არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ქრისტიანობის“ სახის შეცვლა — მისაღებია ღვთისთვის?

„ქრისტიანობის“ სახის შეცვლა — მისაღებია ღვთისთვის?

„ქრისტიანობის“ სახის შეცვლა — მისაღებია ღვთისთვის?

დავუშვათ, ერთ მხატვარს თქვენი პორტრეტის დახატვა დაავალეთ. სამუშაოს დასრულების შემდეგ ნანახმა აღგაფრთოვანათ; მსგავსება სრულყოფილი იყო. ფიქრობთ, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები დიდი სიამაყით შეხედავენ ხოლმე მას.

მაგრამ რამდენიმე თაობის შემდეგ თქვენმა ერთ-ერთმა შთამომავალმა იფიქრა, რომ პორტრეტზე შეთხელებული თმის დანახვა მაინცდამაინც სასიამოვნო არ იყო და თმა უფრო ხშირი გახადა. სხვას კიდევ ცხვირის ფორმა არ მოეწონა და შეცვალა. შემდგომი „გაუმჯობესებები“ მომდევნო თაობებმა მოახდინეს და საბოლოოდ პორტრეტზე ასახული პიროვნება უკვე ოდნავღა გგავთ. რა გრძნობა დაგეუფლებოდათ, თუ გეცოდინებოდათ, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა? რა თქმა უნდა, იფიქრებდით, რომ თქვენი ღირსება შელახეს.

სამწუხაროდ, პორტრეტთან დაკავშირებული ეს ამბავი თავისი ხასიათით ძალიან ჰგავს ნომინალური ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას. ისტორია ცხადყოფს, რომ ქრისტეს მოციქულების სიკვდილის შემდეგ მალე, როგორც ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები, „ქრისტიანობის“ ოფიციალური სახის შეცვლა დაიწყო (მათე 13:24—30, 37—43; საქმეები 20:30) *.

რა თქმა უნდა, საკმაოდ მართებულია ბიბლიური პრინციპების სხვადასხვა კულტურისა და ეპოქის დროს გამოყენება. სრულიად სხვა საკითხია პოპულარული აზროვნებისთვის მოსარგებად ბიბლიური მოძღვრების შეცვლა. მაგრამ სწორედ ეს უკანასკნელი მოხდა. მაგალითად, განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხში შეტანილი ცვლილებები.

ეკლესია სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირს ამყარებს

იესო ასწავლიდა, რომ მისი ხელმწიფება ანუ სამეფო ზეციერია და რომ ის თავის დროზე ადამიანთა ყოველგვარ მმართველობას მოსპობდა და თავად იქნებოდა მთელი დედამიწის მმართველი (დანიელი 2:44; მათე 6:9, 10). ის ადამიანთა პოლიტიკური სისტემების გამოყენებით არ იქნებოდა მმართველი. „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა“, — თქვა იესომ (იოანე 17:16; 18:36). ამგვარად, იესოს მოწაფეები, თუმცა სახელმწიფოს კანონებს იცავდნენ, პოლიტიკაში არ ერეოდნენ.

მაგრამ მეოთხე საუკუნეში, რომის იმპერატორ კონსტანტინეს მმართველობის დროს, ქრისტიანობის მრავალმა მიმდევარმა, ქრისტეს დაბრუნებისა და ღვთის სამეფოს დამყარების მოლოდინისას მოუთმენლობა გამოავლინა. პოლიტიკისადმი მათი დამოკიდებულება თანდათანობით შეიცვალა. «კონსტანტინემდე, — აღნიშნავს წიგნი „ევროპის ისტორია“, —ქრისტიანები არ ცდილობდნენ [პოლიტიკური] ძალაუფლების, როგორც თავიანთი განზრახვებისა და მრწამსის ხელშემწყობი იარაღის, ხელში აღებას. კონსტანტინეს შემდეგ ქრისტიანობა და მაღალი ჩინის პოლიტიკოსები დამეგობრდნენ». გადასხვაფერებული ქრისტიანობა ოფიციალურად „საყოველთაო“ ანუ რომის იმპერიის „კათოლიკური“ რელიგია გახდა.

ენციკლოპედია „კაცობრიობის დიდებული ეპოქები“ ამბობს, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო კავშირის დამყარების შედეგად „ახ. წ. 385 წლისთვის, როდესაც ქრისტიანების სასტიკი დევნის შემდეგ მხოლოდ ოთხმოციოდე წელი იყო გასული, ეკლესიამ თავად იწყო ერეტიკოსების სიკვდილით დასჯა; სასულიერო პირებს თითქმის ისეთივე ძალაუფლება ჰქონდათ, როგორიც იმპერატორებს“. ამგვარად, დადგა ეპოქა, როდესაც ხალხთა მოსაქცევად დარწმუნების ნაცვლად მახვილს მიმართავდნენ და პირველი საუკუნის თავმდაბალი მქადაგებლები ტიტულოვანმა, ძალაუფლების მქონე სამღვდელოებამ შეცვალა (მათე 23:9, 10; 28:19, 20). ისტორიკოსი ჰ. უელსი წერდა იმ „რადიკალური განსხვავების“ შესახებ, რომელიც მეოთხე საუკუნის ქრისტიანობასა „და იესო ნაზარეველის მოძღვრებას“ შორის შეინიშნებოდა.

ამ „რადიკალურმა სხვაობებმა“ ღვთისა და ქრისტეს შესახებ ძირითად სწავლებებზეც იქონია გავლენა.

ღვთისთვის სახის შეცვლა

ქრისტე და მისი მოწაფეები ასწავლიდნენ, რომ არსებობს მხოლოდ „ერთი მამა ღმერთი“, რომლის პირადი სახელია იეჰოვა და რომლის სახელიც ბიბლიის ადრინდელ ხელნაწერებში დაახლოებით 7000-ჯერ გვხვდება (1 კორინთელთა 8:6). იესო ღმერთმა შექმნა; როგორც კოლასელთა 1:15 აღნიშნავს, ის არის „პირმშო ყოველი ქმნილებისა“. ამგვარად, როგორც ქმნილება, იესო გულახდილად აცხადებდა: „მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28).

მაგრამ მესამე საუკუნისთვის ზოგი გავლენიანი სასულიერო პირი სამების დოგმატთან დაკავშირებით ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის, მოძღვრებამ გაიტაცა და ღვთის პიროვნების გადაკეთება დაიწყო, რათა სამების დოგმატისთვის მოერგო. მომდევნო საუკუნეებში ამ დოგმატმა არაბიბლიურ საფუძველზე იესო იეჰოვასთან გაათანაბრა; აგრეთვე ღვთის სულიწმიდა ანუ მისი მოქმედი ძალა პიროვნებად აქცია.

ეკლესიების მიერ სამების შესახებ წარმართული იდეების გადმოღებასთან დაკავშირებით „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ ამბობს: «ფორმულირება „სამპიროვნული ღმერთი“ მეოთხე საუკუნის დასასრულამდე არ იყო მყარად დაფუძნებული, დიახ, ბოლომდე არ იყო დამკვიდრებული ქრისტიანების ცხოვრებასა და მრწამსში. მაგრამ სწორედ ამ ფორმულირების დამსახურებაა სამების დოგმატის განვითარება. წმინდა მამებს ამ იდეის ანუ თვალსაზრისის მსგავსი არაფერი მოსვლიათ აზრად».

მსგავსად ამისა, „ენციკლოპედია ამერიკანა“ აღნიშნავს: „მეოთხე საუკუნის დოგმატი სამების შესახებ ზუსტად არ ირეკლავდა ადრინდელი ქრისტიანობის სწავლებას ღვთის ბუნებასთან დაკავშირებით; პირიქით, ის ამ სწავლებიდან გადახვევა იყო“. ერთ-ერთ სახელმძღვანელოში აღნიშნული იყო, რომ სამება ერთ-ერთია „მოგვიანებით ჩამოყალიბებული კრედოებიდან“ (The Oxford Companion to the Bible). მაგრამ წარმართული იდეებიდან ქრისტიანობაში მხოლოდ სამება როდი გადმოიღეს.

სულისთვის სახის შეცვლა

დღეს, ჩვეულებრივ, სჯერათ, რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს და რომ ის სხეულის სიკვდილისას ცოცხალი რჩება. მაგრამ იცოდით თუ არა, რომ ეკლესიის ეს სწავლებაც მოგვიანებით იქნა დამატებული? იესო ადასტურებდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომ მკვდრებმა „არაფერი იციან“, ასე ვთქვათ, სძინავთ (ეკლესიასტე 9:5; იოანე 11:11—13). სიცოცხლის დაბრუნება მხოლოდ მკვდრეთით აღდგომით — სიკვდილის ძილიდან ‘გამოსვლით’ მოხდება (იოანე 5:28, 29). უკვდავ სულს, ის რომ არსებობდეს, მკვდრეთით აღდგენა არ დასჭირდებოდა, რადგან უკვდავება სიკვდილს გამორიცხავს.

მკვდრების გაცოცხლებით იესომ თვალსაჩინოდაც დაანახვა ხალხს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიური მოძღვრების ჭეშმარიტება. მაგალითად, განვიხილოთ ლაზარეს შემთხვევა, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში მკვდარი იყო. როდესაც იესომ მკვდრეთით აღადგინა, სამარხიდან ცოცხალი, მსუნთქავი ადამიანი გამოვიდა. გაცოცხლებისას ლაზარეს სხეულს უკვდავი სული არ დაბრუნებია ზეციერი ნეტარების სავანედან. ეს რომ ასე ყოფილიყო, ვეღარ ვიტყოდით, რომ იესოს მიერ მისი მკვდრეთით აღდგენა დიდი სიკეთის გამოვლენა იყო.

მაშ, საიდან მოდის სულის უკვდავების თეორია? „უესტმინსტერის ქრისტიანული თეოლოგიური ლექსიკონი“ აღნიშნავს, რომ ეს აზრი „უფრო ბერძნული ფილოსოფიიდან იღებს სათავეს, ვიდრე ბიბლიური გამოცხადებიდან“. „იუდაური ენციკლოპედია“ ამბობს: „სხეულის სიკვდილის შემდეგ სულის არსებობის გაგრძელების შესახებ მრწამსი ფილოსოფიური ან თეოლოგიური ვარაუდია და არა გულწრფელი რწმენა, და შესაბამისად საღვთო წერილი არ ასწავლის ამას“.

ხშირად ერთი სიცრუე მეორეს წარმოშობს. ასე მოხდა სულის უკვდავების სწავლებასთან დაკავშირებითაც. მან გზა გაუკვალა ჯოჯოხეთის ცეცხლში მარადიულად წამების წარმართულ სწავლებას *. მაგრამ ბიბლია ნათლად აცხადებს, რომ „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ და არა მარადიული წამება (რომაელთა 6:23). ამგვარად, აღდგენის აღწერისას ბიბლიის საქართველოს საპატრიარქოს თარგმანში ნათქვამია: „დააბრუნა ზღვამ მკვდრები, რომლებიც იყვნენ მასში; და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში“. მსგავსად ამისა, 1990 წელს გამოცემული „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“ აღნიშნავს: „ზღვამ. . . სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა მისცეს მათში მყოფი მკვდრები“. დიახ, მარტივად რომ ვთქვათ, ჯოჯოხეთში მყოფნი მკვდრები არიან, რომლებსაც, იესოს სიტყვებით რომ ვთქვათ, ‘სძინავთ’ (გამოცხადება 20:13).

გულწრფელად გჯერათ, რომ სწავლება ჯოჯოხეთში მარადიულად წამების შესახებ ხალხს ღვთისკენ იზიდავს? შეუძლებელია. სამართლიანი და მოსიყვარულე ადამიანების გონებაში ის ზიზღის გრძნობას იწვევს. ბიბლია კი ასწავლის, რომ „ღმერთი სიყვარულია“ და სისასტიკე, ცხოველების მიმართაც კი, ღვთისთვის უცხოა (1 იოანე 4:8; იგავნი 12:10; იერემია 7:31; იონა 4:11).

„პორტრეტის“ დამახინჯება ჩვენს დღეებში

ღვთისა და ქრისტიანობის დამახინჯება დღესაც გრძელდება. რელიგიის დარგის პროფესორმა არც ისე დიდი ხნის წინათ თავის პროტესტანტულ ეკლესიაში არსებული მდგომარეობა აღწერა, როგორც ბრძოლა „საღვთო წერილის ავტორიტეტულობისა და მრწამსისა სრულიად უცხო, ადამიანთა მიერ შეთხზული იდეოლოგიების წინააღმდეგ, ქრისტეს უფლად მიღებაში ეკლესიების ერთგულებასა და ქრისტიანული სულის თანამედროვეობისთვის მორგებას ანუ თანამედროვეობის შესაბამისად მის გადაკეთებას შორის. საკითხის არსი შემდეგში მდგომარეობს: რა განსაზღვრავს ეკლესიის კურსს. . . წმინდა წერილები თუ დღეს გაბატონებული იდეოლოგია?“.

სამწუხაროდ, „დღეს გაბატონებული იდეოლოგია“ ჯერაც იმარჯვებს. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია, რომ მრავალმა ეკლესიამ ბევრ საკითხში დათმო თავისი პოზიცია, რათა პროგრესული და ამთვისებლობის უნარიანები გამოჩენილიყვნენ. როგორც წინა სტატიაში იყო მოხსენიებული, განსაკუთრებით ზნეობის საკითხებში გახდნენ ეკლესიები საკმაოდ ლიბერალურები. მაგრამ ბიბლია ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე აცხადებს, რომ მრუშობა, მეძაობა და ჰომოსექსუალიზმი ღვთის თვალში დიდი ცოდვაა და რომ ასეთი ცოდვის ჩამდენები ‘ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ’ (1 კორინთელთა 6:9, 10; მათე 5:27—32; რომაელთა 1:26, 27).

როდესაც მოციქული პავლე ზემოთ მოყვანილ სიტყვებს წერდა, ბერძნულ-რომაული სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობდა, ყოველგვარი ბოროტებით იყო აღსავსე. პავლეს შეეძლო ეფიქრა: „დიახ, ღმერთმა სოდომი და გომორი ცეცხლით გაანადგურა იმ ცოდვების გამო, რომლებიც დიდი უზნეობით გამოირჩეოდა, მაგრამ ეს ხომ 2000 წლის წინათ იყო! არა, ჩვენს განათლებულ დროში ეს მაგალითი არ გამოგვადგება“. მაგრამ მოციქულს ასე არ უფიქრია; მან არ დაუშვა ბიბლიური ჭეშმარიტების დამახინჯება (გალატელთა 5:19—23).

შეხედეთ „პორტრეტის“ ორიგინალს

იესომ, როდესაც თავის თანამედროვე იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს ელაპარაკებოდა, აღნიშნა, რომ მათი თაყვანისცემა ამაო იყო, რადგან ‘ადამიანთა განკარგულებებს მოძღვრების მსგავსად ასწავლიდნენ’ (მათე 15:9). ის სასულიერო პირები იეჰოვას მიერ მოსეს მეშვეობით გადმოცემულ რჯულს ისევე მოექცნენ, როგორც ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება — ქრისტეს მოძღვრებას, და ისინი კვლავაც განაგრძობენ ასე მოქმედებას; მათ ღვთის ჭეშმარიტებები ტრადიციების საღებავით „შეღებეს“. მაგრამ იესომ გულწრფელ ადამიანთა სასიკეთოდ ამ ნახატიდან ყოველგვარი სიცრუე ჩამოფხიკა (მარკოზი 7:7—13). იესო ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა მიუხედავად იმისა, იყო ეს ჭეშმარიტება პოპულარული თუ არა. მისთვის ყოველთვის ღვთის სიტყვა იყო ავტორიტეტი (იოანე 17:17).

რამხელა განსხვავებაა იესოსა და ადამიანთა იმ უმეტესობას შორის, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ! მართლაც, ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ „საღ მოძღვრებას არ მიიღებენ [ხალხი უკანასკნელ სიახლეებს მოწყურებული იქნება, „იერუსალიმის ბიბლია“]. . . თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ“ (2 ტიმოთე 4:3, 4). ეს „ზღაპრები“, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმე განვიხილეთ, სულიერად გამანადგურებელია, მაშინ როდესაც ღვთის სიტყვა აღმშენებლობითი და მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანია. ეს არის ის ჭეშმარიტება, რომლის გამოკვლევისკენაც იეჰოვას მოწმეები მოგიწოდებენ (იოანე 4:24; 8:32; 17:3).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 როგორც იესომ ხორბლისა და ღვარძლის იგავითა და ვიწრო და ფართო გზის შესახებ თვალსაჩინო მაგალითით ცხადყო (მათე 7:13, 14), ჭეშმარიტ ქრისტიანობას შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფი საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნებდა. მაგრამ მათ ღვარძლისმაგვარი უმრავლესობა დაჩრდილავდა, რომლებიც საკუთარ თავსა და სწავლებას ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნამდვილ სახედ წარმოადგენდნენ. სწორედ ამ სახეზე ლაპარაკობს მოცემული სტატია.

^ აბზ. 20 „ჯოჯოხეთი“ გადმოთარგმნილია ებრაული სიტყვიდან „შეოლ“ და ბერძნული სიტყვიდან „ჰადეს“; ორივე „სამარეს“ ნიშნავს. ბიბლიის საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში სიტყვა შეოლი 30-ჯერ შავეთად, 17-ჯერ ქვესკნელად, 17-ჯერ ჯოჯოხეთად, ერთხელ სულეთად და ერთხელაც საფლავად არის ნათარგმნი. ეს ცხადყოფს, რომ მოცემული სიტყვა ძირითადად ერთსა და იმავეს ნიშნავს.

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

საიდან წარმოიშვა სახელი ქრისტიანი

იესოს სიკვდილიდან, სულ მცირე, ათი წლის შემდეგ მისი მიმდევრები „უფლის გზაზე“ მდგომებად იყვნენ ცნობილი (საქმეები 9:2; 19:9, 23; 22:4). რატომ? იმიტომ რომ მათი ცხოვრების გზა იესო ქრისტესადმი რწმენაზე იყო აგებული, ქრისტესადმი, რომელიც არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6). მოგვიანებით კი, ახ. წ. 44 წლის შემდეგ, სულ მალე სირიის ანტიოქიაში იესოს ‘მოწაფეებს ქრისტიანები ეწოდათ’ (საქმეები 11:26). ეს სახელი მალე დამკვიდრდა იმდროინდელ საზოგადოებაში, თვით ოფიციალურ პირებს შორისაც კი (საქმეები 26:28). ახალ სახელს არ შეუცვლია ქრისტიანული ცხოვრების გზა, რომლის მისაბაძ მაგალითად კვლავ ქრისტე რჩებოდა (1 პეტრე 2:21).

[სურათები 7 გვერდზე]

თავიანთი საჯარო მსახურებით იეჰოვას მოწმეები ხალხის ყურადღებას ღვთის სიტყვისკენ, ბიბლიისკენ, წარმართავენ.

[საავტორო უფლება 4 გვერდზე]

Third from left: United Nations/Photo by Saw Lwin