არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთისთვის სასიამოვნო მუსიკა

ღვთისთვის სასიამოვნო მუსიკა

ღვთისთვის სასიამოვნო მუსიკა

მუსიკას აღწერენ, როგორც „უძველეს და ყველაზე ბუნებრივ დარგს ხელოვნების შესანიშნავ დარგთა შორის“. ენის მსგავსად, ეს არის შესანიშნავი ძღვენი, რომელიც ადამიანებს ცხოველებისგან განასხვავებს. მუსიკა ემოციებს იწვევს. ის ყურს სიამოვნებს, გონებაში იბეჭდება და, რაც ყველაზე მთავარია, ღვთისთვის სიამოვნების მინიჭება შეუძლია.

როგორც ბიბლია გვიჩვენებს, ისრაელი მუსიკალური ერი იყო. მუსიკა „ხელოვნების ცნობილ დარგს წარმოადგენდა ძველ ბიბლიურ დროში“, — აღნიშნულია უნგერის ბიბლიურ ლექსიკონში. მათი თაყვანისმცემლობისთვის, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, ვოკალური მუსიკაც იყო დამახასიათებელი და ინსტრუმენტულიც. მაგრამ უპირატესობა ყველაზე მეტად ვოკალს ენიჭებოდა.

მეფე დავითმა ლევიანთაგან ზოგი „მგალობლად“ დააყენა კარავში, სანამ მისი ძის, სოლომონის, მიერ აშენებული ტაძრის მიძღვნა მოხდებოდა (პირველი ნეშტთა 6:31, 32). როდესაც აღთქმის კიდობანი, რომელიც იეჰოვას თანდასწრებას გამოხატავდა, ჩამოიტანეს იერუსალიმში, დავითმა ზოგიერთ ლევიანს დაავალა, „მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი“. მათ სადიდებელ გალობას აკომპანიმენტს უწევდა ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც იყო: ‘ბობღნები და ქნარები, წინწილები და საყვირები’. ეს მამაკაცები „სახელებით იყვნენ დადგენილნი, რათა ექოთ უფლის სახელი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი“ (პირველი ნეშტთა 16:4—6, 41; 25:1).

მისამღერი, ‘[„იეჰოვას“, აქ] წყალობა უკუნისამდეა’, ხშირად გვხვდება ფსალმუნებში, ბიბლიის წიგნში, რომელიც ყველაზე მეტად უკავშირდება მუსიკას. მაგალითად, 135-ე ფსალმუნის ოცდაექვსივე მუხლის მეორე ნაწილი ზემოთ მოყვანილ სიტყვებს შეიცავს. „ლაკონურობა მას ადვილად დასამახსოვრებელს ხდის, — შენიშნავს ერთი ბიბლეისტი, — ყველა, ვინც მას ისმენს, ადვილად იმახსოვრებს“.

ფსალმუნების შესავალი სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ იმ დროს მუსიკალური ინსტრუმენტები ფართოდ გამოიყენებოდა. 150-ე ფსალმუნში მოხსენიებულია ბუკი, ქნარი, დაფი, სტვირი, წინწილები და აგრეთვე ჩანგი. მიუხედავად ამისა, უპირატესობა ვოკალს ენიჭება. მე-6 მუხლი მოგვიწოდებს: „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი“.

რადგან მუსიკა ჩვენს გრძნობებს გამოხატავს, ბიბლიურ დროში ნაღვლიანი ფიქრები სამგლოვიარო სიმღერების ან საგალობლების შეთხზვას უწყობდა ხელს. მაგრამ ასეთი სიმღერები ისრაელი ერის სამუსიკო რეპერტუარში შეზღუდული იყო. „მხოლოდ სამგლოვიარო საგალობლის ან სიმღერის შესრულებისას ამჯობინებდნენ მონოტონურ სტილს, რაც ჩრდილავდა მუსიკის მელოდიურობას ან მოდულაციას და სიტყვების მკვეთრად წარმოთქმას“, — აღნიშნულია ბიბლიურ ცნობარში (Insight on the Scriptures) *.

უდავოა, რომ იესო და მისი ერთგული მოციქულები იეჰოვას „ალილუიას ფსალმუნებში“ მოცემული სიტყვებით უგალობდნენ განმადიდებელ სიმღერებს იესოს სიკვდილის წინაღამეს (ფსალმუნები 112—117). რაოდენ უნდა გაეძლიერებინა ამას იესოს მოციქულები მაშინ, როცა თავიანთ უფალს კარგავდნენ! უფრო მეტიც, მათი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სამყაროს უზენაესი მმართველის, იეჰოვას, ერთგული მსახურები დარჩენილიყვნენ, უფრო უნდა გაძლიერებულიყო, როდესაც ხუთჯერ იგალობეს ფსალმუნის მისამღერი: „უკუნისამდეა წყალობა მისი“ (ფსალმუნი 117:1—4, 29).

ეფესოსა და კოლასეში მცხოვრები ადრინდელი ქრისტიანები ‘ფსალმუნებსა და საგალობლებს’ მღეროდნენ. ამავე დროს, ისინი თავიანთ გულებში მღეროდნენ ‘სულიერ საგალობლებს’ (ეფესელთა 5:19; კოლასელთა 3:16). ისინი როგორც სიმღერით, ისე საუბრით მართებულად განადიდებდნენ შემოქმედს. განა იესომ არ განაცხადა, რომ „გულის სავსებისაგან მეტყველებს პირი“? (მათე 12:34).

ღვთისთვის არასასიამოვნო მუსიკა

ღმერთს არ სიამოვნებდა ბიბლიაში მოხსენიებული ყველანაირი მუსიკა. განვიხილოთ სინაის მთაზე მომხდარი შემთხვევა, სადაც მოსეს გადაეცა რჯული ათი მცნების ჩათვლით. როდესაც ის მთიდან ჩამოვიდა, რისი ხმა მოესმა? ‘არც გამარჯვების ყიჟინა და არც დამარცხების ზარი, არამედ სიმღერის ხმები’. ეს მუსიკა კერპთაყვანისმცემლობას უკავშირდებოდა, რამაც იეჰოვას უკმაყოფილება გამოიწვია და რის გამოც მათგან, რომლებმაც ამ მუსიკის შესრულებაში მიიღეს მონაწილეობა, 3 000-მდე კაცი განადგურდა (გამოსვლა 32:18, 25—28).

თუმცა ადამიანებს შეუძლიათ შეთხზან მუსიკალური ნაწარმოები, დაუკრან და ისიამოვნონ სხვადასხვა სტილის მუსიკით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველანაირი მუსიკა ესიამოვნება ღმერთს. რატომ? ქრისტიანი მოციქული პავლე განმარტავს: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23). ხშირად მუსიკალურ ნაწარმოებს საფუძვლად უდევს ისეთი თემები, როგორიცაა წარმართული ნაყოფიერების რიტუალები, სულის უკვდავების მოძღვრება და „ღვთისმშობელი“ მარიამისადმი თაყვანისცემა. მაგრამ ასეთი მრწამსი და წეს-ჩვეულებები ბღალავს ღვთის ჭეშმარიტებას, რადგან ეწინააღმდეგება იმას, რაც მის ინსპირირებულ სიტყვაში, ბიბლიაშია, ჩაწერილი (მეორე რჯული 18:10—12; ეზეკიელი 18:4; ლუკა 1:35, 38).

გონივრულად შეარჩიე მუსიკა

თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოების შერჩევა რთულია. კომპაქტ-დისკების ბუდეები ისეთნაირად არის გაფორმებული, რომ მყიდველს ყველანაირი მუსიკალური ჩანაწერის შეძენისკენ უბიძგოს. მაგრამ, თუ ღვთის თაყვანისმცემელს სურს, ასიამოვნოს ღმერთს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და გონივრული არჩევანი გააკეთოს, რათა თავი აარიდოს ისეთ მუსიკალურ ჩანაწერებს, რომლებსაც საფუძვლად უდევს ცრუ რელიგიური რწმენა ან ყურადღებას უზნეობასა და დემონიზმზე ამახვილებს.

ალბერტი, რომელიც ერთ დროს ქრისტიან მისიონერად მსახურობდა აფრიკაში, აღიარებს, რომ იქ თითქმის არ ჰქონდა შესაძლებლობა, პიანინოზე დაეკრა. მაგრამ ხშირად უსმენდა რამდენიმე ფირფიტას, რომლებიც თან ჰქონდა წაღებული. ის სამშობლოში დაბრუნდა, და ამჟამად, როგორც მიმომსვლელი ზედამხედველი, ქრისტიანულ კრებებს ინახულებს. მას მუსიკის მოსასმენად ძალიან ცოტა დრო აქვს. „ჩემი საყვარელი კომპოზიტორი ბეთჰოვენია, — ამბობს ის, — წლების მანძილზე მისი სიმფონიების, კონცერტების, სონატებისა და კვარტეტების ჩანაწერები შევაგროვე“. მათი მოსმენით მან დიდი სიამოვნება მიიღო. რასაკვირველია, თითოეულ პიროვნებას განსხვავებული გემოვნება აქვს მუსიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, მხედველობიდან არ გვრჩება პავლეს რჩევა: „ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად“ (1 კორინთელთა 10:31).

მუსიკა და მიძღვნა

სიუზისთვის მუსიკა ყველაფერს ნიშნავდა. „6 წლისამ ფორტეპიანოზე, 10 წლისამ ვიოლინოზე და ბოლოს, 12 წლისამ არფაზე დაკვრა დავიწყე“, — ამბობს ის. მოგვიანებით სიუზი ლონდონის სამეფო მუსიკალურ კოლეჯში დადიოდა, რათა არფაზე დაკვრა ესწავლა. ოთხი წლის მანძილზე მას ასწავლიდა გამოჩენილი ესპანელი არფისტი; მომდევნო წელს ის პარიზის კონსერვატორიაში სწავლობდა, სადაც საპატიო ხარისხი და არფისტისა და ფორტეპიანოს მასწავლებლის დიპლომები მიიღო.

სიუზი დაუკავშირდა იეჰოვას მოწმეების ქრისტიანულ კრებას ლონდონში. იქ მან დაინახა, რამდენად გულწრფელ ინტერესსა და სიყვარულს ავლენდნენ მოწმეები ერთმანეთისადმი. თანდათანობით იეჰოვასადმი მისი სიყვარული გაძლიერდა; ის იმდენად მონდომებული იყო, ემსახურა მისთვის, რომ ამის განსახორციელებელ საშუალებებს ეძებდა. საბოლოოდ, თავი მიუძღვნა ღმერთს და მოინათლა. „რადგან პროფესიით მუსიკოსი ვიყავი, რაც თავდადებას მოითხოვდა, ჩემთვის უცხო არ იყო, რას ნიშნავდა სიცოცხლის მიძღვნა და მის თანახმად ცხოვრება“, — აღნიშნავს სიუზი. მას ბევრი დრო აღარ ჰქონდა კონცერტებზე გამოსასვლელად, რადგან იესოს მითითების თანახმად, დროს ძირითადად ქრისტიანულ მსახურებას, ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებას, უთმობდა (მათე 24:14; მარკოზი 13:10).

რადგან ის დღესდღეობით შედარებით მცირე დროს უთმობს მუსიკას, როგორ გრძნობს თავს? „ხანდახან უკმაყოფილო ვარ, რომ არ მრჩება უფრო მეტი დრო სამეცადინოდ, — აღიარებს ის, — მაგრამ დღემდე კვლავ ვუკრავ საკუთარ ინსტრუმენტებზე და სიამოვნებას განვიცდი მუსიკის მოსმენით. მუსიკა ძღვენია იეჰოვასგან. ამჟამად უფრო მეტად მსიამოვნებს მისი მოსმენა, რადგან ცხოვრებაში პირველ ადგილზე ღვთისთვის მსახურებას ვაყენებ (მათე 6:33).

ღვთის განმადიდებელი მუსიკა

ალბერტი და სიუზი თითქმის ექვს მილიონ მოწმესთან ერთად რეგულარულად განადიდებენ იეჰოვას მუსიკის საშუალებით. ქრისტიანულ შეხვედრებზე, რომლებიც 234 ქვეყანაში სამეფო დარბაზებში ტარდება, ღვთის მსახურები იქ, სადაც შესაძლებელია, თავიანთ შეხვედრებს იეჰოვასადმი მიძღვნილი საგალობლებით იწყებენ და ამთავრებენ. მაჟორისა და მინორის ტონალობაში შესრულებული შესანიშნავი მელოდიები შერწყმულია ბიბლიურ საფუძველზე შედგენილ ლირიკულ ტექსტებთან, რომლებიც იეჰოვას განადიდებს.

ყველა დამსწრე მთელი გულით მღერის იმის შესახებ, რომ იეჰოვა მზრუნველი ღმერთია (სიმღერა 44). ისინი იეჰოვას განმადიდებელ სიმღერას მღერიან (სიმღერა 190). მათ სიმღერებში წარმოდგენილია, თუ რა სიხარულს განიცდის ქრისტიანული საძმო და რა მოვალეობები აკისრიათ ამ საძმოს წევრებს; ასევე ასახულია ქრისტიანული ცხოვრების წესი და თვისებები. ამ ყველაფერს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მუსიკალური სტილის მრავალფეროვნება, რაც მელოდიების შეთხზვის დროს გამოიყენეს აზიელმა, ავსტრალიელმა, ევროპელმა, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკელმა მოწმეებმა *.

„უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, — ეს არის შესავალი სიტყვები იმ შესანიშნავი სამეფო საგალობლისა, რომელიც ფსალმუნმომღერლის დღეებში დაიწერა. — იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი. მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები“ (ფსალმუნი 95:1—3). სწორედ ამას აკეთებენ იეჰოვას მოწმეები იქ, სადაც ცხოვრობთ, და თქვენც გიწვევენ, რომ მათთან ერთად იმღეროთ სადიდებელი სიმღერები. ისინი სიხარულით მიგიღებენ თავიანთ სამეფო დარბაზებში, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ, თუ როგორ განადიდოთ იეჰოვა მისთვის სასიამოვნო მუსიკით.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

^ აბზ. 22 ეს სიმღერები თავმოყრილია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემულ წიგნში „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“.

[სურათი 28 გვერდზე]

სადიდებელის მღერა იეჰოვასთვის.