არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყურად იღეთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელიც ჩვენს დღეებს ეხება

ყურად იღეთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელიც ჩვენს დღეებს ეხება

ყურად იღეთ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელიც ჩვენს დღეებს ეხება

‘იცოდე, ადამის ძეო, რომ ეს ხილვა საბოლოო ჟამს შეეხება’ (დანიელი 8:17).

1. რა სურს იეჰოვას, რომ მთელმა კაცობრიობამ იცოდეს ჩვენს დღეებთან დაკავშირებით?

იეჰოვა ღმერთი მომავალს არ გვიმალავს. პირიქით, ის საიდუმლოთა გამცხადებელია. მას სურს, თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს, რომ „საბოლოო ჟამის“ მიწურულს ვცხოვრობთ. რაოდენ მნიშვნელოვანი ცნობაა ეს დღეს დედამიწაზე მცხოვრები ექვსი მილიარდი ადამიანისთვის!

2. რატომ აინტერესებს ხალხს კაცობრიობის მომავალი?

2 განა გასაკვირია, რომ ამ ბოროტი წუთისოფლის აღსასრული მოახლოებულია? დღეს ადამიანი მთვარეზე დააბიჯებს, მაგრამ დედამიწაზე ბევრგან ვერ დადის უშიშრად; შეუძლია კომფორტულად მოიწყოს სახლი, მაგრამ ვერაფერს ხდება ოჯახების ნგრევის წინააღმდეგ; მიაღწია ინფორმაციის ეპოქას, მაგრამ ხალხს მშვიდობიან ცხოვრებას ვერ ასწავლის. ადამიანების მცდელობის ამგვარი მარცხი სარწმუნოს ხდის იმის მრავალ ბიბლიურ მტკიცებას, რომ უკანასკნელ ჟამს ვცხოვრობთ.

3. როდის წარმოითქვა დედამიწაზე პირველად სიტყვები „საბოლოო ჟამი“?

3 „საბოლოო ჟამი“ — ეს საყურადღებო სიტყვები პირველად დაახლოებით 2 600 წლის წინათ წარმოთქვა ანგელოზმა გაბრიელმა. მან ღვთის თავზარდაცემულ წინასწარმეტყველს უთხრა: ‘იცოდე, ადამის ძეო, რომ ეს ხილვა საბოლოო ჟამს შეეხება’ (დანიელი 8:17).

დღეს არის „უკანასკნელი ჟამი“

4. კიდევ რა სახით მიუთითებს ბიბლია საბოლოო ჟამზე?

4 „საბოლოო“ ანუ „უკანასკნელი“ ჟამის აღმნიშვნელი გამოთქმები დანიელის წიგნში ექვსჯერ გვხვდება (დანიელი 8:17, 19; 11:35, 40; 12:4, 9). ისინი მოციქულ პავლეს მიერ ნაწინასწარმეტყველებ „უკანასკნელ დღეებს“ ეხება (2 ტიმოთე 3:1—5). იესო ქრისტე ამ პერიოდზე ლაპარაკობდა თავისი, როგორც ზეციერ ტახტზე მჯდომი მეფის, „თანდასწრების“ პერიოდზე (მათე 24:37—39).

5, 6. ვინ ‘სწავლობს’ ამ უკანასკნელი ჟამის განმავლობაში და რა შედეგით?

5 დანიელის 12:4-ში ნათქვამია: „შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა“. დანიელის წინასწარმეტყველების უდიდესი ნაწილი საუკუნეების მანძილზე მართლაც საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილი იყო ადამიანის გონებისთვის. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ამ საკითხზე დღეს?

6 ამ უკანასკნელ ჟამს მრავალი ერთგული ქრისტიანი ‘სწავლობს’ ღვთის სიტყვას, ბიბლიას. რა შედეგით? მათი მცდელობა იეჰოვამ აკურთხა და ჭეშმარიტი შემეცნება საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, სულიწმიდით ცხებულმა იეჰოვას მოწმეებმა ღვთის კურთხევით შეძლეს იმის გაგება, რომ 1914 წელს იესო ქრისტე ზეცაში გამეფდა. ცხებული ქრისტიანები და მათი ერთგული თანამსახურნი ასრულებენ მე-2 პეტრეს 1:19—21-ში ჩაწერილ სიტყვებს — ‘მიმართავენ წინასწარმეტყველურ სიტყვას’ — და დარწმუნებული არიან, რომ ნამდვილად „უკანასკნელი ჟამია“ ახლა.

7. რომელია ზოგი ის ცნობა, რომლებიც დანიელის წიგნს განსაკუთრებულს ხდის?

7 დანიელის წიგნი მრავალმხრივ არის განსაკუთრებული. მის გვერდებზე მეფე თავის ბრძენკაცებს სიკვდილით დასჯით ემუქრება, რადგან მათ არ შეუძლიათ მისი ამაფორიაქებელი სიზმრის გაგება და ახსნა; იეჰოვას წინასწარმეტყველი კი წარმატებით ართმევს თავს ამ თავსატეხს! სამ ახალგაზრდას, რომლებიც თაყვანს არ სცემენ ცადაწვდენილ კერპს, გავარვარებულ ღუმელში აგდებენ, მაგრამ მათ თმაც კი არ ეტრუსებათ. შუა ლხინში ასობით კაცი ხედავს ხელს, რომელიც სასახლის კედელზე ამოუცნობ სიტყვებს წერს. შეთქმულების ბოროტი მონაწილეები ასაკოვან კაცს ლომების ხაროში აგდებენ, მაგრამ ის სრულიად უვნებელი რჩება. ღვთის წინასწარმეტყველი ოთხი მხეცის შესახებ ხილვას ხედავს, რომელიც „უკანასკნელი ჟამის“ მოვლენებს ეხება.

8, 9. როგორ შეიძლება დანიელის წიგნი ჩვენთვის სარგებლობის მომტანი აღმოჩნდეს განსაკუთრებით ახლა, ამ უკანასკნელ ჟამს?

8 ნათელია, რომ დანიელის წიგნში ორი ძალიან განსხვავებული მხარე იკვეთება — ისტორიული და წინასწარმეტყველური. ეს ორივე მხარე რწმენის განმამტკიცებელია. ისტორიული ნაწილი გვიჩვენებს, რომ იეჰოვა კურთხევას არ აკლებს მის წინაშე უმწიკვლოების შემნარჩუნებლებს. წინასწარმეტყველური ნაწილი რწმენას გვმატებს, რადგანაც ვხედავთ, რომ იეჰოვამ საუკუნეებით და ათასწლეულებით ადრეც კი იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

9 დანიელის წიგნში ჩაწერილი სხვადასხვა წინასწარმეტყველება ყურადღებას ღვთის სამეფოზე ამახვილებს. როდესაც ვხედავთ, როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველებები, რწმენა გვიმტკიცდება და უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ „უკანასკნელ ჟამს“ ვცხოვრობთ. მაგრამ ზოგი სწავლული აკრიტიკებს დანიელს და აცხადებს, რომ მისი სახელით წოდებულ წიგნში წარსულის მოვლენები შესრულებულ წინასწარმეტყველებებად არის წარმოდგენილი. თუ ამგვარი მტკიცებები სინამდვილეს შეესაბამება, დანიელის წიგნში ნაწინასწარმეტყველებ „უკანასკნელ ჟამთან“ დაკავშირებით სერიოზული კითხვები წამოიჭრება. სკეპტიკოსები დანიელის წიგნის ისტორიულ ნაწილსაც ეჭვის თვალით უყურებენ. მოდი გამოვიკვლიოთ ეს საკითხები.

სასამართლო პროცესზე!

10. რა გაგებით წარმოგვიდგება დანიელის წიგნი ბრალდებულად?

10 წარმოიდგინეთ, რომ სასამართლო პროცესს ესწრებით. ბრალდებულს თაღლითობაში ადანაშაულებენ. დიახ, დანიელის წიგნი, თუმცა საკუთარ თავს ძვ. წ. VII—VI საუკუნეებში მცხოვრები ებრაელი წინასწარმეტყველის მიერ დაწერილ უტყუარ ისტორიად წარმოგვიდგენს, კრიტიკოსების მტკიცებით, მასში მოცემული ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება. ასე რომ, პირველ რიგში, განვიხილოთ, აღწერს თუ არა დანიელის წიგნის ისტორიული ნაწილი ისტორიულ ფაქტებს.

11, 12. რა მოუვიდა ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბელშაცარი, უბრალოდ, შეთხზული პერსონაჟი იყო?

11 გავარჩიოთ ეგრეთ წოდებული არარსებული მეფის შემთხვევა. დანიელის მე-5 თავში ვკითხულობთ, რომ ქალაქის დაცემისას, ძვ. წ. 539 წელს, ბაბილონში ბელშაცარი მეფობდა. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგან ბელშაცარი ბიბლიის გარდა არსად მოიხსენიებოდა. ძველი დროის ისტორიკოსები ნაბონიდს მიიჩნევდნენ ბაბილონის უკანასკნელ მეფედ.

12 მაგრამ 1854 წელს დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ძველი ბაბილონის სამეფოს ქალაქ ურის ნანგრევებში, არქეოლოგებმა თიხის პატარა ცილინდრები აღმოაჩინეს. ამ ლურსმულ წარწერებზე შემონახულ ლოცვაში მეფე ნაბონიდი ‘ბელშაცარს, თავის უფროს ვაჟს’, მოიხსენიებდა. კრიტიკოსებიც კი იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ ეს დანიელის წიგნში მოხსენიებული ბელშაცარი იყო. ამგვარად, „არარსებული მეფე“ რეალური პიროვნება იყო, უბრალოდ, გარკვეული დროის განმავლობაში საერო წყაროებისთვის ეს ცნობა დაფარული იყო. ეს მხოლოდ ერთია იმ მრავალ მტკიცებათაგან, რომლებიც ადასტურებენ, რომ დანიელის წიგნი ნამდვილად სარწმუნოა. ასეთი მტკიცებები ცხადყოფს, რომ დანიელის წიგნი ნამდვილად არის ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის ნაწილი და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სწორედ დღეს, ამ უკანასკნელ ჟამს.

13, 14. ვინ იყო ნაბუქოდონოსორი და რომელი ცრუ ღვთაებისადმი ავლენდა განსაკუთრებულ ერთგულებას?

13 დანიელის წიგნში მოცემულ წინასწარმეტყველებებში აღწერილია, როგორ იცვლებიან მსოფლიო მპყრობელები და როგორ მოქმედებს ამ სახელმწიფოების ზოგიერთი მმართველი. ერთ-ერთ ასეთ მმართველს შეიძლება ეწოდოს მებრძოლი, რომელმაც იმპერია შექმნა. ბაბილონის ტახტის მემკვიდრემ ქარხემიშთან ეგვიპტის ფარაონის, ნექოს, ჯარი გაანადგურა. მაგრამ ბაბილონიდან მიღებულმა ცნობამ გამარჯვებული ბაბილონელი მეფისწული აიძულა, თავისი მხედართმთავრებისთვის დაევალებინა ბრძოლის დასრულება. ახალგაზრდა ნაბუქოდონოსორმა მამის, ნაბუფალასარის, სიკვდილი შეიტყო, რის შემდეგაც ძვ. წ. 624 წელს სამეფო ტახტზე ავიდა. 43-წლიანი მეფობის პერიოდში ნაბუქოდონოსორმა დაიმორჩილა ასურეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნები, შემოიერთა სირია და პალესტინა და სამეფოს საზღვრები ეგვიპტემდე გააფართოვა.

14 ნაბუქოდონოსორი ძირითადად ბაბილონელთა მთავარ ღვთაება მარდუქს სცემდა თაყვანს. მეფე თავის ყველა გამარჯვებას მარდუქს უმადლოდა. ბაბილონში ნაბუქოდონოსორმა მარდუქისა და ბაბილონის სხვა ღვთაებების ტაძრები ააგო და დაამშვენა. შესაძლებელია ბაბილონის მეფემ დურას ველზე მარდუქის პატივსაცემად აღმართა ოქროს კერპი (დანიელი 3:1, 2). როგორც ჩანს, ნაბუქოდონოსორი თავის ლაშქრობებს მკითხავების ნათქვამის მიხედვით გეგმავდა.

15, 16. რა გააკეთა ნაბუქოდონოსორმა ბაბილონისთვის და რა მოუვიდა, როდესაც მისი სიდიადით იკვეხნიდა?

15 ნაბუქოდონოსორმა დაასრულა თავისი მამის მიერ დაწყებული ბაბილონის ორმაგი გალავნის აგება, რითაც დედაქალაქი ერთი შეხედვით უძლეველ ქალაქად აქცია. გადმოცემების თანახმად, ამ მეფემ თავისი მიდიელი დედოფლის პატივსაცემად, რომელსაც მშობლიური მთები და ტყეები ენატრებოდა, ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად მიჩნეული დაკიდული ბაღები გააშენა. მან ბაბილონი ოდესმე არსებულთაგან ერთ-ერთ უძლიერეს გალავნიან ქალაქად აქცია. მერედა როგორ ამაყობდა ის თავისი ცრუ თაყვანისმცემლობის ადგილით!

16 „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც მეფის სადიდებლად ავაშენე?“, — დაიკვეხნა ერთხელ ნაბუქოდონოსორმა. მაგრამ, დანიელის 4:27—33-ის თანახმად, „მეფეს ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა“, რომ უეცრად ჭკუიდან გადავიდა. შვიდი წლის მანძილზე სამეფოს მართვა არ შეეძლო და ამ ხნის განმავლობაში, დანიელის წინასწარმეტყველებისამებრ, ბალახით იკვებებოდა. შემდეგ კი სამეფო ტახტი დაუბრუნდა. იცით, რა წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს ყოველივე ამას? შეგიძლიათ ახსნათ, როგორ მივყავართ ამ წინასწარმეტყველების საბოლოო შესრულებას „უკანასკნელ ჟამამდე“?

კვალდაკვალ მივყვეთ წინასწარმეტყველური თემის განვითარებას

17. როგორ აღწერდით წინასწარმეტყველურ სიზმარს, რომელიც ღმერთმა ნაბუქოდონოსორს მსოფლიო მმართველად ყოფნის მეორე წელს ახილვინა?

17 ახლა კი კვალდაკვალ მივყვეთ დანიელის წიგნის წინასწარმეტყველური თემის განვითარებას. ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად, ნაბუქოდონოსორის, როგორც მსოფლიო მმართველის, მეფობის მეორე წელს (ძვ. წ. 606, 605 წლები) ღმერთმა თავზარდამცემი სიზმარი ანახა მეფეს. დანიელის მე-2 თავის თანახმად, ნაბუქოდონოსორმა სიზმარში ნახა უზარმაზარი კერპი, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები — ვერცხლის, მუცელი და ბარძაყები — სპილენძის, წვივები — რკინისა, ფეხები — ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ კი თიხის. რა იყო წარმოდგენილი ამ კერპის სხვადასხვა ნაწილით?

18. რა იყო წარმოდგენილი სიზმარში ნანახი კერპის ოქროს თავით, ვერცხლის მკერდითა და ხელებით და სპილენძის მუცლითა და ბარძაყებით?

18 ღვთის წინასწარმეტყველმა ნაბუქოდონოსორს უთხრა: „მეფეო . . . შენა ხარ ის ოქროს თავი“ (დანიელი 2:37, 38). ნაბუქოდონოსორისგან წამოვიდა სამეფო დინასტია, რომელიც ბაბილონის იმპერიას განაგებდა. ეს დინასტია დაამხო მიდია-სპარსეთმა, რომელიც კერპის ვერცხლის მკერდითა და ხელებით იყო წარმოდგენილი. მიდია-სპარსეთი შეცვალა საბერძნეთის იმპერიამ, რომლის სიმბოლოც კერპის სპილენძის მუცელი და ბარძაყები იყო. როგორ დაიწყო არსებობა ამ მსოფლიო მპყრობელმა?

19, 20. ვინ იყო ალექსანდრე მაკედონელი და რა როლი შეასრულა მან საბერძნეთის მსოფლიო მპყრობლად გახდომაში?

19 ძვ. წ. IV საუკუნეში ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დანიელის ამ წინასწარმეტყველების შესრულებაში. ის ძვ. წ. 356 წელს დაიბადა და მთელ მსოფლიოში ალექსანდრე მაკედონელის სახელით გახდა ცნობილი. 336 წელს, მას შემდეგ, რაც მამამისი, ფილიპე II მოკლეს, 20 წლის ალექსანდრე მაკედონიის ტახტზე ავიდა.

20 ძვ. წ. 334 წლის მაისის დასაწყისში ალექსანდრემ 30 000 ქვეითი მეომრისა და 5 000 ცხენოსნისგან შემდგარი მცირე, მაგრამ ძლიერი ჯარით დაპყრობითი ომები წამოიწყო. ამავე წელს მან მდინარე გრანიკოსთან, მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია), პირველად სძლია სპარსეთის ჯარს. ძვ. წ. 326 წლისთვის ამ ულმობელ დამპყრობელს სპარსელები დამორჩილებული ჰყავდა და აღმოსავლეთით მდინარე ინდის სანაპირომდე (ახლანდელი პაკისტანის ტერიტორია) იყო მისული. მაგრამ ბაბილონში ყოფნისას ალექსანდრემ წააგო საბოლოო ბრძოლა. ის ძვ. წ. 323 წლის 13 ივნისს 32-წლიანი და 8-თვიანი სიცოცხლის გზის გავლის შემდეგ ყველაზე საშინელმა მტერმა — სიკვდილმა — დასცა (1 კორინთელთა 15:55). მიუხედავად ამისა, როგორც დანიელს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, მისი გამარჯვებების წყალობით საბერძნეთი მსოფლიო მპყრობელი გახდა.

21. რომის იმპერიის გარდა კიდევ რომელი მსოფლიო მპყრობელი იყო ნაჩვენები სიზმარში ნანახი კერპის რკინის წვივებით?

21 რა იყო წარმოდგენილი რკინის წვივებით? რკინასავით მტკიცე რომი, რომელმაც დააქუცმაცა და შემუსრა საბერძნეთის იმპერია. მან არად ჩააგდო ღვთის სამეფო, რომლის შესახებაც იესო ქრისტე ქადაგებდა, და ახ. წ. 33 წელს წამების ბოძზე მიალურსმა ღვთის ძე. ჭეშმარიტი ქრისტიანობის შემუსვრის მიზნით რომმა დევნა დაუწყო იესოს მოწაფეებს. მაგრამ ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმარში ნანახი კერპის რკინის წვივებით არა მარტო რომის იმპერია იყო ნაჩვენები, არამედ მისგან წარმოქმნილი მსოფლიო მპყრობელიც — ინგლის-ამერიკაც.

22. როგორ გვეხმარება სიზმარში ნანახი კერპი იმის დანახვაში, რომ უკანასკნელი ჟამი იწურება?

22 გულმოდგინე შესწავლის შედეგად ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამი იწურება, რადგან ჩვენ სიზმარში ნანახი კერპის ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხის ფეხების მმართველობის დროს ვცხოვრობთ. თანამედროვე მთავრობებიდან ზოგი რკინისმაგვარი ანუ ავტორიტარულია, ხოლო სხვები — თიხისმაგვარი. მიუხედავად იმისა, რომ თიხას, რომლისგანაც ‘კაცის მოდგმაა’ შექმნილი, სიმყიფე ახასიათებს, რკინისმაგვარი ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, რომ უბრალო ხალხიდან ზოგიერთისთვის მთავრობაში სიტყვის თქმის უფლება მიეცა (დანიელი 2:43; იობი 10:9). რა თქმა უნდა, ავტორიტარული მმართველობა და უბრალო ხალხი ისევე არ ქმნის მტკიცე ნაერთს, როგორც რკინა და თიხა. მაგრამ ღვთის სამეფო მალე მოსპობს ამ პოლიტიკურად დაყოფილ წუთისოფელს (დანიელი 2:44).

23. როგორ აღწერდით სიზმარსა და ჩვენებას, რომელიც დანიელმა ბელშაცარის მეფობის პირველ წელს იხილა?

23 დანიელის მე-7 თავში ჩაწერილ შთამბეჭდავ წინასწარმეტყველებასაც „უკანასკნელ ჟამთან“ მივყავართ. ამ თავში ბაბილონის მეფე ბელშაცარის მეფობის პირველ წელს მომხდარი მოვლენა არის აღწერილი. მაშინ 70 წელს გადაცილებულმა დანიელმა ‘თავისსავე სარეცელზე თავისი გონების ხილვა’ ნახა. როგორ შეაძრწუნა ამ ხილვამ წინასწარმეტყველი! „აჰა, — ამბობს ის, — ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა; ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა“ (დანიელი 7:1—8; 15). რა უცნაური ცხოველებია! პირველი ფრთიანი ლომია, მეორე — დათვის მსგავსი ცხოველი. მესამე ოთხფრთიანი და ოთხთავიანი ავაზაა! ძალზე ღონიერ მეოთხე მხეცს კი რკინის ვეება კბილები და ათი რქა აქვს. მხეცის ათ რქას შორის „მომცრო“ რქა ამოდის; რქას ‘თვალები კაცის თვალებს მიუგავს და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობს’. რა საოცარი ქმნილებებია!

24. დანიელის 7:9—14-ის თანახმად, რა დაინახა დანიელმა ზეცაში და რაზე მიუთითებს ეს ხილვა?

24 შემდეგ წინასწარმეტყველი ზეცისკენ აღაპყრობს თვალს (დანიელის 7:9—14). „ძველი დღეთა“, იეჰოვა ღმერთი, დიდებით ჯდება ტახტზე როგორც ზეციერი სამსჯავროს მსაჯული. ‘ათასის ათასნი ემსახურებიან მას და ბევრის ბევრნი დგანან მის წინაშე’. ღმერთს მკაცრი განაჩენი გამოაქვს მხეცებისთვის, ართმევს ძალაუფლებას და მუსრავს მეოთხე მხეცს. „ყველა ხალხზე, ტომსა და ენაზე“ მარადიულ ხელმწიფობას კი „კაცის ძის მსგავსს“ აძლევს. ეს წინასწარმეტყველება „უკანასკნელ ჟამზე“ და 1914 წელს კაცის ძის, იესო ქრისტეს, გამეფებაზე მიუთითებს.

25, 26. რა კითხვები წამოგვეჭრება დანიელის წიგნის კითხვისას და რომელი პუბლიკაცია დაგვეხმარება მათზე პასუხის გაცემაში?

25 დანიელის წიგნის წამკითხველს, რა თქმა უნდა, მრავალი კითხვა წამოეჭრება. მაგალითად, რა არის წარმოდგენილი დანიელის მე-7 თავში მოხსენიებული ოთხი მხეცით? როგორ შეიძლება აიხსნას წინასწარმეტყველება „სამოცდაათი შვიდეულის“ შესახებ, რომელიც დანიელის 9:24—27-შია ჩაწერილი? რა შეიძლება ითქვას დანიელის მე-11 თავსა და ‘ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეებს’ შორის მომხდარ წინასწარმეტყველურ კონფლიქტზე? რას უნდა მოველოდეთ ამ მეფეებისგან აღსასრულის ჟამს?

26 იეჰოვამ გაუმჟღავნა ეს საკითხები დედამიწაზე მცხოვრებ თავის ცხებულ მსახურებს, რომლებიც დანიელის 7:18-ში „უზენაესის წმიდანებად“ არიან მოხსენიებული. „ერთგულმა და გონიერმა მონამ“ კი ყველა ჩვენგანისთვის მოამზადა საზრდო, რათა უკეთესად გავიგოთ დანიელის ღვთივსულიერი წინასწარმეტყველება (მათე 24:45). დღეს ამის გაგება შესაძლებელია არც ისე დიდი ხნის წინათ გამოცემული წიგნის, „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველების!“, საშუალებით. ამ 320-გვერდიან შესანიშნავად ილუსტრირებულ პუბლიკაციაში დანიელის წიგნის ყველა ნაწილია განხილული. მასში საუბარია ღვთის საყვარელი წინასწარმეტყველის, დანიელის, მიერ ჩაწერილ ყველა ისტორიულ ცნობაზე და განმარტებულია რწმენის განმამტკიცებელი ყველა წინასწარმეტყველება.

ნამდვილი მნიშვნელობა ჩვენს დროში ვლინდება

27, 28. ა) რაში მდგომარეობს ჭეშმარიტება დანიელის წიგნში ჩაწერილ წინასწარმეტყველებათა შესრულების შესახებ? ბ) რა დროს ვცხოვრობთ ჩვენ და რა უნდა ვაკეთოთ?

27 საყურადღებოა, რომ დანიელის წიგნში მოცემული წინასწარმეტყველებებიდან, რამდენიმეს გარდა, ყველა შესრულებულია. მაგალითად, ჩვენ უკვე ვხედავთ მსოფლიო მოვლენებს, რომლებიც დანიელის წიგნის მე-2 თავში კერპის ფეხებით არის აღწერილი. 1914 წელს მესიანურ სამეფოში იესო ქრისტეს გამეფებით ღმერთმა ბორკილები მოხსნა დანიელის მე-4 თავში მოხსენიებული ხის „მთავარ ფესვს“. დიახ, როგორც დანიელის მე-7 თავში იყო ნაწინასწარმეტყველები, „ძველმა დღეთამ“ კაცის ძე გაამეფა (დანიელი 7:13, 14; მათე 16:27—17:9).

28 დანიელის მე-8 თავში მოხსენიებული 2 300 დღე, აგრეთვე მე-12 თავში მოხსენიებული 1 290 და 1 335 დღე, უკვე გასულია. დანიელის მე-11 თავის შესწავლა ცხადყოფს, რომ ‘ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების’ ორთაბრძოლამ ბოლო ეტაპს მიაღწია. ყოველივე ეს კიდევ უფრო ნათელს ხდის ბიბლიურ მტკიცებას, რომ უკანასკნელი ჟამი იწურება. რა გადაწყვეტილებით უნდა ვიყოთ აღსავსე, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ დროის განსაკუთრებულ მონაკვეთში გვიწევს ცხოვრება? ეჭვგარეშეა, ყურად უნდა ვიღოთ იეჰოვა ღმერთის წინასწარმეტყველური სიტყვა.

როგორ უპასუხებდით?

• რა სურს ღმერთს, რომ კაცობრიობამ იცოდეს ჩვენს დღეებთან დაკავშირებით?

• როგორ შეიძლება განამტკიცოს ჩვენი რწმენა დანიელის წიგნმა?

• როგორი იყო ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმარში ნანახი კერპის თავისებურებები და რას ასიმბოლოებდა ისინი?

• რა არის აღსანიშნავი დანიელის წიგნში მოცემული წინასწარმეტყველებების შესრულებასთან დაკავშირებით?

[სასწავლო კითხვები]