, ‘მოსპოს დედამიწის მომსპობნი’ (გამოცხადება 11:18). იეჰოვა ყველას, ვისაც მთელი გულით სწადია, იხილოს კორუფციისგან თავისუფალი მსოფლიო, აღუთქვამს, რომ მალე იქნება ‘ახალი ცა და ახალი მიწა, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე’ (2 პეტრე 3:13).

მართალია, დღეს პატიოსნად ცხოვრება შეიძლება ადვილი არ იყოს. მიუხედავად ამისა, იეჰოვა გვარწმუნებს, რომ, საბოლოო ჯამში, „მომხვეჭელი თავის სახლს აჩანაგებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს“ * (იგავნი 15:27). დღეს კორუფციაზე უარის თქმით ცხადვყოფთ, რომ გულწრფელად წარმოვთქვამთ ღვთისადმი ლოცვას: „მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10).

ღვთის სამეფოს ამოქმედების მოლოდინში თითოეულ ჩვენგანს შეუძლია კორუფციის მიმართ შეუწყნარებლობითა და პატიოსანი ცხოვრებით ‘თესოს სიმართლე’ (ოსია 10:12). თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი ცხოვრებაც საჯაროდ დაადასტურებს ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვის ძალას. დიახ, სულის მახვილს კორუფციის დამარცხების ძალა შესწევს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 20 სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 28 რა თქმა უნდა, ქრთამი და წვრილმანი გასამრჯელოს გაღება ერთმანეთისგან განსხვავდება. მაშინ როდესაც ქრთამი სამართლიანობის გამრუდებას ან სხვა უპატიოსნო მიზნებს ემსახურება, წვრილმანი გასამრჯელოს გაღება გაწეული სამსახურისთვის მადლიერების გამოვლენაა. ეს საკითხი განხილულია „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „მკითხველთა შეკითხვები“ 1986 წლის 1 ოქტომბრის ნომერში (ინგლ.).

[სურათი 7 გვერდზე]

ბიბლიის დახმარებით შევძლებთ, შევიმოსოთ ‘ახალ კაცად’ და თავი ავარიდოთ კორუფციას.