არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„შეინახე გული“

„შეინახე გული“

„შეინახე გული“

იეჰოვამ წინასწარმეტყველ სამუელს უთხრა: „ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (პირველი მეფეთა 16:7). ფსალმუნმომღერალი დავითიც, რომელიც ფიგურალურ გულზე ამახვილებდა ყურადღებას, გალობდა: „შენ გასინჯე ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი“ (ფსალმუნი 16:3).

დიახ, იეჰოვა იყურება ჩვენს გულში, რათა განსაზღვროს, სინამდვილეში როგორი პიროვნებები ვართ (იგავნი 17:3). ამიტომ მართლაც რომ საფუძვლიანად გვირჩევს ძველი ისრაელის მეფე სოლომონი: „შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგავნი 4:23). როგორ შევძლებთ ფიგურალური გულის შენახვას? წიგნის „იგავნი სოლომონისა“ მე-4 თავი პასუხს გვცემს ამ კითხვაზე.

მოისმინე მამის შეგონება

წიგნის „იგავნი სოლომონისა“ მე-4 თავი ასეთი სიტყვებით იწყება: „ისმინეთ, შვილებო, მამის შეგონება! ყურადღებით იყავით, რომ ჭკუა ისწავლოთ. რადგან სასიკეთო დარიგებას გაძლევთ; ჩემი რჯული არ მიატოვოთ“ (იგავნი 4:1, 2).

ახალგაზრდებს ეძლევათ რჩევა, მოუსმინონ თავიანთი ღვთისმოსავი მშობლების დარიგებას და განსაკუთრებით მამის დარიგებას, რადგან ის, როგორც საღვთო წერილშია აღნიშნული, ვალდებულია, იზრუნოს თავისი ოჯახის წევრების როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ მოთხოვნილებებზე (მეორე რჯული 6:6, 7; 1 ტიმოთე 5:8). ასეთი ხელმძღვანელობის გარეშე რამდენად უფრო რთული იქნება ახალგაზრდისთვის მოწიფულად გახდომა! მაშასადამე, უმჯობესი იქნება, შვილმა მოწიწებით მიიღოს მამის დარიგება.

მაგრამ, რა შეიძლება ითქვას, როცა ახალგაზრდას არ ჰყავს მამა, რომელიც დაარიგებდა? მაგალითად, 11 წლის ჯეისონი მამის გარეშე დარჩა 4 წლის ასაკში *. როდესაც ქრისტიანმა უხუცესმა ჰკითხა, თუ რა აწუხებდა ყველაზე მეტად, ჯეისონმა მაშინვე უპასუხა: „მე უმამობას განვიცდი. ზოგჯერ ამის გამო დეპრესიაში ვვარდები“. მაგრამ მანუგეშებელი რჩევის მიღება იმ ახალგაზრდებსაც შეუძლიათ, რომლებსაც მშობლის ხელმძღვანელობა აკლიათ. ჯეისონსა და მის მდგომარეობაში მყოფ სხვა ახალგაზრდებს შეუძლიათ ქრისტიანულ კრებაში მყოფი უხუცესებისა და სხვა მოწიფული ძმებისგან მიიღონ მამობრივი რჩევა (იაკობი 1:27).

სოლომონი იხსენებს, თავად როგორც აღიზარდა, და დასძენს: „მამაჩემის შვილი ვიყავი მეც, დედის ნებიერი და ნანინანატრი“ (იგავნი 4:3). როგორც ჩანს, მეფემ გაიხსენა აღზრდის დროს მისადმი გამოვლენილი სიყვარული. მას, როგორც ‘მამის შვილს’, მამობრივი რჩევა გულთან ახლოს მიჰქონდა; ამიტომ ახალგაზრდა სოლომონს თბილი და ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონოდა თავის მამასთან, დავითთან. გარდა ამისა, სოლომონი „ნანინანატრი“ ანუ ძალიან საყვარელი შვილი იყო. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, ისეთ ოჯახში იზრდებოდეს, სადაც თბილი ატმოსფერო სუფევს და თავისუფლად შეიძლება მშობლებთან ურთიერთობა.

შეიძინე სიბრძნე და გონიერება

სოლომონი, რომელიც იხსენებს თავისი მამის სიყვარულით აღსავსე რჩევას, ამბობს: «მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: მიირქვას შენმა გულმა ჩემი სიტყვები, ჩემი მცნებები დაიმარხე და იცოცხლებო. შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, არ დაივიწყო, არ გადაუხვიო ჩემს ნათქვამ სიტყვებსო. არ დააგდო [სიბრძნე] და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო. მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა [„სიბრძნე უპირატესია. მოიხვეჭე სიბრძნე“, აქ], ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო“» (იგავნი 4:4—7).

რატომ არის სიბრძნე „უპირატესი“? სიბრძნე ცოდნისა და გონიერების ისე გამოყენებას ნიშნავს, რომ ამან კარგი შედეგები მოიტანოს. ცოდნაში კი, რომელიც სიბრძნის სათავეა, იგულისხმება ფაქტების კარგად ცოდნა, რაც მიიღწევა რამეზე დაკვირვების, მიღებული გამოცდილების, კითხვისა და შესწავლის შედეგად. მაგრამ, თუ არ შეგვწევს მისი საუკეთესოდ გამოყენების უნარი, ჩვენი ცოდნა ნაკლებად სასარგებლო იქნება. ჩვენ მხოლოდ რეგულარულად კი არ უნდა ვიკითხოთ ბიბლია და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციები, რომლებსაც „ერთგული და გონიერი მონა“ გვაწვდის, არამედ იმასაც უნდა მოვახმაროთ ძალისხმევა, რომ ნასწავლი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ (მათე 24:45).

გონიერების შეძენაც მნიშვნელოვანია. შევძლებდით თუ არა მის გარეშე იმის ნათლად დანახვას, როგორ უკავშირდება ფაქტები ერთმანეთს და სრულიად ჩავწვდებოდით საქმის ვითარებას? თუ გონიერები არ ვიქნებოდით, როგორ შევძლებდით მოვლენათა მიზეზების ახსნას, გამჭრიახობის გამოვლენასა და რაღაცის განჭვრეტას? დიახ, ცნობილი ფაქტების საფუძველზე მსჯელობას და სწორ დასკვნამდე მისვლას გონიერება ესაჭიროება (დანიელი 9:22, 23).

სოლომონი განაგრძობს თავისი მამის სიტყვებზე ყურადღების გამახვილებას: „დააფასე იგი [სიბრძნე] და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო. ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო“ (იგავნი 4:8, 9). ღვთიური სიბრძნე დაიცავს მის მომხვეჭს. უფრო მეტიც, ის პატივსაცემს ხდის და ამშვენებს მას. ამიტომ, მოდი ყველანაირად შევეცადოთ, რომ სიბრძნე შევიძინოთ.

ჩაეჭიდე შეგონებას

სოლომონი გვიმეორებს თავისი მამისგან მიღებულ დარიგებას და განაგრძობს: „ისმინე, შვილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები. სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ. გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ. ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რადგან ის არის შენი სიცოცხლე“ (იგავნი 4:10—13).

სოლომონს, როგორც თავისი მამის შვილს, უნდა დაეფასებინა სიყვარულით აღსავსე შეგონება, რის საშუალებითაც დარიგებას მიიღებდა და გამოსწორდებოდა. კარგად აწონ-დაწონილი შეგონების გარეშე როგორ გავხდებოდით სულიერად მოწიფული პიროვნებები ან როგორ გავიუმჯობესებდით ცხოვრების წესს? თუ შეცდომებზე არ ვსწავლობთ ან არ შეგვწევს არასწორი აზროვნების შეცვლის უნარი, ჩვენი სულიერი წინსვლა არ იქნება შესამჩნევი. გონივრული დარიგების გათვალისწინებით ღვთისმოსაწონად მოვიქცევით და ამგვარად, ეს დაგვეხმარება ‘სწორ ბილიკზე დადგომაში’.

გარდა ამისა, სხვაგვარი შეგონების მხედველობაში მიღებით ‘გაგვიგრძელდება სიცოცხლის წლები’. როგორ? იესო ქრისტემ თქვა: „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; ხოლო ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა“ (ლუკა 16:10). განა შედარებით უმნიშვნელო რამეში საკუთარი თავის შეგონება უფრო არ გაგვიადვილებდა იგივეს გაკეთებას უფრო სერიოზული რამის დროს, რაზეც შეიძლება ჩვენი სიცოცხლე იყოს დამოკიდებული? მაგალითად, როდესაც საკუთარ თავს კონტროლს ვუწევთ, რომ ‘ქალს გულისთქმით არ ვუყუროთ’, უზნეობის ჩადენის უფრო ნაკლები საშიშროება იარსებებს (მათე 5:28). რასაკვირველია, ეს პრინციპები უნდა გამოიყენოს როგორც მამაკაცმა, ისე ქალმა. თუ შევაგონებთ საკუთარ თავს ‘ყოველგვარი აზრის დატყვევებას’, ნაკლებად იარსებებს იმის საშიშროება, რომ ჩვენი მოქმედებითა თუ საუბრით სერიოზული ცოდვა ჩავიდინოთ (2 კორინთელთა 10:5).

მართლაც, შეგონების მიღება რთულია და შეიძლება შემზღუდველადაც გვეჩვენებოდეს (ებრაელთა 12:11). მაგრამ ბრძენი მეფე გვარწმუნებს, რომ, თუ გულთან ახლოს მივიტანთ შეგონებას, ეს ხელს შეგვიწყობს წინსვლაში. როგორც სათანადო მომზადება და წვრთნა მორბენალს დაცემისა და რაიმეს დაზიანების გარეშე ოპტიმალური სისწრაფით სირბილის საშუალებას აძლევს, ისე შეგონების გულთან ახლოს მიტანა ხელს შეგვიწყობს სიცოცხლის გზაზე მტკიცედ დგომაში ყოველგვარი წაბორძიკების გარეშე. რასაკვირველია, ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა გარკვეული გზით სიარულს ვირჩევთ.

უკეთურთა გზას არ დაადგე

სოლომონი დაბეჯითებით გვაფრთხილებს: „ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე. ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე. რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი უფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე. რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ“ (იგავნი 4:14—17).

ბოროტეულნი, რომელთა გზებითაც სოლომონს არ სურდა, რომ გვევლო, ასე ვთქვათ, სიბილწის ჩადენით საზრდოობენ. მათ ისევე სურთ ბოროტების ჩადენა, როგორც ჭამა-სმა. ისინი ვერ იძინებენ, თუ ძალადობა არ ჩაიდინეს. შინაგანად მთლიანად გარყვნილი არიან. შევძლებთ ჩვენი გულის სუფთად შენახვას, სანამ ასეთებთან ვაგრძელებთ ურთიერთობას? როგორი უგუნურება იქნებოდა ‘უკეთურთა გზით სიარული’, რაც იმით გამოიხატებოდა, თუ საკუთარ თავს ნებას დავრთავდით, გვეყურებინა ძალადობისთვის, რასაც დღევანდელი გასართობი პროგრამების უმეტესობა წარმოგვიდგენს წუთისოფელში. ჩვენ ვერ ვიქნებით თანამგრძნობი და ლმობიერი, თუ ტელევიზორში ან ფილმებში ბოროტებისა და ძალადობის უამრავ ისეთ სცენას ვუყურებთ, რაც ადამიანს გულს უქვავებს.

დარჩი ნათელში

სოლომონი, რომელიც ისევ გზას იყენებს მეტაფორად, აცხადებს: „მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე“ (იგავნი 4:18). ბიბლიის შესწავლის დაწყება და მასში ნათქვამის ცხოვრებაში გამოყენება შეიძლება შევადაროთ გამთენიისას, ბინდბუნდში მოგზაურობის დაწყებას. როცა ღამეული შავი ცა მუქ ლურჯში გადადის, ჩვენ უკვე რაღაცის გარჩევა შეგვიძლია. მაგრამ, რაც უფრო თენდება, მით უფრო მეტს ვხედავთ გარშემო. ბოლოს კი, როცა მზე გამობრწყინდება, ყველაფერს გარკვევით ვხედავთ. დიახ, ჭეშმარიტება თანდათანობით ხდება ჩვენთვის ნათელი, როდესაც საღვთო წერილის მოთმინებითა და გულმოდგინებით შესწავლას განვაგრძნობთ. სულიერი საკვებით ჩვენი გულის კვება მნიშვნელოვანია, რათა არ განგვივითარდეს არასწორი აზროვნება.

ბიბლიის წინასწარმეტყველებების მნიშვნელობებსაც თანდათანობით ვიგებთ. ეს წინასწარმეტყველებები გასაგები ხდება ჩვენთვის, რადგან იეჰოვას სულიწმიდა ნათელს ჰფენს მათ და ისინი სრულდება, როგორც ამას მსოფლიო მოვლენები ან ღვთის ხალხის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები ცხადყოფს. ნაცვლად იმისა, რომ მოუთმენლობა გამოვიჩინოთ და ვარაუდები დავიწყოთ, როგორ შესრულდება ესა თუ ის წინასწარმეტყველება, აუცილებელია, დაველოდოთ ‘სინათლეს, რომელიც უფრო და უფრო ნათდება’.

რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ, ვინც იეჰოვას ხელმძღვანელობას უარყოფს სინათლეში სიარულზე უარის თქმით? „ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა, — ამბობს სოლომონი, — არ იციან, სად წაიფორხილებენ“ (იგავნი 4:19). ბოროტეულნი იმ ადამიანს ჰგვანან, რომელიც სიბნელეში ბორძიკობს და არ იცის, რა არის ამის მიზეზი. მაშინაც კი, როდესაც უღვთო ადამიანები თავიანთი უსამართლობით წარმატებას აღწევენ, ეს მოჩვენებითი წარმატება მხოლოდ დროებითია. ასეთების შესახებ ფსალმუნმომღერალი გალობდა: „მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე“ (ფსალმუნი 72:18).

შეინარჩუნე სიფხიზლე

ისრაელის მეფე აგრძელებს: „შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი. არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე. რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა, შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგავნი 4:20—23).

სოლომონის პირადი მაგალითი ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რჩევა-დარიგების მიღება, რაც გულის სუფთად შენახვას უწყობს ხელს. ის მართლაც „თავისი მამის შვილი“ იყო სიჭაბუკეში და თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი იეჰოვას ერთგული დარჩა. მაგრამ ბიბლია მოგვითხრობს: „სიბერის ხანს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა [უცხოელმა] ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ. ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც დავითის, მამამისის გული“ (მესამე მეფეთა 11:4). მუდმივი სიფხიზლის გარეშე საუკეთესო გულიც კი შეიძლება ცდუნდეს ბოროტების ჩასადენად (იერემია 17:9). ჩვენ ყოველთვის გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი შეხსენებები — უნდა ‘დავიმარხოთ მის სიღრმეში’. ეს იმასაც გულისხმობს, რომ მივყვეთ წიგნის „იგავნი სოლომონისა“ მე-4 თავში მოცემულ ხელმძღვანელობას.

შეიმოწმე გულის მდგომარეობა

ვინახავთ ჩვენს ფიგურალურ გულს სუფთად? როგორ შეგვიძლია გავიგოთ შინაგანი პიროვნების მდგომარეობა? „გულის სავსებისაგან მეტყველებს პირი“, — თქვა იესო ქრისტემ (მათე 12:34). მან აგრეთვე აღნიშნა: „გულიდან გამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი“ (მათე 15:19, 20). დიახ, ჩვენი საუბარი და მოქმედება საკმაოდ ბევრს მეტყველებს ჩვენს გულზე.

ამიტომ მართებულია, რასაც სოლომონი გვირჩევს: „განიგდე ბაგიდან უკუღმართობა, ცბიერი სიტყვები მოიშორე. პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები გასწორდეს შენს პირდაპირ. გამართე ნაბიჯები და მტკიცე იქნება შენი სავალი. ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი მოარიდე“ (იგავნი 4:24—27).

სოლომონის გაფრთხილების მხედველობაში მიღებით უნდა შევამოწმოთ ჩვენი საუბარი და საქციელი. თუ გვსურს, სუფთად შევინახოთ გული და ვასიამოვნოთ იეჰოვას, თავი უნდა ავარიდოთ უპატიოსნო საუბარსა და მზაკვრობას (იგავნი 3:32). მაშასადამე, ლოცვით უნდა გავაანალიზოთ, თუ რას მეტყველებს ჩვენს პიროვნებაზე ჩვენი სიტყვები და საქციელი. შემდეგ კი ვეძებოთ იეჰოვას დახმარება იმისათვის, რომ დაგვაძლევინოს ნებისმიერი შემჩნეული სისუსტე (ფსალმუნი 138:23, 24).

და რაც ყველაზე მთავარია, მოდი ყოველთვის ‘პირდაპირ იცქირონ ჩვენმა თვალებმა’ — მიზნად დავისახოთ, რომ მთელი გულით ვემსახუროთ ჩვენს ზეციერ მამას (კოლასელთა 3:23). თუ პირადად ცდილობ ამ სწორი კურსით სიარულს, იეჰოვა წარმატებულს გაგხდის ‘შენს სავალზე’ და უხვად გაკურთხებს იმის გამო, რომ ითვალისწინებ ‘გულის შენახვასთან’ დაკავშირებით მის მიერ შთაგონებულ რჩევას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 სახელი შეცვლილია.

[ჩანართი 22 გვერდზე]

თავს არიდებ ძალადობის ამრეკლავი გასართობი პროგრამების ყურებას?

[სურათი 21 გვერდზე]

მიიღე რჩევა გამოცდილთაგან.

[სურათი 23 გვერდზე]

შეგონების მიღება არ გაფერხებს წინსვლაში.

[სურათი 24 გვერდზე]

რეგულარულად შეისწავლე ბიბლია.