არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გწამდეთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა!

გწამდეთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა!

გწამდეთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა!

„გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა“ (2 პეტრე 1:19).

1, 2. რომელი იყო ოდესმე ჩაწერილთაგან პირველი წინასწარმეტყველება და რა კითხვა წამოიჭრა ამ წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით?

იეჰოვასგან მომდინარეობდა ოდესმე ჩაწერილთაგან პირველი წინასწარმეტყველება. ადამისა და ევას მიერ შეცოდების შემდეგ ღმერთმა გველს უთხრა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:1—7, 14, 15). საუკუნეები გავიდა იმ დრომდე, სანამ ეს წინასწარმეტყველური სიტყვები ბოლომდე გასაგები გახდა.

2 ეს პირველი წინასწარმეტყველება ცოდვილი კაცობრიობისთვის რეალური იმედის მომცემი იყო. მოგვიანებით საღვთო წერილში სატანა ეშმაკი მოხსენიებულია, როგორც „ძველი გველი“ (გამოცხადება 12:9). მაგრამ ვინ იქნებოდა ღვთის მიერ აღთქმული თესლი?

თესლის ძიებაში

3. როგორ გამოავლინა აბელმა პირველი წინასწარმეტყველებისადმი რწმენა?

3 თავისი მამისგან განსხვავებით ღვთისმოშიშმა აბელმა პირველი წინასწარმეტყველებისადმი რწმენა გამოავლინა. მას, როგორც ჩანს, ესმოდა, რომ ცოდვების დასაფარავად სისხლის დაღვრა იქნებოდა საჭირო. ამიტომ რწმენამ აღძრა, აღევლინა ცხოველური შესაწირავი, რაც ღვთის მოსაწონი აღმოჩნდა (დაბადება 4:2—4). მაგრამ ის, თუ ვინ იყო აღთქმული თესლი, ჯერ კიდევ იდუმალებით იყო მოცული.

4. რას შეჰპირდა იეჰოვა აბრაამს და რაზე მიუთითებდა ეს აღთქმულ თესლთან დაკავშირებით?

4 აბელის დღეებიდან დაახლოებით 2 000 წლის შემდეგ იეჰოვა პატრიარქ აბრაამს დაჰპირდა: „კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით . . . იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა“; ამ დანაპირებს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა (დაბადება 22:17, 18). ამ სიტყვებმა აბრაამი პირველი წინასწარმეტყველების შესრულებასთან დააკავშირა. ისინი მიუთითებდა, რომ თესლი, რომლის მეშვეობითაც სატანის საქმეები გაქარწყლდებოდა, აბრაამის შთამომავლობაში უნდა გამოჩენილიყო (1 იოანე 3:8). „[აბრაამი] არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნოებით“; ამაში არ დაეჭვებულან არც იეჰოვას სხვა წინაქრისტიანული მოწმეები, რომლებმაც „ვერ მიიღეს აღთქმული“ (რომაელთა 4:20, 21; ებრაელთა 11:39). ნაცვლად ამისა, მათ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვისადმი რწმენა შეინარჩუნეს.

5. ვისზე შესრულდა თესლის შესახებ ღვთის დანაპირები და რატომ პასუხობთ ასე?

5 მოციქულმა პავლემ აღნიშნა, თუ ვინ იყო ღვთის მიერ აღთქმული თესლი როდესაც შემდეგი სიტყვები დაწერა: «აბრაამს ეთქვა ეს აღთქმანი და მის თესლს. არ თქმულა: „შენს თესლთ“ — როგორც მრავალზე, არამედ როგორც ერთზე: „შენს თესლს“, რომელიც არის ქრისტე» (გალატელთა 3:16). თესლში, რომლის მეშვეობითაც ქვეყნიერნი იკურთხებოდნენ, არ შევიდოდა აბრაამის ყველა შთამომავალი. აბრაამის ძეში, ისმაილში, და კეტურასგან შობილ ძეებში არ იკურთხებოდა კაცობრიობა. კურთხევის მომტანი თესლი მისი ძის, ისაკისა, და შვილიშვილის, იაკობის, მეშვეობით მოვიდა (დაბადება 21:12; 25:23, 31—34; 27:18—29, 37; 28:14). იაკობმა ცხადყო, რომ ‘ხალხი’ იუდას ტომის „შილოს“ მორჩილი იქნებოდა, მაგრამ თესლი მოგვიანებით დავითის საგვარეულო ხაზით შემოიფარგლებოდა (დაბადება 49:10; მეორე მეფეთა 7:12—16). პირველ საუკუნეში იუდეველები ერთი პიროვნების, მესიის ანუ ქრისტეს მოსვლას ელოდნენ (იოანე 7:41, 42). და თესლის შესახებ ღვთის წინასწარმეტყველება მის ძეზე, იესო ქრისტეზე, შესრულდა.

მესია გამოჩნდა!

6. ა) როგორ უნდა გვესმოდეს წინასწარმეტყველება სამოცდაათი შვიდეულის შესახებ? ბ) როდის და როგორ ‘დაფარა შეცოდებები’ იესომ?

6 დანიელმა მესიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება დაწერა. დარიოს მიდიელის მეფობის პირველ წელს მან გაიგო, რომ იერუსალიმის 70-წლიანი გაპარტახების პერიოდი იწურებოდა (იერემია 29:10; დანიელი 9:1—4). ლოცვისას მას ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და უთხრა, რომ ‘სამოცდაათი შვიდეული იყო დადგენილი შეცოდების დასაფარავად’. სამოცდამეათე შვიდეულის ნახევარში მესია მოიკვეთებოდა. „სამოცდაათი შვიდეული, რომლებიც წლებისგან შედგებოდა“ ძვ. წ. 455 წელს დაიწყო, როდესაც სპარსეთის მეფე ართახშასთა I-მა ‘იერუსალიმის აღდგენასთან დაკავშირებით სიტყვა’ თქვა (დანიელი 9:20—27, „მოფატი“; ნეემია 2:1—8). მესია შვიდი შვიდეულისა და სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ უნდა მოსულიყო. ამ 483 წლის ათვლა ძვ. წ. 455 წლიდან დაიწყო და ახ. წ. 29 წელს დასრულდა. 29 წელს იესო მოინათლა და ღვთის მიერ ცხებული მესია, ანუ ქრისტე, გახდა (ლუკა 3:21, 22). ახ. წ. 33 წელს გამოსასყიდ მსხვერპლად თავისი სიცოცხლის გაღებით იესომ ‘შეცოდებები დაფარა’ (მარკოზი 10:45). რა მტკიცე საფუძველია ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვისადმი რწმენის გამოსავლენად *!

7. საღვთო წერილის გამოყენებით მიუთითეთ, როგორ შესრულდა იესოზე მესიის შესახებ წინასწარმეტყველებები?

7 ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვისადმი რწმენა მესიის ამოცნობის საშუალებას გვაძლევს. ებრაულ წერილებში მესიის შესახებ მოცემული მრავალი წინასწარმეტყველება ქრისტიანული ბერძნული წერილების დამწერთა მიერ იესოსთან არის უშუალოდ დაკავშირებული. თვალსაჩინოებისთვის: იესო ბეთლემში ქალწულისგან იშვა (ესაია 7:14; მიქა 5:1; მათე 1:18—23; ლუკა 2:4—11). ის ღმერთმა ეგვიპტიდან გამოიხმო; მისი დაბადების შემდეგ ბავშვები დახოცეს (იერემია 31:14; ოსია 11:1; მათე 2:13—18). იესომ იტვირთა ჩვენი უძლურებანი (ესაია 53:4; მათე 8:16, 17). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ის იერუსალიმში ჩოჩორზე ამხედრებული შევიდა (ზაქარია 9:9; იოანე 12:12—15). ფსალმუნმომღერლის სიტყვები იესოს ძელზე გაკვრის შემდეგ შესრულდა, როდესაც ჯარისკაცებმა მისი ტანისამოსი ერთმანეთში დაინაწილეს, ხოლო კვართზე წილი ჰყარეს (ფსალმუნი 21:19; იოანე 19:23, 24). ის ფაქტიც, რომ იესოსთვის ძვლები არ გადაუმტვრევიათ, არამედ განგმირეს, წინასწარმეტყველების შესრულებაა (ფსალმუნი 33:21; ზაქარია 12:10; იოანე 19:33—37). ეს არის მესიის შესახებ მოცემული წინასწარმეტყველებებიდან მხოლოდ რამდენიმე მაგალითი, რომლებიც ბიბლიის ღვთის შთაგონებით აღძრულმა დამწერებმა იესოსთან დაკავშირებით გამოიყენეს *.

მივესალმოთ მესიანურ მეფეს!

8. ვინ არის ძველი დღეთა და როგორ შესრულდა დანიელის 7:9—14-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?

8 ბაბილონის მეფის, ბელშაცარის, მეფობის პირველ წელს იეჰოვამ წინასწარმეტყველ დანიელს სიზმარი და მნიშვნელოვანი ხილვები ანახა. წინასწარმეტყველმა თავიდან ოთხი უზარმაზარი მხეცი იხილა. ღვთის ანგელოზმა ისინი ‘ოთხ მეფესთან’ დააკავშირა და ამგვარად მიუთითა, რომ ისინი ერთიმეორეზე მიყოლებული მსოფლიო მპყრობელების სიმბოლოები არიან (დანიელი 7:1—8, 17). შემდეგ წინასწარმეტყველმა იხილა თავის დიდებულ ტახტზე მჯდომი „ძველი დღეთა“. მხეცები განსჯილ იქნენ, ძალაუფლება წაერთვათ და მეოთხე მხეცი განადგურებულ იქნა. ‘ხალხზე, ტომზე და ენაზე’ მარადიული ხელმწიფება „კაცის ძის მსგავსს“ მიეცა (დანიელი 7:9—14). 1914 წელს „კაცის ძის“, იესო ქრისტეს, ზეცაში გამეფების რა შესანიშნავი წინასწარმეტყველებაა! (მათე 16:13).

9, 10. ა) რაზე მიუთითებს სიზმარში ნანახი კერპის სხვადასხვა ნაწილი? ბ) როგორ ახსნიდით დანიელის 2:44-ის შესრულებას?

9 დანიელმა იცოდა, რომ ღმერთი „ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს“ (დანიელი 2:21). იეჰოვასადმი, ‘საიდუმლოთა გამცხადებლისადმი’, რწმენის გამოვლენის წყალობით წინასწარმეტყველმა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს სიზმარში ნანახი უზარმაზარი კერპის მნიშვნელობა აუხსნა. მისი სხვადასხვა ნაწილი ისეთი მსოფლიო მპყრობელების აღზევებასა და დაცემაზე მიუთითებდა, როგორიც იყო: ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი და რომი. ღმერთმა დანიელი ისეთი მსოფლიო მოვლენების საწინასწარმეტყველებლადაც გამოიყენა, რომლებიც დღევანდელობას და მომავალსაც ეხება (დანიელი 2:24—30).

10 „იმ მეფეთა დღეებში, — ნათქვამია წინასწარმეტყველებაში, — ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44). 1914 წელს, როდესაც „წარმართთა ჟამი“ დასრულდა, ღმერთმა დაამყარა ზეციერი სამეფო, რომლის მეფეც ქრისტეა (ლუკა 21:24; გამოცხადება 12:1—5). მაშინ ღვთის ძალით მესიანური სამეფოს „ლოდი“ მოსწყდა ღვთის უზენაესი ხელისუფლების „მთას“. არმაგედონში ეს ლოდი დაეჯახება კერპს და ნამსხვრევებად აქცევს მას. მესიანური სამეფო, როგორც მთა — რომლითაც წარმოდგენილია მთავრობა, რომელიც ‘მთელ დედამიწაზე’ იმმართველებს — მარადიულად იდგება (დანიელი 2:35, 45; გამოცხადება 16:14, 16) *.

11. რის წინასწარ ხილვა იყო იესოს გარდასახვა და რა გავლენა იქონია ამან პეტრეზე?

11 იესოს სამეფოს მმართველობა ჰქონდა მხედველობაში, როდესაც თავის მოწაფეებს უთხრა: „არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს, თავის სასუფეველში მომავალს“ (მათე 16:28). ექვსი დღის შემდეგ მან პეტრე, იაკობი და იოანე ერთ მაღალ მთაზე აიყვანა და იქ მათ წინაშე გარდაისახა. როდესაც მოციქულები ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა, გაისმა ღვთის ხმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!“ (მათე 17:1—9; მარკოზი 9:1—9). ქრისტეს სამეფო დიდების წინასწარ ხილვის რა შესანიშნავი სურათია! ეჭვგარეშეა, პეტრე ამ თვალისმომჭრელ ხილვაზე მიუთითებდა, როდესაც თქვა: „ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა“ (2 პეტრე 1:16—19) *.

12. რატომ არის განსაკუთრებით დღეს იმის დრო, რომ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვისადმი რწმენა გამოვავლინოთ?

12 „წინასწარმეტყველურ სიტყვაში“, როგორც ჩანს, არა მარტო ებრაულ წერილებში მოცემული წინასწარმეტყველებები შედის, არამედ იესოს განაცხადიც, რომ ის „დიადი ძალითა და დიდებით“ მოვა (მათე 24:30). გარდასახვამ დაადასტურა ქრისტეს სამეფო ძალაუფლებითა და დიდებით მოსვლის შესახებ წინასწარმეტყველური სიტყვა. ძალიან მალე დიდებით მისი გამოცხადება ურწმუნოებისთვის განადგურებისა და რწმენის გამომვლენთათვის კურთხევების მომტანი იქნება (2 თესალონიკელთა 1:6—10). ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულება ადასტურებს, რომ ახლაა ‘უკანასკნელი დღეები’ (2 ტიმოთე 3:1—5, 16, 17; მათე 24:3—14). როგორც იეჰოვას განაჩენის მთავარი აღმასრულებელი, მიქაელი ანუ იესო ქრისტე აღდგება, რათა „დიდი გასაჭირის“ განმავლობაში მოსპოს ეს ბოროტი სისტემა (მათე 24:21; დანიელი 12:1). ამიტომ დღეს ნამდვილად არის იმის დრო, რომ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვისადმი რწმენა გამოვავლინოთ.

შეინარჩუნეთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვისადმი რწმენა

13. რა შეიძლება დაგვეხმაროს ღვთისადმი სიყვარულისა და მისი სიტყვისადმი რწმენის შენარჩუნებაში?

13 ცხადია, აღფრთოვანებამ მოგვიცვა მაშინ, როდესაც პირველად გავიგეთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის შესრულების შესახებ. მაგრამ მას შემდეგ ხომ არ გაგვინელდა რწმენა და გაგვიცივდა სიყვარული? დაე არასოდეს გავხდეთ იმ ეფესოელი ქრისტიანების მსგავსი, რომლებმაც ‘მიატოვეს პირველი სიყვარული’ (გამოცხადება 2:1—4). იეჰოვასადმი მსახურებაში გატარებული წლების რაოდენობის მიუხედავად, ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება დაკარგოს რწმენა, თუ ‘უწინარეს არ ვეძიებთ ღვთის სასუფეველსა და მის სიმართლეს’, იმ მიზნით, რომ ზეცაში დავაგროვოთ საუნჯე (მათე 6:19—21, 31—33). ბიბლიის გულმოდგინედ შესწავლა, ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად მონაწილეობა და სამეფოს შესახებ ქადაგებაში ენთუზიაზმით მონაწილეობა იეჰოვასადმი, მისი ძისა და ბიბლიისადმი სიყვარულის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (ფსალმუნი 118:105; მარკოზი 13:10; ებრაელთა 10:24 25). ეს კი, თავის მხრივ, ღვთის სიტყვისადმი ჩვენი რწმენის ცოცხლად შენარჩუნებაში შეგვიწყობს ხელს (ფსალმუნი 105:12).

14. როგორ ჯილდოვდებიან ცხებული ქრისტიანები იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვისადმი რწმენის გამოვლენისთვის?

14 რადგან ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა წარსულში შესრულდა, შეგვიძლია გვწამდეს მომავლის შესახებ მისი წინასწარმეტყველებაც. მაგალითად, ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით თანდასწრება ახლა სინამდვილეს წარმოადგენს და ცხებულმა ქრისტიანებმა, რომლებიც სიკვდილამდე ერთგულები იყვნენ, საკუთარ თავზე გამოსცადეს შემდეგი წინასწარმეტყველური დანაპირების შესრულება: „ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია“ (გამოცხადება 2:7, 10; 2 თესალონიკელთა 4:14—17). იესო ამ გამარჯვებულებს ‘ღვთის [ზეციერ] სამოთხეში სიცოცხლის ხიდან ჭამის’ შესაძლებლობას აძლევს. აღდგენისას, იესო ქრისტეს მეშვეობით ისინი წილს დაიდებენ უკვდავებასა და უხრწნელობაში, რაც იეჰოვას — ‘საუკუნეთა მეფის, უხრწნელი, უხილავი და ერთადერთი ღვთის’ — ძღვენი იქნება (1 ტიმოთე 1:17; 1 კორინთელთა 15:50—54; 2 ტიმოთე 1:10). რა დიდებული ჯილდოა, ღვთისადმი სამუდამო სიყვარულისა და მისი წინასწარმეტყველური სიტყვისადმი ურყევი რწმენისათვის!

15. ვისზე დაფუძნდა „ახალი მიწა“ და ვინ არიან მათი თანამსახურნი?

15 გარდაცვლილი ერთგული ცხებულების ‘ღვთის’ ზეციერ ‘სამოთხეში’ აღდგენის შემდეგ მალე დედამიწაზე დარჩენილი სულიერი ისრაელის წევრები ‘დიდი ბაბილონისგან’, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიისგან, გათავისუფლდნენ (გამოცხადება 14:8; გალატელთა 6:16). მათზე დაფუძნდა „ახალი მიწა“ (გამოცხადება 21:1). ამგვარად დაიბადა „მიწა“ და გაშენდა სულიერი სამოთხე, რომელიც დღემდე ყვავის დედამიწაზე (ესაია 66:8). აქ სულიერი ისრაელის ცხვრისმაგვარი უამრავი თანამსახური დღეს, ამ „უკანასკნელ დღეებში“, იკრიბება (ესაია 2:2—4; ზაქარია 8:23; იოანე 10:16; გამოცხადება 7:9).

ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვაში კაცობრიობის მომავალია ნაწინასწარმეტყველები

16. როგორი მომავალი ელით ცხებულთა ერთგულ მხარდამჭერებს?

16 როგორი მომავალი ელით ცხებულთა ერთგულ მხარდამჭერებს? მათაც სწამთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა და დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ (ლუკა 23:39—43, აქ). იქ ისინი სიცოცხლის შემნარჩუნებელი ‘სიცოცხლის წყლის მდინარიდან’ დალევენ და ამ მდინარის გაღმა-გამოღმა დარგული ‘ხეების ფოთლებით’ განიკურნებიან (გამოცხადება 22:1, 2). თუ თქვენ ასეთი შესანიშნავი იმედი გაქვთ, განაგრძეთ იეჰოვასადმი დიდი სიყვარულისა და მისი წინასწარმეტყველური სიტყვისადმი რწმენის გამოვლენა. დაე თქვენც მათ შორის იყოთ, ვინც დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის უსაზღვრო სიხარულით დატკბება.

17. რა კურთხევები იქნება დედამიწაზე სამოთხეში?

17 არასრულყოფილ ადამიანებს არ შეუძლიათ იმ სურათის სრულად აღწერა, რომელიც დედამიწაზე სამოთხეში იქნება, მაგრამ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა იმ კურთხევებში გვახედებს, რომლებიც მორჩილ კაცობრიობას ელოდება. როდესაც ღვთის სამეფოს მმართველობას ხელს არაფერი შეუშლის და ღვთის ნება დედამიწაზეც ისევე შესრულდება, როგორც ზეცაში, ვერც ერთი ბოროტი ადამიანი, და ცხოველიც კი, ‘ვერ იბოროტებს და ვერ იბილწებს’ (ესაია 11:9; მათე 6:9, 10). „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11). შიმშილობა აღარ იქნება, რადგან „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს“ (ფსალმუნი 71:16). ადამიანებს არასოდეს მოუწევთ მწუხარების ცრემლების ღვრა. ავადმყოფობა აღარ იქნება; თვით სიკვდილიც კი მოისპობა (ესაია 33:24; გამოცხადება 21:4). შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? არანაირი ექიმები, არავითარი წამლები, საავადმყოფოები ან ფსიქიკურ დაავადებათა სამკურნალო დაწესებულებები, აღარც დაკრძალვები. რა საუცხოო პერსპექტივაა!

18. ა) რაში დაარწმუნა ღვთის ანგელოზმა დანიელი? ბ) რა იქნება დანიელის „წილი“?

18 საერთო საკაცობრიო სამარეც კი დაცარიელდება, რადგან მკვდრები აღდგებიან. მართალ იობს ამის იმედი ჰქონდა (იობი 14:14, 15). ასევე იყო წინასწარმეტყველი დანიელიც, რადგან ღვთის ანგელოზმა მას მანუგეშებელი ცნობა გადასცა: „შენ კი გასწიე შენი ბოლოსკენ; განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს“ (დანიელი 12:13). დანიელი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. ახლა ის განისვენებს, მაგრამ მომავალში, ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს, „მართალთა აღდგომისას“ ‘აღდგება’ (ლუკა 14:14). რა იქნება დანიელის „წილი“? ეზეკიელის წინასწარმეტყველება, რომელიც სამოთხეში შესრულებას ეხება, გვიჩვენებს, რომ იეჰოვას ხალხს ექნება ადგილი, ანუ მიწის ნაკვეთიც კი, რომელიც მიუკერძოებლად და სათანადოდ იქნება დანაწილებული (ეზეკიელი 47:13—48:35). ასე რომ, დანიელს ექნება ადგილი სამოთხეში, მაგრამ მის წილში მიწის ნაკვეთზე მეტი რამ შედის. მასში შედის ადგილი, რომელსაც წინასწარმეტყველი ღვთის განზრახვის შესრულებაში დაიკავებს.

19. რა მოგვეთხოვება იმისათვის, რომ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ვიცხოვროთ?

19 რა შეიძლება ითქვას თქვენზე და თქვენს წილზე? თუ ღვთის სიტყვისადმი, ბიბლიისადმი, რწმენას ავლენთ, ალბათ, ძალიან გწადიათ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრება. შეიძლება იმასაც წარმოიდგენთ ხოლმე, რომ იქ ხართ და ტკბებით მრავალი კურთხევით: უვლით მიწას და სიხარულით ეგებებით მკვდრეთით აღდგენილებს. ბოლოს და ბოლოს, სამოთხე ხომ კაცობრიობისთვის არის. ღმერთმა პირველი წყვილი ასეთ ადგილას საცხოვრებლად შექმნა (დაბადება 2:7—9). და მისი სურვილია, ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში. იმოქმედებთ თუ არა საღვთო წერილის თანახმად, რათა იყოთ იმ მილიარდებს შორის, რომლებიც დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ? თქვენ შეგიძლიათ იყოთ მათ შორის, თუ ჩვენი ზეციერი მამისადმი, იეჰოვასადმი, ჭეშმარიტ სიყვარულს გამოავლენთ და ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვისადმი რწმენას შეინარჩუნებთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 იხილეთ წიგნის, „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველების!“, მე-11 თავი; აგრეთვე „სამოცდაათი შვიდეული“ ბიბლიის ცნობარში (Insight on the Scriptures) [ინგლ.]; ორივე პუბლიკაცია გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

^ აბზ. 7 იხილეთ „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლო“, გვერდები 343, 344, [ინგლ.]; გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

^ აბზ. 10 იხილეთ წიგნის, „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველების!“, მე-4 და მე-9 თავები.

^ აბზ. 11 იხილეთ 2000 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ სტატია სათაურით „ყურად იღეთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“.

როგორ უპასუხებდით?

• რომელი იყო პირველი წინასწარმეტყველება და ვინ იყო აღთქმული თესლი?

• მოიყვანეთ მესიის შესახებ ზოგი წინასწარმეტყველება, რომლებიც იესოზე შესრულდა.

• როგორ შესრულდება დანიელის 2:44, 45?

• როგორ მომავალს ჰპირდება ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა მორჩილ კაცობრიობას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 18 გვერდზე]

გაქვთ თუ არა დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი?