არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის დახმარებით მორცხვობის დაძლევა

ღვთის დახმარებით მორცხვობის დაძლევა

ბიოგრაფია

ღვთის დახმარებით მორცხვობის დაძლევა

მოგვითხრო რუთ ულრიხმა

თავი ვეღარ შევიკავე და პირდაპირ მღვდლის სახლის კარის ზღურბლთან ავტირდი. მან ის-ის იყო ცრუ ბრალდებების კორიანტელი დააყენა ჩარლზ რასელის, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველი პრეზიდენტის, მისამართით. ნება მომეცით მოგითხროთ, როგორ დავდიოდი კარდაკარ ჯერ კიდევ პატარა გოგონა.

დავიბადე ძალიან რელიგიურ ოჯახში, ნებრასკაში (აშშ), 1910 წელს. დილაობით საუზმისა და საღამოობით ვახშმის შემდეგ ყოველთვის ერთად ვკითხულობდით ბიბლიას. მამა მეთოდისტების ეკლესიის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი იყო პატარა ქალაქ ვინსაიდში, რომელიც ჩვენი სახლიდან 6 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. დახურული ეტლი გვქონდა და, მიუხედავად ამინდისა, შეგვეძლო კვირა დილაობით ეკლესიაში გვევლო.

როდესაც რვა წლის ვიყავი, ჩემს პატარა ძმას პოლიომიელიტი დაემართა და დედამ სამკურნალოდ აიოვას შტატში მდებარე სანატორიუმში წაიყვანა. მიუხედავად მისი თავგადაკლული მზრუნველობისა, ჩემი ძმა იქ გარდაიცვალა. მაგრამ აიოვაში ყოფნის დროს დედა შეხვდა ბიბლიის ერთ მკვლევარს (ასე ერქვათ ადრე იეჰოვას მოწმეებს). მათ ბევრჯერ ისაუბრეს და დედა ამ ქალბატონთან ერთად ბიბლიის მკვლევართა რამდენიმე შეხვედრასაც კი დაესწრო.

სახლში დაბრუნებულმა დედამ „საღვთო წერილის გამოკვლევის“ რამდენიმე ტომი მოიტანა, რომელიც გამოქვეყნებული იყო საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ. დედაჩემი მალე დარწმუნდა, რომ ბიბლიის მკვლევარები ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ და რომ სულის უკვდავებისა და ბოროტთა მარადიული ტანჯვის შესახებ სწავლება არ იყო სწორი (დაბადება 2:7; ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4).

მაგრამ მამა ძალიან ბრაზობდა და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა დედას ბიბლიის მკვლევართა შეხვედრებზე დასწრებაში. მას მე და ჩემი უფროს ძმა, კლერენსი, კვლავ ეკლესიაში დავყავდით. როდესაც მამა სახლში არ იყო, დედა ბიბლიას გვასწავლიდა, რის შედეგადაც ჩვენ, ბავშვებს, კარგი შესაძლებლობა გვქონდა, ერთმანეთისთვის შეგვედარებინა ბიბლიის მკვლევართა და ჩვენი ეკლესიის სწავლებები.

მე და კლერენსი რეგულარულად ვესწრებოდით საკვირაო სკოლას ეკლესიაში. ჩემი ძმა მასწავლებელს ისეთ შეკითხვებს აძლევდა, რომლებზეც ის პასუხს ვერ სცემდა. როდესაც სახლში ვბრუნდებოდით, დედას ვეკითხებოდით იგივეს და იწყებოდა ხანგრძლივი საუბარი. ბოლოს მე მივატოვე ეკლესია და ბიბლიის მკვლევართა შეხვედრებზე დავიწყე დედასთან ერთად სიარული, გარკვეული ხნის შემდეგ კლერენსმაც იგივე გააკეთა.

მორცხვობის დაძლევა

1922 წლის სექტემბერში მე და დედა სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) გამართულ ბიბლიის მკვლევართა დაუვიწყარ კონგრესს დავესწარით. კვლავ თვალწინ მიდგას ახოვანი, საუკეთესო მომხსენებელი, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელი პრეზიდენტი, ჯოზეფ რუტერფორდი, 18 000-ზე მეტ დამსწრეს როგორ მოუწოდებდა პლაკატზე დაწერილი სიტყვებით: „აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ“. ამან დიდად იმოქმედა ჩემზე და ვიგრძენი, თუ რა გადაუდებელი იყო სხვებისთვის ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გაზიარება (მათე 6:9, 10; 24:14).

1922—1928 წლებში ჩატარებულ კონგრესებზე მთელი რიგი რეზოლუციები იქნა მიღებული და ამ ცნობებს შეიცავდა ტრაქტატები, რომლებსაც ბიბლიის მკვლევარები ათობით მილიონ ადამიანს აძლევდნენ მთელ მსოფლიოში. მე გამხდარი და მაღალი ვიყავი, რის გამოც მწევარს მეძახდნენ; დავრბოდი კარდაკარ და ამ დაბეჭდილ ცნობებს ვავრცელებდი, რაც ძალიან მომწონდა. მაგრამ სახლის კარებთან მობინადრისთვის ღვთის სამეფოს შესახებ რამის თქმა სულ სხვა საქმე იყო.

ისეთი მორცხვი ვიყავი, რომ, როდესაც დედა ყოველწლიურად ნათესავებს ეპატიჟებოდა, მაშინაც კი მეშინოდა. ჩავიკეტებოდი ხოლმე ჩემს საძინებელ ოთახში და არ გამოვდიოდი იქიდან. ერთხელ დედას სურდა, რომ მთელ ოჯახს ერთად გადაგვეღო სურათი და მთხოვა, გამოვსულიყავი. მე არ მინდოდა გასვლა და ყვირილი მოვრთე, როდესაც დედამ ძალით გამომათრია ოთახიდან.

ერთხელაც დადგა ის დღე, როდესაც გადაწყვეტილებით აღსავსემ ბიბლიური ლიტერატურის რამდენიმე ეგზემპლარი ჩავიწყე ჩანთაში. კვლავ და კვლავ ვიმეორებდი: „არ შემიძლია ამის გაკეთება“. მაგრამ შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი: „შენ ეს უნდა გააკეთო“. ბოლოს წავედი საქადაგებლად. მოგვიანებით ისე გავხალისდი, რომ გაბედულება მოვიკრიბე და წინ გავწიე. უდიდეს კმაყოფილებას უკვე გაკეთებული საქმე მანიჭებდა და არა თვით საქმის კეთების პროცესი. დაახლოებით მაშინ იყო, ზემოხსენებულ მღვდელს რომ შევხვდი და ტირილით გამოვბრუნდი. დროთა განმავლობაში იეჰოვას დახმარებით შევძელი კარდაკარ ქადაგება და ამან ჩემი სიხარული გაზარდა. 1925 წელს იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე.

სრული დროით მსახურების დაწყება

18 წლისამ დეიდისგან მემკვიდრეობით მიღებული ფულით ავტომობილი ვიყიდე და პიონერად (ასე ჰქვიათ სრული დროით მსახურებს) მსახურება დავიწყე. ორი წლის შემდეგ, 1930 წელს, მე და ჩემმა ამხანაგმა დანიშვნა მივიღეთ. ამ დროს კლერენსმაც დაიწყო პიონერული მსახურება. მალე ის ბეთელში, იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში, ბრუკლინში (ნიუ-იორკი), მიიწვიეს.

იმავე ხანებში ჩვენი მშობლები განქორწინდნენ; მე და დედამ ავტომობილის მისაბმელი ვაგონი გავაკეთეთ და ერთად დავიწყეთ პიონერული მსახურება. ეს იყო მაშინ, როდესაც შეერთებულ შტატებამდე მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოაღწია. პიონერული მსახურების გაგრძელება საკმაოდ გაძნელდა, მაგრამ მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, არ მიგვეტოვებინა ის. ბიბლიურ ლიტერატურას წიწილებზე, კვერცხებსა და ბოსტნეულზე ვცვლიდით, აგრეთვე ისეთ რამეებზე, როგორიც არის აკუმულატორი და ალუმინის ჯართი. შემდეგ კი მათ ვყიდდით, მანქანისთვის ბენზინი რომ გვეყიდა ან სხვა ხარჯები დაგვეფარა. მე აგრეთვე ვისწავლე მანქანის შეზეთვა და ფული გვეზოგებოდა. ვხედავდით, იეჰოვა თავისი დაპირების თანახმად დაბრკოლების გადასალახავად ყოველთვის გზას გვიხსნიდა (მათე 6:33).

მისიონერული მსახურების დაწყება

1946 წელს მიმიწვიეს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე-7 კლასში, რომელიც სამხრეთ ლანსინგში (ნიუ-იორკი) მდებარეობდა. აქამდე მე და დედა უკვე 15 წელზე მეტი ხნის მანძილზე ერთად ვმსახურობდით პიონერებად, მაგრამ ახლა მას არ უნდოდა, ხელი შეეშალა ჩემთვის მისიონერული განათლების მიღებაში. ამიტომ, წამახალისა, რომ დავთანხმებოდი „გალაადის“ სკოლაში სწავლის უპირატესობაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ მე და პეორიელმა (ილინოისი) მართა ჰესიმ ერთად დავიწყეთ მსახურება. ჩვენ და კიდევ ორი და კლივლენდში (ოჰაიო) დავინიშნეთ ერთი წლით, სანამ შორეულ საზღვარგარეთში მისიონერებად დაგვნიშნავდნენ.

ეს დანიშვნა 1947 წელს მივიღეთ. მე და მართა ჰავაიში დაგვნიშნეს. რადგან ამ კუნძულებზე მოხვედრა ადვილი იყო, დედაჩემი ჩვენთან ახლოს, ქალაქ ჰონოლულუში, გადმოვიდა საცხოვრებლად. დედას ჯანმრთელობა უარესდებოდა და მისიონერულ მსახურებასთან ერთად მასაც ვეხმარებოდი. ვუვლიდი, სანამ გარდაიცვლებოდა ჰავაიში 1956 წელს, 77 წლის ასაკში. როდესაც ჩავედით, ჰავაიში130-მდე მაუწყებელი იყო, მაგრამ როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა ამ დროისთვის მათი რიცხვი ათასს აჭარბებდა და მისიონერებიც აღარ იყო აქ საჭირო.

მაშინ მე და მართამ საზოგადოება „საგუშაგო კოშკისგან“ მივიღეთ წერილი, სადაც მსახურების გაგრძელებას იაპონიაში გვთავაზობდნენ. ყველაზე მეტად იმაზე ვწუხდით, ჩვენს ასაკში იაპონური ენის შესწავლას შევძლებდით თუ არა. მე 48 წლის ვიყავი, მართა კი მხოლოდ ოთხი წლით იყო ჩემზე უმცროსი. მაგრამ ეს საზრუნავი იეჰოვას მივანდეთ და დავთანხმდით ამ დანიშვნის მიღებაზე.

1958 წელს იანკის სტადიონზე და პოლო გრაუნდზე (ნიუ-იორკი) გამართული საერთაშორისო კონგრესის შემდეგ მაშინვე გემით გავემგზავრეთ ტოკიოში. როდესაც იოკოჰამას პორტს მივუახლოვდით, ტაიფუნი დაგვატყდა თავს. აქ დაგვხვდნენ დონ და მეიბელ ჰეზლეტები, ლოიდ და მელბა ბერები და სხვა მისიონერები. ამ დროისთვის იაპონიაში 1 124 მოწმე იყო.

ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ იაპონური ენის სწავლა და კარდაკარ მსახურება. ინგლისური ასოებით იაპონურ ენაზე შეთავაზებებს ვწერდით, რომლებიც უნდა წაგვეკითხა. მობინადრეები ასე გვპასუხობდნენ: „იოროშიი დესუ“ ან „კეკო“, რაც, როგორც შევიტყვეთ, ნიშნავდა „მშვენიერია“ ანუ „კარგია“. მაგრამ ყოველთვის ვერ ვიგებდით, ინტერესდებოდა თუ არა მობინადრე, რადგან ისინი უარის დროსაც იგივე სიტყვებს ამბობდნენ. მნიშვნელობას ხმის ტონით ან გამომეტყველებით უნდა მივმხვდარიყავით. საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სანამ ამის გარჩევას ვისწავლიდით.

შემთხვევები, რომლებიც გულს მითბობს

ერთ დღეს, როდესაც ჯერ კიდევ ენის პრობლემა მქონდა, მიცუბისის კომპანიის საერთო საცხოვრებელში მივედი და 20 წლის გოგონას ვუქადაგე. ის დიდ პროგრესს აღწევდა ბიბლიის შესწავლაში და 1966 წელს მოინათლა. ერთი წლის შემდეგ პიონერული მსახურება დაიწყო და მალე სპეციალურ პიონერად დანიშნეს. მას შემდეგ იგი სულ ასე მსახურობს. ყოველთვის სტიმულს მაძლევდა ის, თუ როგორ იყენებდა დროს და ენერგიას სრული დროით მსახურებაში ახალგაზრდობიდან მოყოლებული.

ბიბლიური ჭეშმარიტების მხარეზე დგომა სიძნელეებთან არის დაკავშირებული და განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვინც არაქრისტიანულ საზოგადოებაში ცხოვრობს. მაგრამ ათასები გაუმკლავდნენ ამ სიძნელეებს, ზოგიერთი მათგანის ჩათვლით, ვისაც მე ვასწავლიდი ბიბლიას. მათ თავიდან მოიშორეს ძვირადღირებული ბუდისტური და სინტოისტური სამსხვერპლოები, რომლებიც იაპონელთა ოჯახებში ტრადიციულია. რადგან ნათესავები ზოგჯერ ასეთ მოქმედებას არასწორად იგებენ და გარდაცვლილი წინაპრებისადმი უპატივცემულობად თვლიან, ახალი დაინტერესებულისგან ამის გაკეთება გამბედაობას მოითხოვს. მათი მამაცური მოქმედება გვახსენებს პირველ ქრისტიანებს, რომლებმაც გაანადგურეს ის ნივთები, რომლებიც ცრუ რელიგიასთან იყო დაკავშირებული (საქმეები 19:18—20).

მახსენდება ერთი დიასახლისი, რომელიც ბიბლიას სწავლობდა და უნდოდა, თავის ოჯახთან ერთად ტოკიოდან წასულიყო. მას სურდა, გადასულიყო ახალ სახლში, სადაც არ იქნებოდა ცრუ თაყვანისმცემლობის საგნები. მან თავისი სურვილი მეუღლეს გაანდო და ისიც სიამოვნებით დათანხმდა. ის სიხარულით მიყვებოდა ამას, როდესაც გაახსენდა, რომ უკვე შეფუთული ჰქონდა ძვირად ღირებული მარმარილოს ლარნაკი, რომელიც იმიტომ იყიდა, რომ ამბობდნენ ოჯახში ბედნიერება მოაქვსო. რადგან ეჭვობდა, რომ ამ ლარნაკს შეიძლება ცრუ თაყვანისმცემლობასთან ჰქონოდა კავშირი, დაამსხვრია და გადაყარა.

იმის ხილვა, რომ ეს ქალი და სხვები სიამოვნებით იშორებდნენ ცრუ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ ძვირად ღირებულ ნივთებს და გაბედულად იწყებდნენ ახალ ცხოვრებას იეჰოვასთვის მსახურებით, ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი და სიამოვნების მომგვრელი შემთხვევა იყო. ყოველთვის მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ შესაძლებლობა მქონდა მისიონერული მსახურების 40 წელზე მეტი იაპონიაში გამეტარებინა.

დღევანდელი „სასწაულები“

როდესაც ვიხსენებ ჩემს სრული დროით მსახურებას, რომელიც 70 წელზე მეტს ითვლის, გაოცებული ვარ იმით, რაც ჩემთვის თანამედროვე სასწაულებია. ბავშვობიდანვე მორიდებული ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მთელ ჩემს ცხოვრებას გავატარებდი სამეფოს შესახებ სხვებთან საუბარში, რომელთაგანაც უმეტესობას ამის გაგონებაც არ სურდა. მაგრამ მარტო ამის გაკეთების საშუალება კი არ მქონდა, არამედ ვხედავდი ასეულებს, თუ ათასებს, რომლებიც იგივეს აკეთებდნენ. ისინი ამას ისე ეფექტურად აკეთებდნენ, რომ დაახლოებით იმ ათასზე მეტი მოწმის რიცხვი, რომლებიც იაპონიაში იყვნენ 1958 წელს, როდესაც იქ ჩავედი, დღეისთვის 222 000-მდე გაიზარდა!

როდესაც პირველად ჩავედით იაპონიაში, მე და მართას ტოკიოში არსებულ ბეთელში უნდა გვეცხოვრა. 1963 წელს ახალი, ექვსსართულიანი ფილიალის შენობა ააგეს იქვე და ჩვენ მას შემდეგ იქ ვცხოვრობდით. 1963 წელს იმ 163 ადამიანს შორის ვიყავით, რომლებმაც მოვისმინეთ ჩვენი ფილიალის კოორდინატორის, ლოიდ ბერის, მიერ წარმოთქმული მიძღვნის მოხსენება. იმ დროისთვის იაპონიაში უკვე 3 000 მოწმე იყო.

აღმაფრთოვანებელი იყო სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის უეცარი ზრდის ხილვა, როდესაც მაუწყებლების რიცხვმა 1972 წელს 14 000 მიაღწია; ამ დროისთვის ახალი, უფრო დიდი ფილიალი აშენდა ქალაქ ნუმაძუში. მაგრამ 1982 წლისთვის იაპონიაში სამეფოს 68 000 მაუწყებელი იყო და უფრო დიდი ფილიალი აშენდა ქალაქ ებინაში, ტოკიოდან 80 კილომეტრის მოშორებით.

ამასობაში ტოკიოს ცენტრში ყოფილი ფილიალის შენობები განაახლეს; დღეისთვის ის მისიონერთა სახლია, სადაც 20 მისიონერი ცხოვრობს, რომლებმაც 40—50 და უფრო მეტი წელი იმსახურეს იაპონიაში, ჩემ და ჩემი დიდი ხნის თანამშრომელი მართა ჰესის ჩათვლით. ექიმი და მისი ცოლიც, რომელიც გვივლის, აქ ცხოვრობენ. ისინი გვივლიან და სიყვარულით გვეხმარებიან ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ახლახან კიდევ ერთი მომვლელი მიემატა მათ და სხვა დებიც მოდიან დღის განმავლობაში დასახმარებლად. ებინაში არსებული ბეთელის ოჯახის ორი წევრი რიგრიგობით მოდის, რომ საჭმელი მოგვიმზადონ და დაგვილაგონ სახლი. მართლაცდა, იეჰოვა ყოველთვის კარგი იყო ჩვენთვის (ფსალმუნი 33:9, 11).

ჩემს მისიონერულ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა, იმ შენობის მიძღვნიდან 36 წლის შემდეგ, რომელშიც ახლა დიდი ხნის მანძილზე მომსახურე მისიონერები ცხოვრობენ. 1999 წლის 13 ნოემბერს მეც ვიყავი იმ 4 486 დამსწრესა და, მათ შორის, 37 ქვეყნიდან ჩამოსული ასობით დიდი ხნის მოწმე დელეგატს შორის, რომლებიც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ იაპონიაში არსებული ბეთელის ახალი შენობების მიძღვნას დაესწრნენ ებინაში. დღეისათვის აქ ბეთელის 650 წევრი მსახურობს.

თითქმის 80 წლის განმავლობაში, როდესაც გაუბედავად დავიწყე კარდაკარ ბიბლიური ცნობის ქადაგება, იეჰოვა ძლიერ მეხმარებოდა. ის დამეხმარა მორცხვობის დაძლევაში. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ იეჰოვას შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი პიროვნება, ვინც მას მიენდობა, ისეთებიც კი, რომლებიც მეტისმეტად მორცხვები არიან. რა სიამოვნების მომგვრელი ცხოვრება მქონდა, რომელიც უცნობებთან ჩვენი ღვთის, იეჰოვას, შესახებ საუბარში გავატარე!

[სურათები 21 გვერდზე]

მე, დედა და კლერენსი, რომელიც ბეთელიდან გვესტუმრა.

[სურათი 23 გვერდზე]

ჩვენი კლასის წევრები, რომლებიც მდელოზე მეცადინეობენ ჩრდილოეთ ლანსინგთან ახლოს მდებარე „გალაადის“ სკოლის ტერიტორიაზე.

[სურათი 23 გვერდზე]

მარცხნივ: მე, მართა ჰესი და დედაჩემი ჰავაიში.

[სურათი 24 გვერდზე]

მარჯვნივ: ტოკიოში ჩვენი მისიონერული სახლის წევრები.

[სურათი 24 გვერდზე]

ქვემოთ: მე და ჩემი დიდი ხნის თანამშრომელი მართა ჰესი.

[სურათი 25 გვერდზე]

ჩვენი ფილიალის ახალი შენობები ებინაში, რომელთა მიძღვნაც გასული წლის ნოემბერში მოხდა.