არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კარგავს სიტყვა „ქრისტიანი“ თავის მნიშვნელობას?

კარგავს სიტყვა „ქრისტიანი“ თავის მნიშვნელობას?

კარგავს სიტყვა „ქრისტიანი“ თავის მნიშვნელობას?

რას ნიშნავს, იყო ქრისტიანი? როგორი უპასუხებდით? სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ამ კითხვაზე შემდეგნაირად უპასუხეს:

— იყო იესოს მიმდევარი და ჰბაძავდე მას.

— იყო კარგი ადამიანი და სხვებსაც ეხმარებოდე.

— მიიღო იესო უფლად და მხსნელად.

— იარო მესაზე, კრიალოსნით ხელში ილოცო და ზიარება მიიღო.

— ვერ დავიჯერებ, რომ ქრისტიანისთვის აუცილებელი იყოს ეკლესიაში სიარული.

ქრისტიანობასთან დაკავშირებით ლექსიკონებიც კი დამაბნეველ განმარტებებს იძლევიან. ერთ ნაშრომში სიტყვა „ქრისტიანზე“ ათი მნიშვნელობა იყო მოცემული და განმარტებები ისეთ განსხვავებულ აზრებს შეიცავდა, როგორიც არის „იესო ქრისტეს რელიგიისადმი რწმენა ან მისი მიმდევრობა“ და „პატიოსან ან წესიერ ადამიანად ყოფნა“. გასაკვირი არ არის, რომ ბევრისთვის ძნელია იმის განმარტება, თუ რას ნიშნავს, იყო ქრისტიანი.

ლიბერალისტური ტენდენცია

დღეს მათ შორის, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, და თვით ერთი და იმავე საეკლესიო სკამზე მსხდომთა შორისაც კი, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ბიბლიის ღვთივსულიერობა, ევოლუციის თეორია, ეკლესიის პოლიტიკაში ჩარევა და რწმენის სხვებისთვის გაზიარება, საკმაოდ დიდი აზრთა სხვაობა შეინიშნება. ზნეობის საკითხები აბორტზე, ჰომოსექსუალიზმსა და მამაკაცისა და ქალის ერთმანეთთან ქორწინების გარეშე ცხოვრებაზე თემები ხშირად პოლემიკის საბაბი ხდება. ლიბერალისტური ტენდენცია სულ უფრო და უფრო აშკარავდება.

მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინათ ერთმა პროტესტანტული ეკლესიის სამსჯავრომ მხარი დაუჭირა იდეას, რომ ეკლესიას უნდა ჰქონდეს უფლება, „ხელმძღვანელთა რიგებში დაუფარავად ამოირჩიოს ჰომოსექსუალისტი უხუცესები“, — აღნიშნავს ერთი ჟურნალი (Christian Century). ზოგი თეოლოგი იმ აზრსაც კი გამოთქვამს, რომ იესოსადმი რწმენას ხსნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მათ სწამთ, რომ ებრაელები, მუსლიმანები და სხვები „ისევე შეიძლება ზეცაში მოხვდნენ [როგორც ქრისტიანები]“, — აღნიშნავს „ნიუ-იორკ ტაიმზი“.

თუ შეგიძლიათ, წარმოიდგინეთ კაპიტალიზმის დამცველი მარქსისტი, დიქტატურის მხარდამჭერი დემოკრატი ან ტყის გაჩეხვის ხელშემწყობი გარემოს დამცველი. „ასეთი ადამიანი ვერ იქნება მარქსისტი, დემოკრატი ან გარემოს დამცველი“, — იტყვით თქვენ და მართალიც იქნებით. მაგრამ, თუ განიხილავთ აზრთა სხვადასხვაობას, რომელიც დღევანდელ ქრისტიანებში არსებობს, შევნიშნავთ შეხედულებებს, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგება ქრისტიანობის დამფუძნებლის, იესო ქრისტეს, მოძღვრებას. რაზე მეტყველებს ეს აზრთა სხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ქრისტიანები არიან ისინი? (1 კორინთელთა 1:10).

როგორც დავინახავთ, ქრისტიანული მოძღვრების თანამედროვეობისთვის მორგების სურვილი ახალი არ არის და მას დიდი ხნის ისტორია აქვს. როგორია ღვთისა და იესო ქრისტეს დამოკიდებულება ასეთი ცვლილებების მიმართ? ეკლესიას, რომელიც მხარს უჭერს ისეთ სწავლებებს, რომლებიც ქრისტესგან არ მომდინარეობს, შეუძლია თუ არა სამართლიანად უწოდოს საკუთარ თავს ქრისტიანული? ეს საკითხები მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.