სახარებები — დებატები გრძელდება
სახარებები — დებატები გრძელდება
არის იესო ქრისტეს დაბადების შესახებ სახარებაში მოცემული ცნობები ჭეშმარიტი?
წარმოთქვა მან მთაზე ქადაგება?
ნამდვილად აღდგა მკვდრეთით იესო?
მართლა თქვა მან: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“? (იოანე 14:6).
მსგავს საკითხებზე დაახლოებით 80 სწავლული მსჯელობს „იესოს შესახებ სემინარზე“, რომელიც 1985 წლიდან მოყოლებული წელიწადში ორჯერ ტარდება. სწავლულთა ეს ჯგუფი კითხვებზე უჩვეულო სახით პასუხობს. სემინარში მონაწილეები ნებისმიერ განაცხადზე, რომლებიც, სახარების თანახმად, იესოს მიერ იყო გაკეთებული, კენჭს ყრიან. წითელი კენჭი იმის მაჩვენებელია, რომ ესა თუ ის განაცხადი ნამდვილად იესოს მიერ არის გაკეთებული. ვარდისფერი ნიშნავს, რომ
განაცხადი რაღაცით ჰგავს იმას, რაც შეიძლება იესოს ეთქვა. ნაცრისფერი მიანიშნებს, რომ გამოთქმული აზრები იესოს აზრებთან ახლოს არის, მაგრამ განაცხადი თვითონ იესოსგან არ მომდინარეობს. შავი კი მთლიანად უარყოფის მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ განაცხადი უფრო გვიანდელი გადმოცემებიდან არის აღებული.ამ მეთოდით „იესოს შესახებ სემინარის“ მონაწილენი არასერიოზულად ეკიდებიან სახარებებში გადმოცემულ ოთხ ძირითად საკითხს, რომლებიც სტატიის დასაწყისში კითხვების სახით იყო მოცემული. ფაქტობრივად, იესოს მიერ წარმოთქმა-არწარმოთქმასთან დაკავშირებით, სახარებაში მოცემული სიტყვების 82 პროცენტს მათ შავი კენჭი უყარეს. მათი აზრით, იესოს შესახებ სახარებებსა და სხვა წყაროებში მოთხრობილი მოვლენების მხოლოდ 16 პროცენტია სარწმუნო.
სახარებებისადმი ასეთი კრიტიკული მიდგომა ახალი ამბავი არ არის. მათზე თავდასხმა 1774 წელს დაიწყო, როდესაც ჰერმან რაიმარუსის, ჰამბურგის (გერმანია) აღმოსავლურ ენათა კათედრის პროფესორის, სიკვდილის შემდეგ გამოსცეს მისი 1400 გვერდიანი ნაშრომი. მასში რაიმარუსს სახარებების ცნობის ისტორიულობასთან დაკავშირებით დიდი ეჭვები ჰქონდა გამოთქმული. მისი დასკვნები ლინგვისტიკურ ანალიზსა და ოთხი სახარების ცნობაში იესოს ცხოვრებასთან დაკავშირებით ნაპოვნ ერთი შეხედვით წინააღმდეგობრიობაზე იყო დაფუძნებული. მას შემდეგ კრიტიკოსებს არაერთხელ გამოუთქვამთ ეჭვი სახარებების უტყუარობის შესახებ, რაც გარკვეულწილად ამ ცნობებისადმი ხალხის ნდობას ძირს უთხრიდა.
მსგავს სწავლულებს შორის გაბატონებული აზრის თანახმად, სახარების ცნობები სხვადასხვა ადამიანის მიერ დაწერილი რელიგიური მონაჭორია. ჩვეულებრივ, ეჭვებით შეპყრობილი სწავლულები შემდეგ კითხვებს სვამენ: შეიძლებოდა თუ არა ოთხი სახარების დამწერებზე თავიანთ რელიგიურ მრწამსს ემოქმედა და რეალური ფაქტები შეელამაზებინათ? პირველი საუკუნის ქრისტიანული დაჯგუფების პოლიტიკა ხომ არ იყო იესოს შესახებ ცნობების შეთხზვა ან მათში დამატებების შეტანა? სახარების რომელი ნაწილები შეიძლება ჩაითვალოს სწორად გადმოცემულად და არა მონაჭორად?
ადამიანებს, რომლებიც ათეისტურ ან არარელიგიურ საზოგადოებაში აღიზარდნენ, სწამთ, რომ ბიბლია — სახარებების ჩათვლით — ლეგენდებითა და მითებით სავსე წიგნია. სხვებს კი შიშის ზარსა სცემს ქრისტიანული სამყაროს მიერ სისხლის ღვრის, ჩაგვრის, უთანხმოებებისა და უღვთო მოქმედებების ისტორია. ასეთი ადამიანები იმის ვერავითარ საფუძველს ვერ ხედავენ, რომ ყურადღება მიაპყრონ იმ ცნობებს, რომლებსაც ქრისტიანული სამყარო წმინდას უწოდებს. მათი აზრით ეს ნაშრომები, რომლებიც თვალთმაქცი რელიგიის ნაყოფია, შეუძლებელია უსარგებლო იგავ-არაკებზე მეტი რამ იყოს.
პირადად თქვენ რას ფიქრობთ? მისცემდით ზოგ მეცნიერს, რომლებიც სახარებების ისტორიულობას ეჭვქვეშ აყენებენ, იმის საშუალებას, რომ ეს ეჭვები თქვენშიც აღეძრათ? როდესაც გესმით განაცხადი, რომ სახარების ცნობები მათი დამწერების მიერ შეთხზული მითია, ხომ არ გინელდებათ ნდობა ამ ცნობების მიმართ? უნდა დაგაეჭვოთ სახარების უტყუარობაში ქრისტიანული სამყაროს მიერ ჩადენილი უღვთო საქმეების ისტორიამ? გიწვევთ ზოგიერთი ფაქტის გამოსაკვლევად.
[სურათი 4 გვერდზე]
სახარებები იგავ-არაკებს გვთავაზობს თუ ფაქტებს?
[საავტორო უფლება]
Jesus Walking on the Sea/The Doré Bible Illustrations/Dover Publications
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
Background, pages 3-5 and 8: Courtesy of the Freer Gallery of Art, Smithsonian Institution, Washington, D.C.